საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის საარსებო შემწეობის მიღების შემზღუდავი რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, 2016 წლის 31 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
EMC წარმოადგენს მოსარჩელე ვ. ჩ.-ს ინტერესებს, რომელიც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირია და ეზღუდება საარსებო შემწეობასა და სხვა ბენეფიტებზე წვდომის უფლება.
სადავო რეგულაციები ადგენს, რომ ქუჩაში მცხოვრებ უსახლკარო პირებს არ გააჩნიათ უფლება, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიიღონ საარსებო შემწეობა და ისარგებლონ ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა სახის ბენეფიტებით, მაგ. ბაზაში რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებული ცენტრალური ხელისფულებისა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრირებადი სოციალური პროგრამებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებით სასამართლოში წარდგენილ სარჩელებსა თუ განცხადებებზე და სხვა. აღნიშნულს განაპირობებს ის სადავო ნორმები, რომელთა თანახმადაც, დასახელებული უფლებები ენიჭებათ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონის ფაქტის მიუხედავად, ორივე კატეგორიის ოჯახს შესაძლებელია გააჩნდეთ თანაბარი საჭიროება, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად, ისარგებლონ საარსებო შემწეობის მიღების უფლებით და სხვა სახის, კანონით გათვალისწინებული სარგებლით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რომელთა მიმართაც განსხვავებულ რეგულაციებს ითვალისწინებს გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები. ამასთან, ამგვარი მიდგომა ვერ იქნება გამართლებული სახელმწიფოს შესაძლო ლეგიტიმური მიზნით, როგორიც არის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა და/ან ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სირთულეები.
გარდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისა, EMC მიიჩნევს, რომ გარკვეული პროცედურული სირთულეების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფო არ აღიარებს მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს ღირსების, სიცოცხლისა და სოციალური უსაფრთხოების უფლებით დაცულ სამართლის სუბიექტებად, რაც იწვევს მათთვის იმ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რისთვისაც გამიზნულია საარსებო შემწეობა, კერძოდ საკვებსა თუ სხვა სახის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მიმართულ საშუალებებს.
მსგავსი მიდგომა ლახავს მოსარჩელის ღირსების უფლებას, რაც აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ იქნება გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით. ადამიანებისთვის საარსებო მინიმუმზე წვდომის უფლების შეზღუდვა მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს ასევე აიძულებს იცხოვრონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მუდმივი და განგრძობადი საფრთხის შემცველ გარემოში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას, ისევე როგორც სოციალური უსაფრთხოების უფლებას. ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს ადამიანის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების უფლებას, რათა შეძლოს არსებობა და კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
EMC-ის ასევე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, რომლის ფარგლებშიც ითხოვს, სადამსჯელო და რეპრესიული პოლიტიკის გამომხატველი იმ სამართლებრივი რეგულაციების გაუქმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო ობიექტებში ნებართვის გარეშე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს ეზღუდებათ უფლება დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიიღონ საარსებო შემწეობა და ისარგებლონ ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა სახის ბენეფიტებით.
ინსტრუქცია