საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით[1] რეგლამენტირებული და აღიარებული სიკეთეა, რომელიც კონკრეტიზებული და განმტკიცებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.[2] საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, როგორც ინფორმაციის თავისუფლების ერთ-ერთი კომპონენტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს გამჭვირვალობის, ღია მმართველობის განხორციელებისა და საჯარო უწყებების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბების პროცესში. შესაბამისად, ინფორმაციის საჯაროობა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზომს წარმოადგენს.
ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს, ვინაიდან მის გარეშე წარმოუდგენელია თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა.[3] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ხელისუფლების მიერ ინფორმაციის მოპოვებაზე დაწესებული ბარიერები არაპირდაპირი ცენზურის ფორმად შეიძლება იქცეს.[4]
საკანონმდებლო რეგულირებისა და საერთაშორისო პრაქტიკით განმტკიცებული სტანდარტების მიუხედავად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოსთვის ახლა განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვინაიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული მეორე პრიორიტეტი საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას მოითხოვს.[5] შესაბამისად, ამ მიმართულებით არსებული ბარიერები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის არსებითად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
2023 წლის ივნისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.[6] დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია. 2022 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აღმოჩნდა. IDFI-ის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციებს რაოდენობრივ/სტატისტიკურ ჭრილში განიხილავს. შესაბამისად, ხაზს უსვამს პრობლემის მასშტაბებს. წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანი კი არა იმდენად რაოდენობრივი, არამედ შინაარსობრივი ასპექტების ხაზგასმაა: რა სახის ინფორმაციას მალავენ საჯარო უწყებები, რა საფუძვლით ხდება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ან/და არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდება და რამდენად ეფექტიანია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმის გამოყენება.
დოკუმენტი სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ცალკეული უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შემუშავებული. შესაბამისად, მასში წარმოდგენილ შეფასებებს ვერ განვაზოგადებთ ყველა საჯარო დაწესებულებასა და ინფორმაციის კატეგორიაზე.
[1]საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18.
[2]ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი - „ინფორმაციის თავისუფლება“.
[3]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბერის #2/3/406,408 გადაწყვეტილება, II.პ.10.
[4]Társaság A Szabadságjogokért v. Hungary, 23.
[5]EUROPEAN COMMISSION - Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ahGHR (წვდომის თარიღი: 10.08.2023)
[6]IDFI - „საჯარო ინფორმაციის მკვეთრად გაუარესებული ხელმისაწვდომობა“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/esvNY (წვდომის თარიღი: 10.08.2023).
ინსტრუქცია