საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ტოტალურ კონტროლს, მათი დაშინებისა და საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით.
ჯერ კიდევ 18 სექტემბერს სუს-ი ამტკიცებდა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის“ მოწყობა და „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“ იგეგმებოდა. 18 სექტემბრის განცხადების მიხედვით, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების“ მომზადებაში მონაწილეობდა ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის „ბირთვსაც“, ორგანოს თანახმად, წარმოადგენს ორგანიზაცია “ოტპორი”.
პირველი განცხადებიდან 2 კვირის შემდეგ, სუს-მა გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, მათი მტკიცებით, ასახავდა სერბული ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრების მიერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გადამზადებას, რასაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. უწყების მიერ ხსენებული ღონისძიების შინაარსი და მისი ჩატარების შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო 2023 წლის 18 აგვისტოდან. ორგანიზატორების განცხადებით, სასწავლო კურსი მოიცავდა „კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომების გაცნობას.“ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფრაგმენტული ვიდეოჩანაწერები კი მოიცავდა ექსპერტების მოხსენებებს არაძალადობრივი პროტესტის მიმდინარეობის პრინციპების შესახებ, რომლის მიზანიც მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი პირადი გამოცდილებების გაზიარება იყო.
მიგვაჩნია, რომ სუსი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ტოტალურ კონტროლს და მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დადანაშაულებას, რასაც თავდაპირველად, ემსახურებოდა მარტში, ე.წ. „რუსული კანონის“ დაინიცირება. გარდა ამისა, უწყება ცდილობს ამ კონსპირაციაში ჩაითრიოს ის დასავლური ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნე ნ როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ სუს-ის 18 სექტემბრის განცხადების საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პარლამენტში დააინიიცირეს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეზღუდებათ დროებითი კონსტრუქციების (კარავი, სცენა და ა.შ.) მოწყობის უფლება შეკრების დროს. მოსალოდნელი ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება პოლიტიკური გამოხატვისთვის.
სუს-ის ამგვარი პოლიტიკა ემსახურება არა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას, არამედ საზოგადოებრივი პროტესტის სივრცეების შეზღუდვას და იმ ადამიანების დაშინებას, რომლებიც მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივიზმსა და სხვადასხვა ღონისძიებებში. საზოგადოებაში აქტივიზმის შიშის დამკვიდრებას ემსახურებოდა ჯერ სერბი ექსპერტების გამოკითხვაზე სუს-ში დაბარება, ხოლო შემდეგ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მათი ფარული ვიდეო-ჩაწერა. მსგავსი სპეკულაციური განცხადების პირობებშიც კი, ცალსახაა, რომ სუსის გამოძიებას სამართლებრივი შედეგები დღემდე არ მოჰყოლია და მისი მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მხოლოდ დაშინებას ემსახურება.
დაუშვებელია, არაძალადობრივი წინააღმდეგობისა და პროტესტის ფორმების შესახებ საგანმანათლებლო მიზნებისთვის წარმართული დისკუსიები სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხად და „მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებისთვის“ საფრთხის შემცველად განიხილებოდეს. სუს-ის მიერ მსგავსი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაშინებით შეაკავოს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და შეუზღუდოს როგორც მოქალაქეებს, ასევე ცალკეულ ორგანიზაციებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ეს კი მაშინ, როდესაც დღემდე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის სუს-ში წარმოებული სავარაუდო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მიერ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას, ე.წ. „ეფესბეს“ გავლენით, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა.
ინსტრუქცია