[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის დამატებითი უფლებების ავტომატურ ჩამორთმევაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს

sasamartlo1

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსარჩელის ინტერესებს დაიცავს. კონსტიტუციური სარჩელი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა“ და EMC-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა. სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლის საფუძველზეც, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურად, წინასწარ განსაზღვრული ვადით ეზღუდებათ რიგი უფლებები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის და სხვა უფლებები.

მოსარჩელეების აზრით, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირები იმყოფებიან უთანასწორო მდგომარეობაში სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით და მათზე ვრცელდება არაპროპორციულად მძიმე სამართლებრივი შეზღუდვები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელების გარდა, მათ მიმართ დამატებით გამოიყენება უფლებების შეზღუდვის მექანიზმი, რაც ამძიმებს მსჯავრდებულთა სამართლებრივ მდგომარეობას და ხელს უშლის მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების განხორციელებას.

მოსარჩელეების პოზიციით, უფლებების ჩამორთმევის მექანიზმის არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთი წინაპირობაა ის, რომ მისი გამოყენებისას მოსამართლე არ სარგებლობს დისკრეციით. კერძოდ, მას არ შეუძლია ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების მიხედვით განსაზღვროს, არის თუ არა საჭირო სასჯელთან ერთად უფლებების დამატებითი შეზღუდვის მექანიზმის გამოყენება, ასევე რა ვადით და რომელი უფლებების ჩამორთმევაა საჭირო მსჯავრდებულისათვის, რათა სასჯელის ყველა მიზანი იყოს მიღწეული. ამდენად, უფლებების ჩამორთმევა ავტომატურ რეჟიმში ხდება და ის სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს არ უგულებელყოფს.

სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის მქონე პირებს ავტომატურად უზღუდავს საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის ტიპისა და ნასამართლობის სტატუსის მქონე პირის პიროვნული მახასიათებლებისა. ამასთან, შეზღუდვები ვრცელდება საჯარო სამსახურში არსებულ, ნებისმიერი ტიპის საქმიანობაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის პირის უფლებებში ჩარევის ინტენსივობას, ამძიმებს ნასამართლევი პირების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

სადავო ნორმებით არაერთ პირს აქვს შეზღუდული რიგი უფლებები, რის გამოც, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სრულყოფილ სარგებლობას, საკუთარი ცხოვრების დაგეგმვასა და სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვას, მიუხედავად იმისა, რომ მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელები სრულყოფილად მოიხადეს. აღნიშნული შეზღუდვები ხელს უწყობს ნარკოტიკულ დანაშაულში ნასამართლევი პირების მარგინალიზაციას და საზოგადოებისგან იზოლაციას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სადავო ნორმების შინაარსზე და შეაფასოს მათი კონსტიტუციურობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“