[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ევროპულმა სასამართლომ FARA-ს და „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრის საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს კიდევ[1] ერთ მნიშვნელოვან საქმეზე აცნობა საჩივრის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას გაეგზავნა კითხვები სოციალური სამართლიანობის ცენტრის, მისი დირექტორის, 6 ადვოკატისა და 3 ბენეფიციარის საჩივართან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება 2025 წლის ზაფხულში ორგანიზაციის მიმართ განხორციელებულ მონიტორინგის პროცესს „გრანტების შესახებ“ კანონისა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) საფუძველზე. საჩივარში განმცხადებლები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე, მათ შორის, კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლის (გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება), მე-13 მუხლის (ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება), მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის ფარგლების მიზნობრივი გამოყენება) დარღვევაზე.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საჩივარს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ეს საჩივარი სხვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მსგავს სარჩელებთან გააერთიანა და მათ ერთობლივად განიხილავს.

საჩივართან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის გაზაფხულიდან „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონების აღსრულების პროცესი ინტენსიურად განახლდა. კერძოდ, 2025 წლის 31 მაისს, ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ ერთპიროვნულად და დემოკრატიული განხილვის გარეშე მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. FARA), რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციის, მასტიგმატიზირებელი სახელის ყველა საჯარო კომუნიკაციაში გამოყენების, სახელმწიფოს მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის, სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებულების გადაჭარბებულ ბიუროკრატიულ ტვირთს, კანონის შეუსრულებლობის/არასათანადო შესრულების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას და სხვა შეზღუდვებს აწესებდა.[2] ამავე პერიოდში, 2025 წლის 16 აპრილს და 12 ივნისს, „ქართული ოცნების“  პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც საბოლოოდ აიკრძალა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღება.[3] აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა აღმასრულებელ ხელისუფლებას ასევე მისცა ორგანიზაციების შემოწმებისა და მონიტორინგის, ასევე დასჯის მექანიზმები.  

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები სხვა საერთაშორისო აქტორებთან[4] ერთად, მკაცრად გააკრიტიკა და მათი გაუქმების რეკომენდაცია გასცა, მათ შორის, ვენეციის კომისიამ, რადგან შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩო ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლებებს.[5]

ზემოთ აღნიშნული კანონების მიღებისთანავე ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მათი ინტენსიური აღსრულება მხოლოდ რამდენიმე, დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ.

თავდაპირველად, 2025 წლის 17 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ანტიკორუფციულმა ბიურომ სოციალური სამართლიანობის ცენტრისგან (და რამდენიმე სხვა პარტნიორი ორგანიზაციისგან), ასევე ჩვენთან კავშირში საბანკო ორგანიზაციებისგან და შემოსავლების სამსახურიდან პრაქტიკულად შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც მოიცავდა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის პერიოდში ორგანიზაციის შინაარსობრივი, ინსტიტუციური და ფინანსური საქმიანობის, მათ შორის, პროექტების, პროექტების ანგარიშების, მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებების, ორგანიზაციაში დაცული ბენეფიციარების და თანამშრომლების მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  სოციალური სამართლიანობის ცენტრს ბენეფიციართა პირადი მონაცემების, ფინანსური და სხვა სენსიტიური ინფორმაციის წარდგენა ყოველგვარი დასაბუთებისა ან ზეპირი მოსმენის გარეშე დააკისრა და ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა ავტომატურად დააკმაყოფილეს, მოთხოვნის პროპორციულობის შეფასების გარეშე.

ჩვენი შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს და სასამართლოების აღნიშნული მოთხოვნა სრულად მოკლებული იყო რაიმე სამართლებრივ საფუძველს, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს და არაპროპორციულ, უხეშ ჩარევას წარმოადგენდა გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ორგანიზაციის შიდა ავტონომიაში, პირადი ცხოვრების და თანასწორობის უფლებაში. მიუხედავად ჩვენი დასაბუთებული პოზიციისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა უარი განაცხადა ბენეფიციარების და სხვა ინდივიდუალური პირების პერსონალური მონაცემების  ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემაზე და მხოლოდ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარადგინა. ამასთან, ჩვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ კომერციული ბანკებისგან და შემოსავლების სამსახურიდან მიიღო.

მოგვიანებით, 2025 წლის 8 აგვისტოს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და სხვა ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროსგან ახალი წერილი მიიღო, სადაც ბიურო ითხოვდა განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ არ დარეგისტრირდა ორგანიზაცია უცხოეთის აგენტად, მაშინ როდესაც მისი დაფინანსების ძირითადი წყარო უცხოური დონორების მიერ გაცემული გრანტები წარმოადგენდა და მისი შეფასებით, ორგანიზაციის საქმიანობა FARA-ს მიზნებისთვის, “პოლიტიკურ საქმიანობად” კვალიფიცირდებოდა. ამასთან, ბიურო ხაზს უსვამდა რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში FARA-თი გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ანტიკორუფციულ ბიუროს გაუგზავნა ვრცელი წერილი, სადაც ის ვრცლად მიმოიხილავდა აშშ-ში FARA-ს მიღებისა და  გამოყენების ისტორიას და პრაქტიკას და უთითებდა, რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი საწესდებო მიზნებით წლებია დამოუკიდებლად მუშაობენ, საკუთარ დღის წესრიგსა და მისიას დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და ასრულებენ და  მრავალი დამფინანსებელი და პარტნიორი ჰყავთ, შეუძლებელია მიჩნეულიყო უცხოეთის აგენტად FARA-ს გაგებით.[6]

საბოლოოდ, ანტიკორუფციულ ბიუროს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წინააღმდეგ დაწყებული აღნიშნული პროცედურა, ადმინისტრაციული ვადების ამოწურვის მიუხედავად, არ დაუსრულებია. მალევე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 1 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა.[7]

აღნიშნულის მიუხედავად, FARA-სა და „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილ ჩარჩოს, მის უმძიმეს გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე, ასევე ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში 2025 წლის 27 აგვისტოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასა და ორგანიზაციის მიმართ წარმოებულ განგრძობად მტრულ და დეზინფორმაციულ კამპანიებს დამანგრეველი გავლენა ჰქონდა ორგანიზაციაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის არსი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში დავობს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაციის საქმიანობის, ფინანსების და ბენეფიციართა შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლები.

საჩივარში ასევე ვდავობთ, რომ ასეთი ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ხელყოფს, როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის, ისე მისი ადვოკატებისთვის, რადგან მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნით დაირღვა ადვოკატთა შესახებ კანონით დაცული ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობა. ამ უფლების დარღვევას ჩვენი ბენეფიციარების მიმართაც ვდავობთ, რადგან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენით, გამოაშკარავდებოდა მათი კავშირი ორგანიზაციასთან, ასევე ორგანიზაციაში დაცული მათი პერსონალური ხასიათის შემცველი ინფორმაცია.

საჩივარში სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე უთითებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა დისკრიმინაციული იყო სოციალური სამართლიანობის ცენტრის, მისი დირექტორისა და ადვოკატების მიმართ და დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი, მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში.  ჩვენი მტკიცებით, ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნე სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობისა და მთავრობის პოლიტიკის კრიტიკის გამო გახდა.  

საჩივარში კრიტიკულად არის განხილული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ (FARA) კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები და აღნიშნულია, რომ ორივე კანონი ხელყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან FARA ორგანიზაციებსა და მათ თანამშრომლებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ მასტიგმატიზირებელი იარლიყით და ეს სტატუსი მიუთითონ ყველა საჯარო კომუნიკაციაში. ამასთან, ორგანიზაციები ექვემდებარებიან შემოწმებისა და მონიტორინგის თვითნებურ და ბუნდოვან მექანიზმებს, ხოლო რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის წესების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხოლო „გრანტების შესახებ“ კანონში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით გაფართოვდა გრანტის დეფინიცია და ყველა უცხოურ დაფინანსებაზე გავრცელდა მთავრობის წინასწარი ნებართვისა და შინაარსობრივი კონტროლის მოთხოვნა. ორივე შემთხვევაში, კანონების მოთხოვნების შეუსრულებლობა ორგანიზაციებს მძიმე სანქციების დაკისრების საფრთხის წინაშე აყენებს, რაც მათ საქმიანობასა და არსებობაზე არსებით გავლენას ახდენს. საჩივარში ასევე დასაბუთებულია, რომ აღნიშნული კანონები შეიცავს ფართო, ორაზროვან და ბუნდოვან დეფინიციებს და ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს ჭარბ და პრაქტიკულად შეუზღუდავ უფლებამოსილებებს.

სარჩელში სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე უთითებს, რომ განმცხადებლებს არ გააჩნდათ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება (კონვენციის მე-13 მუხლი) ამ უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმატიული აქტების კონსტიტუციური შემოწმებისას უზრუნველყოფს მხოლოდ აბსტრაქტულ შემოწმებას და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღება მკვეთრად ჭიანურდება, ხოლო საერთო სასამართლოები პრაქტიკაში ავტომატურად, სათანადო განხილვისა და დასაბუთების გარეშე ადასტურებენ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს.

საბოლოოდ კი, საჩივრის ფარგლებში განმცხადებლები ვდავობთ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე და ვამტკიცებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის, ასევე FARA-ს მიღებისა და გრანტების შესახებ კანონის ცვლილებების ერთადერთი ნამდვილი მიზანი კრიტიკული ორგანიზაციების გაჩუმება და განადგურებაა და არა კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. ამგვარი ფარული, ბოროტი მიზნის არსებობას, ჩვენი მტკიცებით, ადასტურებს ღონისძიებათა თანმიმდევრობა:  NGO-ებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მიერ წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიები, ხელისუფლების წარმომადგენლების უწყვეტი თავდასხმები სოციალური სამართლიანობის ცენტრზე.

საქმის წარმოების ფარგლებში ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფოსთვის დასმული კითხვები

ევროპულმა სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო და საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ კითხვებში პრაქტიკულად გაიმეორა ჩვენი მოთხოვნა და არგუმენტი. მათ შორის:

  • წარმოადგენდა თუ არა FARA-ს მიხედვით ინფორმაციის წარდგენისა და “უცხოური პრინციპალის აგენტის” იარლიყით ფუნქციონირების მოთხოვნები, ასევე გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებები (კონკრეტულად კი ანტიკორუფციული ბიუროს ბრძანება ინფორმაციის წარდგენის შესახებ) განმცხადებლების მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას. ჩარევის არსებობის შემთხვევაში სასამართლო დაინტერესდა, შესაბამისობაშია თუ არა ასეთი ჩარევა მე-8 მუხლის 2-ე პუნქტთან.
  • ხელყოფს თუ არა FARA და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები - რეგისტრაციის, რეპორტინგის, ინფორმაციის წარდგენის, “უცხოური პრინციპალის აგენტის” იარლიყით ფუნქციონირების, გრანტის მიღების წინასწარი ნებართვის მოთხოვნები - შესაბამისი განმცხადებლების უფლებებს მე-10 და მე-11 მუხლების პირველი პუნქტების მიხედვით, და, თუ ხელყოფა დადასტურდება, შესაბამისობაშია თუ არა ასეთი ჩარევა მე-10 და მე-11 მუხლების მეორე პუნქტებთან.

ამ მიმართებით, სასამართლო კონკრეტულად დაინტერესდა:

აქვს თუ არა ორგანიზაციის „უცხო პრინციპალის აგენტად” რეგისტრაციის ვალდებულებას სტიგმის ეფექტი, ქართულ ენაში არსებული ლინგვისტური ნიუანსების გათვალისწინებით, და შესაძლოა თუ არა ამას ორგანიზაციის საქმიანობაზე დამაზიანებელი გავლენა ჰქონდეს;

აკმაყოფილებს თუ არა ქართული FARA-ით გათვალისწინებული „უცხო პრინციპალის" დეფინიცია მე-10 მუხლის 2-ე პუნქტითა და მე-11 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ აუცილებლობის, რელევანტურობისა და დასაბუთებულობის მოთხოვნებს? კერძოდ, საკმარისად განსაზღვრავს თუ არა კანონი „აგენტობის ურთიერთობას” უცხოურ პრინციპალებსა და მათ ადგილობრივ აგენტებს შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად ფართო ან არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია

შესაბამისობაშია თუ არა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით უცხოური გრანტის მიღებისთვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა მე-10 მუხლის მეორე პუნქტითა და მე-11 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ აუცილებლობის, რელევანტურობისა და დასაბუთებულობის მოთხოვნებთან?

პროპორციულია თუ არა ქართული FARA-სა და გრანტების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკისრებული სანქციები გადაცდომის სიმძიმესთან?

  • წარმოადგენდა თუ არა FARA-სა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება დისკრიმინაციულ მოპყრობას კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით, მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში;
  • ჰქონდათ თუ არა განმცხადებლებს ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება მათი საჩივრებისთვის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლების მიხედვით, როგორც ამას მოითხოვს მე-13 მუხლი;
  • გამოყენებული იყო თუ არა მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით ნებადართული შეზღუდვები კონვენციით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნებისთვის, მე-18 მუხლის დარღვევით.

ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის წარდგენის ვადად ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2026 წლის 15 ოქტომბერი განუსაზღვრა.

დასკვნა 

საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და მათი პრაქტიკული აღსრულების ფორმებმა არსებითად შეცვალა ის გარემო, რომელშიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება საქმიანობდა. დღეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციური გარემო მკვეთრად შეზღუდული, რეპრესირებული და განადგურების პირასაა მისული. "ქართული ოცნების" მიერ მიღებულმა კანონებმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებას, დაფინანსების წყაროებზე, შიდა საქმიანობაზე, პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან ურთიერთობაზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებასა და მაღალი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების დაწესებას ისახავს მიზნად, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა საქართველოში დამოუკიდებელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი ფუნქციონირება. ამიტომ ცხადია, რომ ამგვარი რეგულირების გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობით და საბოლოოდ შეეხება მთლიანად საჯარო სივრცის გახსნილობას, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პროცესების ხარისხს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ აღნიშნული სარჩელისა და მასთან ერთად სხვა სარჩელების განხილვას არსებითი გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარღვეული უფლებების აღდგენასა და მათ ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს თანამედროვე განვითარების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ აქტორს წარმოადგენდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადამიანის უფლებების დაცვაში, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგში, საჯარო პოლიტიკის შეფასებაში, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლობასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაში. თუმცა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქართული დემოკრატიის ეს ცოცხალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სტრუქტურა ამოიღო სამიზნეში და მისი განადგურება დაისახა მიზნად. სწორედ ამიტომ არაა შემთხვევითი, რომ ავტორიტარული შემობრუნების პროცესში "ქართული ოცნების" თავდასხმის პირველი ობიექტები სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გახდნენ.

ჩვენი აზრით, აღნიშნული საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან იგი აერთიანებს რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს, მათ შორის, გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების დაცვის, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისა და სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენების საზღვრების შესახებ. ამასთან, საქმის ფარგლებში შეფასების საგანია, რამდენად შეიძლება იქცეს საკანონმდებლო რეგულაციები და მათი აღსრულების პრაქტიკა ისეთი ზეწოლის მექანიზმად, რომელიც დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტორებს საქმიანობის თავისუფალ განხორციელებაში უშლის ხელს. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უფლებების ეფექტიან დაცვაზე, მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და იმ სამართლებრივი სტანდარტების განსაზღვრაზე, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო სივრცის დაცვას უზრუნველყოფს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქმის მიმდინარეობისა და შემდგომი პროცესების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო“, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/evropulma-sasamartlom-5-samokalako-organizatsiis-daqadaghebis-sakmeze-arsebiti-gankhilva-daitsqo

[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „FARA სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე არ ვრცელდება: FARA-ს გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში და მისი დამზღვევი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები“, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/ratom-ar-vrtseldeba-fara-sinamdvileshi-samokalako-da-media-organizatsiebze-ashsh-shi  

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „შესამჩნევი განსხვავებები აშშ-ის FARA-სა და მის ქართულ ვერსიას შორის-  პირველადი დაკვირვებების მიმოხილვა“, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/shesamchnevi-ganskhvavebebi-ashsh-is-fara-sa-da-misi-kartuli-versiis-shoris-pirveladi-dakvirvebebis-mimokhilva

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „FARA-ს მოდელის კანონმდებლობა საქართველოში არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს - ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნის სამართლებრივი ანალიზი“, 04.09.2025 https://socialjustice.org.ge/ka/products/fara-s-modelis-kanonmdebloba-sakartveloshi-ar-sheesabameba-adamianis-uflebata-evropuli-konventsiis-standartebs-evropis-sabchos-ekspertta-daskvnis-samartlebrivi-analizi

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „გრანტების შესახებ კანონში გატარებული ცვლილებების მიზანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების განადგურება - შეფასება“, 17.04.2025 https://socialjustice.org.ge/ka/products/grantebis-shesakheb-kanonshi-gatarebuli-tsvlilebebis-mizania-kartuli-samokalako-sazogadoebis-ganadgureba-shefaseba ; „გრანტების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად“, 13.06.2025 https://socialjustice.org.ge/ka/products/grantebis-shesakheb-kanonshi-initsirebuli-tsvlilebebi-sakartveloshi-samokalako-sazogadoebis-ganadgurebas-isakhavs-miznad

[4] OSCE Fact-Finding Mission on Georgia (2026) under Paragraph 12 of the Moscow Mechanism Document, Report on Developments in Georgia in Respect of Human Rights and Fundamental Freedoms since Spring 2024by Professor Patrycja Grzebyk, Sole Rapporteur,

ხელმისაწვდომია:https://odihr.osce.org/sites/default/files/documents/official_documents/2026/03/odgal0009c1%20ODIHR%20NV%2082-2026%20report_Moscow%20Mechanism%20invoked%20in%20respect%20of%20Georgia_0.pdf

Amnesty International, Georgia: Authorities Built Coordinated System to Crush Dissent and Entrench Power15 June 2026, ხელმისაწვდომია:https://www.amnesty.org/en/latest/news/2026/06/georgia-authorities-built-coordinated-system-to-crush-dissent-and-entrench-power/

[5] Venice Commission publishes Opinion on the Law of Georgia on registration of foreign agents, the amendments to the Law on grants and other Laws relating to “foreign influence”, 15.10.2025 https://www.coe.int/en/web/portal/-/venice-commission-publishes-opinion-on-the-law-of-georgia-on-registration-of-foreign-agents-the-amendments-to-the-law-on-grants-and-other-laws-relating-to-foreign-influence-

[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “ქართული ოცნება” აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას - სოციალური სამართლიანობის ცენტრი ანტიკორუფციულ ბიუროში გაგზავნილი წერილობითი განმარტების ტექსტს აქვეყნებს“, 27.08.2025 https://socialjustice.org.ge/ka/products/kartuli-otsneba-agrdzelebs-samokalako-sazogadoebis-organizatsiebis-devnas-sotsialuri-samartlianobis-tsentri-antikoruftsiul-biuroshi-gagzavnili-tserilobiti-ganmartebis-teksts-akveqnebs

[7] Civil.ge, “ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებს დღეიდან აუდიტის სამსახური შეასრულებს”, 02.03.2026 https://civil.ge/ka/archives/723192

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“