საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა ინტერესებს დაიცავს. სასამართლოსთვის წარგდენილ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ორი საკითხი:
მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმები არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის. ამასთან, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს მცირე და საშუალო (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა) ოდენობებს და შესაბამისად, მათი უმცირესი რაოდენობით აღმოჩენაც კი კანონით დიდ ოდენობად მიიჩნევა, რაზეც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე ვადით.
მოსარჩელეების პოზიციით, დღეს არსებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, პატივისა და ღირსების ხელშეუვალობისა და თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებებს. ერთი მხრივ, კანონმდებლობა აწესებს უსამართლო ოდენობებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის, მეორე მხრივ კი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად მკაცრ სანქციებს პირადი მოხამრების მიზნით მათი უკანონო შეძენა/შენახვისათვის.
მოსარჩელეების მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა (თუკი მათი ოდენობა ცალსახად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან აღნიშნული მიზანი არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), არ წარმოადგენს იმ სახის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ ქმედებას, რომ ამ ქმედებისთვის პირი დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით. ამავდროულად, ასეთ ქმედებაზე სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს (და ხშირ შემთხვევაში კონტრპოდუქტიულია) სასჯელის ისეთი მიზნების მიღწევას, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და ზოგადი სამართლიანობის აღდგენა.
დღესდღეობით სადავო ნორმებით არაერთ პირს აქვს ხანგრძლივი ვადით თავისუფლება აღკვეთილი. გასაჩივრებული ნორმების მოქმედება მით უფრო არაგონივრული და რეპრესიულია იმ პირთა მიმართ, ვისაც წამალდამოკიდებულების პრობლემა აქვს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს და შეაფასოს ამ ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი.
საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან“, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელთან“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.
ინსტრუქცია