[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

მართლმსაჯულება და დემოკრატია -  2023 წლის შეფასება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს 2023 წელს, მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის მიმართულებით უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას.

  • დემოკრატიის უკუსვლა და ევროინტეგრაციის პროცესი

2023 წელი გამორჩეულად მძიმე აღმოჩნდა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულმა “უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტმა ნათლად გამოაჩინა ხელისუფლების ნება მაქსიმალურად შეზღუდოს ქვეყანაში კრიტიკული აზრი. ამ გზით “ქართული ოცნება” ცდილობდა დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების მარგინალიზებასა და მათ მტრებად და “უცხოებად” მონიშვნას. უპრეცედენტო საერთაშორისო კრიტიკა და ადგილობრივი ორგანიზაციების პროტესტი არ აღმოჩნდა საკმარისი აღნიშნული კანონპროექტის გასაწვევად. ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ დაიხია უკან, რაც პარლამენტის წინ რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები მოეწყო და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკურმა დაპირისპირებამ არსებითი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ნიშანდობლივია, რომ ამ მოვლენების შემდეგ, სამართლებრივი დევნა დაიწყო აქციის მონაწილეების მიმართ, თუმცა ამ დრომდე იგნორირებულია ის გარემოება, რომ თავდაპირველად სწორედ პოლიციამ გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ, რასაც მოგვიანებით მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.

2023 წელი აგრეთვე გამორჩეული იყო ხელისუფლების ჭარბი აგრესიული რიტორიკით სამოქალაქო ორგანიზაციების თუ კრიტიკული მედიის მიმართ. “უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, აქტიურად გაგრძელდა თავდასხმები სამოქალაქო ორგანიზაციებზე და ორგანიზებული ფორმა მიიღო ცალკეული აქტივისტებისა და უფლებადამცველების გაშავების თუ შეურაცხყოფის კამპანიამ. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის თვეში პარლამენტსა და სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანებას - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის - თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, არსებითად არ შეცვლილა ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკული სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ. შესაბამისად, კვლავაც კრიტიკულ გამოწვევად რჩება ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული აზრის მიღება და დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტორების პატივისცემა.

დემოკრატიული უკუსვლის მანიშნებელია გაუარესებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა. საკანონმდებლო ორგანოში ხშირი იყო ოპოზიციური პარტიების მიერ ინიცირებული კანონპროექტების განუხიველად დატოვება, ხოლო მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტების დაჩქარებული წესით განხილვა იმგვარად, რომ დაინტერესებულ პირებს, სამოქალაქო თუ პროფესიულ ჯგუფებს არ ჰქონდათ მის განხილვებში ადეკვატური ჩართულობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა. მიღებული რეგულაციით, ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა, ან სხვაგვარად განთავსება. უსაფრთხოების ახალი წესი არაპროპორციულად ზღუდავს პარლამენტის ვიზიტორების გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ არსებითად არის გაუარესებული უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების წარმოების პრაქტიკა. საჯარო უწყებები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უზრუნველყოფდნენ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდებას კანონით დადგენილ ვადებში. უწყებების დახურულობა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის მოუწოდებლობა არსებითად შეუძლებელს ხდის დემოკრატიულ საზოგადოებრივ კონტროლს და მნიშვნელოვნად ამცირებს მათ მიმართ ნდობას.

  • მართლმსაჯულების ფრაგმენტული რეფორმები და ნდობის კრიზისი

მიმდინარე წელსაც გაგრძელდა მართლმსაჯულების ფრაგმენტული რეფორმები, რა დროსაც უგულებელყოფილი იყო სასამართლოში არსებული ფუნდამენტური პრობლემები. ევროკომისიის რეკომენდაციებიც, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებდა მართლმსაჯულების, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ, სათანადოდ არ შესრულდა. სისტემური რეფორმის თაობაზე პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, ბუნებრივად სულ უფრო მკაცრი და მკაფიო ხდებოდა საერთაშორისო შეფასებები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასა და 2023 წელს მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე.

სასამართლოში არსებული პრობლემების სიმწვავეზე მიუთითებს მიმდინარე წლის აპრილში, 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის სანქცირება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო, ქვეყანაში შესვლაზე პერსონალური სანქციები დაუწესდა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ვალერიან ცერცვაძესა და ირაკლი შენგელიას. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაცია დაედო საფუძვლად.

სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მორიგი გაშვებული შესაძლებლობა იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება სასამართლოს გავლენიანი ჯგუფისადმი და ხელისუფლებისადმი ლოიალური კადრებით. კერძოდ, მიმდინარე წელს პარლამენტმა ხუთი არა მოსამართლე წევრი დანიშნა საბჭოში, რომელთაგან ვერც ერთმა აჩვენა კრიტიკულობა და ობიექტური დამოკიდებულება სასამართლოში არსებულ ვითარებაზე.

სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენების და კორპორატივიზმის პრობლემაზე მიუთითებს დამოუკიდებელი ინსპექტორის ჩანაცვლებაც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისადმი ლოიალური შოთა ქადაგიძით, რომელიც მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსამართლეთა დისციპლინირების პროცესში. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პოზიციაზე არჩეული ადამიანი სარგებლობდეს მაღალი პროფესიული რეპუტაციით და იყოს თავისუფალი როგორც გარე, ისე სასამართლოს შიგნით არსებული გავლენებისგან.

სასამართლოში არაფორმალურ გავლენებსა და მოსამართლეთა პრივილეგირებული თუ არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩამოყალიბებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს მოსამართლეთა დატვირთულობისა და შრომის ანაზღაურების უსამართლო წესებიც. დღემდე, სისტემაში არიან პრივილეგირებული მოსამართლეები, რომლებიც ფაქტობრივად საერთოდ არ განიხილავენ, ან თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით იხილავენ საქმეებს. მეორე მხრივ, შრომის ანაზღაურების საბოლოო ოდენობა დიდწილად მინდობილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რაც ზრდის მოსამართლეთა დამოკიდებულებას/ლოიალობას საბჭოსადმი და საბჭოს მიერ ამ სახელფასო დანამატების არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს ქმნის.

სასამართლო სისტემაში კრიტიკული, განსხვავებული აზრის ჩახშობის სამწუხარო მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლე - ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა. ამ გადაწყვეტილებით საბჭომ გადაუხვია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის არსებული პრაქტიკიდან, რაც სავარაუდოდ იმით უნდა აიხსნას, რომ ნინო გიორგაძე პრობლემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ აჟღერებდა კრიტიკას.

პოლიტიზირებული მართლმსაჯულების კონტექსტში, აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო არაეფექტიანი ხდება კრიტიკულ საქმეებზე, რაც გამოიხატება სამოქალაქო ორგანიზაციების თუ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელების განუხილველობით, ან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებზე იმგვარ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ვერ პასუხობს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში დადგენილ პრაქტიკასა და უფლების დაცვის სტანდარტებს.

  • დახურული უსაფრთხოების სექტორი და სუს-ის ინსტრუმენტალიზება

სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის არგუმენტით, 2023 წელსაც გრძელდებოდა ადამიანის ძირითად უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა.მთავარ გამოწვევად უსაფრთხოების სექტორში კვლავ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურისა (სუს) და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფართო მანდატი, მათი პოლიტიზირება, ანგარიშვალდებულების ნაკლოვანი სისტემა და კონტროლის მექანიზმების არაეფექტიანობა რჩება. კვლავაც პრობლემურია, რომ სექტორში შემავალი უწყებების, განსაკუთრებით კი კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების, საქმიანობა სრულად გასაიდუმლოებულია, დაბალია ანგარიშვალდებულების ხარისხი და არაეფექტიანია როგორც სასამართლო, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები. დღემდე არასრულია საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობა, ხოლო საკომიტეტო და სასესიო მოსმენები სრულად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საზოგადოებას სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. გაუარესებულია უსაფრთხოების სექტორში საჯარო ინფორმაციაზე წვდომის ხარისხი. უწყებები ინარჩუნებენ არაერთგვაროვან პრაქტიკას და ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც საჯარო კატეგორიას განეკუთვნება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ასაიდუმლოებენ.

სუს-ის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მაგალითი იყო საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეც. 2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა (სახ. დეპი) რუსეთის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ (ე.წ. „ეფესბეს“) ოფიცერი და ქართველ-რუსი ოლიგარქი დაასანქცირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფარცხალაძემ „ეფესბეს“ ოფიცრის დახმარებით, მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და ის გავლენას ახდენდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სუს-მა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დანაშაულის ის შემადგენლობა, რომელსაც ფარცხალაძეს სამართალდამცავები ედავებოდნენ, ცნობილი მხოლოდ რამდენიმე თვის, სუს-ის უფროსის პარლამენტში მისვლის, შემდეგ გახდა. მისი ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა და არსებული საჯარო ინტერესისა, დღემდე, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფარცხალაძე სუს-ში გამოიკითხა. მოვლენათა ქრონოლოგიამ კი ცხადყო, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა კოორდინირებულად იმუშავეს, რათა ყოფილ მთავარ პროკურორს სანქციებისთვის თავი აერიდებინა.

მიუხედავად უსაფრთხოების მსგავსი გამოწვევებისა, ჯერ კიდევ 2022 წლის ანგარიშში, სუს-ი ვერ აკონკრეტებდა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების წარმომავლობას და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საგანმანათლებლო და სხვა დამოუკიდებელი აქტორების ოპერატიული კონტროლი.

აღნიშნულის გამოხატულებაა 2023 წლის 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგანგებო განცხადება, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში “დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის” მოწყობა იგეგმებოდა და "რევოლუციური სცენარის" ორგანიზებაში სამოქალაქო ორგანიზაცია "კანვასი" მონაწილეობდა. პირველი განცხადებიდან მალევე, სუს-მა ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, რომელიც რეალურად არაძალადობრივი წინააღმდეგობის ფორმების შესახებ საგანმანათლებლო მოხსენებას ასახავდა, თუმცა სუს-მა ის “კანვასის” მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესის მომზადებად დაახასიათა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, კვირების განმავლობაში, სუს-ი ლექციების დამსწრეებსა და ორგანიზატორებს პერიოდულად გამოკითხვებზე იბარებდა, რაც აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, კულტურისა და ხელოვნების სფეროების წარმომადგენლების დაშინებას ემსახურებოდა. შესაბამისად, კვლავაც გრძელდება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების არგუმენტით სუს-ის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების, მოქალაქეების ფარული, უკანონო თვალთვალის, დაშინებისა და ტოტალური კონტროლის ტენდენციები.

  • პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა და უმოქმედობა მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად

2023 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავაც აქტუალური იყო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალის დისპროპორციული და დაუსაბუთებელი გამოყენების პრაქტიკა. 7-8 მარტს, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. პოლიცია ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებდა ინტენსიურად, დიდი რაოდენობით და ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რაც “პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს უხეშად ეწინააღმდეგება. სპეციალური საშუალებების ინტენსიურ გამოყენებას, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაშინებისა და დასჯის ეფექტი ჰქონდა. მარტის აქციებზე პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა და ზოგიერთი მათგანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით პრობლემურია ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა - რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემატიურად აკეთებდნენ არაეთიკურ და პირადი ცხოვრების უფლების შემლახავ განცახდებებს და ამ გზით ახდენდნენ მიმდინარე სასამართლო განხილვების კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირებას.

გარდა მარტის საპროტესტო აქციებისა, მიმდინარე წელს მასობრივი ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკამ კიდევ რამდენიმე აქციის ფარგლებში (აქცია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოთხოვნით - მაისში; უფლებადამცველების საპროტესტო ცარიელი ფურცლებით - ივნისში; საზოგადოებრივი პროტესტი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით - აგვისტოში, რაჭის ტყეების დაცვის აქციები - ნოემბერში და სხვ.) იჩინა თავი. ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში პროტესტის გამოხატვის ხელშესაშლელად პოლიციამ ფიზიკურ დაბრკოლებებთან ერთად, აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკაც გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მიერ აქციებში მონაწილე პირთა ადმინისტრაციული დაკავება, უმრავლეს შემთხვევაში, არ ემსახურებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ან სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანს, არამედ, წარმოადგენდა პროტესტის ხელშეშლისა და მასში მონაწილე პირებზე წნეხის განხორციელების მცდელობას. გარდა ამისა, საგანგაშოა ადმინისტრაციული სანქციების, განსაკუთრებით ჯარიმის გამოყენების მზარდი პრაქტიკა შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილე პირთა მიმართ, რაც არსებითად აუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

ამის პარალელურად, აშკარა იყო სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა მიმდინარე წლის ივლისში, „თბილისი პრაიდის” დახურული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რაც სათანადო პოლიტიკური ნების არქონით აიხსნება და არა საფრთხეების არასათანადოდ შეფასებით ან მოუმზადებლობით. საგულისხმოა, რომ ღონისძიების გამართვამდე შსს-სთვის ცნობილი იყო იმავე ადგილზე რადიკალური ჯგუფების მიერ დაგეგმილი კონტრაქციის შესახებ, რომლის მიზანიც „თბილისი პრაიდის” ღონისძიების ჩაშლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეკრების ადგილზე არაგონივრულად მცირე რაოდენობის საპოლიციო ძალების გამოყვანითა და უშუალოდ ინციდენტების აღკვეთის პროცესში არაეფექტიანი მოქმედებით, ვერ უზრუნველყო „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება, რის გამოც აქციის მონაწილეებს შეკრების ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. 2021 წლის 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილების ფონზე, სამართალდამცავების მიერ შეკრების ადგილის არასათანადოდ დაცვა აძლიერებს ვარაუდს, რომ მათ განზრახ თქვეს უარი მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც დროებითი კონსტრუქციის (კარვის, სცენის და ა. შ.) მოწყობას დაუსაბუთებლად ზღუდავს. განსახილველი კანონპროექტი არ შეესაბამებოდა გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტებს, რაზეც ყურადღება გამახვილებულია ეუთო/ოდირის დასკვნაში. მართალია, პრეზიდენტმა ვეტო დაადო მიღებულ კანონს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას ნებისმიერ დროს შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, რაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებს არსებითად გააუარესებს.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და უწყებებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურაზე, დისკრიმინაციასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე საუბრობდა, 2023 წლის ნოემბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს. თვალშისაცემი იყო უწყებების კოორდინირებული მუშაობა სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობის ხელშეწყობისთვის. სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახალხო დამცველმა კი საქმის წარმოება შეწყვიტა და არ დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, გოგა რაზმაძის საჩივრის განხილვა იმ სტრუქტურულ ერთეულს დაევალა (შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია) რომლის უფროსის მოადგილესაც თავად რაზმაძე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, შეურაცხყოფასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს სამართალდამცავ ორგანოებში ინსტიტუციური რეფორმის გატარების აუცილებლობას.

არაჯეროვანი გამოძიება აწარმოა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ,,ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის მიმართ 2023 წლის 27 ივნისს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. თავდასხმის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება მოიპოვეს, რამაც დანაშაულის ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ყოფნა გამოავლინა. აღნიშნული დასაბუთებულ ვარაუდს აღძრავდა თავდასხმაში მათ პოტენციურ მონაწილეობაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ გიორგი მუმლაძე, რომელიც მშვილდაძეზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოში ჩანს, მათი თანამშრომელია. ამის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მხოლოდ ერთ პირს წარედგინა და თავდასხმაში სახელმწიფოს წარმომადგენლის მონაწილეობა ვერ გამოიკვეთა. მიუხედავად ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ვერ უზრუნველყო დაზარალებულისა და საზოგადოების კითხვების გაქარწყლება ინციდენტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მონაწილეობის შესახებ.

გოგა რაზმაძისა და მიშა მშვილდაძის საქმეები ამძაფრებს კითხვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის შესახებ. სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზება რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც არსებითად აზიანებს გამოძიების პროცესს, ამასთან, უარყოფითად აისახება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“