საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


19 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, დამტკიცებული ვერსია, რომლითაც გათვალისწინებული აღარაა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამა. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებისა და უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის გათვალისწინებით, ალტერნატივის გარეშე, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისათვის სერვისის გაუქმება წარმოადგენს მათი სოციალური უფლებების გაუარესებას და უმძიმესად აისახება ათასობით ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, “მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით”. ინიციატივის შეწყვეტის მიზეზად, ერთი მხრივ, მისი ხანგრძლივობა (ქვეპროგრამის მოქმედების ხანგრძლივობად 4 წელი იყო გათვალისწინებული), ხოლო, მეორე მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტი დასახელდა.
პროგრამის შინაარსი და მიზანი
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამა 2022 წლიდან დაიწყო. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის თავდაპირველ მიზანს სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში დასაქმების მოტივაციის გაჩენა წარმოადგენდა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ქვეყანაში დაინერგებოდა “მსოფლიოში აპრობირებული მიდგომა “სოციალური დახმარება დასაქმებისთვის”, რაც, სოციალური დახმარების მიღების ნაცვლად, დასაქმების მასტიმულირებელი” იქნებოდა. თავდაპირველად, ეს ინიციატივა დანახული იყო, როგორც სოციალურად დაუცველთა გამაძლიერებელი და მათი ღია ბაზარზე დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმი, თუმცა, 2023 წლის ბიუჯეტიდან მოყოლებული, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა უკვე მოხსენიებული იყო სამუშაოდ, რომელიც “განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას არ საჭიროებს”.
2022-2024 წლებში, აღნიშნული მექანიზმით 40 000-მდე სოციალურად დაუცველმა ისარგებლა. ინიციატივა ექსკლუზიურად სოციალურად დაუცველ და საარსებო შემწეობის მიმღებ მოსახლეობას (სარეიტინგო ქულით 120 000 და ნაკლები) მიემართებოდა. იგი თვეში მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით ანაზღაურების (სოციალური გასაცემელი) გაცემას ითვალისწინებდა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს 4 წლის განმავლობაში იმის გარანტიას სთავაზობდა, რომ არ გადამოწმდებოდნენ და მათზე საარსებო შემწეობა უწყვეტად იქნებოდა გაცემული. 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით სამუშაოებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 247 485-ს შეადგენს.
საყურადღებოა, რომ შესაბამისი ქვეპროგრამა მხოლოდ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას არ ითვალისწინებდა. კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ პირისთვის შეთავაზებული შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ინიციატივებში ჩართვაც. კერძოდ, ასეთი ინიციატივები იყო:
რთულია იმის დანახვა, თუ რამდენად აქვს სახელმწიფოს დასაქმების ალტერნატიული პროგრამის შენარჩუნების ინტერესი, რადგან დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის შინაარსი ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ ზოგადადაა მითითებული, რომ 2026 წელს ამ ქვეპროგრამაზე გამოყოფილი იქნება 8,293 მლნ. ლარი.
ამის მიუხედავად, ჩვენთვის აშკარაა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის მოულოდნელი შეწყვეტის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სოციალური უფლებების მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებთან და მდგრადი და სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარების ინტერესთან.
Პროგრამის დახურვის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მოდის წინააღმდეგობაში
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმწიფო უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს სოციალური უზრუნველყოფისა და ცხოვრების ადეკვატურ დონეზე უფლებების გარანტირების მიმართულებით, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის სოციალური სახელმწიფოს პრინციპსა და სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტში, მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის დანაწესებშიც (მუხლი 9 და 11), რომლის ხელშემკვრელი ქვეყანა 1994 წლიდან საქართველოცაა. თავისი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ასევე უგულებელყოფს ევროპის სოციალური ქარტიის სავალდებულოდ აღიარებულ რეგულაციებს (მაგ., მ. 12(1) და 12(3)), რომლებიც ადამიანებისა და ოჯახების სოციალურ დაცვას, მათი კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას ეხება.
დამატებით, ხელისუფლება უგულებელყოფს იმ ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებსაც ქვეყნის სოციალური პოლიტიკა უნდა ეყრდნობოდეს. მათ შორისაა,
საერთაშორისო სტანდარტები იცნობს დროებით, გარდამავალ პოზიტიურ ღონისძიებებს, რომელიც მოკლე ვადის განმავლობაში და კონკრეტული მიზნებით (მაგ., დისკრიმინაციის აღმოფხვრა, გენდერული თანასწორობის მიღწევა და სხვა) ხორციელდება. მთავრობის მითითებით, ასეთი ხასიათის იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამაც, რომელიც მხოლოდ 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო და მუდმივ რეჟიმში ვერ იარსებებდა. მიუხედავად დროებითობისა, მისი დასრულება უნდა უკავშირდებოდეს დასახული მიზნის მიღწევას, არ უნდა იყოს თვითნებური და, ხელისუფლებას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მონაწილეობით უნდა მოეხდინა შესაბამისი ალტერნატივების განხილვა.
Წინა წლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ინიციატივის იმპლემენტაციის გამოწვევები და ნაკლოვანებები
ზოგადად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ინიციატივებს აქვთ პოტენციალი, სიღარიბის შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. თუმცა, საქართველოში ამ ქვეპროგრამის დიზაინი მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. კერძოდ, მან არ გაითვალისწინა და არ დაძლია დასაქმებასთან დაკავშირებული ის ბარიერები, რომლის წინაშეც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები (მაგ., შშმ პირები, ქალები) იყვნენ. მან ასევე თავის თავში არ მოიცვა სოციალურად დაუცველთა გადამზადება, რითაც მათი ღია შრომით ბაზარზე ტრანზიციის შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
თავის მხრივ, სოციალური გასაცემლის ოდენობამ რეალურად ვერ უზრუნველყო სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების იმგვარად გაძლიერება, რომ მათ შესძლებოდათ სისტემის დატოვება და სახელმწიფოს მინიმალური მხარდაჭერის გარეშე გადარჩენა. პირიქით, მან არაერთი ადამიანი სახელმწიფო დახმარებას მიაჯაჭვა და, მეტიც, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, იგი სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის წყაროც გახდა. ამის მიუხედავად, უკიდურესად მწირი საარსებო შემწეობის (16 წლის ზემოთ ადამიანებისათვის 30-დან 60 ლარამდე თვეში) პირობებში, საზოგადოებრივი დასაქმების ქვეპროგრამა ათასობით ადამიანისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვით, ადამიანები ამ მწირ შემოსავალს ოჯახის საბაზისო საჭიროებებისა და ბავშვების განათლებაში იყენებდნენ. სახელმწიფოს მიერ იმ ინიციატივის შეწყვეტა, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ე.წ. სოციალური უსაფრთხოების ბადის (social safety net) ფუნქციას ასრულებდა, პირდაპირ საფრთხის ქვეშ აყენებს ამ ადამიანების კეთილდღეობასა და გადარჩენასაც კი.
ამ დრომდე, საზოგადოებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ქვეპროგრამის განხორციელების სიღრმისეული შეფასება, მათ შორის, ის, თუ რა სისტემური ბარიერები არსებობს მასში ჩართული ადამიანების გაძლიერების, სიღარიბის დაძლევისა და ღია ბაზარზე დასაქმების მიმართულებით. აღნიშნული შეფასება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ინიციატივამ ათასობით ადამიანი მოიცვა, და ქვეპროგრამის განხორციელებაზე მილიონობით ლარი დაიხარჯა (ბიუჯეტისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების მიხედვით, 2022-2025 წლებში ინიციატივაზე 352 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა). რჩება შთაბეჭდილება, რომ სოციალური დაცვის ერთიანი, ჰარმონიზებული და ეფექტიანი ჩარჩო-პოლიტიკის არარსებობის პირობებში, სოციალურად დაუცველი ადამიანები მთავრობისგან ერთგვარ ექსპერიმენტებს ექვემდებარებიან, რაც მათ ობიექტივიზაციას იწვევს და მოწყვლადობას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.
რა ნეგატიურიეფექტი ექნება ქვეპროგრამის შეწყვეტის გადაწყვეტილებას
მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” პოზიციონირებს, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნავს, ამ გადაწყვეტილებიდან და მასთან დაკავშირებული რიტორიკიდან ჩანს, რომ მისი პოლიტიკის ცენტრში ადამიანები და მათი საჭიროებები არ დგას. მაგალითისთვის, მთავრობის წევრების განცხადებებიდან არ იკვეთება, თუ რა ბედი ეწევა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს. ცნობილი არ არის იმ მყისიერი ალტერნატივების შესახებ, რომლებიც ქვეპროგრამის დასრულების შემდგომ, ტრანზიციული პერიოდის შედარებით უმტკივნეულოდ გავლისათვის ამ ადამიანებს შეეთავაზებათ. ბიუჯეტში მხოლოდ ზოგადი საუბარია სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერაზე “ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესაწყობად” და მითითებულია უმუშევრობის მხარდამჭერი სხვადასხვა მექანიზმის (მათ შორის, უმუშევრობის დაზღვევის) შემუშავების შესახებ, თუმცა, შინაარსისა და დანერგვის ვადების დაკონკრეტების გარეშე, რაც წლებიც კი შეიძლება გაგრძელდეს.
ამგვარი ინფორმაციის გაუსაჯაროებლობით, ხელისუფლება ქვეპროგრამაში ჩართულ ადამიანებს ბუნდოვანების რეჟიმში ამყოფებს, რაც მათ მოწყვლადობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოციალურ დახმარებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირებზე მეტი ადამიანი იღებს, რაც, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ ხელისუფლება ქვეპროგრამის მონაწილეთა ხელახალ შეფასებასა და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს.
ქვეპროგრამის შეწყვეტა იმ არგუმენტით, რომ კერძო სექტორში მუშახელის დეფიციტია, იმ სტრუქტურული ბარიერების (მაგ., განათლება და გადამზადება, გეოგრაფიული მისაწვდომობა, ოჯახური მდგომარეობა და ზრუნვის ვალდებულებები, სოციალური შემწეობის დაკარგვის შიში და სხვა) გაუთვალისწინებლად, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს ღია ბაზარზე დასაქმებაში უშლიდა ხელს, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს. როგორც მონაცემები გვიჩვენებს, სურვილის შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში ათიათასობით ადამიანი ვერ საქმდება. კერძოდ, დაახლოებით 600 000 ადამიანი, სხვადასხვა სტრუქტურული მიზეზების (მათ შორის, სამუშაო ადგილების ნელი ტემპით ზრდის) გამო სამუშაოს ვერ პოულობს. განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე რეგიონებში მცხოვრები ადამიანები არიან.
დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებული პროგრამების მასშტაბისა და ეფექტიანობის მიმართულებით გამოწვევებს ადასტურებს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიშიც. დოკუმენტის მიხედვით, ინდივიდუალური კონსულტირების მექანიზმში ჩართული ადამიანების მხოლოდ 10%-მა (1074 ადამიანი) შეძლო დასაქმება, მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი მომსახურება მხოლოდ 267 ადამიანს გაეწია, რომელთაგან 14.6% (39 ადამიანი) დასაქმდა, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ კონსულტირებაში ჩართული ადამიანების (5156 პირი) მხოლოდ 10.3% (533 ადამიანი) დასაქმდა, საშუამავლო მომსახურება კი 4 085 პირს გაეწია, რომელთაგანაც 37.9% (1548 ადამიანი) დასაქმდა. შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში, რომელშიც ჩართულ ადამიანთა 78.5% (2 898 პირი) დასაქმდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური ეფექტიანი ღონისძიებების გაუთვალისწინებლად, უცნობია, თუ რამდენად შეეძლებათ სოციალურად დაუცველებს ღია ბაზარზე დაუბრკოლებლად დასაქმება და ღირსეული ანაზღაურების მიღება და რა ბედი ეწევათ მათ, ვინც სამუშაო ადგილების მიღმა დარჩება.
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, არ გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რაც სოციალურად დაუცველთა კიდევ უფრო მეტად გაღარიბებასა და მათი სოციალური მდგომარეობის დამძიმებას გამოიწვევს. მიგვაჩნია, რომ ამ კონტექსტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს სოციალური დაცვის ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას დააყენებს ცენტრში, იქნება განჭვრეტადი, საკმარისი და ადამიანებისა და ოჯახების საჭიროებებზე მორგებული.
ინსტრუქცია