საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა (სახ. დეპი) პრეს-რელიზი გაავრცელა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის საპასუხოდ, მორიგი სანქციების დაწესებას შეეხებოდა. განცხადების მიხედვით, სანქციებში მოყვა 150-მდე კომპანია და ინდივიდი, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის გაფართოებაში, მუშაობდნენ მეტალისა და მოპოვების სექტორში, ასევე, ეხმარებოდნენ რუს ინდივიდებსა და კომპანიებს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში.[1] სანქცირებულთა შორის მოხვდა რუსეთის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ (ე.წ. „ეფესბეს“) ოფიცერი და ქართველ-რუსი ოლიგარქი, რომელსაც „ეფესბე“ იყენებდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის სასარგებლოდ, გავლენის მოსახდენად.[2] განმარტებით ბარათში, რომელიც მოიცავდა დასანქცირებული პირებისა და კომპანიების სიას, ქართველ-რუს ოლიგარქად მოხსენიებული იყო ოთარ ფარცხალაძე. მისი სანქცირების საფუძვლად მითითებული იყო ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ფარცხალაძემ „ეფესბეს“ ოფიცრის, ალექსანდრ ონიშჩენკოს დახმარებით, მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და ის გავლენას ახდენდა ქართულ საზოაგდოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ, „ეფესბეს“ მხარდაჭერით.[3]
ვინ არის ოთარ ფარცხალაძე?
2013 წლის 21 ნოემბერს, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნა.[4] მის ამ პოზიციაზე დანიშვნას წინ უძღოდა პროკურატურის მაშინდელი ხელმძღვანელის, არჩილ კბილაშვილის, მიერ თანამდებობის დატოვება. მისი განმარტებით, გადადგომის მთავარი მიზეზი მომავალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, სტრატეგიული ხასიათის უთანხმოება იყო, რაც გამოიხატებოდა სამართალდამცავ სფეროში გასატარებელ რეფორმებთან, პრიორიტეტებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით განსხვავებულ ხედვებში.[5] მთავარ პროკურორად დანიშვნამდე, ფარცხალაძე 8 თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, მანამდე კი 6 წელი მუშაობდა შიდა ქართლის სამხრეთ ოფისის უფროსის თანამდებობაზე.[6] ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას დაახლოებით 1 თვე იკავებდა; მან თანამდებობიდან 2013 წლის 30 დეკემბერს დატოვა.[7] მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მისი წარსულის შესახებ საზოგადოებაში გაჟღერდა, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დანაშაული, სავარაუდო ძარცვა ან ყაჩაღობა, რომელიც მან 2001 წელს გერმანიაში ჩაიდინა, ასევე, მისი საშუალო და უმაღლესი განათლება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ბიოგრაფიაში არასარწმუნო იყო.[8] ფარცხალაძის სახელს უკავშირდება კიდევ რამდენიმე სავარაუდო დანაშაული, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის სხვადასხვა წელს გახდა ცნობილი. მათ შორის იყო, 2017 წლის მაისში გენერალურ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე, ძალადობა.[9] გარდა ამისა, 2018 წლის ოქტომბერში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი, საუბრობდა ოთარ ფარცხალაძის მიერ განხორციელებული ძალადობის კიდევ ერთ ეპიზოდზე.[10] ის, როგორც მთავარი პროკურორი, ფიგურირებდა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის, საქმეშიც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია მერაბიშვილის მტკიცება, რომლის თანახმადაც ფარცხალაძის, როგორც მაშინდელი მთავარი პროკურორის, დავალებით, მასთან შესახვედრად, 2013 წლის 14 დეკემბერს შსს-ის ყოფილი მინისტრი ფარულად, უკანონოდ, გაიყვანეს საკნიდან ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით.[11]
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ 2020 წლის აპრილში მიიქცია. მაშინ, როდესაც COVID-19-ით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობისა და ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის დროს, ქალაქის ქუჩებში სპეციალური საშვით გადაადგილდებოდა.[12]
სახელმწიფოს რეაგირება ფარცხალაძის სავარაუდო დანაშაულებზე
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ყოფილი მთავარი პროკურორი ამხილა რუსეთის სასარგებლოდ, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაში, დღემდე ბუნდოვანია ის სამართლებრივი ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ სავარაუდო დანაშაულის გამოსაძიებლად გადადგა. ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), რომლის ქვემდებარეობაშიც მოექცა საქმე, განაცხადა, რომ მან საკითხის შესწავლა დაიწყო.[13] მეორე მხრივ, განცხადება გაავრცელა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომლიდანაც ირკვევა, რომ სუს-ს არა მოკვლევა, არამედ გამოძიება აქვს დაწყებული.[14] მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მუხლ(ებ)ით დაიწყო გამოძიება, აგრეთვე რა ნაბიჯები გადაიდგა სავარაუდო დანაშაულის გამოსაძიებლად სუს-ის მიერ. ერთადერთი ცნობა, რომელიც 2023 წლის 22 სექტემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გაავრცელა, შეეხება ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო გამოკითხვის ფაქტს სუს-ის მიერ, თუმცა თავის მხრივ ესეც ბუნდოვანია, საიდან ფლობს გამოძიების დეტალებზე ინფორმაციას მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი.[15]
რას ნიშნავს ოთარ ფარცხალაძის სანქცირება?
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ლიდერებმა ეკონომიკური და ფინანსური სანქციების რეჟიმის დაწესება დააანონსეს. სანქციები შეეხებოდა როგორც ინდივიდებს, ასევე კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს.
ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებმა 2023 წლის 14 სექტემბერს, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე დაასანქცირა.[16] ეს დოკუმენტი, აშშ-ის სამართალში, წარმოადგენს პრეზიდენტის დირექტივას ფედერალური მთავრობის მიმართ, სავალდებულოა შესასრულებლად და ეფუძნება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას.[17] N14024 აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა და ის რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე კონკრეტული საზიანო ქმედებების საპასუხოდ ქონებაზე წვდომის შეზღუდვას შეეხება.[18]
აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საზიანო ქმედებები უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის, მაშასადამე, მასთან გასამკლავებლად საჭიროა გადაუდებელი მექანიზმების გამოყენება. ბრძანების თანახმად, ნებისმიერი ქონება, რომელიც ეკუთვნის სანქცირებულ პირს ბლოკირებულია მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხვდა ის აშშ-ის იურისდიქციაში. პირის სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, სახ. დეპთან და გენერალურ პროკურორთან კონსულტაციით.[19] პირისა თუ კომპანიის სანქცირების ძირითადი კრიტერიუმები განსაზღვრულია ბრძანებით. დოკუმენტის თანახმად, მის საფუძველზე შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებაროს ის, ვინც მუშაობს ან უმუშავია რუსეთის ფედერაციის ტექნოლოგიისა და თავდაცვის ან სხვა მომიჯნავე ეკონომიკურ სექტორში.[20] ასევე ის, ვინც მონაწილეობს ან პასუხისმგებელია რუსეთის სასარგებლოდ, პირდაპირ ან ირიბად, ისეთი ქმედებების განხორციელებაში, როგორებიცაა არჩევნებში ჩარევა, დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა როგორც აშშ-ის, ასევე მისი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, და სხვა.[21] გარდა ქონებრივი საკითხებისა, ბრძანებით აკრძალულია დასანქცირებულ პირებთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, სერვისის მიწოდება, ამასთან, მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება. პირს სანქცირების გადაწყვეტილების შესახებ, წინასწარ არ ეცნობება, რადგან ეს მისცემს მას დროს საკუთრებაში არსებული ქონება ფიქტიურად გადასცეს ოჯახის წევრებს ან პირთა ახლო წრეს, რაც დაასუსტებს სანქციების ეფექტიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის არ დაუწესებია, ის შეუერთდა იმ ძირითად ფინანსურ სანქციებს, რომლებსაც აშშ, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო გამოსცემდნენ.[22] თუმცა, საქართველოს კანონმდებლობაში არ იძებნება ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პოლიტიკასა და აღსრულების მექანიზმებს განსაზღვრავს. ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საფინანსო სექტორში არეგულირებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესს. ბრძანება გამოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, 2023 წლის 4 აგვისტოს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ საქართველო უერთდება სანქციების იმ ნაწილსაც, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთიდან სანქცირებული საქონლის რუსეთში რეექსპორტს, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლს ექვემდებარება და ამ პროცესში არაერთი უწყებაა ჩართული, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები და სხვა.[23] ამ ტიპის სანქციების შეერთებას ადასტურებენ ევროკავშირში, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში სანქციების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებიც.[24]
რეაგირება საერთაშორისო სანქციებზე
2023 წლის 2 მარტს, სებ-ის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ნაცვლად ახალი პრეზიდენტის დანიშვნისა, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და პოზიციის შევსებამდე მოვალეობის შემსრულებლად პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ნათელა თურნავა დაინიშნა.[25] სებ-ი ის ძირითადი ორგანოა, რომელიც ფინანსურ სექტორში, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაწესებული სანქციების აღსრულებას ზედამხედველობს. თურნავას 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანების თანახმად, რომელიც სანქციათა რეჟიმის შესრულების წესს შეეხება, ის პირები, რომლებიც სებ-ის ზედამხედველობას ექვემდებარებიან, ვალდებულნი არიან შეასრულონ ყველა ის სანქცია, რომელიც რუსეთისა და ბელორუსის მიმართაა დაწესებული აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკები და მიკრობანკები არ აღასრულებენ დადგენილ წესებს, მათ, ბრძანების თანახმად, დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები.[26] აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბრძანების გამოცემამდე, სებ-ი ფინანსური სანქციების აღსრულებას ყოველგვარი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე, კომერციულ ბანკებთან და სხვა მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებთან ელექტრონული კორესპონდენციით ახორციელებდა.[27]
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება სხვა სექტორებშიც მიმდინარეობდა, საკითხის შესწავლისას, სოციალური სამართლიანობის ცენტრს გაუჭირდა საჯარო წყაროებიდან იმ კონკრეტული სამართლებრივი აქტების მოძიება, რომლებიც განსაზღვრავდა სანქციების აღსრულების ზოგად წესს და, პირველ რიგში, იმ სფეროებს, რომელთა ფარგლებშიც საერთაშორისო შეზღუდვებს ქვეყანა უერთდება. გარდა საბაჟო კონტროლისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ თავიანთ სფეროში გადადგმული ნაბიჯებისა, კიდევ ერთი სფერო, რომელსაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება უძრავ ქონებას და იმ მოძრავ ნივთებს შეეხება, რომლებსაც მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია. სწორედ მსგავსი სანქციების ფარგლებში ჩამოერთვათ რუს ოლიგარქებს სახლები, მიწის ნაკვეთები, ავტომობილები თუ სხვა ფუფუნების საგნები.
კითხვები საერთაშორისო სანქციების არასრულყოფილი შესრულების შესახებ
სანქციების მთავარი დანიშნულებაა იმ პირებისა და კომპანიებისთვის ფინანსებზე წვდომის მაქსიმალური შეზღუდვა, რომლებიც რუსეთის გაუმართლებელ ომს აფინანსებენ უკრაინაში. შესაბამისად, ისინი ეფექტური იქნება მაშინ, თუ არ დატოვებს სხვადასხვა ხვრელს სანქცირებული პირების მიერ კაპიტალზე წვდომის შესანარჩუნებლად. მსგავსი გააზრების ფარგლებში, კიდევ უფრო პრობლემურია ის ფაქტი, რომ მოქმედ სამართლებრივ რეჟიმში, საქართველოს, სავარაუდოდ, არ განუსაზღვრავს სანქციების უძრავ და მოძრავ ქონებაზე გავრცელების წესი. სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა ვერ მიაგნო იუსტიციის მინისტრის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირის დასანქცირების შემთხვევაში განსაზღვრავდა საკუთრების უფლების შეზღუდვას, მაგალითად, უძრავ ქონებაზე. ერთი მხრივ, სებ-ი უზღუდავს ყოველგვარ წვდომას სანქცირებულ პირებს ბანკებსა და მიკრობანკებში განთავსებულ ქონებაზე, თუმცა, მეორე მხრივ, იუსტიციის სამინისტრო უნარჩუნებს სანქცირებულ პირს უძრავი ქონების განკარგვის უფლებას, რაც შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ პირმა შემოსავალი მიიღოს უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად. ამ პირობებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციებთან შეერთება ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და მის სრულყოფილ, ეფექტიან აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს.
2023 წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ სებ-ის მიერ გამოცემული ბრძანების ფარგლებში, ოთარ ფარცხალაძეს შეეზღუდა როგორც კომერციულ ბანკებში განთავსებულ აქტივებთან წვდომა, ისე ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა.[28] კონსტიტუციური ორგანოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო აშშ-ის მიერ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანით.[29] სხვა უწყების მხრიდან განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის რეგულირება ვრცელდებოდა, მაგალითად, ფარცხალაძის უძრავ ქონებაზე, არ გაკეთებულა. ეჭვს იმის შესახებ, რომ საქართველო არ უერთდება საერთაშორისო სანქციების იმ ნაწილს, რომელიც უძრავ ქონებას ეხება, ამყარებს მოვლენათა ქრონოლოგიაც. 20 სექტემბერი, 12:16 – 12:18 პერიოდში,[30] იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოთარ ფარცხალაძის შვილმა მიმართა, მისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 12 უძრავი ნივთის გადაფორმებაზე, რაშიც ჯამურად 4200 ლარი გადაიხადა. სერვისი მოიცავდა განცხადების წარმოდგენის დღეს საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დროის ამ მონაკვეთში, ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის მიერ უკვე სანქცირებულია, თუმცა ამავე დროს, სებ-ის ბრძანებაში უკვე შესულია ცვლილება, რომლის თანახმადაც მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, სანქციები არ ვრცელდება. მართალია სებ-ის ბრძანება ერთადერთი სპეციალური დოკუმენტია, რომელიც საჯაროდ მოიპოვება სანქციების აღსრულების შესახებ, თუმცა ის ვრცელდება მხოლოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებულ პირებზე - საფინანსო სექტროზე. შესაბამისად, სებ-ის ეს ბრძანება ვერ გავრცელდებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურზე, რომელიც პასუხისმგებელია უძრავი ქონების რეგისტრაციაზე.
ამრიგად, ფარცხალაძის მიერ უძრავი ქონების შვილისთვის ჩუქებას, დროის ამ მონაკვეთში, რამდენიმე ახსნა აქვს: 1. იუსტიციის სამინისტრომ სებ-ის იდენტური ცვლილება შეიტანა იმ წესში, რომლითაც სანქციების აღსრულება ვრცელდება უძრავ ქონებაზეც და რომელიც საჯაროდ არ იძებნება, ხოლო ფარცხალაძემ ქონება გადააფორმა სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით მასზე არ ვრცელდებოდა სანქციები; 2. საქართველომ არ შეასრულა საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებული ის მოთხოვნა, რომელიც უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას გულისხმობს და, შესაბამისად, ფარცხალაძეს უფლება მისცა ქონება გაესხვისებინა სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ ასრულებს უძრავი ქონების ყადაღის მოთხოვნას პირის სანქცირებისას, გაუგებარია რატომ დასჭირდა ოთარ ფარცხალაძეს მის სახელზე არსებული ქონების ჩუქება შვილისთვის მაშინ, როდესაც მას ისედაც არ შეეზღუდებოდა ქონების განკარგვის უფლება. ამის საპირისპიროდ, თუ საქართველო იღებს ვალდებულებას შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს, მათ შორის, უძრავი ქონების ყადაღის ნაწილში, გამოდის, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მის ქვეშ არსებულ სსიპ-ებთან კოორდინირებული მუშაობით, ოთარ ფარცხალაძემ შვილს დიდი რაოდენობით ქონება საერთაშორისო სანქციების დარღვევით აჩუქა.
უწყებების ფარცხალაძის სასარგებლოდ მუშაობაზე ეჭვებს აღრმავებს მოვლენათა ქრონოლოგიაც. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა კიდევ ერთმა სსიპ-მა - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელიც მოქალაქეობის მინიჭება-შეწყვეტის საკითხებს განიხილავს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე დაიწყო ფარცხალაძის შვილის მოთხოვნის - ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 12 უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების - დაკმაყოფილება. 20 სექტემბრის 17:44-ზე, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. ამის პარალელურად, 17:23 – 18:00 პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ეტაპობრივად მომზადდა ამონაწერები, რომლითაც დასტურდებოდა 12 უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლა მამიდან შვილზე. მოვლენათა მსგავსი ქრონოლოგია მიუთითებს იმაზე, რომ უწყებები კოორდინირებულად მოქმედებდნენ ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში, რითაც ქვეყანას სანქციების დაწესების საფრთხის ქვეშ აყენებდნენ.
სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის სამართლებრივი სტატუსი
ფარცხალაძისთვის ფინანსური შეზღუდვების დაწესების შესახებ სებ-ის განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ბრიფინგზე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სებ-ის ეს გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.[31] დეპუტატის განმარტებით, სებ-ი არღვევდა ფარცხალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციას, ხოლო საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით იყო დაცული ქვეყნის კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ადამიანის საპროცესო უფლებებს, რომლებიც მას წარმოეშობა სასამართლოთი საქმის წარმოებისას. მათ შორის, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ადამიანი მანამ ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.[32] კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება პროცესში მონაწილე სუბიექტებზე. ის არ შეიძლება გავრცელდეს ისეთი სანქციების რეალიზებაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომლებიც არ გამომდინარეობს გამამტყუნებელი განაჩენიდან, არამედ, ექვემდებარება სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებასა და საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, მიზნობრივი (ტარგეტირებული) სანქციების შესაბამისობა კონვენციასთან ძირითადად სამართლიანი სასამართლო პროცესის ჭრილში განიხილება და არ მიიჩნევა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევად, თუ არსებობს ეფექტიანი დაცვის საშუალება.[33] ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არაერთი პირის სანქცირების საქმე აქვს განხილული, მოწმობს, რომ სასამართლოები არ მსჯელობენ სანქცირების მიზეზსა და შინაარსზე ან მათ პროპორციულობაზე და ამოწმებენ მხოლოდ იმას, რამდენად აღჭურვილია დაცვის ეფექტიანი გარანტიებით სანქცირებული პირი.[34]
მოცემულ შემთხვევაში, სანქციები დაწესებულია აშშ-ის მიერ. ამერიკული კანონმდებლობით კი დასაშვებია მიზნობრივი (ტარგეტირებული) სანქციების გასაჩივრება ადმინისტრაციული პროცედურის აქტის (APA) ფარგლებში.[35] სასამართლოს გადაწყვეტილება ავტომატურად აისახებოდა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც აშშ-ის სანქციებს აღასრულებს, გადაწყვეტილებაზე დაუბრუნოს ან შეუზღუდოს წვდომა სანქცირებულ პირს თავის ქონებაზე.
შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის არგუმენტი ოთარ ფარცხალაძეზე ვერ გავრცელდებოდა, რადგან ეს არ იყო სისხლის სამართლის პროცესი, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორი საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებდა. ამასთან, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, მას შეეძლო სანქცირება, ადმინისტრაციული წესით, გაესაჩივრებინა აშშ-ის შესაბამის სასამართლოში.[36]
მმართველი პარტიის ლიდერის მეორე არგუმენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებულ კონსტიტუციურ სტატუსს უსვამდა ხაზს, ასევე პრობლემურია. საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას. თუმცა ამ უფლებებით სარგებლობას არ უკავშირებს მოქალაქეობის სტატუსს და მას ავრცელებს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.
საქართველოს მოქალაქეობის საკითხი
2023 წლის 11 თებერვალს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმადაც, ოთარ ფარცხალაძემ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მოგვიანებით კი, საქართველოში, ქართული პასპორტით კომპანია დაარეგისტრირა. აშშ-ის მიერ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ, მისი მოქალაქეობის საკითხი დღის წესრიგში კიდეც ერთხელ დადგა.
სახ. დეპის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა „ეფესბეს“ აგენტის დახმარებით მოიპოვა, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით დადგინდა, რომ ის, ამ პერიოდში, პარალელურად საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობდა.
საქართველოს კანონმდებლობით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პირი ფლობდეს ორმაგ მოქალაქეობას. საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. საგამონაკლისო წესით, ანუ თუ პირს ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან მისი მოქალაქეობა საქართველოს ინტერესებშია;[37] 2. მოქალაქეობის შენარჩუნების გზით - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე, ის მიმართავს სახელმწიფოს, მისი კავშირი ქვეყანასთან მიიჩნევა სარწმუნოდ და მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ.[38] ნებისმიერ შემთხვევაში, მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა.[39]
ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, ჩამოყალიბდა ორი მოსაზრება. პირველი დაშვების მიხედვით, მან რუსეთის მოქალაქეობის მიღებამდე მიმართა სახელმწიფო უწყებებს და მოითხოვა მოქალაქეობის შენარჩუნება, რაც დაუკმაყოფილდა. მეორე, ის უკანონოდ ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას ისე, რომ პასუხისმგებელი უწყებები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, ან ფაქტზე რეაგირებას არ ახდენდნენ.
საზოგადოებაში დასმულ შეკითხვებს მალევე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ მოთხოვნა მის უწყებაში არ შესულა, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობდა.
საქართველოს კანონმდებლობით, პირს მოქალაქეობა შეუწყდება, თუ ის მას დაკარგავს. მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძველი კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაა. როგორც მოქალაქეობის მინიჭების, ასევე შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ განცხადებას იღებს და დასკვნას ამზადებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშაა. სააგენტოს დასკვნის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ორგანო აღმოაჩენს საქართველოს მოქალაქის მიერ მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს, ის ვალდებულია წარდგინებით მიმართოს სააგენტოს, რომლის დასკვნის საფუძველზეც, მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.[40] გარდა ამისა, სააგენტოს თავადაც შეუძლია დაიწყოს წარმოება შეწყვეტის შესახებ, თუ წარდგინების გარეშე, დამოუკიდებლად აღმოაჩენს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.[41]
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის 20 სექტემბერს სააგენტომ დაიწყო წარმოება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, მან ვერ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულებები. ცნობები იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, პირველად თებერვალში გაჟღერდა, რაც საკმარისი საფუძველი იყო, ერთი მხრივ, კომპეტენტური უწყებებისთვის, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორში შემავალი ინსტიტუტებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან როგორც კონტრდაზვერვითი საქმიანობასა თუ საზღვრის კვეთის კონტროლზე, მიემართათ სააგენტოსთვის წარმოების დაწყების შესახებ. მეორე მხრივ, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებდა უფლებამოსილებას თავად დაეწყო დასკვნის მომზადება მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი - სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი უწყებების მსგავსი ქმედებები აღრმავებს ეჭვს, რომ სახელმწიფო ორგანოებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების ფაქტი. ამ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ სააგენტოს მიერ წარმოების დაწყების დრო თან სდევს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სანქციების რეჟიმის აღსრულების შესახებ ბრძანებაში ცვლილებების შეტანასა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ შეზღუდვების დაწესების სასამართლო კონტროლს დაქვემდებარებას. ცვლილების შედეგად, სანქციების იმ ნაწილის აღსრულება, რომელიც ფინანსურ სექტორს შეეხებოდა, აღარ ვრცელდებოდა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთა მიმართაც არ არსებობდა ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ წესს დაექვემდებარა ოთარ ფარცხალაძეც.
შეჯამება
ოთარ ფარცხალაძის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად ეხმარებოდნენ მას სანქციებისგან თავის არიდებაში. მიუხედავად საჯარო ინფორმაციისა, თითქმის 2 წლის განმავლობაში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას ფლობდა უკანონოდ, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებს ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ. მოვლენათა ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ სააგენტომ საკითხზე მოკვლევა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა ფარცხალაძის შვილის მოთხოვნა მამისგან 12 უძრავი ნივთის საჩუქრად მიღების შესახებ.
რიგი პრობლემები გამოიკვეთა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებითაც. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, საჯაროდ ხელმისაწვდომია მხოლოდ სებ-ის 2023 წლის 4 აგვისტოს სპეციალური ბრძანება, რომელიც ომის ფარგლებში დაწესებული სანქციების აღსრულებას შეეხება. სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული სანქციების აღსრულების ერთიანი, სისტემური პოლიტიკა, სადაც გაიწერებოდა რა ნაწილში უერთდება ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს ან რომელ სფეროებზე ვრცელდება პარტნიორი ქვეყნების ანალოგია. ამასთან, გაუგებარია, ავრცელებს თუ არა სახელმწიფო სანქციებს პირების უძრავ ქონებასა და ძვირადღირებულ მოძრავ ნივთებზე. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გვერდს უვლის უძრავ ქონებაზე დაწესებულ სანქციებს, ის უნარჩუნებს სანქცირებულ პირებს თავიანთი საკუთრების განკარგვის უფლებას, რაც საგრძნობლად ამცირებს მსგავსი შეზღუდვების დაწესების მიზნის მიღწევის ეფექტიანობას და ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის დაწესების სულისკვეთებას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს სანქციების აღსრულების პოლიტიკა ითვალისწინებს უძრავ ქონებაზე მის გავრცელებას, მაშინ საქმე გვაქვს იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების კოორდინირებულ, უკანონო საქმიანობასთან, რომლითაც ფარცხალაძემ შეძლო და თავიდან აირიდა საერთაშორისო სანქციები და ყადაღას გადაარჩინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები შვილისთვის ჩუქების გზით. სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშავოს საერთაშორისო სანქციების აღსრულების ისეთი პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს საქართველოს, რომ ის არ გახდეს სანქციებისგან გვერდის ავლის სივრცე. ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს გაეცნოს სანქციების იმ სამართლებრივ რეჟიმს, რომელსაც ქვეყანა ემორჩილება.
ქრონოლოგია:
11 თებერვალი, 2023 - პირველი ცნობები ოთარ ფარცხალაძის მეირ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ.
14 სექტემბერი, 2023 - აშშ-ის სახ. დეპის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია.
18:12 სთ, 18 სექტემბერი, 2023 - სებ აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციების აღსრულების ფარგლებში, აქტივებსა და ტრანზაქციებზე წვდომა შეეზღუდა.
21:23 სთ, 18 სექტემბერი, 2023 - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
13:59 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს მისთვის არ მიუმართავს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ.
14:45 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა და მედიისგან შეიტყო, რომ ის 1 წელია რუსეთის მოქალაქეობას ფლობს.
20:42 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - პრეზიდენტი აცხადებს, რომ სააგენტოსგან დასკვნის მიღებისთანავე, შეუწყვეტს მოქალაქეობას ოთარ ფარცხალაძეს.
21:09 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - სებ-ის მოვალეობის შემსრულებელი, ნათელა თურნავა, გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შეაქვს სანქციების აღსრულების წესში და ადგენს საგამონაკლისო წესს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
20 სექტემბერი, 2023 - კომერციული ბანკების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი განაგრძობენ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.
20 სექტემბერი, 2023 - ნათელა თურნავა აცხადებს, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორს.
12:16 – 12:18 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს ოთარ ფარცხალაძის შვილი მისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 12 უძრავი ნივთის გადაფორმებაზე, რაშიც ჯამურად 4200 ლარს იხდის (განცხადების წარმოდგენის დღეს რეგისტრაცია).
17:23 – 18:00 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ შვილისთვის მინიმუმ 12 უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ.
17:44 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები ავრცელებენ განცხადებას, რომლის თანახმადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
19:55 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც მის დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაასრულა წარმოება და მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, დასკვნა კი გაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
[1] “Imposing Further Sanctions in Response to Russia’s Illegal War Against Ukraine”, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის პრეს-რელიზი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hilpP, განახლებულია: 20.09.2023.
[2] იქვე.
[3] “Imposing Further Sanctions in Response to Russia’s Illegal War Against Ukraine”, შშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის 2023 წლის 14 სექტემბრის პრეს-რელიზის განმარტებითი ბარათი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/syIS3, განახლებულია: 20.09.2023.
[4] „ახალი მთავარი პროკურორი დაინიშნა“, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/iJ457, განახლებულია: 20.09.2023.
[5] „მთავარმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა“, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/QRTV9, განახლებულია: 20.09.2023.
[6] „მთავარ პროკურორს დანაშაულებრივ წარსულში სდებენ ბრალს“, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/cIKLT, განახლებულია: 20.09.2023.
[7] „მთავარი პროკურორი გადადგა“, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/jnswV, განახლებულია: 20.09.2023.
[8] „მთავარ პროკურორს დანაშაულებრივ წარსულში სდებენ ბრალს“, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/cIKLT, განახლებულია: 20.09.2023.
[9] „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკურად გაუსწორდნენ“, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/fgFL6, განახლებულია: 20.09.2023.
[10] „რ2-ის ვიდეოში ყიფიანი "სარდაფის ეპიზოდზე" საუბრობს, რომელიც აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ უარყო“, მედია პლატფორმა on.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/X2789, განახლებულია: 20.09.2023.
[11] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბერის გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, პარაგრაფები 333-350.
[12] „ვინ გასცა საშვი ფარცხალაძეზე? – „ლელო“ მთავრობისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს“, მედია პლატფორმა netgazeti.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kqFY0, განახლებულია: 20.09.2023.
[13] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ზე, ხელმისაწვოდმია: https://shorturl.at/cnKO4, განახლებულია: 20.09.2023.
[14] საქართველოს გენერალური პროკურატურის 2023 წლის 19 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/EFINZ, განახლებულია: 20.09.2023.
[15] „მდინარაძის ინფორმაციით, ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა“, ტელეკომპანია „ფორმულა“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kwUW4, განახლებულია: 20.09.2023.
[16] “Imposing Further Sanctions in Response to Russia’s Illegal War Against Ukraine”, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის პრეს-რელიზი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hilpP, განახლებულია: 20.09.2023.
[17] What Is an Executive Order?, American Bar Association (ABA), 25.01.2021, available at: https://shorturl.at/fhJU3, updated on: 20.09.2023.
[18] “Blocking Property with Respect to Specified Harmful Foreign Activities of the Government of the Russian Federation”, აშშ-ის პრეზიდენტის 2021 წლის 15 აპრილის N14024 აღმასრულებელი ბრძანება, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ajHM6, განახლებულია: 20.09.2023.
[19] იქვე.
[20] იქვე.
[21] იქვე.
[22] „ვასრულებთ? არ ვუერთდებით? ვეხმარებით? - რა ვიცით დასავლეთის სანქციების, საქართველოს პოზიციისა და უკრაინის დაზვერვის ბრალდებების შესახებ?“, რადიო თავისუფლება, ხელმისწავდომია: https://shorturl.at/chmKU, განახლებულია: 20.09.2023.
[23] საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/dmsS4, განახლებულია: 20.09.2023.
[24] სანქციების საკითხებში კოორდინატორებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/arsT2, განახლებულია: 20.09.2023.
[25] „სებ-ი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის საფრთხეებზე საუბრობს“, მედია პლატფორმა civil.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/evHUY, განახლებულია: 20.09.2023.
[26] საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანება „ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.
[27] „რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების ახალი წესი ქართული ბანკებისთვის“, მედია პლატფორმა netgazeti.ge, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/KORS7, განახლებულია: 20.09.2023.
[28] „ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა“, ტელეკომპანია ფორმულა, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/dmsU2, განახლებულია: 20.09.2023.
[29] იქვე.
[30] ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.
[31] „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას" | კობახიძე სებ-ის მიერ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვაზე, ტელეკომპანია მთავარი არხი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/kDFWY, განახლებულია: 20.09.2023.
[32] საქართველოს კონსტიტუცია, 31-3 მუხლი, პუნქტი 5.
[33] Due Process Is in the Details: U.S. Targeted Economic Sanctions and International Human Rights Law, Elena Chachko, 29.04.2019, American Journal of International Law, AJIL Unbound, Volume 113, available at: https://shorturl.at/jtOP8, updated on: 20.09.2023.
[34] Ibid.
[35] Ibid.
[36] Judicial Review Under the Administrative Procedure Act (APA), Congressional Research Service (CRS), 08.12.2022, available at: https://shorturl.at/cklM9, updated on: 20.09.2023.
[37] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 17, პუნქტი 1.
[38] იქვე, 211 მუხლი.
[39] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 52, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ე“.
[40] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 23.
[41] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 24, პუნქტი 10.
ინსტრუქცია