[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

EMC „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

20151112_125417

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მოსამართლის ნებართვის გარეშე განხორციელდეს:

  • ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული კინო- და ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება;
  • აგრეთვე, ელექტრონული თვალთვალი (მათ შორის, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხებიდან) კავშირის ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით.

EMC თვლის, რომ აღნიშნული სამართლებრივი რეგულირება ეწინააღმდეგება, პიროვნების თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრებისა და სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს (კონსტიტუციის მე-16, მე-20 და 42-ე მუხლები). EMC-ის მიაჩნია, რომ ფარული მეთოდების გამოყენებისას, სასამართლო კონტროლის არარსებობა აჩენს შესაბამისი სამსახურების მხრიდან თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს და აზრს უკარგავს კონსტიტუციური დაცვის გარანტიებს.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანიც არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამდენად, ეს კონტრდაზვერვითი საქმიანობა განსხვავდება სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიებისგან, რამდენადაც მისი ძირთიადი მიზანი არა გამოძიება, არამედ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და საფრთხეების თავიდან აცილებაა. შესაბამისად, “კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” კანონი არეგულირებს ფარული აუდიო- და ვიდეოჩაწერის, ასევე ფარული მიყურადების ისეთ ფორმებს, რომლებიც გამოიყენება კონტრდაზვერვითი და არა საგამოძიებო მიზნებისთვის.

მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, მოსამართლის ნებართვის არარსებობისას, ნებისმიერი პირი შესაძლოა გახდეს ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის მსხვერპლი, რამდენადაც კონტრდაზვერვით სამსახურებს არ აქვთ სასამართლოს წინაშე ღონისძიების დასაბუთების ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ ფარული ღონისძიებების შემთხვევაში, პირმა არ იცის, რომ მის მიმართ უფლებაშემზღუდავი ქმედება ხორციელდება. შესაბამისად, არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ამდენად, პირი დარჩენილია ძირთადი სამართლებრივი გარანტიების გარეშე.

.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“