[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეთა გაჭიანურების პრობლემა

საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვა ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, ძალადაკარგულად ცნოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმები, უზრუნველყოფს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობის კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში მოქცევას.[1] სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელების განხილვის დინამიკა პირდაპირ აისახება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე.

საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ორი თვისა.[2] პრაქტიკაში, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვის 9-თვიან ვადაში მოიაზრებს სარჩელის არსებითად განხილვის ვადას, ხოლო რეგულირების მიღმა რჩება სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა.

შედეგად, არათანმიმდევრულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების ვადებთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ჭიანურდება საქმის გადაწყვეტა. მაგალითისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება 2015-2016 წლებში დარეგისტრირებულ 20 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთა შორისაა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილი 4 კონსტიტუციური სარჩელი.[3] კერძოდ:

  1. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქეები გურამ იმნაძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის თარიღი: 2015 წლის 16 ნოემბერი),[4] რომელიც შეეხება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მოსამართლის ნებართვის გარეშე ფარული ვიდეო-აუდიო და ფოტო გადაღებისა და კავშირის მხოლოდ ერთი მონაწილის თანხმობის საფუძველზე ელექტრონული თვალთვალის განხორციელების კონსტიტუციურობას.
  2. საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის თარიღი: 2015 წლის 16 დეკემბერი),[5] რომელიც შეეხება “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ რიგი სამოქალაქო უფლებების (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვისა და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების) ავტომატური ჩამორთმევის კონსტიტუციურობას.
  3. საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის თარიღი: 2016 წლის 7 მარტი),[6] რომელიც შეეხება უმნიშვნელო ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის კრიმინალიზაციის არაკონსტიტუციურობას.
  4. საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ (რეგისტრაციის თარიღი: 2016 წლის 31 ოქტომბერი),[7] რომლითაც გასაჩივრებულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის საარსებო შემწეობის მიღების შემზღუდავი რეგულაციები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული სარჩელები შეეხება ქვეყანაში არსებულ ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორიცაა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მყიფე გარანტიები და მიუსაფარ მოქალაქეთა საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა. შესაბამისად, აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებით, გამოუსწორებელი რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განგრძობადი და სისტემური დარღვევების პრაქტიკა. 

გარდა იმისა, რომ არასრულყოფილი რეგულირების ფონზე, თვითნებურია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა კონსტიტუციურ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, ხშირ შემთხვევაში, სასამართლო სარჩელის განხილვის 9 თვიან ვადაშიც კი ვერ ახერხებს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტას. მაგალითისთვის, სასამართლოს დღემდე არ განუხილავს სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ მომზადებული კიდევ ერთი კონსტიტუციური სარჩელის ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, რომლის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციიდან 21 თვეა გასული (რეგისტრაციის თარიღი: 2019 წლის 25 ნოემბერი).[8] აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი შეეხება კანონმდებლობის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომლებიც არასათანადოდ ზღუდავენ გაფიცვის უფლების ფარგლებს და ადგენენ გაფიცვის უფლების აკრძალვის ფართო საფუძვლებს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ  საქმის განხილვის ხანგრძლივობაზე სხვა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა, მათ შორის საქმის სირთულემ, განსახილველი საკითხის სიმწვავემ და სასამართლოს გადატვირთულობამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი არ იძლევა საქმის განხილვის ვადებთან მიმართებით ლოგიკური და თანმიმდევრული ტენდენციების გამოკვეთის შესაძლებლობას. 2015-2021 წლების მონაცემების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საშუალო ვადაა ორი წელი. საქმეთა დიდი უმრავლესობა (83%) განიხილება 8 თვიდან 3 წლამდე შუალედში. თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში, საგრძნობლად დიდია განსხვავება საქმის განხილვის ყველაზე მოკლე და ყველაზე ხანგრძლივ პერიოდებს შორის (ჩატარებულ ან ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვის ვადაა 1-2 თვე, ხოლო ორდინალურ სარჩელებზე ეს პერიოდი მერყეობს 4-დან  67 თვემდე). საქმეთა განხილვის ვადებს შორის ამგვარი მკვეთრი განსხვავებები და ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე ცალკეულ საქმეთა გაჭიანურება 5 წელზე მეტი ვადით, ქმნის სასამართლოს მხრიდან თვითნებობისა და შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას.[13]

გარდა საქმეთა განხილვის არათანმიმდევრული პრაქტიკისა, ბოლო წლებში შეინიშნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კლების ზოგადი ტენდენცია. კერძოდ, 2015 წლიდან 2018 წლამდე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა იყო მზარდი, თუმცა 2018 წლიდან ამ მაჩვენებელმა დაიწყო შემცირება და 2020 წელს მიღებულ იქნა მხოლოდ 12 გადაწყვეტილება, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იაზრებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემას, თუმცა, ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებების შემცირების დინამიკა ვერ გამართლდება მხოლოდ ამ არგუმენტით, რადგან 2017 წლიდან ყოველწლიურად იკლებს სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობაც (2016 წელს წარდგენილ იქნა 115 სარჩელი, 2017-ში -96, 2018-ში - 91. 2019-ში 89, 2020-ში კი - 78).[14]

თავად საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსთვის, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლის მიმართვის უფლება უნდა წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებასა და იძლეოდეს უფლების ჯეროვანი აღდგენის შესაძლებლობას.[15] „სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას.“[16]

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს სასამართლოში ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები. დროული და ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების გაუმართლებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საქმეთა პრიორიტეტულობის განსაზღვრის ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვის თანმიმდევრული პრაქტიკის განვითარებასა და სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი)

[2] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

[4] https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb-kanonis-normebis-arakonstitutsiurad-tsnobas-itkhovs

[5] https://socialjustice.org.ge/ka/products/narkotikul-danashaulshi-msjavrdebultatvis-damatebiti-uflebebis-avtomatur-chamortmevaze-sakonstitutsio-sasamartlo-imsjelebs

[6] https://socialjustice.org.ge/ka/products/narkotikuli-sashualebebis-odenobebisa-da-datsesebuli-sasjelebis-samartlianobaze-sakonstitutsio-sasamartlo-imsjelebs

[7] https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-kuchashi-mtskhovrebi-miusafari-pirebisatvis-saarsebo-shemtseobis-mighebis-shemzghudav-regulatsiebs-sakonstitutsio-sasamartloshi-asachivrebs

[8] https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-gafitsvis-uflebastan-dakavshirebit-sakonstitutsio-sasamartlos-sarchelit-mimartavs

[9] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 2-6 პუნქტები

[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე;

[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი

[12] მონაცემები დამუშავებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე (www.constcourt.ge) გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წლის მაისის მდგომარეობით

[13] მონაცემები დამუშავებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე (www.constcourt.ge) გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წლის მაისის მდგომარეობით

[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე;

[15] (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-29

[16] იქვე, II-7

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“