[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / ანგარიში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს

დღეს საქართველოს პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. პარლამენტის თავმჯდომარეს ანგარიში 2023 წლის 13 აპრილს, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, წარედგინა და ის საჯაროდაა ხელმისაწვდომი.[1]

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს სუს-ის 2022 წლის ანგარიშს და მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში ის ვერ აკონკრეტებს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების წარმომავლობას. ანგარიში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საგანმანათლებლო და სხვა დამოუკიდებელი აქტორების ოპერატიული კონტროლი. ანგარიში ასევე უგულებელყოფს უსაფრთხოების სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს და არასაკმარისად აჩვენებს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რისკებსა და გამოწვევებს.

პროცედურული ხარვეზები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წლებია მიუთითებს სუს-ის პოლიტიზირებაზე, ფართო კომპეტენციასა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების არაეფექტიანობაზე.[2] წელსაც პრობლემურია სუს-ის წლიური ანგარიშის საკომიტეტო განხილვის ფორმატი. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ანგარიშს კომიტეტებს წარუდგენს არა სამსახურის უფროსი, არამედ მისი პირველი მოადგილე, რაც ეწინააღმდეგება „საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს სუს-ის უფროსის პარლამენტის წინაშე უშუალო ანგარიშვალდებულების შესახებ. ამასთან, კვლავ გამოწვევაა საქართველოს პარლამენტის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა. წელსაც, საკომიტეტო მოსმენის დროს კითხვა-პასუხის რეჟიმი, უმრავლესობის ინიციატივით, სრულად დახურულია და მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ სუს-ის წარმომადგენლის განმარტებები პარლამენტის წევრების მიერ დასმულ იმ კითხვებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან.  

საფრთხეების წარმომავლობის ორაზროვანი შეფასება

სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის შინაარსი ბუნდოვანია და არ აკონკრეტებს იმ საფრთხეების წარმომავლობას, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სამსახური საფრთხედ აფასებს პოლიტიკური ძალების, სამეცნიერო და საექსპერტო წრეების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, ფონდების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. სუს-ი ამ სუბიექტებს ე.წ. რბილ ძალად მიიჩნევს, რომლებიც საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დახმარებით ცდილობენ პოლიტიკური, სამხედრო და ნაციონალური იდეების გავრცელებას. ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის რა საფრთხეს ხედავს უწყება მსგავსი აქტივობების განხორციელებაში, ან რა მანდატის ფარგლებში აფასებს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ისეთ აქტივობებს, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს. ანგარიში არაერთხელ ახსენებს ქვეყანაში „დესტრუქციული და რადიკალური“ ჯგუფების მოქმედებას, თუმცა არ ასახელებს, თუ ვინ ფასდება ქვეყნის შიდა საფრთხედ, ან რა ტიპის გამოწვევას წარმოადგენენ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.    

იმ პირობებში, როდესაც 2022 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა ხელისუფლების სამოქალაქო სექტორზე, საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და სხვა დამოუკიდებელ აქტორებზე ზეწოლა, სუს-ის მხრიდან საფრთხის წარმომავლობის დაუსახელებლობა ქმნის განცდას, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში კონტროლის ობიექტად ის მიიჩნევს იმ დაწესებულებებს, რომლებიც დასავლური ფონდებისგან იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.  ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ უსაფრთხოების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც 2022 წლიდან პრო-სახელისუფლებო ჯგუფები, ხოლო 2023 წლის მარტში უმრავლესობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული „რუსული კანონის“ მიღების გასამართლებლად იყენებდა. ამ კონტექსტში, საგანგაშოა, რომ დასახელებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად, სუს-ი, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, იყენებდა ოპერატიული კონტროლის მექანიზმებს როგორც ცალკეულ პროცესებზე, ასევე პირებსა და ორგანიზაციებზე დასაკვირვებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშში არაა დაკონკრეტებული ის ინსტრუმენტები, რომლებსაც სამსახური ამ პროცესში მიმართავდა.

ტოტალური კონტროლის ნიშნები

ერთი მხრივ, მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშ მყოფი პირების წრის განუსაზღვრელობა, მეორე მხრივ კი გამოყენებული ინსტრუმენტებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შესახებ სტატისტიკის არასაჯაროობა, საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ სუს-ის საქმიანობა არა რეალური საფრთხის პრევენციას, არამედ კონკრეტული პირების, ორგანიზაციებისა და ღონისძიებების ტოტალურ კონტროლს ემსახურებოდა. ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ 2022 წლის ანგარიშში არ გვხვდება ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა შედეგი გამოიღო „რბილ ძალასა“ და „ფარულ ოპერაციებთან“ ბრძოლის წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა. მათ შორის, გამოვლინდნენ თუ არა კონკრეტული ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნების/მტრული სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ სადაზვერვო ღონისძიებებს ატარებდნენ საქართველოში, ან ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ უსაფრთხოების გარემოზე ქვეყანაში.

ტერმინების სიზუსტისა და საფრთხეების დიფერენციებისა და განჭვრეტადობის პრობლემა

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური საკუთარ წლიურ ანგარიშში ღიად, პირდაპირ და არაერთხელ საუბრობს საქართველოსთვის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სააფრთხეებზე. მიუხედავად ამისა, სხვა საფრთხეების კონტექსტში, ანგარიშიდან შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რომელ სახელმწიფოს მოიაზრებს სუს-ი მტრულად და რომელი ქვეყნის კონტრდაზვერვითი საქმიანობის წინააღმდეგაა ოპერატიული კონტროლის მექანიზმები გამოყენებული.

ამასთანავე დოკუმენტში საუბარია რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე. მაგრამ დოკუმენტი არ იყენებს საერთაშორისოდ გამოყენებულ სიტყვათა შეთანხმებას: „რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი (Unprovoked and unjustified war).“ ნაცვლად ამისა, რიგ შემთხვევებში, ის იყენებს ტერმინებს, როგორიცაა „რუსეთ-უკრაინის ომი“, რაც პრობლემურია.

დეზინფორმაციაზე, ჰიბრიდულ ომსა და სხვა საფრთხეებზე ანგარიში საუბრობს ისე, რომ არ არის დაზუსტებული ის ორგანიზაციები, ჯგუფები და სუბიექტები, რომელთაგანაც მომდინარეობს ეს საფრთხე და არ არის მიმოხილული ის ნარატივები/თეორიები, რომლებიც გამოიყენება მტრული ძალების მხრიდან საზოგადოების საინფორმაციო მედეგობის დასასუსტებლად. დოკუმენტში არც ამ ნარატივების გაქარწყლებისთვის საჭირო არგუმენტები და ინფორმაციაა წარმოდგენილი. ამ დაზუსტებებს სუს-ი მაშინაც არ აკეთებს, როცა ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმზე საუბრობს და ის დუმს საქართველოში მზარდ ულტრაკონსერვატიულ, პრო-კრემლისტურ ჯგუფებზე და მათგან მომდინარე ძალადობრივ პრაქტიკებზე და  პროპაგანდისტულ მუშაობაზე.

სამწუხაროა, რომ ქვეყანას, რომელიც მე-15 წელია რუსული მცოცავი ოკუპაციის/ანექსიის პირობებში ცხოვრობს, კვლავ არ აქვს ჰიბრიდულ ომებთან გამკლავების ქმედითი სტრატეგიები და ტექნიკები, რომელიც რუსეთის ძალიან კარგად აქვს განვითარებული არა ერთ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს. სახელმწიფოს,[3] მაგალითად, ლატვიისა და ლიეტუვის უსაფრთხოების სამსახურები სახელდებით მოიხსენებენ ინფორმაციული ომის ავტორებს, გამოავლენენ და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას კონკრეტულ პლატფორმებზე, ნარატივებსა, თუ ადამიანებზე, რაც და ვინც ხელს უწობს რუსულ ინტერესებს. ეს სამსახურები მაქსიმალური გამჭვირვალობითა და პროაქტიული ანალიზის გზით არამხოლოდ ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფენ, არამედ საზოგადოების განათლებასა და  ინფორმირებულობას. ჩვენს რეალობაში კი აშკარაა, რომ სუს-ის ანგარიშები ძალიან ზოგადია, არ იძლევა ზედამხედველობის საშუალებას, არ ასახელებს რუსეთს, როგორც ჰიბრიდული ომის ყველაზე აქტიურ მხარეს. ამის საპირისპიროდ, სამსახური რუსეთს ღია მტრად მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმში აცხადებს, საზოგადოებას არ ეხმარება ფართოდ გავრცელებულ ცრუ ფაქტებსა და საკუთარი ძალებით პროპაგანდასთან გამკლავებაში. ჩვენს საზოგადოებაში კრემლის ნარატივები მარტივად იკიდებს ფეხს და ციფრული წიგნიერების დონე ძალიან დაბალია. ამის გამო, მოსახლეობას ფაქტების გადამოწმების უნარები ნაკლებად აქვს განვითარებული და მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს ალტერნატიულ აზრებს, ფაქტებსა თუ ისტორიული მოვლენების რეალურ განვითარებას.

ადამიანური უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიდგომების სისუსტე

სახელმწიფოს ხედვაში თითქმის არ იკითხება ადამიანური უსაფრთხოების ხედვა, რომელიც დღეს უსაფრთხოების კონცეფციის დემოკრატიული გაგებაა და ის ამ პოლიტიკას ქვემოდან, ადამიანების და სოციალური ჯგუფების პერსპექტივიდან, იგებს და მათ უსაფრთხოებაზე, დაცულობასა და კეთილდღეობაზე აკეთებს აქცენტს. უსაფრთხოების თანამედროვე გაგებაში უსაფრთხოებას ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების ემანსიპაციის შინაარსი აქვს და მათი თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის რისკისა და გამოწვევების დაზღვევას ისახავს მიზნად. შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემისთვის მილიტარისტული საგარეო საფრთხეების მიღმა, გამოწვევად დანახულია სიღარიბე, გარიყულობა, სუსტი განათლების სისტემები, პანდემიები, ეკოლოგიური კატასტროფები და ა.შ. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს ესმით, რომ უფლებების ჩამორთმევა, სოციალური დეპრივაცია, ფრუსტრაცია უსაფრთხოების რისკს ზრდის და ცალკეული სოციალური ჯგუფების შეჭიდულობას/კავშირს საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან ასუსტებს. სტაბილური და მშვიდობიანი პოლიტიკური გარემოსთვის სახელმწიფომ სწორედ გარიყულობის სტრუქტურული მიზეზები უნდა აღმოფხვრას პირველ რიგში. სამწუხაროდ, სუს-ის ანგარიშში უსაფრთხოების ამგვარი გაგება სრულად დაკარგულია. სიმპტომატურია ისიც, რომ დოკუმენტი უსაფრთხოების ყველა განზომილებას არ მოიცავს, არ ყოფს მის ინდივიდუალურ, კომუნალურ/სათემო, ეროვნულ და საერთაშორისო განზომილებებს და საფრთხეების ქვედა დონეებზე სათანადოდ არ მსჯელობს. 

საზღვრის უსაფრთხოება

რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების კვლადაკვალ, 2022 წელს, საქართველოში მიგრაციის ნაკადის გაზრდის საკითხზე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაზრდილი რისკებისა და გამოწვევების ფონზე უსაფრთხოების სამსახურმა, აღნიშნული ნაკადის მონიტორინგის მიზნით, გააქტიურა კონტრდაზვერვითი საქმიანობა „საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლის და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვების სუვერენული უფლებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.“ თუმცა, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც რუსეთიდან მიგრაციისა და მისი, მათ შორის,  ეკონომიკური გავლენების მასშტაბებს დაგვანახებდა. დოკუმენტში ასევე არაფერია წერია იმ ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რომლებიც მიგრაციისა და მისგან მომდინარე ეკონომიკური შედეგების სახელმწიფო კონტროლის გზებს დაგვანახებდა. ანგარიშში ასევე არაფერია ნათქვამი 2022 წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვებისა და prima facie შემოწმების უფრო მკაცრი მიდგომების შესახებ, რომლებიც მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის კრიტიკის საგანი გახდა.   

ეთნიკური უმცირესობები და უსაფრთხოება

დოკუმენტი ორჯერ აღნიშნავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს საფრთხეების კონტექსტში. პირველ შემთხვევაში, საუბარია „ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ მოსახლეობის განწყობებითა და სოციალური საკითხებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების შესახებ. რაც შესაძლოა გასაგები იყოს, რუსეთის საგარეო უწყების მიერ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული სოციალური გამოწვევების ხსენების ფონზე.[4] ამასთან, ანგარიშის კიდევ ერთ ნაწილში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, ნახსენებია ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურული და ბიზნესპროექტების კონტექსტში, სადაც საუბარია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობებზე, რომ კავშირები დაამყარონ საქართველოს მოქალაქეებთან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო შეხვედრების ფარგლებში და გაავრცელონ მათი ნაციონალისტური, სამხედრო და პოლიტიკური იდეოლოგიები. კრიტიკულად მნიშნველოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტოს, თუ რომელი ქვეყნებისგან მომდინარეობს აღნიშნული საფრთხეები, გარდა რუსეთისა.  ამ ჩანაწერების ზოგადი შინაარსი ამ საფრთხეების რეალური განჭვრეტის შესაძლებლობას არ ტოვებს და მეტიც, არასწორი ინტერპრეტაციის რისკებს ქმნის.

არსებითია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიაზროს ის მიმართება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას, ინკლუზიური პოლიტიკის გატარებასა და უსაფრთხოებას შორის არსებობს. უმცირესობების უფლებების დაცვა/ინკლუზია და უსაფრთხოება არა კონფლიქტური, არამედ კომპლემენტარული კონცეფციებია და სწორედ სამართლიანი, დაცული და მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური გარემო ქმნის სტაბილურ და მედეგ პოლიტიკურ კლიმატს და სოციალურ მშვიდობას.

ნიშანდობლივია, რომ ეთნიკური უმცირესობების შესახებ სუს-ის ანგარიშის მსჯელობა თითქმის ბრმაა მათი დაბალი პოლიტიკური რეპრეზენტაციის, სოცილური ექსკლუზიის, სუსტი განათლების, ინფორმაციული იზოლაციის გამოწვევების მიმართ. აღნიშნული გამოწვევების შესახებ ბევრს საუბრობენ საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, მასთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო და სხვა სათემო ორგანიზაციები.[5] ეს პრობლემები აღიარებულია სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი. შესაბამისად, ანგარიში არ შეიცავს ამ გამოწვევების დაძლევის გზების შესახებ ხედვას. 

უსაფრთხოება და მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში ეხმიანება და პასუხობს იმ შიშებს, რომლებიც უკრაინის ომის ფონზე წარმოიშვა საქართველოს კონფლიქტის რეგიონებში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. სუს-ის განმარტებით, ამ დეზინფორმაციებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებდნენ კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების წასახალისებლად. მისასალმებელია, რომ კონფლიქტის რეგიონებში წარმოშობილ ამ შიშებს უსაფრთხოების სამსახური მის ყოველწლიური ანგარიშში ეხმიანება, თუმცა ომის დაწყებიდან დღემდე კონფლიქტის რეგიონებში არსებულ ამ წუხილებს სუს-ი არ გამოხმაურებია, რაც პასუხს გასცემდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და ამასთანავე, ადგილობრივ მოსახლეობაში მშვიდობის განცდას შეუწყობდა ხელს.

ანგარიში ასევე საუბრობს აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შევიწროების პრაქტიკაზე, თუმცა, არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა გზები არსებობს მათი უსაფრთხოების დაცვისა და გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობისთვის (განსაკუთრებით საერთაშორისო გადაადგილებისთვის, რაც არსებითია შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში მათი მონაწილეობისთვის;  ასევე მათი ფინანსური მდგრადობისა და გადარიცხვების პროცესში შექმნილი სირთულეების დაძლევისთვის) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რა როლის შესრულება შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ კუთხით.

მსგავსი კრიტიკა ჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ანექსიურ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც უსაფრთხოების სამსახური წლიურ ანგარიშში ეხმიანება, მათ შორის არის ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის“ რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი. აღნიშნული საკითხი აფხაზეთში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მღელვარების საგანია და ანექსიური პოლიტიკის აშკარა გამოვლინებაა, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი არ გახდა ხელისუფლების მხრიდან საჯარო რეაგირებისა და პოლიტიკური განხილვის საგანი.[6]

დოკუმენტში არ არის ინტეგრირებული ხედვა, თუ რას აკეთებს სახელმწიფო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შესაკავებლად და ამ კუთხით რა ალტერნატივებს სთავაზობს სახელმწიფო ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც რუსეთზე მათ ჭარბ დამოკიდებულებასა და მიბმას შეამცირებდა. მათ შორის, დოკუმენტში არ ჩანს ის, თუ ევროპული ინტეგრაციის პროცესი რა პოზიტიურ გავლენებსა და სიკეთეებს მოუტანს ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, მაგალითად, გადაადგილების, ვაჭრობის შესაძლებლობების მიმართულებით. კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პერსპექტივები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, გამჭოლად, დოკუმენტში თითქმის არ ჩანს და ამ კუთხით ის სტერილური და ნაკლებად სენსიტიურია.  

მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახური საუბრობს იმ უფლებრივ და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე, რომლებიც კონფლიქტის რეგიონებში საანგარიშო პერიოდში წარმოიშვა. თუმცა ის ინფორმაცია, რომელსაც წლიურ ანგარიშში უფლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით წერს უსაფრთხოების სამსახური, ზოგადია და არ მოიცავს პრობლემების ფაქტობრივ აღწერილობებს ან დამუშავებულ სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითად, როდესაც გადასასვლელი პუნქტების უკანონო დაკეტვა/გახსნის პრაქტიკაზე უთითებს წლიური ანგარიში, აქ არ არის ნახსენები რომელ გამშვებ პუნქტებზეა საუბარი; ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული რუსიფიკაციისა და ასიმილაციისკენ გადადგმული რა კონკრეტული ქმედებები გამოვლინდა 2022 წელს მაშინ, როცა ამას ხაზგასმით უთითებს წლიური ანგარიში და ა.შ. ამასთან, ანგარიშში არ ჩანს უწყების თვითკრიტიკა და ხედვა ამ მიმართულებით მათი მუშაობის გაუმჯობესების გზებისა და ამ მიზნით დამატებითი რესურსებისა და ცოდნის მობილიზების შესახებ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2022 წელს მიმდინარე მოვლენების ანალიზისას კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ სუს-ს არ გააჩნია მდგრადი პოლიტიკა თუ როგორ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და მას მხოლოდ საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებისა და ინფორმირების სტრატეგია აქვს არჩეული. ბუნდოვანია, რას აკეთებს უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სახელმწიფო ორგანო ბორდერიზაციისა და დაკავებების შემთხვევების ეფექტიანი პრევენციისთვის, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემის დასანერგად. კონფლიქტის რეგიონებსა და მათ მიმდებარედ ადამიანური უსაფრთხოების დაცვის ყოველისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა არ არსებობს, რომლებიც ამ ადგილებში ადამიანების ფიზიკური, სოცილური, საინფორმაციო უსაფრთხოების დაცვის კომპლექსურ და მრავალშრიან სამუშაოებს განსაზღვრავდა.  

ამასთან, დოკუმენტში არ ჩანს კონფლიქტის რეგიონებსა და გამყოფი ხაზის სოფლებში უსაფრთხოების დაცვისთვის სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისა და პოლიტიკის დაგეგმვის ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და სამუშაო პროცესების ფორმალიზებისა და ნდობისთვის.

შეჯამება

სუს-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ვერ პასუხობს დემოკრატიული ანგარიშვალდებულების პრინციპებს. მეტიც, რიგ შემთხვევებში, დოკუმენტი ორაზროვნად წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა და აჩვენებს ტოტალური კონტროლის ნიშნებს ქვეყნის მოსახლეობაზე. დოკუმენტი ვიწრო პრიზმით აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, არის უკიდურესად ზოგადი. დღემდე გამოწვევაა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებები მუშაობენ სტრატეგიული, კონცეფტუალური დოკუმენტების გარეშე, რომლებიც უნდა აფასებდნენ ქვეყნის ძირითად საფრთხეებს და საფუძველს უდებდნენ სექტორში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას. იმ პირობებში, როდესაც უსაფრთხოების კონცეფტუალური დოკუმენტები მოძველებული ან არასაჯაროა, პრობლემურია, რომ სუს-ის წლიური ანგარიში ზოგადია და ვერ უქმნის მოქალაქეებს წარმოდგენას იმ რეალური და კონკრეტული საფრთხეების, მათი წარმომავლობის შესახებ, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებობს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/cvDM5 (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა, 2020, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/gmWX7 (ბოლო წვდომა: 07.07.2023). 

[3] ა. ჭიაბრიშვილი, რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდულ ომთან გამკლავების სუსტი და ბუნდოვანი ქართული გამოცდილება, 2022, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ipFQ8 (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

[4] ზ. მენაღარიშვილი, რუსეთი ირწმუნება, რომ ჯავახეთში ავტონომიას ითხოვენ, ხოლო ქვემო ქართლში - ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას, ნეტგაზეთი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/npGXZ (ბოლო წვდომა: 07.07.2023). 

[5] ეთნიკური უმცირესობის ექსკლუზია (გარიყვა) საქართველოში 2021, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/eltGP (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

თ. ფირანიშვილი; ზ. ბარბაქაძე, ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ექსკლუზია, 2022, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/vRTX3 (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

ქ. მამედლი, შიშველი შრომა - არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები სოფლის მეურნეობაში, 2022, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/wx168 (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

ყოველწლიური სპეციალური ანგარიში „საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ N8, საქართველოს სახალხო დამცველი, 2022, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/otKWX (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022, საქართველოს სახალხო დამცველი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ijFH8 (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას ეხმიანება, 2022, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია:  https://shorturl.at/gHRZ8 (ბოლო წვდომა: 07.07.2023).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“