[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / სტატია

სიღარიბე და საარსებო მინიმუმის ცვლილების საჭიროება

სიღარიბე და საარსებო მინიმუმის ცვლილების საჭიროება

საარსებო მინიმუმი, რომელიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების შექმნის მიმართულებით ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის ორიენტირად გამოიყენება, ხშირადაა კრიტიკის ობიექტი. საარსებო მინიმუმს 2 ძირითადი მიზეზის გამო აკრიტიკებენ:

  • საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია, მოძველებულობის/უზუსტობის გამო საჭიროებს საფუძვლიან გადახედვასა და კორექტირებას;
  • ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრებით, არსებული საარსებო მინიმუმიც არასწორად გამოიყენება ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგვმისას.

წარმოდგენილი სტატიის ძირითადი მიზანია, ფოკუსირდეს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიასა და მისი კორექტირების შესაძლო საჭიროებაზე. საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილების საჭიროების მტკიცება (ასეთი საჭიროების აღმოჩენის შემთხვევაში) დაფუძნებული იქნება ემპირიულ მონაცემებზე.

1. ეროვნული წარმოება

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (შემდგომში - „მშპ“)  ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი ყველა ფორმის საქონლისა და მომსახურების ღირებულების საზომია, რომელიც ფასების ცვლილების ეფექტისგან თავისუფალია. შესაბამისად, ზოგადად, რეალური მშპ-ის ზრდა წარმოებული საქონლისა და მომსახურების რეალური ღირებულების ზრდაზე მიუთითებს.

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი რეალური მშპ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში სტაბილური ზრდით ხასიათდებოდა. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში (2009-2022 წლების პერიოდი[i]) საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული რეალური მშპ დაახლოებით ორჯერ (103%-ით) გაიზარდა. 2009-2022 წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ცვლილება გამოსახულია გრაფა 1-ზე.

გრაფა 1: ერთ სულზე გაანგარიშებული რეალური მშპ-ის დინამიკა[ii]

დროის 14 წლიან ინტერვალში ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი რეალური მშპ-ის გაორმაგება შესაძლებელია დამაკმაყოფილებელ მოცემულობად მივიღოთ, თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არაფერს ამბობს წარმოების შედეგად მიღებული შემოსავლის განაწილებაზე. ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე მნიშვნელოვანია შემოსავლების განაწილების ანალიზი. სწორედ ასეთი ტიპის ანალიზის შედეგადაა შესაძლებელია იმის გაგება, შემოსავლების თვალსაზრისით თუ რამდენად აისახა წარმოების გაორმაგება ქვეყნის ყველაზე მოწყვლად მოსახლეობაზე.

2. საარსებო მინიმუმი

შემოსავლების თვალსაზრისით, ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე წარმოდგენას გვიქმნის საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმი ეფუძნება საქართველოს კანონს „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“[iii] (შემდგომში „კანონი“). დოკუმენტი, საარსებო მინიმუმის დათვლის პრინციპებთან ერთად, ცვლადის (საარსებო მინიმუმის) არსებობის მიზნებსა და დანიშნულებას განსაზღვრავს. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა კვლევებითა თუ მასმედიის საშუალებებით ხშირია საარსებო მინიმუმის კრიტიკა, მნიშვნელოვანია, მისი მიზნებისა და ამოცანების დეტალური განხილვა. ამასთან, შემდეგ თავებში ვიმსჯელებთ იმაზეც, თუ რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები.

კანონის თანახმად, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების შემუშავების საფუძველს. სწორედ საარსებო მინიმუმის საფუძველზე ხდება მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარება. მისი ძირითადი დანიშნულებაა:

  • მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილების წარმოჩენა;
  • მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრა;
  • ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრა;
  • სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან.

წარმოდგენილი მიზნების მიღწევისთვის, საარსებო მინიმუმი შემდეგ პრინციპზე დაყრდნობით ანგარიშდება:

  • განისაზღვრება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის მინიმალური სასურსათო კალათა, რომელიც შედგება 40 სასურსათო პროდუქტისგან. წარმოდგენილი კალათა დღის განმავლობაში 2300 კილოკალორიით უზრუნველყოფს ზრდასრულ მამაკაცს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების თანახმად,[iv] მოცემული ენერგეტიკული ღირებულება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცს საშუალებას აძლევს, აღიდგინოს შრომის უნარი და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა;
  • საქართველოს 5 ქალაქის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი - ფასების შეწონილი საშუალოს (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით) საფუძველზე განისაზღვრება სასურსათო კალათაში შემავალი თითოეული პროდუქტის ღირებულება, რის საფუძველზეც დგინდება კალათის ჯამური ღირებულება;
  • მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება მრავლდება ე.წ. შევაჭრების კოეფიციენტზე, რომელიც 0.865-ის ტოლია;
  • კეთდება დაშვება, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის მიერ გაწეული მთლიანი ხარჯებიდან 70% იხარჯება სურსათზე, ხოლო 30% - არასასურსათო პროდუქტებსა და მომსახურებაზე;
  • საბოლოოდ საარსებო მინიმუმის დადგენისთვის საჭიროა მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების 10/7-ზე (1.43-ზე) გამრავლება. ანუ, 70%-30% წესის (მთლიანი დანახარჯების 70% სურსათზე, ხოლო 30% არასასურსათო პროდუქტებსა და მომსახურებაზე) გამოყენება იძლევა 1.43-ის ტოლ კოეფიციენტს. საარსებო მინიმუმის შესაბამისი სიდიდის გამოთვლის მიზნით სწორედ ამ კოეფიციენტზე უნდა გამრავლდეს მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება;
  • აღსანიშნავია, რომ გარდა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისა, საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ხდება სხვადასხვა რაოდენობის წევრებისგან შემდგარი ოჯახებისთვის (ერთსულიანი, ორსულიანი, სამსულიანი, ოთხსულიანი, ხუთსულიანი, ექვსსულიანი და მეტი), საშუალო მომხმარებლისა და საშუალო ოჯახისათვის.

აღნიშნული მეთოდით დათვლილი საარსებო მინიმუმი პრობლემურია სხვადასხვა საკითხებიდან გამომდინარე:

  • საქართველოში 2003 წლამდე მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება დღიური 2500 კილოკალორიის (ნაცვლად ამჟამად განსაზღვრული 2300 კილოკალორიისა) მოხმარებაზე იყო გაანგარიშებული. არსებობს მოსაზრება, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობისა და შრომის უნარის შენარჩუნებისთვის საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას 2500 კილოკალორიის განხილვა მეტად რელევანტურია(ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი, 2014);
  • მინიმალური სასურსათო კალათის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკობრივი, სქესობრივი, კლიმატური, სეზონური და სხვა ტიპის თავისებურებები;
  • ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის თავიდან აცილებისთვის საჭიროა სასურსათო კალათის მეტად გამრავალფეროვნება;
  • ფასების უფრო ზუსტად განსაზღვრისთვის გამოყენებულ უნდა იქნას არა 5, არამედ 8-10 ქალაქის ფასების შეწონილი საშუალო(ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი, 2014);
  • შევაჭრების კოეფიციენტის რაოდენობრივი სიდიდე გადახედვას საჭიროებს, რადგან აგრარულ ბაზრებთან შედარებით, მარკეტებში ფასდაკლების მიზნით შევაჭრება პრაქტიკულად შეუძლებელია;
  • მოსაზრება იმის შესახებ, რომ შემოსავლების თვალსაზრისით მოწყვლადი შინამეურნეობისა თუ ინდივიდის ხარჯების 70% მოდის სურსათზე, ხოლო 30% არასასურსათო პროდუქტებსა და მომსახურებაზე, არ შეესაბამება რეალობას და საჭიროებს ემპირიული მონაცემების შესაბამისად კორექტირებას.

საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით არაერთი სხვა კრიტიკული მოსაზრება არსებობს, თუმცა სტატიის მიზნებისთვის აღნიშნული ჩამონათვალი სრულიად საკმარისია. მეტიც, სტატია ჩამონათვალიდან მხოლოდ უკანასკნელ პუნქტზე ფოკუსირდება, რომელიც 70%-30% პროპორციის სისწორეს აყენებს ეჭვქვეშ. აღნიშნული მიმართულების არჩევის საფუძველს შემდეგი მიზეზები წარმოადგენს: 1. შესასწავლი საკითხების ჩამონათვალის შემცირება არჩეული საკითხის სიღრმისეული ანალიზის საშუალებას იძლევა; 2. ემპირიული ანალიზის მეთოდის გამოყენებით ობიექტურად დასაბუთებადია, არსებობს თუ არა 70%-30% პროპორციის უარყოფის მიზეზი; 3. 70%-30% პროპორციის ცვლილებას რაოდენობრივად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია საარსებო მინიმუმზე.

შენიშვნა: ანალიზის მიზნებისთვის ტექსტის შემდგომ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ საშუალო ოჯახისთვის დათვლილ საარსებო მინიმუმზე. აღნიშნული მაჩვენებელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმისგან 1.68-ის პროპორციულად გაზრდითაა მიღებული და სტატიისთვის ყველაზე შესაფერის სიდიდეს წარმოადგენს. 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო შინამეურნეობა 3.3 წევრისგან შედგება.

3. საარსებო მინიმუმთან დაკავშირებული სტატისტიკა

წარმოდგენილ ქვეთავში განხილულია 2009-2022 წლებში საარსებო მინიმუმის დინამიკა და იმ შინამეურნეობათა წილების ცვლილება, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე (იხ. გრაფა 2).

გრაფა 2-ის ანალიზისას მხედველობაში უნდა მივიღოთ მე-2 თავში წარმოდგენილი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა წლიდან წლამდე უცვლელად ნარჩუნდება. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სასურსათო კალათის ღირებულება და, შესაბამისად, საარსებო მინიმუმის სიდიდე მხოლოდ სასურსათო კალათაში წარმოდგენილი პროდუქტების ფასების[v] ცვლილების პროპორციულად იცვლება. წარმოდგენილი სურათის მიხედვით, 2009-2022 წლების პერიოდში საშუალო ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 216 ლარიდან 411 ლარამდე გაიზარდა (90%-იანი ზრდა).

გრაფა 2: საარსებო მინიმუმი და იმ შინამეურნეობების წილები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ჩამორჩება საარსებო მინიმუმს

საინტერესოა გრაფა 2-ზე დატანილი მე-2 ცვლადზე დაკვირვება, რომელიც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილებს წარმოადგენს. ამგვარი შინამეურნეობების წილების დინამიკა ორი განსხვავებული ტენდენციით ხასიათდება:

  1. საწყის ეტაპზე (2009-2014 წლების ინტერვალში) საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილი დრამატულ შემცირებას განიცდიდა. მართლაც, თუ აღნიშნული პროცენტული წილი 2009 წლისთვის 46.9%-ს შეადგენდა, მისი სიდიდე 2014 წლისთვის განახევრდა (მიუხედავად 2011 წლის განსხვავებული ტენდენციისა) და 22.2%-ს მიაღწია.
  2. პერიოდული გამონაკლისების გაუთვალისწინებლად, 2014 წლის შემდეგ, საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილები კლებას განაგრძობდა, თუმცა კლების მასშტაბი არსებითად ნაკლები იყო 2009-2014 წლებში დაფიქსირებულ მასშტაბზე. მართლაც, როგორც ეს გრაფა 2-დან დგინდება, 2014-2022 წლების ინტერვალში საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილები 22.2%-დან 18%-მდე მცირდება.

საბოლოოდ, ცვლადის დინამიკის ანალიზი და ის გარემოება, რომ საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი კლებადობით ხასიათდება, ერთი შეხედვით, იძლევა საშუალებას, ვიფიქროთ, რომ წლიდან წლამდე უფრო მეტ შინამეურნეობას შეუძლია საბაზისო სასურსათო და არასასურსათო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; თუმცა ის, თუ რამდენად სწორია პირველადი დასკვნა, დამოკიდებულია საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიასა და მასში არსებულ პოტენციურ ხარვეზებზე.

იქამდე, სანამ საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებულ ხარვეზს შევეხებით, მნიშვნელოვანია სიღარიბის და შემოსავლების განაწილების სხვა ცვლადების დინამიკის დაკვირვება 2009-2022 წლების ინტერვალში. სიღარიბისა და შემოსავლების განაწილების გასაზომად სხვადასხვა ცვლადის განხილვა შეიძლება, თუმცა სტატიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება სამ მათგანზე: 1. ჯინის კოეფიციენტი; 2. სიღარიბის შეფარდებითი მაჩვენებელი; 3. საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა.

3.1. ჯინის კოეფიციენტი

იტალიელი მათემატიკოსის, კორადო ჯინის სახელთან დაკავშირებული კოეფიციენტის მიზანია, გაზომოს ცალკეულ პოპულაციაში შემოსავლების განაწილების ტენდენციები. კოეფიციენტის მნიშვნელობები 0-სა და 1-ს შორისაა მოთავსებული. 0-თან ახლოს მყოფი ჯინის კოეფიციენტი შემოსავლების თანაბრად განაწილებაზე მიუთითებს,[vi] ხოლო 1-თან ახლოს მყოფი ჯინის კოეფიციენტი შემოსავლების უთანაბრობაზე მიანიშნებს. ისტორიულად, საქართველოში ჯინის კოეფიციენტი 0.4-ის მიდამოში იცვლებოდა. დეტალური სურათისთვის განვიხილოთ გრაფა 3.

გრაფა 3: ჯინის კოეფიციენტი

გრაფა 3-ზე წარმოდგენილია  ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ცვლადი:

  • ჯინის კოეფიციენტი, რომელიც დათვლილია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯებისთვის. იგი მოიცავს ისეთ პერიოდულ ხარჯებს, როგორებიცაა საკვებზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სხვა საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები;
  • ჯინის კოეფიციენტი, რომელიც დათვლილია შინამეურნეობების მთლიანი ხარჯებისთვის. იგი მოიცავს შინამეურნეობის ნებისმიერ ტიპის ხარჯს, რომელიც შეიძლება გაწეული იყოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი ფორმით (იგულისხმება საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ ნატურით ანაზღაურება).

გრაფა 3 ცხადყოფს, რომ 2009-2022 წლების ინტერვალში ჯინის კოეფიციენტები ზოგადი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მართლაც, მთლიან სამომხმარებლო ხარჯებზე დაკვირვებით მიღებული ჯინის კოეფიციენტი 2009-2022 წლების ინტერვალში 0.06 ერთეულით შემცირდა. კიდევ უფრო ნაკლებადაა შემცირებული მთლიანი ფულადი და არაფულადი ხარჯებით დათვლილი ჯინის კოეფიციენტი; მოცემულ შემთხვევაში, იგივე დროის ინტერვალში ჯინის კოეფიციენტი მხოლოდ 0.04 ერთეულით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ფორმით წარმოდგენილი ჯინის კოეფიციენტის შემცირება შემოსავლების უთანასწორობის შემცირებაზე მიუთითებს, თუმცა ჯინის კოეფიციენტების ცვლილება არაა იმდენად დრამატული, რამდენადაც ეს დაფიქსირდა საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების შემთხვევაში.[vii] შესაბამისად, ჯინის კოეფიციენტზე დაკვირვება არ მიუთითებს, რომ საარსებო მინიმუმი სწორად ზომავს ქვეყანაში შემოსავლების თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადი ადამიანების მდგომარეობას.

3.2. სიღარიბის შეფარდებითი მაჩვენებელი

კიდევ ერთი ცვლადი, რომელზე დაკვირვებითაც მოწმდება საარსებო მინიმუმით გაზომილი სიღარიბის შემცირების სიზუსტე, არის შეფარდებითი სიღარიბე. შეფარდებით სიღარიბეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ორი მაჩვენებლით ზომავს:

  1. მედიანური შემოსავლის 40%-ის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი;
  2. მედიანური შემოსავლის 60%-ის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი.

ორივე ამ ცვლადის დათვლისთვის პირველ ეტაპზე განსაზღვრება ინდივიდზე გაანგარიშებული მედიანური[viii] მოხმარების ღირებულება, ხოლო შემდგომ ეტაპზე ხდება იმის იდენტიფიცირება, მოსახლეობის რა ნაწილი მოიხმარს მედიანური მოხმარების ღირებულების 40%-სა და 60%-ზე ნაკლებს. რაოდენობრივი ინფორმაცია წარმოდგენილია გრაფა 4-ზე.

გრაფა 4: შეფარდებითი სიღარიბე: მედიანური შემოსავლის 40% და 60% ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

ჯინის კოეფიციენტის მსგავსად სიღარიბის შეფარდებითი მაჩვენებლებიც შემოსავლების უთანასწორობის შემცირებაზე მიუთითებენ, რამდენადაც, როგორც მედიანური მოხმარების 40%-ის, ისე მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილები მცირდება 2009 – 2022 წლების ინტერვალში. მართლაც, მითითებულ პერიოდში მედიანური მოხმარების 40%-ზე ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 9.1%-დან 7.6%-მდე შემცირდა (1.5%-იანი კლება), ხოლო მედიანური მოხმარების 60%-ზე ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 21.6%-დან 19.9%-მდე შემცირდა (1.7%-იანი კლება). მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, შეფარდებითი სიღარიბის მაჩვენებლებიც არ მიუთითებენ შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის დრამატულ შემცირებაზე.

3.3. საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა

უკანასკნელი ცვლადი, რომლითაც ვეცდებით გავამყაროთ ან შევასუსტოთ საარსებო მინიმუმით წარმოჩენილი მდგომარეობის ცვლილება (საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა რაოდენობის არსებითი შემცირება), არის საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ანალიზი.

აღნიშნულ ნაწილში გამოიყენება შემდეგი დაშვება: თუ შემოსავლის თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადი ადამიანების რაოდენობა არსებითად მცირდება, ამან გავლენა უნდა მოახდინოს საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობაზეც. კერძოდ, უნდა შემცირდეს საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა (იხ. გრაფა 5).

გრაფა 5: საარსებო შემწეობის მიმღებთა მთლიანი რაოდენობა

გრაფა 5-ზე წარმოდგენილია საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობის ცვლილება 2009-2023 წლების ინტერვალში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რაოდენობა წლიდან წლამდე არასტაბილურად იცვლება, დროის მოცემულ ინტერვალში შეინიშნება საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობის  ზრდა. მართლაც, 2009-2023 წლების ინტერვალში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაზრდილია 53.8%-ით. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს გრაფაზე წარმოდგენილი აღმავალი წრფე. შესაბამისად, აღნიშნული სურათი კიდევ ერთხელ უთითებს იმ შესაძლო ხარვეზებზე, რომელიც შესაძლებელია საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში არსებობდეს.

შენიშვნა: საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით. არსებული მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 651 935 ადამიანს შეადგენდა.

4. საარსებო მინიმუმის კორექტირების საკითხი

თუ ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა იმის შესახებ, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია საჭიროებს გადახედვას, სწორია, მაშინ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა კუთხითაა საჭირო საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება. როგორც მე-2 ქვეთავში იყო აღნიშნული, არსებობს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებული მრავალი საკითხი, რომელიც შესაბამისი მიმართულების სპეციალისტების (მაგ. ჯანდაცვის სპეციალისტების, ეკონომისტების) აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. როგორც დასაწყისში ითქვა, სტატია არ ცდილობს თითოეული ამ დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი მოსაზრების განხილვას. ამის ნაცვლად დოკუმენტი მხოლოდ სასურსათო პროდუქტებსა და არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული წილების (70% სასურსათო, ხოლო 30% არასასურსათო ხარჯი) პროპორციაზე ფოკუსირდება. მონაცემების განხილვისთვის დავაკვირდეთ ცხრილ 1-ს.

ცხრილი 1: საარსებო მინიმუმის კორექტირება

ცხრილზე დატანილი მონაცემების მიხედვით,[ix] 2009-2022 წლის პერიოდში სურსათზე გაწეული დანახარჯების წილები 51.1-55.4%-ის ინტერვალში იცვლება, რაც მინიმუმ 15%-ით (უფრო ზუსტად, მინიმუმ 14.6%-ით) ჩამორჩება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოყენებულ 70%-იან ნიშნულს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი განაწილება სასურსათო პროდუქტებსა და არასასურსათო საქონელსა და მომსახურებას შორის დათვლილია იმ შინამეურნეობებისთვის, რომლებიც არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრულ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავლებს იღებენ. აღნიშნული ნიშნავს, რომ შემოსავლის თვალსაზრისით მოწყვლადი შინამეურნეობები მთლიანი ხარჯების დაახლოებით 51-55%-ს ხარჯავენ სურსათზე, ხოლო დარჩენილი დაახლოებით 45-49% იხარჯება არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე.

თუ ცხრილზე წარმოდგენილ პროპორციაზე დაყრდნობით დავითვლით საარსებო მინიმუმს, მივიღებთ მონაცემებს, რომლებიც ცხრილის მე-4 სვეტშია მოცემული (დასახელებით - „საშუალო შინამეურნეობის საარსებო მინიმუმი (კორექტირებული)“). მონაცემებში არ კორექტირდება შინამეურნეობის რეალური სასურსათო თუ არასასურსათო ხარჯები. ამის ნაცვლად, არსებულ სასურსათო და არასასურსათო ხარჯებზე დაკვირვებით მიიღება დანახარჯების მთლიანი წილების დაყოფა შესაბამისი პროპორციით, ხოლო მოცემულ პროპორციაზე დაყრდნობით განისაზღვრება საშუალო შინამეურნეობის კორექტირებული საარსებო მინიმუმის სიდიდე. კორექტირებული საარსებო მინიმუმის საბოლოო ეტაპზე დათვლისას მხედველობაში მიიღება რეალური სასურსათო ხარჯი და სურსათზე გაწეული ხარჯის წილი მთლიან მოხმარებაში.[x]

გამოთვლების შედეგად, როგორც ეს მე-5 სვეტიდან ჩანს, იზრდება საარსებო მინიმუმის სიდიდე, რაც, თავის მხრივ, ზრდის საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობის წილებს (იხ. გრაფა 6).

გრაფა 6: საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილები დათვლის მეთოდოლოგიის კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ

გრაფა 6 აჩვენებს 2 წირს. ზედა წირი წარმოადგენს საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილებს, რომლის დათვლაც განახლებული მეთოდოლოგიით მოხდა, ხოლო ქვედა წირი მე-2 გრაფაზე მოცემული წირის იდენტურია (წარმოადგენს არსებული მეთოდოლოგიით დათვლილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლების მქონე შინამეურნეობათა წილებს 2009-2022 წლების ინტერვალში). გრაფა 6-ზე დაკვირვებით რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება:

  1. საარსებო მინიმუმის დათვლისას გამოყენებული პროპორციის (70%-30%) ცვლილება არ ცვლის საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობათა წილების ცვლილების ტენდენციას. ანუ, გრაფაზე წარმოდგენილ ორ წირს მსგავსი ფორმა აქვს.
  2. საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილებას მივყავართ იმ შინამეურნეობათა წილების ცვლილებასთან, რომლებსაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლები აქვთ. აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად არსებითად იზრდება საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილები. მართლაც, ხსენებული ნაზრდი წლიდან წლამდე 7-14%-ის ინტერვალში იცვლება.

საბოლოოდ, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება 2022 წლისთვის ნიშნავს იმას, რომ მაჩვენებელზე დაბალი შინამეურნეობების წილი 18%-ის ნაცვლად 25%-ს აღწევს. იმის გამო, რომ ცვლილება სრულიად ემპირიულ მონაცემებს ეფუძნება, არსებობს საფუძველი, დავასკვნათ, რომ მინიმუმ 70%-30% პროპორციის საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში არსებობა გვაძლევს მონაცემის დათვლასთან დაკავშირებულ ხარვეზს, რაც მნიშვნელოვანია, გასწორდეს.

რაც შეეხება რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტული წლისთვის რა პრინციპით უნდა მოხდეს ხარჯების განაწილების პროპორციის იდენტიფიცირება (სასურსათო პროდუქტებსა და არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები), აქ შეიძლება გამოვიყენოთ წარსული წლების გამოცდილება და ავიღოთ 55%-45% განაწილება სასურსათო პროდუქტებზე გაწეული დანახარჯების სასარგებლოდ. ან შესაძლებელია, ყოველი შემდეგი წლისთვის პროპორციის შერჩევისას დავეყრდნოთ წინა წლის ემპირიულ მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ დანახარჯების პროპორციის არჩევისას არჩევანის გაკეთება არაა გადამწყვეტი, რადგან, როგორც ცხრილ 1-ზე იყო ნაჩვენები, დანახარჯების პროპორცია წლიდან წლამდე არსებითად არ იცვლება.

 6. მოკლე შეჯამება

საკითხის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირდა შემდეგი მიგნებები:

  • საარსებო მინიმუმი წარმოადგენს ერთგვარ ნიშნულს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისთვის უნდა იყენებდეს;
  • საარსებო მინიმუმის დათვლა ეყრდნობა მინიმალური სასურსათო კალათის კონცეფციას, რომელიც მოიცავს 40 პროდუქტს. პროდუქტთა შერჩეული ასორტიმენტი შრომისუნარიან მამაკაცსა და საშუალო ზომის/სტრუქტურის შინამეურნეობას ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და შრომის უნარის აღდგენისათვის საჭირო ენერგეტიკულ ღირებულებას (2300 კილოკალორიას) სთავაზობს. სტატიის მიზანი არაა დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების საკმარისობის შეფასება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით, შრომისუნარიანი მამაკაცის მინიმალური სასურსათო კალათა მას 2500 კილოკალორიით უნდა უზრუნველყოფდეს;
  • მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების დათვლის შემდეგ ხდება საარსებო მინიმუმის სიდიდის გაანგარიშება, რაც ეფუძნება 70% (სურსათი)-30% (არასასურსათო ხარჯები) პროპორციას;
  • 2009-2022 წლების ინტერვალში საარსებო მინიმუმი არსებითად გაიზარდა (216-დან 425 ლარამდე), რასაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილის შემცირება მოჰყვა. კერძოდ, აღნიშნული მაჩვენებელი 46.9%-დან 18%-მდე შემცირდა;
  • საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადამოწმების მიზნით, მოხდა შემოსავლის განაწილების ისეთი მაჩვენებლების განხილვა, როგორებიცაა, ჯინის კოეფიციენტი და სიღარიბის შეფარდებითი მაჩვენებელი. ორივე მათგანით დადასტურდა შემოსავლების განაწილებაში საშუალო შემოსავლის გათანაბრებისკენ მოძრაობა, თუმცა დინამიკა არ აღმოჩნდა იმდენად დრამატული, რამდენადაც ეს საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების შემთხვევაში იყო;
  • საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში ხარვეზის არსებობის ალბათობას ზრდის ის გარემოება, რომ საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილის შემცირების პარალელურად გაზრდილია სოციალური შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა 2009-2022 წლების ინტერვალში;
  • საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაში აღმოჩნდა ხარვეზი, რომელიც უკავშირდება ხარჯების პროპორციას. კერძოდ, თუ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია 70%-30% განაწილებას განიხილავს, ემპირიული მონაცემებით, ეს პროპორცია დაახლოებით 55%-45%-ზეა (სასურსათო პროდუქტების სასარგებლოდ);
  • მეთოდოლოგიის მოცემული კუთხით ცვლილება ცვლის საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილებს. მაგალითად, თუ კორექტირებამდე საარსებო მინიმუმით აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლისთვის 18%-ს შეადგენდა, კორექტირების შედეგად, სიდიდემ იმავე წლისთვის 25%-ს მიაღწია.

სტატია მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურა

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი. (2014). საქართველოში საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგიური ხარვეზები.

ნეტგაზეთი. (n.d.). რატომ არ ცვლიან საარსებო მინიმუმის დადგენის გზას. 2019.

რადიო თავისუფლება. (n.d.). საარსებო მინიმუმი 250 ლარია - გეეჭვებათ? აგიხსნით, რატომაა თქვენი ეჭვი საფუძვლიანი.

საქართველოს პარლამენტი. (1997). საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. (2016). მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (n.d.). საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი. (2023). მიზნობრივი სოციალური დახმარება საქართველოში.

[i] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მშპ-ის მე-4 კვარტლის წინასწარ (დაუზუსტებელ) მონაცემს მომდევნო წლის მარტის ბოლოს აქვეყნებს. მონაცემის დაზუსტება ხდება იგივე წლის 15 ნოემბერს. შესაბამისად, 2023 წლის მშპ-ის დაზუსტებული მონაცემი ცნობილი იქნება მიმდინარე (2024) წლის 15 ნოემბერს.

[ii] რეალური მშპ-ის დათვლისას საბაზოსო წლად აღებულია 2019 წელი.

[iii] საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“, https://bit.ly/3vwaYWL.

[iv] საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N 111/ნ ბრძანება „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების  დამტკიცების შესახებ“, https://bit.ly/3TTedRs.

[v] პროდუქტების ფასების ცვლილებაში იგულისხმება საშუალო ფასების ცვლილება.

[vi] ჯინის წარმოდგენილი კოეფიციენტები ორი სხვადასხვა სიდიდის ხარჯებისთვისაა დათვლილი, თუმცა, იმის გამო, რომ შინამეურნეობის (ინდივიდის) შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებობს დადებითი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი (შემოსავლის ზრდა იწვევს კერძო მოხმარების ზრდას), ხარჯებისთვის მიღებულ შედეგებს ვავრცელებთ შემოსავლებზეც. ანუ, თუ ჯინის კოეფიციენტით ხარჯების განაწილების უთანაბრობა მცირდება, ვუშვებთ, რომ ეს გამოიწვევდა შემოსავლების უთანაბრობის შემცირებასაც. როგორც აღინიშნა, ეს დაშვება ეფუძნება შემოსავლებსა და მოხმარებას შორის პირდაპირპროპორციულ კავშირს. წარმოდგენილი დამოკიდებულება ეკონომიკურ თეორიაში მოხმარების ფუნქციის სახელითაა ცნობილი.

[vii] როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, 2009-2022 წლების ინტერვალში საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილი 46.9%-დან 18%-მდე შემცირდა.

[viii] ზრდის მიხედვით დალაგებული მონაცემების (ამ შემთხვევაში, მოხმარების სიდიდე) ცენტრში არსებული სიდიდე.

[ix] მონაცემები მიღებულია შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკითხვის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვარტალური კვლევა) შედეგებზე დაყრდნობით.

[x] მაგალითად, 2022 წლისთვის დათვლილი მაჩვენებელი (526 ლარი) მიიღება განტოლებიდან: X * 54.7% = 288, სადაც, X-ით აღნიშნულია კორექტირებული საარსებო მინიმუმის სიდიდე, 54.7% წარმოადგენს სურსათზე დაწეული დანახარჯის წილს მთლიანი მოხმარებიდან, ხოლო 288 ლარი სურსათზე გაწეული დანახარჯის აბსოლუტურ მაჩვენებელს შეესაბამება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“