[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / თვალსაზრისი

როცა მხარდაჭერის ნაცვლად, სახელმწიფო სისტემიდან გრიყავს: როგორ მუშაობს მიზნობრივი სოციალური დაცვის სისტემა?

იმ სამართლებრივი რეგულაციების კვალდაკვალ, რომელიც ვერ ხედავს შენს სიღარიბესა და გამოწვევებს, რთულია, შენი სიმართლე დაამტკიცო და გადარჩე.

იდეალურ შემთხვევაში, სოციალური შემწეობის მექანიზმმა ადამიანებისთვის ე.წ. მაშველი ბადის ფუნქცია უნდა შეასრულოს. სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ, საქართველოში არაერთი ბიუროკრატიული ბარიერისა და ნაკლებად მგრძნობიარე კანონმდებლობის არსებობის პირობებში, ოჯახებს “სიღარიბის დამტკიცებისა” და მინიმალური შემწეობის მოთხოვნის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ეზღუდებათ.

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების წესებში არაერთხელ, სხვადასხვა სიტუაციების დასარეგულირებლად გვხვდება ერთწლიანი ვადები. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მის მდგომარეობასთან შეუსაბამოდ მაღალი ქულა მიენიჭა, მას ხელახალი შეფასების მოთხოვნა მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ შეუძლია. ამ პერიოდს ემატება შეფასებისა და ქულის მინიჭების დროც, რაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს.

ზოგადად, ეს ვადა სოციალური მომსახურების სააგენტოს გადატვირთულობის თავიდან აცილებისთვის არის განკუთვნილი - რომ ყოველ კვირა ერთი და იგივე ოჯახი არ მიმართავდეს უწყებას შეფასების მოთხოვნით. თუმცა, იმის ახსნას, თუ რატომ მოხდა შეზღუდვების ვადად 1 წლის დაწესება, სახელმწიფო უწყებებიდანაც ვერ ვიღებთ. რაღაც ვადა უნდა ყოფილიყო - გვეუბნებიან ისინი.

იმ შემთხვევებზე დაკვირვებისას, როდესაც ერთწლიანი შეზღუდვების მექანიზმი გამოიყენება, ნათლად ჩნდება ის დამოკიდებულება და მიდგომები, რაც სახელმწიფოს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების მიმართ აქვს.

ქულის მინიჭების მეთოდოლოგია ხარვეზიანია, რის გამოც სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, შესაძლოა, მაღალი ქულა მიენიჭოთ და უარი ეთქვათ შემწეობაზე ან იმაზე მცირე დახმარება დაენიშნოთ, ვიდრე მათ ეკუთვნით. ამ ოჯახებს ხელახალი შეფასებისთვის, სულ მცირე, ერთი წელი უწევთ ლოდინი.

ზოგადად, სიღარიბე და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ცვალებადი კონცეფციებია; სამაგიეროდ, ჩვენი კანონმდებლობით, ქულა “მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ”. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ სოციალურმა აგენტმა ფორმალურად სწორად შეავსო ოჯახის შეფასების დეკლარაცია, კანონს აღარ აინტერესებს, რა მდგომარეობაშია ადამიანი - ხელახალ შეფასებას კიდევ ერთი წელი უნდა ელოდოს. სააგენტოს მიერ განმეორებითი შეფასების ლოდინში ოჯახი შეიძლება უმძიმეს სიტუაციაშიც აღმოჩნდეს. მაგალითისთვის, ქვემოთ მოცემულია ამონარიდები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის მასალებიდან:

“[სოციალურად დაუცველ] ოჯახს კიდევ ორი წევრი შეემატა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ოჯახის მატერიალური მდგომარეობა. ამას დაემატა [ოჯახის წევრის] ჯანმრთელობის გაუარესება, კერძოდ, მოსარჩელეს დაუდგინდა სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რომელიც საჭიროებს პერმანენტულ/მედიკამენტურ/ამბულატორიულ მკურნალობას. განმეორებითი შეფასების შედეგად [...] ოჯახს მიენიჭა 65 720 ერთეული სარეიტინგო ქულა. [...] მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის ოჯახს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოეხსნა სოციალური შემწეობა და ამით ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ამასთან, აუქციონზე გაიყიდა ის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა მოსარჩელე და აღნიშნულმა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მისი მდგომარეობა.”

“მოსარჩელე [სახელი, გვარი] არის 82 წლის, მის შვილს, რომელსაც თავად უვლის, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. კერძოდ, [იგი] დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით. [მოქალაქეს] უარი ეთქვა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლაზე და განემარტა, რომ მის ოჯახს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს 1 წლის შემდეგ. [მოქალაქე] განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებას, მისი ოჯახის გადარჩენის და არსებობის ერთადერთი საშუალება სოციალური დახმარება იქნება, არ მუშაობს ოჯახის არცერთი წევრი, სახლი რომელშიც ცხოვრობენ, ამორტიზირებულია და იქ ცხოვრება საშიში და საფრთხის შემცველია, ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუსაძლისად მძიმეა, ჰყავს ერთი ძროხა, რომელიც არ იწველება.”

ამგვარ სიტუაციებში ჩნდება ლოგიკური კითხვა - როგორ უნდა გადარჩნენ ეს ადამიანები? ფორმალურად, კანონი შესაძლებლობას იძლევა, რომ ხელახალი შეფასება ერთი წლის გასვლამდეც მოხდეს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს პირადი ინიციატივით; ან სასამართლომდე მივიდეს საქმე და სააგენტოს ოჯახის ხელახალი შეფასება დაევალოს. თუმცა, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ სააგენტოს “კეთილი ნებით” მოხდება ამ ადამიანების შეფასება ან, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელახალი გადამოწმებისას, ოჯახს ადეკვატური ქულა მიენიჭება? - არავითარი.

სოციალურ შემწეობის სისტემიდან ოჯახების გადინების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი დღეს არსებული რეგულაციაა, რომლის თანახმადაც, სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, უარი განაცხადოს ოჯახის შეფასებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახს მისი მოთხოვნით შეუწყდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან ერთი წელი არ არის გასული.

საქართველოში საარსებო შემწეობაზე ადამიანების დამოკიდებულებას ცალკეული კვლევები და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს. 2023 წლის მდგომარეობით, შემწეობის მიმღებთა დაახლოებით ნახევარი სისტემაში 5 წელზე მეტხანს იმყოფება, ხოლო ათასობით ადამიანი 15 წელზე მეტხანსაც კი იღებს დახმარებას.

ცხადია, სისტემაზე დამოკიდებულების მიზეზები მრავალგვარია და უკავშირდება ოჯახების არასათანადო ეკონომიკურ გაძლიერებასა და გააქტიურებას, სოციალურად დაუცველის ქულასთან სოციალური ბენეფიტების დაკავშირებას და დასაქმების ბაზრის სიმყიფეს, რის გამოც ადამიანებს ურჩევნიათ, გარანტირებული შემოსავალი მიიღონ, ვიდრე არასტაბილური ანაზღაურება.

თუმცა, თუ ოჯახი გადაწყვეტს, რომ აღარ სჭირდება შემწეობა და უარს ამბობს მასზე, მაგრამ რამდენიმე თვეში უარესდება მისი მდგომარეობა და უწყდება შემოსავალი, სააგენტოს ექნება უფლება, 1 წლის მანძილზე უარი უთხრას ოჯახს გადამოწმებაზე. ანუ კანონი საკუთარი ნებით სისტემიდან გასულ ოჯახს სჯის.

კანონი დამსჯელობითია იმ ოჯახებთან მიმართებითაც, რომელთა წევრებიც ფორმალურად გაწერილ წესებს დაარღვევენ.

მაგალითად, თუ შეფასებისას ოჯახის მიერ მოხდა ყალბი ან/და არასწორი ინფორმაციის მიწოდება, სააგენტოს უფლებამოსილება ენიჭება, მონაცემთა ბაზიდან ამორიცხოს იგი ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა.

მეორე მხრივ, თუ ოჯახის წევრი ერთი თვის მანძილზე სააგენტოს არ მიაწვდის ინფორმაციას ოჯახში ცვლილების (ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები, ოჯახის მუდმივი საცხოვრებლის ცვლილება ან შინამეურნეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება) შესახებ, სააგენტოს

ენიჭება უფლებამოსილება, შეუწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა, შეუწყვიტოს ან/და აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

სასამართლოს განსახილველ ცალკეულ საქმეებში მოქალაქეები უთითებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია გარკვეული ინფორმაციის სააგენტოსთვის შეტყობინებასთან დაკავშირებით, თუმცა, ამგვარ მითითებებს სასამართლოსთვის მნიშვნელობა არ აქვს. სახელმწიფო არ ინტერესდება, თუ როგორ მდგომარეობაში ტოვებს ოჯახს თავისი გადაწყვეტილებით. მთავარია, კანონი ფორმალურად აღსრულდეს.

რა ხდება მას შემდეგ, რაც ფორმალური წესების დარღვევისთვის ოჯახს შეუწყდება შემწეობა? კანონი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ოჯახმა ზედმეტად აღებული საარსებო შემწეობა (იმ პერიოდიდან აღებული შემწეობა, როდესაც ოჯახმა არ მიაწოდა სააგენტოს ინფორმაცია მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ) სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს. საჯაროდ მისაწვდომი სასამართლო გადაწყვეტილებების უმეტესობა სწორედ ამ საკითხებს ეხება.

სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხების რაოდენობა განსხვავებულია, ხანდახან, 1 000 ლარსაც კი აღემატება. თუმცა, არაერთი გადაწყვეტილება ეხება 10, 20, 50, 60 ლარის დაბრუნებას მოქალაქეებისგან. საქმეების უმრავლესობაში მოქალაქეები საერთოდ არ იღებენ მონაწილეობას, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, აფიქსირებენ, რომ მოთხოვნილი თანხის სახელმწიფოსთვის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ზოგიერთი მათგანი თანხის განწილვადებას ან/და დამატებითი დროის გამოყოფას ითხოვს.

მაგალითად, ერთ-ერთ ადამიანმა, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი მასზე დაკისრებული თანხის - 60 ლარის, გადახდას ვერ შეძლებდა, ამიტომ სასამართლომ ამ თანხის გადახდა რამდენიმე თვეზე გადაუნაწილა და თვეში 20 % -ის (ანუ 12 ლარის) გადახდა დაავალა.

სააგენტო და სასამართლოც კი ხედავს, რომ ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, და მაინც უარს ეუბნება არა მხოლოდ საარსებო შემწეობის გაცემაზე, არამედ, პირიქით, მას ახდევინებს თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფოს არც ის აინტერესებს, რომ, ოჯახის ერთი წევრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შესაძლებელია, არასრულწლოვნებმა აგონ პასუხი და მათ შეუწყდეთ შემწეობა. ამგვარ შემთხვევებში, ადამიანები ობიექტებად უფრო აღიქმებიან, რომლებიც სხვის, თუნდაც, ოჯახის წევრის, ფორმალური “გადაცდომის” გამო ისჯებიან. სამწუხაროდ, ამგვარი შემთხვევების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტომ არ მოგვაწოდა, რის გამოც რთულია პრობლემის კონკრეტულ მასშტაბზე საუბარი.

ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში საარსებო შემწეობის სისტემა ადამიანზე ორიენტირებული არ არის. იგი არ ეფუძნება იმის გააზრებას, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა სახელმწიფოს ვალდებულებაა. პირიქით - ხელისუფლება სოციალურ დახმარებას თავის კეთილ ნებად მიიჩნევს, ხოლო ადამიანები, რომლებიც მკაცრად დადგენილ წესებს გადაუხვევენ, ისჯებიან.

ბლოგი მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“