საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
01დეკ
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები პირველ დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალოს მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელობის სავარაუდო შელახვის ფაქტის შესწავლა დაიწყეს.
როგორც ცნობილია, გუშინ, სოფლის მოსახლეობამ მათ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სოფელ თაქალოში მდებარე 32 ჰა მიწის ნაკვეთს წლებია 18 ოჯახი ფლობს, მათ პირადი ხარჯებით გაწმინდეს მიწის ნაკვეთი და იქ ბოსტნეული მოჰყავთ, რომელთა რელიზაციით მიღებული თანხები მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შპს "არეა 32"-ს იჯარით გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს არეა 32 შპს "მარნეული ალმონდს"-ის საკუთრებაშია, რომლის 90 პროცენტი შპს იბერკომპანი-ს ეკუთვნის. შპს იბერკომპანის 100 პროცენტიანი წილი კი პარლამენტის წევრს (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის. სწორედ გოჩა ენუქიძის ოჯახის წევრი თინათინ ენუქიძე არის შპს არეა 32-ს დირექტორი.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხადია მიუღებელია კერძო პირზე მიწის ნაკვეთებზე იჯარის გაცემა და მათ სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებთან აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ მოსახლეობა მიწას ამუშავებდა და მათ მარნეულის მერის კენან ომაროვისგან დაპირებაც მიიღეს, რომ მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებაში გადაეცემოდათ.
სოფლის მოსახლეობამ დღეს შეხვედრა გამართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. როგორც მოსახლეობამ განგვიმარტა შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ერთი მხრივ გამოხატა მზაობა, რომ სოფელ თაქალოში მდებარე მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ მოსახლეობას მეზობელ სოფელ კაჩაგანში მდებარე მიწის ნაკვეთი გადაეცეთ, რომელზეც სოფლის მეურნეობის მოწყობას წლის მიყვანით და ნაკვეთის გაწმენდით თავად სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში დაგეგმავს შეხვედრას თაქალოში მდებარე მიწის ნაკვეთის მოიჯარესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილავენ მიწის ნაკვეთით ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობის პერსპექტივას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს საკითხის შესწავლავს და თაქლოელების ინტერესების დაცვის მიზნით სამომავლო მოლაპარაკებებში და სხვა სამართლებრივ პროცესებში მათ მხარდაჭერას.
ინსტრუქცია