საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივი გადამოწმების დაწყებას ეხმაურება. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს და ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის, მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის.
20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველობის ამჟამინდელი მასშტაბი სიმართლეს არ შეესაბამება, არაერთ ოჯახს მაღალი შემოსავალი უფიქსირდება და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე მითითებით, ეს პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ, გასული წლის ნოემბერში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სოციალურ დახმარებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირებზე მეტი ადამიანი იღებდა, რამაც არაპირდაპირ მიანიშნა ხელისუფლების სურვილზე, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა შეემცირებინა.
ერთი მხრივ, ცხადია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანების ეფექტიანი მხარდაჭერისკენ უნდა იყოს მიმართული, რაც, მათ შორის, სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიან დიზაინსა და მუშაობაში უნდა გამოიხატებოდეს, თუმცა, შესაბამისი რეფორმები გამჭვირვალედ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს და არ უნდა შექმნას სიღარიბეში მყოფი ადამიანების ინსტრუმენტალიზაციისა ან/და მათი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნის რისკები.
1. როგორ მუშაობს საარსებო შემწეობის სისტემა საქართველოში?
საქართველოში საარსებო შემწეობის სისტემა დაახლოებით 20 წელია, არსებობს. იგი 2006 წელს, უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანების გადასარჩენად შეიქმნა. ოჯახების სიღარიბის დადგენის პროცესი ქულების სისტემასა და კეთილდღეობის ირიბი შეფასების მეთოდოლოგიას (ე.წ. Proxy Means-testing) დაეფუძნა. იმ ოჯახებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ ქულობრივ ზღვარზე ნაკლებს მიიღებენ, საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევათ. შინამეურნეობებისთვის, სადაც 16 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ეს ზღვარი 120 001 ქულაა, ყველა დანარჩენი ოჯახისათვის კი - 65 001 ქულა.
ქულებისა და ასაკის მიხედვით განსხვავდება ყოველთვიურად მისაღები დახმარების ოდენობაც. კერძოდ, 16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარება 200 ლარს, ხოლო 16 წლის ზემოთ ადამიანებზე 30-დან 60 ლარამდე შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის გათვალისწინებული გასაცემელი პერიოდულად იზრდებოდა. თუმცა, 16 წელს ზემოთ ადამიანებზე გათვალისწინებული გასაცემლის ზედა ზღვარი - 60 ლარი, 2013 წლის ივლისიდან დადგინდა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიუხედავად, მისი ოდენობა არ გაზრდილა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამომხმარებლო ფასების ინდექსის თანახმად, 2013 წლის ივლისის მდგომარეობით, 60 ლარის სამომხმარებლო ღირებულება 2025 წლის ოქტომბრისთვის 106 ლარს შეადგენდა. ამასთან, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 60 ლარის სამომხმარებლო ღირებულება 2013 წლის ივლისისთვის მხოლოდ 33.79 ლარის ტოლი იყო. შესაბამისად, მიუხედავად სოციალურ დაცვაზე ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდისა, ინდივიდუალურ დონეზე საარსებო შემწეობის რეალური ოდენობა არა თუ არ გაიზარდა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა კიდეც.
ქულების მიხედვით სოციალური გასაცემლების გრადაციის (30-დან 60 ლარამდე შემწეობის) წესი 2015 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. საწყის წერტილად დროის ამ მაჩვენებლის აღების შემთხვევაშიც კი, გასაცემლის თავდაპირველი ღირებულების შესანარჩუნებლად, წლების განმავლობაში, საარსებო შემწეობა უნდა გაზრდილიყო.
დიაგრამა N1. საარსებო შემწეობის 2015 წელს დადგენილი ოდენობების სამომხმარებლო ღირებულება წლების განმავლობაში

კეთილდღეობის ქულები წინასწარ გაწერილი მეთოდოლოგიითა და სპეციალური ფორმულით, სოციალური აგენტის მიერ ოჯახის შეფასებისას მოგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოითვლება. წლების განმავლობაში, ქულების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა - ამჟამინდელი მოდელი ისეთ ცვლადებზე დაყრდნობით აფასებს საჭიროებებს, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახის შემადგენლობა, უძრავი და მოძრავი ქონება, ცალკეული შინაური ცხოველების ყოლის ფაქტი, შემოსავლები, განათლების დონე და სხვა. მიუხედავად ცვლილებებისა, მეთოდოლოგია ისეთ ცვლადებს შეიცავს, რომლებსაც შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან პირდაპირი კავშირი შესაძლოა არ ჰქონდეს ან/და მათ მოწყვლადობას ზუსტად ვერ ასახავდეს. მაგალითისთვის, ქულის გამოთვლის დროს მხედველობაში მიიღება საცხოვრებელში პარკეტის არსებობის ფაქტი; კომუნალური გადასახადები, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლებელია, ოჯახმა ეს გადასახადი მინიმალურ საჭიროებებზე უარის თქმის ხარჯზე გადაიხადა ან თუნდაც თანხა ისესხა; მიწის არსებობა, მიუხედავად იმისა, რაიმე ტიპის შემოსავალთან არის თუ არა იგი დაკავშირებული და სხვა.
არსებული სისტემა დღემდე ვერ ახერხებს სიღარიბეში მცხოვრები ყველა ადამიანისა და ოჯახის იდენტიფიცირებას. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
პროგრამის ბუნდოვანი დიზაინი სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზაციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ამ პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას:
წლების განმავლობაში, სხვადასხვა კვლევა თუ მედიასაშუალება საუბრობდა კლიენტელიზმსა და საარსებო შემწეობის მიმღებთა თუ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაზე. კონკრეტული შემთხვევების აღწერის მიღმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევამ ერთგვარი სტატისტიკური ურთიერთმიმართება დაინახა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდასა და არჩევნების ციკლებს, ასევე, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ხმებს შორის. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოციალური პოლიტიკის პარტიული მიზნებით გამოყენების სავარაუდო პატერნებზე.
2. რა ძირითადი მიზეზები მოჰყავს „ქართულ ოცნებას“ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების დაწყებისათვის?
სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივი გადამოწმების აუცილებლობაზე საუბრისას, მიხეილ სარჯველაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან მიუთითა, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კანონით დადგენილი ქულობრივი ზღვრის ზრდამ და, პანდემიის პერიოდიდან ოჯახების გადამოწმებაზე ერთგვარმა მორატორიუმმა გამოიწვია. შედეგად, მისი თქმით,
სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობის ანალიზისას[1] ჩანს, თუ წლების გასვლასთან ერთად როგორ იზრდებოდა სახელმწიფო გასაცემელზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა.
დიაგრამა N2. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა (2013-2026 წწ)

მონაცემების ანალიზის შედეგად, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, მხოლოდ იგი ვერ ჩაითვლება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მატების მიზეზად. სინამდვილეში, პანდემიამდე, წლების განმავლობაში, საარსებო შემწეობას საშუალოდ 400 000-ზე მეტი ადამიანი ისედაც იღებდა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა პანდემიის პერიოდში (2020 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე) მნიშვნელოვნად გაიზარდა (96 439 ადამიანით), თუმცა, ძირითადი მატება პანდემიის შემდგომ პერიოდში მოხდა. მაგალითისთვის, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 181 569 ადამიანით მეტი იღებდა, ვიდრე 2023 წელის იანვარში. ეს დროითი მონაკვეთი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფუნქციონირებასა და არჩევნების პერიოდებს ემთხვევა.
წლების განმავლობაში სისტემაში დარჩენილ ადამიანებზე არაპირდაპირ უთითებს სოციალურად დაუცველთა ბაზაში ადამიანების რეგისტრირების სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იწარმოება. მონაცემების მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 41% 10 წელზე მეტი ხანია ბაზაში რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიური პერიოდის შემდეგაც რეგისტრირებულთა წილი და იგი საერთო რაოდენობის დაახლოებით მეხუთედს (19 %) შეადგენს.
დიაგრამა N3. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების გადანაწილება წლების მიხედვით

3. რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მასობრივ გადამოწმებას?
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ეფექტიანი სოციალური დაცვის პოლიტიკის შექმნა მუდმივად ერთ-ერთ მთავარ, გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ერთიანი, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სისტემა დღემდე არ არსებობს. ფრაგმენტული ცენტრალური თუ მუნიციპალური პროგრამები ვერ აზღვევს იმ რისკებს, რომლის წინაშეც სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ადამიანი შეიძლება დადგეს. შედეგად, ათასობით ადამიანი სიღარიბესა და სოციალურ მოწყვლადობაში ცხოვრებას აგრძელებს.
ცხადია, საარსებო შემწეობის სისტემა, ისევე, როგორც სოციალური დაცვის სხვა პროგრამები ეფექტიანი უნდა იყოს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მუდმივ მონიტორინგსა და შესაბამის ინტერვენციებსაც გულისხმობს. თუმცა, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი გადაწყვეტილება არაერთ კითხვას ბადებს და გამოწვევებზე უთითებს.
3.1. გადამოწმების პროცესის მიმართ წარმოშობილი კითხვები
ამ მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ კითხვას პროცესის განხორციელების პერიოდი წარმოშობს. პანდემიის პერიოდი რამდენიმე წლის წინ დასრულდა და გადამოწმებაზე მორატორიუმს თავისი მიზეზები უნდა ჰქონოდა. ბუნდოვანია, თუ ამდენი წელი რატომ დასჭირდა პროცესის დაწყებას, მით უმეტეს, რომ გადაუმოწმებლობას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის არამიზნობრივად ხარჯვა გამოეწვია. ის, რომ ამგვარი გადამოწმება 2024 ან 2025 წელს არ მოხდა, არაპირდაპირ შეიძლება წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა ინსტრუმენტალიზაციაზე უთითებდეს.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით ჩნდება, ფინანსებს უკავშირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობით უზრუნველყოფაზე ათეულობით მილიონი იხარჯება. შემწეობაზე გადარიცხული თანხის მოცულობა წლების გასვლასთან ერთად იზრდება. 2020 წლიდან მოყოლებული, ზემოაღნიშნულ დახმარებაზე 4 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა.
დიაგრამა N4. სოციალურ შემწეობაზე გადარიცხული თანხის ოდენობა (2013-2026 წწ)

მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პროცესის მიზანი თანხის დაზოგვა არ არის და იგი მხოლოდ პროგრამის ეფექტიანობის მიღწევას ისახავს ამოცანად. თუმცა, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის, განათლების რეფორმა თუ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, არაპირდაპირ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზეც უთითებს, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში სხვადასხვა წყაროებიდან (მათ შორის, პარტნიორი ქვეყნებიდან) მიღებული შემოსავლების დაკარგვის ან შემცირების პროცესში გარდაუვალია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი, თუნდაც, მეორეული მიზეზი, შესაძლოა, ფინანსების დაზოგვაც იყოს.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სარჯველაძემ გადამოწმების პროცესი „პოლიტიკური სპეკულაციების“ დასრულებას დაუკავშირა. წლების განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება „ქართული ოცნების“ რიტორიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა. პარტიის წარმომადგენლების თქმით, აბსოლუტური სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა (9.4 %) დასული, შესაბამისად, სხვადასხვა აქტორების, მათ შორის, თემაზე მომუშავე პირების მითითება საარსებო შემწეობის მიმღებთა ასევე ისტორიულად მაქსიმალურ რაოდენობაზე, რომელიც სოციალურ მოწყვლადობასთან ერთად, სახელმწიფოზე დამოკიდებული მოქალაქეების დიდ ნაწილზე უთითებდა, მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ პარტიის მტკიცებას ეწინააღმდეგებოდა. აქედან გამომდინარე, შეფასების ერთ-ერთი მიზეზი სოციალურად დაუცველთა დიდი რაოდენობის შესახებ აპელირების შესაძლებლობის გაქრობა შეიძლება იყოს.
ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის სტატისტიკაზე სიღრმისეული საუბარი წინამდებარე დოკუმენტის მიზანს სცდება; თუმცა, კვლევებზე დაფუძნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სულაც არაა ინკლუზიური და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული. პირიქით, იგი ძირითადად მეორადი მანქანების რუსეთში გაყვანაზე, ტურიზმსა და ემიგრანტების გზავნილებზე დგას. ამგვარი ზრდა, თბილისსა და ბათუმის გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თითქმის არ აისახება.
მეორე მხრივ, სიღარიბის შემცირებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, მხედველობაში ვიქონიოთ ის არაერთი განზომილება, რაც მას გააჩნია. მაგალითისთვის, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის მიხედვით, სიღარიბე წარმოადგენს ადამიანის მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება იმ რესურსების, შესაძლებლობების, არჩევანის, უსაფრთხოებისა და უფლებამოსილების მდგრადი ან ქრონიკული ჩამორთმევით, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით სარგებლობისა და სხვა სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების რეალიზაციისათვის. შესაბამისად, სიღარიბეზე საუბრისას არა მხოლოდ აბსოლუტურ სიღარიბეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება (როგორც ამას “ქართული ოცნება” აკეთებს), რომელიც, ძირითადად, მხოლოდ იმ მოსახლეობაზე ახდენს კონცენტრირებას, რომელიც საკვებითაც კი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს, არამედ სხვა ინდიკატორებზეც. მათ შორისაა,
3.2. გადამოწმების პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის საჯაროდ მისაწვდომი არ არის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რიტორიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევის რისკებს ვერ აზღვევს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის შეფასების მეთოდოლოგიას არაერთი გამოწვევა ახასიათებს. მათ შორისაა, ე.წ. ჩარიცხვისა და ამორიცხვის შეცდომები, რის გამოც საჭიროების მქონე არაერთი ადამიანი სისტემის მიღმა შეიძლება დარჩეს და პირიქით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების არმქონე ოჯახები საარსებო შემწეობას იღებენ, ამგვარი სისტემების შეცდომებისათვის დამახასიათებელია. საერთაშორისო სტანდარტები უთითებს, რომ ამგვარი შეცდომების თავიდან აცილება მხოლოდ უნივერსალური სერვისებით არის შესაძლებელი. თუმცა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოჯახების შეფასების პარალელურად, „გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაიხვეწება სისტემა, შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ოჯახები კვლავ ძველი, პრობლემური მეთოდოლოგიით გადამოწმდებიან, ხოლო მის განახლებაზე მუშაობა შეფასების პროცესის პარალელურად მოხდება. შესაბამისად, მეთოდოლოგია კვლავ არასრულად დაინახავს შინამეურნეობების მოწყვლადობას და შეცდომებისგან თავის დაცვა კვლავ შეუძლებელი იქნება.
საყურადღებოა ისიც, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ე.წ. ჩარიცხვის შეცდომებზე საუბრობს და ყურადღებას არ ამახვილებს ამორიცხვის შეცდომებზე, რომელიც ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო პრობლემურია. აღნიშნულ გამოწვევას რამდენიმე წლის წინ თვითონ სოციალური მომსახურების სააგენტოც აღიარებდა, რის გამოც უწყებაში მაღალი ქულის მქონე, თუმცა სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობდა. სააგენტომ ათეულობით ამგვარი შინამეურნეობა გამოავლინა და მუნიციპალიტეტებში (ძირითადად ერთჯერადი მხარდაჭერისთვის) გადაამისამართა. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიზანი საჭიროების მქონე ადამიანების დაფარვაა, უცნობია, თუ რატომ არ მახვილდება ყურადღება აღნიშნულ პრობლემაზეც და რა გეგმა აქვს სამინისტროს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებთან მიღწევისათვის. ასევე ბუნდოვანია, თუ როგორ შეფასდებიან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული პირები და მათი ოჯახები და როგორ იმოქმედებს ქულებზე წლების განმავლობაში მიღებული მათი შემოსავალი.
კიდევ ერთ გამოწვევას შეფასებისას და მის შემდგომ პერიოდებში სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის მექანიზმების სიმწირე წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებული რეგულაციებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეფასების მეთოდოლოგიამ ოჯახის მოწყვლადობა ვერ დაინახა და მაღალი ქულა მიანიჭა, ხელახალი გადამოწმების შესაძლებლობა მხოლოდ 1 წელიწადში დგება. მხარდაჭერის გარეშე პერიოდმა სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის გადარჩენასთან დაკავშირებული რისკებიც შეიძლება შექმნას. ამასთან, როგორც საჯაროდ მისაწვდომი გადაწყვეტილებებიდან იკვეთება, ქულის ადეკვატურობაზე სასამართლო, როგორც წესი, ვერ მსჯელობს. გადაწყვეტილებების ნაწილში მითითებულია, რომ სარეიტინგო ქულა კომპიუტერული სისტემის მიერ, სხვადასხვა ცვლადის მხედველობაში მიღებით გამოითვლება, რომელზე დეტალური მსჯელობაც, სისტემის დიზაინის გათვალისწინებით, შეუძლებელია. გარკვეულ შემთხვევებში, სასამართლო სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის ხელახალ შეფასებას ავალებს, თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლოა, არაერთი თვე გავიდეს, ხოლო ხელახალი შეფასება, თავის მხრივ, შემწეობის მიღების გარანტიას ვერ იძლევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შეფასების პროცესს ადამიანები ფაქტობრივად დაუცველები ხვდებიან.
ბოლოს, არსებითია აღინიშნოს, რომ სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ერთიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის არარსებობა წარმოადგენს. გამოწვევებზე არა მხოლოდ ქართული ორგანიზაციები, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორებიც, მათ შორის, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, საუბრობს, რომელმაც საქართველოში არსებული მდგომარეობა სულ რამდენიმე დღის წინ შეაფასა.
სამწუხაროა, რომ სოციალურ პოლიტიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთგვარად ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და ეფექტიანი სისტემის შექმნას არ ისახავს მიზნად. მაგალითად, ჯერ კიდევ 2021 წელს, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური დაცვის სისტემის სრული ცვლილება და სოციალური კოდექსის მიღება დააანონსა, რომელიც შემდგომ წლებში ვეღარ განხორციელდა, ხოლო 2022 წელს ამუშავდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომლის გაგრძელებაც, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ჩვეულებრივ იგეგმებოდა, თუმცა შემდგომ, მოულოდნელად, მისი გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ საარსებო შემწეობის სისტემაში ჩართული ადამიანების თუნდაც სამართლიანი შეფასება ვერ გახდება სიღარიბეში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი. თუნდაც გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, სავარაუდოდ, მათი სიღარიბიდან ამოყვანისთვის საკმარისი არ იქნება. აუცილებელია საარსებო შემწეობის სისტემის სრული გადახედვა და მისი ეფექტიანი ალტერნატივის შემუშავება, ასევე, სოციალური დაცვის ისეთი პოლიტიკის შექმნა, რომელიც ადამიანების საჭიროებებზე იქნებოდა დაფუძნებული და, ერთი მხრივ, სიღარიბეში მათი აღმოჩენის პრევენციას გააკეთებდა, ხოლო, მეორე მხრივ, მოწყვლადობაში უკვე მყოფ პირებს ეფექტიანად გააძლიერებდა. მწვავე საჭიროების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ საუბრობენ მთლიანი სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების ხედვებზე. ისინი ასევე არ საუბრობენ მხარდაჭერის იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმების შემუშავების კონკრეტულ გეგმებზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის დაზღვევა, საბინაო პოლიტიკა, ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება, დასაქმებისა და განათლების ინკლუზიური პოლიტიკის ჩამოყალიბება და სხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ერთიანი და რეალურად მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებისა და ამგვარი პოლიტიკის განხორციელების ბარიერების იდენტიფიცირების ნაცვლად, “ქართული ოცნება” მხოლოდ და მხოლოდ ოჯახების შეფასებასა და ბაზიდან ამორიცხვას ისახავს მიზნად. სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები, მათი მოწყვლადობისა და დარღვეული უფლებების დაცვის მექანიზმების უკიდურესი სიმწირის გათვალისწინებით, კვლავ ინსტრუმენტალიზაციის, უუფლებობისა და ობიექტივიზაციის მსხვერპლად რჩებიან. მეტიც, მეთოდოლოგიის პრობლემურობისა და ბუნდოვანების გათვალისწინებით, ის ოჯახები, რომლებიც სისტემაში ჯერჯერობით დარჩებიან, გაორმაგებულ დაუცველობასა და იმის შიშში გააგრძელებენ ცხოვრებას, რომ რაიმე ტიპის დევიაციური ქცევა, შესაძლებელია, მათ მინიმალური მხარდაჭერის დაკარგვად დაუჯდეთ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დააკვირდება საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების პროცესს და საზოგადოებას შესაძლო უფლებადარღვევების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
[1] შენიშვნა: დიაგრამაზე მოცემული რაოდენობები კონკრეტული წლის თორმეტივე თვის საშუალო არითმეტიკულის ტოლია.
ინსტრუქცია