საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
21-ე საუკუნის ომები განსხვავდება წარსულში ნაცადი მილიტარისტული ომების კონცეფციებისგან. დღეს აგრესორი ქვეყნები სამხედრო ხისტ ძალასთან ერთად, ხშირად მიმართავენ ე.წ რბილი ძალის ტექნიკებს - პროპაგანდა, საინფორმაციო ომი, დეზინფორმაცია, უცხო ქვეყნის არჩევნებზე გავლენა და ა.შ. ამ მეტად კომპლექსურ ომის მეთოდს ყველაზე ხშირად ჰიბრიდული ომის სახელით მოიხსენიებენ.
ჰიბრიდული ომიდან მომდინარე საფრთხეები დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სამხედრო სტრატეგოსებისთვის საინტერესო თემატიკას და მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ომის ამ ახალი ფენომენის გავრცელებას უსაფრთხოების კონცეფციების გადააზრება და უსაფრთხოების სამსახურების სტრატეგიების ცვლილება მოჰყვა.
საქართველოს კონტექსტში ექსპერტული წრეებისთვის ჰიბრდიული ომის საკითხის ხსენება ძნელად წარმოსადგენია მასთან რუსეთის სახელმწიფოს ასოცირების გარეშე. საქართველო, იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ამ კონცეფციის დანერგვის ადრეულ ეტაპზევე გახდა რუსეთის აგრესიული საინფორმაციო ომის სამიზნე. ამ ფენომენის ევოლუციის საჩვენებლად მკვლევრები ხშირად სწორედ საქართველოში რუსეთის მიერ 2008 წელს წარმოებულ ომში გამოყენებულ ტექნიკებს მოიხმობენ.[1] შესაბამისად, ქვეყანას, რომელიც მე-15 წელია რუსული მცოცავი ოკუპაციის/ანექსიის პირობებში ცხოვრობს, ერთი შეხედვით გააზრებული უნდა ჰქონდეს ჰიბრიდული ომის საფრთხეები და მასთან გამკლავების ქმედითი სტრატეგიები და ტექნიკები უნდა გააჩნდეს.
უკანასკნელი წლებია საქართველოში განსაკუთრებით ბევრი იწერება ჰიბრიდული ომის, რუსული ნარატივებისა და მათი კულტივირების საფრთხეების შესახებ.[2] გამოიკვეთა, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე კრემლიდან მართული ნარატივების მიღება-გავრცელებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი ‘ნიადაგია’. ამიტომაც, საინფორმაციო უსაფრთხოება განსაკუთრებით მიმდინარე ოკუპაციისა დარუსეთისგან მომდინარე აგრესიის რისკების ფონზე, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიის თანახმად, „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს აქტიურად იქნა გამოყენებული ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტი, მათ შორის, პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანია და კიბერშეტევები. 2014 წელს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას კიდევ უფრო გააძლიერა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს და აქტიურად ეწევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების ხელისშემშლელ პროპაგანდას“.[3]
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში - „სუს“) ანგარიშებში ჰიბრიდული ომი პირველად 2016 წლის ანგარიშში არის ნახსენები - ამ წელს სუს-ის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად ჰიბრიდული და კონვენციური ომის წარმოშობის საფრთხეები დასახელდა.[4] აღსანიშნია, რომ ჰიბრიდული ომის, და, კერძოდ საინფორმაციო ომის საფრთხეებზე სუს-ის ანგარიშებამდე სამოქალაქო სექტორი უკვე აქტიურად საუბრობდა.
ამ დოკუმენტის მიზანია, გამოვიკვლიოთ, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში რუსული ნარატივების შეკავება და კონტროლი, პრობლემის სახელდება, აგრესორი ქვეყნის გავლენების გამოვლენა და ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ამ მიზნით, ჩვენ გავაანალიზეთ სუს-ის უკანასკნელ ექვს წლიურ ანგარიშს (2016-2021). შედარებისთვის, ასევე განვიხილავთ ლატვიაში, ლიეტუვასა და ჩეხეთში უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის პრაქტიკას რუსეთისგან მომდინარე საინფორმაციო საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით. ამ ქვეყნების პოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, მათი მუშაობის ჩვენთვის რელევანტური შეიძლება იყოს. რუსეთისთვის ლატვია და ლიეტუვა განსაკუთრებით საინტერესო სამიზნეს წარმოადგენენ და ამ ქვეყნებში ინფორმაციული ომი ძალიან ინტენსიურია. სწორედ ამ ქვეყნებმა გასწიეს ძალიან დიდი შრომა მათი საინფორმაციო ველის დასაცავად. შეირჩა ქვეყნაც, რომლის მოსახლეობა პოსტსოციალისტურ სივრცეში შეიძლება ყველაზე რეზისტანტული/ნეიტრალური იყოს რუსული პროპაგანდისადმი და შესაბამისად, რუსეთის საინფორმაციო ომს აქ ნაკლები გავლენის შანსი აქვს (ჩეხეთის რესპუბლიკა). საინტერესოა ამ კუთხით მაღალი და შედარებით დაბალი რისკების მქონე უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშები შევადაროთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებს.
თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშების შეფასებამდე, მოკლედ აღვწერთ იმ კონტექსტს, რაც ამ ქვეყნებს ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით მოწყვლადად აქცევს.
[1] James K. Wither, Making Sense of Hybrid Warfare Connections QJ 15, no. 2 (2016): 75
[2] მაგალითისთვის იხილეთ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ბლოგპოსტი რუსეთის რბილი და ხისტი ძალა საქართველოს წინააღმდეგ; პოლიტიკის დოკუმენტი კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში https://www.democracyresearch.org/geo/560/
„მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშები „რუსული და ჩინური გავლენები საქართველოში - 2021 წლის განახლება“; „ანტიდასავლური პროპაგანდა - 2020“ ხელმისაწვდომია: https://mdfgeorgia.ge/geo/library/
ასევე იხილეთ: რუსული მედია ფორუმი საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი დემონსტრირებაა; პროპაგანდის მანქანა დასავლური მისწრაფებების წინააღმდეგ
[3] ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის, თავი 1 „სტრატეგიული გარემო“.
[4] საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდი, გვ.3. ხელმისაწვდომია: https://ssg.gov.ge/uploads/ანგარიშები/angarishi2016.pdf
ინსტრუქცია