საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. პანდემიამდე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ყოველწლიურად, საშუალოდ, 4.8%-ით იზრდებოდა[1]. ამის შედეგია ისიც, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით უკვე რამდენიმე წელია, მაღალი საშუალოშემოსავლიანი (upper-middle-income) ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება[2]. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2021 წელს $5023-ს შეადგენდა, 2022 წელს კი $6671-ს მიაღწია[3]. ამასთან, იკლებს სიღარიბე და უმუშევრობა. ბოლო თორმეტ წელიწადში აბსოლუტური სიღარიბისმაჩვენებელი 20 პროცენტული ერთეულითაა გაუმჯობესებული: 2010 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე 37.3%-ს შეადგენდა, 2021-ში ის 17.5%-მდე შემცირდა[4]. რაც შეეხება უმუშევრობას, 2012 წელს ის 27.2%-ს შეადგენდა, ათი წლის შემდეგ, 2022 წელს კი 10 პროცენტული ერთეულით შემცირებულია და 17.3%-ს შეადგენს[5].
მიუხედავად დამაიმედებელი სურათისა/მონაცემებისა/ვითარებისა, არის მთელი რიგი მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც, კეთილდღეობის დონე მათ პირდაპირპროპორციულად სულაც არ იზრდება. ასე მაგალითად, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლების კლების მიუხედავად, მზარდია მოსახლეობის დამოკიდებულება სახელმწიფო საარსებო შემწეობაზე. საარსებო შემწეობა პირდაპირი ფულადი ტრანსფერია სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მხოლოდ სიღარიბის ეროვნულ ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ოჯახებს ენიშნებათ. მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი რეკორდულად მაღალი რაოდენობის ადამიანი – – 2011 წელს პროგრამით სარგებლობდა 411 091 ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 10.9%), 2022 წლის მონაცემებით კი, პროგრამით სარგებლობდა 680 000 (მთლიანი მოსახლეობის 18%)[6]; შესაბამისად, 2011 წელთან შედარებით, ამ პროგრამის მოცვაში 65%-იანი ზრდა გვაქვს[7].
მეორე მხრივ, კლებად უმუშევრობის სტატისტიკას უნდა შევუპირისპიროთ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, იმ ადამიანების რიცხვის მატება, ვინც უმუშევრობის სტატისტიკაში არც კი აღირიცხება იმის გამო, რომ სამსახურს აღარც ეძებს. 2010-დან 2015 წლამდე ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის წილი საგრძნობლად შემცირდა ქვეყანაში, მაგრამ მომდევნო 6 წლის განმავლობაში (2015-2021) ეს მაჩვენებელი ისევ იზრდებოდა, ახლა კი ის ძველ, 2011 წლის ნიშნულს დაუბრუნდა.
პანდემიის შემდეგ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის წილი ბოლო ორი წელიწადია, იკლებს, მაგრამ საერთო სურათში ჩვენ გვყავს 1 437 000 ეკონომიკურად არააქტიური მოსახლე (ანუ მოსახლეობის 48%, როდესაც გლობალური საშუალო მაჩვენებელი 39%-ია)[8],[9]. გარდა ამისა, საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ძალიან ნელი ტემპით იზრდებოდა (ან თითქმის არ იზრდებოდა) დასაქმების დონე და დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. 2015 წლიდან დასაქმების დონე იკლებდა, თუმცა 2022 წელს ის დაუბრუნდა 2015-2016 წლებში არსებულ მაჩვენებელს, და არის უკიდურესად დაბალი, 43%-ს შეადგენს (1 283 000 ადამიანი)[10].
ის, რომ პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - ეკონომიკური ზრდისა და აბსოლუტური სიღარიბის შემცირება თავისთავად არ მეტყველებს ჩვენი მოქალაქეების გაზრდილ კეთილდღეობაზე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც დასტურდება. მაგალითად, 2022 წლის დასაწყისში, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (NDI/CRRC) გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების 75% მიიჩნევდა, რომ ბოლო 10 წელიწადში სიღარიბე გაუარესდა. NDI-ს თანახმად, სიღარიბის აღქმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც უარესდებოდა. კერძოდ, „ოცნების“ ამომრჩეველთა 51%-მა თქვა, რომ სიღარიბის მიმართულებით ვითარება გაუარესებულია, ხოლო ოპოზიციის ამომრჩეველში ეს პროცენტული მაჩვენებელი 88-ს უტოლდება[11].
ზემოთ ნახსენები უკმაყოფილების ფონზე მიგრაციული სალდო ბოლო 10 წელია, უარყოფითია (მცირედი გამონაკლისით, კოვიდპანდემიის 2020 წლისა)[12]. ბოლო წლებში დაფიქსირებულ ბუნებრივ კლებასთან ერთად ჩვენ გვაქვს კლება სამუშაო ძალის მაჩვენებელშიც. 2010 წელთან შედარებით, საქართველოში 125 000-ით ადამიანით ნაკლებია სამუშაო ძალის მოცულობა[13].
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მეტწილად მაკროეკონომიკური სურათის ნაწილია, წინამდებარე ნაშრომი კი ეთმობა მასზე საპასუხოდ წარმოებულ სოციალურ პოლიტიკას საქართველოში, კერძოდ კი, მის ახალ ინსტრუმენტს – საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას. სანამ კონკრეტული პროგრამის ფარგლებსა და ბიუჯეტზე ვისაუბრებთ, დავაკვირდეთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს. „სოციალური უზრუნველყოფის“ ხარჯის წილი მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში (რომელიც პენსიას, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებებს მოიცავს), ძირითადად, სულ იზრდებოდა, 2005 წლიდან მოყოლებული – 2012 წლიდან 2013 წლამდე ის 26%-დან 32%-მდე გაიზარდა; 2019 წელს (პანდემიამდე პერიოდში) ამ ხარჯების წილი 37%-ს შეადგენდა, პანდემიის წლებში კი (2020-21), გასაგები მიზეზების გამო, პიკურ, 43%-ს მიაღწია. თუმცა იმის მიუხედავად, რომ პანდემია დასრულებულია და „კორონავირუსით“ გამოწვეული დაავადების მართვაზე გამოყოფილი თანხის ოდენობა უკვე შემცირებული (39%), 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმაში ყველაზე მეტი თანხა – 6.4 მლრდ ლარი, მაინც, სოციალურ ხარჯებზე მოდის (რომელიც პენსიას, ჯანდაცვას და სოციალურ დახმარებებს მოიცავს)[14]. ამავე სურათის ნაწილია ის, რომ საარსებო შემწეობის სახით ადმინისტრირებულ პირდაპირ ფულად ტრანსფერებზე მაღალი დამოკიდებულების გამო, მზარდია იმ თანხის რაოდენობა, რომელიც საარსებო შემწეობებზე ნაწილდება. თუ 2016 წელს საარსებო შემწეობების საერთო ბიუჯეტი 270 მილიონს შეადგენდა, 2022 წელს ამ მიმართულებით 609 მილიონი დაიხარჯა[15]. ნაწილობრივ, გაზრდილი სოციალური დანახარჯის შედეგია ის, რომ ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე კლებადია, თუმცა აქ ჩნდება შეკითხვა, გაზრდილი სოციალური დანახარჯით ვაღწევთ თუ არა მიზანს, რომ ოჯახებმა დაძლიონ სოციალური ექსკლუზია და სოციოეკონომიკური მოწყვლადობა, თუ უბრალოდ ვზრდით ოჯახების დამოკიდებულებას სოციალურ სისტემებზე?
მოცემული სურათიდან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომში ყურადღება დაეთმობა იმ ახალი ტიპის სოციალურ დანახარჯს, რომელიც, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის სახით, პირველად 2022 წელს დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალურ ხარჯებს, 2023 წლიდან კი დამატებით 80 მილიონიან დანახარჯს განიხილავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სეგმენტზე. დაკვირვების მთავარი საგანი საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა იმის გამოც გახდა, რომ ის შემოთავაზებულია, როგორც სოციალური პოლიტიკის სრულიად ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ერთდროულად ცდილობს როგორც სიღარიბის შემსუბუქებას, ისე უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობას. მოცემული პროგრამა მხოლოდ ერთი წელია, რაც ხორციელდება, თუმცა ის მომდევნო ერთი წლით ისე გახანგრძლივდა, რომ უცნობია, რა შედეგები ჰქონდა ამ პროგრამის აღსრულებას პირველ წელს. მომდევნო, 2023 წლის დაგეგმილი ბიუჯეტის მიხედვით, შრომისა და დასაქმების სისტემის ბიუჯეტის საერთო მოცულობა უკვე თითქმის გაორმაგებულია და 80 მილიონ ლარს აღწევს[16].
კვლევის შესავალშივე ღირს, აღინიშნოს ის სკეპტიციზმი, რაც პროგრამის წარმატების შესაძლებლობას თავიდანვე ახლდა. პროგრამა სწორედ სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულების შესამცირებლად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მიაღწევს კი ამ მიზანს? და რამდენად ხარჯთეფექტური იქნება შედეგი? პროგრამა ნაჩქარევად, დაანონსებიდან რამდენიმე თვეში შეიქმნა ისე, რომ, ერთი შეხედვით, საჯარო უწყებებს სათანადოდ არ ჰქონდათ გააზრებული, ცვლილების რა თეორიით იწყებდნენ ბრძოლას სიღარიბისა თუ უმუშევრობის წინააღმდეგ. ამავდროულად, პროგრამის წარმატებულობას ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის მდგომარეობის შესაცვლელად სოციალური ინსტრუმენტების კომპლექსური ერთობლიობაა საჭირო: ზრუნვის სერვისები, უმუშევრობის დაზღვევა, უსახლკაროთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა და სხვა. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა კი ამ ეკოსისტემის გარეშე, ფრაგმენტულად ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად სოციალური ხარჯების მშპ-ს ზრდის პროპორციულად ზრდა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია (ამ მაჩვენებლით საქართველო ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური მოდელის სახელმწიფოებსაც ჩამორჩება განვითარებულ დასავლეთში, და, მათ შორის, იმის გამოც, რომ არ გვაქვს უმუშევრობის შემწეობა, საცხოვრისის სუბსიდიები და ა.შ. (Gugushvili, 2017)) ჩვენ ვიცით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველომ გაზარდოს სოციალური ხარჯების ეფექტურობა, ეტაპობრივად შეამციროს მოსახლეობაში შემწეობებზე დამოკიდებულების დონე და უზრუნველყოს სოციალური დანახარჯის უფრო სამართლიანი გადანაწილება (Georgian Human Capital Review, 2022). ფართო საზოგადოებისთვის ძალიან სუსტად არის დასაბუთებული, თუ რამდენად ემსახურება საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა ზემოთ ნახსენებ ამოცანებს. პროგრამაზე კრიტიკული დაკვირვების წარმოება კი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ კონტექსტშიც, რომ პროფესიული თუ პოლიტიკური შინაარსის კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არც ერთ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა უკვე ერთი წელია, ხორციელდება. სწორედ ამ ინტერესით, მოცემული პუბლიკაცია შეეცდება, პასუხი გასცეს იმ მთავარ შეკითხვას, თუ რა ძირითად გამოწვევებს პასუხობს საზოგადოებრივი შრომის პროგრამა დღეს (რა მიზანი ჰქონდა მის შექმნას) და რამდენად უწყობს ის ხელს სოციალური დანახარჯის სამართლიან გადანაწილებას თუ საარსებო შემწეობებზე დამოკიდებულების შემცირებას (რამდენად აღწევს თავის სამიზნე პოპულაციას და ინდიკატორებს).
[1] Georgia Human Capital Review, 2022. International Bank for Reconstruction and Development/The World Bank. ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://documents1.worldbank.org/curated/en/099435008172221325/pdf/P1735300c417d2026096d50dd8d8218cd90.pdf
[2] UPPER-MIDDLE-INCOME ECONOMIES ($4,256 TO $13,205), World Bank Country and Lending Groups, The World Bank. ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://datahelpdesk.worldbank.org/knowledgebase/articles/906519-world-bank-country-and-lending-groups
[3] სტატისტიკური ინფორმაცია, მთლიანი შიდა პროდუქტი, ეროვნული ანგარიშები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
[4] სტატისტიკური ინფორმაცია, ცხოვრების დონე, სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
[5] სტატისტიკური ინფორმაცია, დასაქმება, ხელფასები, დასაქმება და უმუშევრობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/37/dasakmeba-khelfasebi
[6] საარსებო შემწეობის მიმღბი მოსახლეობის რაოდენობა სარეიტინგო ქულის სხვადასხვა ჯგუფებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ბოლო ნახვა 8 მაისი 2023 https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070002225855299551#page-2
[7] “ სოციალურ შემწეობას 672 ათასი ადამიანი იღებს – ეს ისტორიული მაქსიმუმია“, ლუკა პერტაია, 2 მარტი 2023, რადიო თავისუფლება. ბოლო ნახვა 12 აპრილი 2023: shorturl.at/joIJS
[8] სტატისტიკური ინფორმაცია, დასაქმება, ხელფასები, დასაქმება და უმუშევრობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/37/dasakmeba-khelfasebi
[9] Persons outside the labour force: How inactive are they really? ILO, 7 August 2019, ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://ilostat.ilo.org/persons-outside-the-labour-force-how-inactive-are-they-really/#:~:text=It%20is%20wrong%20to%20assume,or%20own%2Duse%20production%20work.
[10] Ibid.
[11] „75% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა – NDI“, 27 იანვარი 2022, ნეტგაზეთი. ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023: https://netgazeti.ge/news/588479/
[12] მიგრაცია (გვ.15), საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი, 2022, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სტატისტიკური ინფორმაცია, მოსახლეობა და დემოგრაფია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia
[13] სტატისტიკური ინფორმაცია, დასაქმება, ხელფასები, დასაქმება და უმუშევრობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/37/dasakmeba-khelfasebi
[14] 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები, 12 ოქტომბერი 2022, , საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://transparency.ge/ge/post/2023-clis-saxelmcipo-biujetis-proektis-mokle-analizi-da-rekomendaciebi; 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – თავი III, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.mof.ge/5603
[15] სტატისტიკა, სოციალური მომსახურების სააგენტო. ბოლო ნახვა 11 აპრილი 20203: https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070000144333422303&v=0#page-1
[16] 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – 27 05 შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ბოლო ნახვა 11 აპრილი 2023 https://www.mof.ge/5603
ინსტრუქცია