საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ქართულ ოცნებას“ მორიგი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „გრანტების შესახებ“ კანონში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს და ტოტალურს ხდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების კონტროლის ფარგლებს და ფორმებს. დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები “ქართული ოცნების” მთავრობას ამ ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსობრივი კონტროლის განუჭვრეტელ და შეუზღუდავ უფლებამოსილებებს ანიჭებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გაერთიანებების საქმიანობის გაგრძელებას. ეს საკანონმდებლო ცვლილება, გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავ სხვა კანონებთან ერთად, კლავს და ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ამით ახშობს დემოკრატიულ სივრცეებს და ქსელებს ჩვენს ქვეყანაში.
„გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 16 აპრილის შემდეგ, ერთ თვეში, 21 მაისს ისევ დააინიცირა. აღნიშნული ცვლილებების პროექტის საწყისი ვერსია მხოლოდ უცხოური გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაციების/სუბიექტების მიერ გრანტის გაცემაზე მთავრობის სავალდებულო თანხმობიდან გამონაკლისს აკონკრეტებდა და სახელობითად მიუთითებდა, რომ ეს ვალდებულება არ ვრცელდება, მათ შორის, „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს + (Erasmus +) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე“.[1] თუმცა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანამდე, კანონპროექტის თავდაპირველი შინაარსი და მოცულობა მოულოდნელად არსებითად შეიცვალა და მას უცხოური გრანტის გაცემაზე კონტროლის დამატებითი ბერკეტები დაემატა, რამაც კიდევ უფრო მკაცრად შეზღუდა უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობები ადგილობრივი გაერთიანებებისთვის.
კერძოდ, კანონპროექტის[2] თანახმად:
პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას “გრანტების შესახებ” კანონში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების სიხშირეს და დაჩქარებულ პროცედურებს, რომელიც სამოქალაქო, მედია, პროფკავშირულ, აკადემიურ, სათემო და სხვა ტიპის ათასობით გაერთიანებას სამართლებრივი განუსაზღვრელობის მდგომარეობაში აგდებს და მათ საქმიანობას ახალი და ახალი ტიპის შეზღუდვების რეჟიმში აქცევს. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა პერმანენტულად მძიმდება და მისი მიზანია, კონტროლს მიღმა არ დარჩეს ამ ორგანიზაციების საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის რომელიმე სფერო და შინაარსი, მათ შორის ისეთიც, რომელიც ორგანიზაციებისთვის ტექნიკური ხასიათის დახმარებას გულისხმობს.
გაერთიანებების საქმიანობის თვითნებური და არალეგიტიმური კონტროლის მიზანზე მიუთითებს კანონში ზოგადი ხასიათის, განუჭვრეტელი შინაარსი და სათანადო ობიექტური კრიტერიუმების არარსებობა, თუ რაზეა მთავრობის მიერ გრანტის გაცემაზე თანხმობა დამოკიდებული. ეს წესი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე ბლანკეტურ კონტროლს აწესებს და გაერთიანებებისა და მათი საქმიანობების თვითნებური სელექციისა და დასჯის მაღალ რისკებს ქმნის. თუკი ბოლო ინიცირებულ ცვლილებებამდე მთავრობის წინასწარ სავალდებულო თანხმობას საჭიროებდა საგრანტო ხელშეკრულებები, რომლებიც, როგორც წესი, საშუალო ან გრძელვადიან პროცესში კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ისახავდა მიზნად და მთავრობის თანხმობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთელს პერიოდზე და ყველა აქტივობაზე ვრცელდებოდა, ამჯერად უცხოური დონორის მიერ საგრანტო ხელშეკრულების მიღმა გაწეული თითოეული შინაარსობრივი თუ ტექნიკური დახმარება (თუნდაც ხანმოკლე და დროებითი) ექვემდებარება მთავრობის წინასწარ სავალდებულო თანხმობას. Ამ კუთხით სრულად გაურკვეველია, რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება მოიაზრებოდეს კანონის ქვეშ, მაგალითად კანონპროექტით განსაზღვრულ ახალ დათქმაში, რომ გრანტად მიიჩნევა უცხოური დონორის მიერ გრანტის მიმღებისთვის გაწეული „სხვა სახის დახმარება“, ან უშუალოდ საგრანტო ხელშეკრულების მიღმა რა მოიაზრება უცხოური გრანტის გამცემის „წერილობით გადაწყვეტილებაში“, როგორც მთავრობის სავალდებულო თანხმობის საფუძველში. ტერმინები “სხვა სახის დახმარება” და დონორის “წერილობითი გადაწყვეტილება” იმდენად ფართოა, რომ მისი ყველა ტიპის თანამშრომლობით ურთიერთობაზე გავრცელებას შეიძლება გულისხმობდეს და გარდა იმისა, რომ ტოტალური ტიპის კონტროლს ადგენს, ამგვარი სფეროების შეზღუდვა აშკარად არ თავსდება კანონის მიზნებსა და ფარგლებში. ამავდროულად, ამგვარი ფართო და ბუნდოვანი საფუძვლებით ორგანიზაციებისთვის ძალიან მაღალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს არღვევს.
ნიშანდობლივია, რომ ამ ტიპის უცხოური გრანტების გაცემაზე თანხმობის გამცემ სუბიექტად კანონპროექტი მთავრობას მოიაზრებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის, ანუ თვისებრივად თვითრეგულირებადი და ავტონომიური საქმიანობის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევის არაკონსტიტუციური მოწესრიგებაა. უფრო მეტიც, კანონის მიღებიდან 2 თვის თავზეც მთავრობას არ აქვს მიღებული კანონქვემდებარე აქტები, რომელიც თანხმობის მიღების კრიტერიუმებს, პროცედურებს და ვადებს გაწერდა და ეს სამოქალაქო ორგანიზაციების დიდ ნაწილს პრაქტიკულად ფინანსურ რესურსებზე წვდომის გარეშე ტოვებს.
გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი გაერთიანებების საქმიანობის გაგრძელებას, როგორც უცხოური გრანტების გამცემი სუბიექტებისთვის (დონორების), ისე გრანტის მიმღები ადგილობრივი ორგანიზაციებისთვისაც. საქართველოში, სადაც ეკონომიკა სუსტია და ღარიბი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პარტიული და ეკონომიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი წყარო იყო და რჩება. აღსანიშნავის, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მუშაობის მთელი რიგი სფეროები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, კულტურა სწორედ იგივე დონორი ორგანიზაციების მიერ იყო ფინანსურად და ტექნიკურად მხარდაჭერილი. შესაბამისად, ადგილობრივი გაერთიანებებისთვის დაფინანსების პროცედურების მთავრობის შიშველ პოლიტიკურ ნებაზე დაქვემდებარება ამ ორგანიზაციების ეკონომიკური განადგურების მიზანს ატარებს.
ინიცირებული ცვლილებები აშკარად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას, რადგან ქმნის შეუზღუდავ ბარიერებსა და კონტროლს გაერთიანებების დაფინანსებისა და ფუნქციონირების ფუნდამენტურ პირობებზე. ამ ტიპის რეგულაციები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფუნდამენტურ პრინციპებს და საერთაშორისო რეკომენდაციებს, მათ შორის ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის სტანდარტებს, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებენ ხელი შეუწყოს, და არ შეაფერხოს, გაერთიანების თავისუფლებასა და მისი დაფინანსების ლეგიტიმურ წყაროებს.
გაერთიანების თავისუფლება პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატიის ქვაკუთხედია, რომელიც საფუძვლად უდევს სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების განხორციელებას. ვენეციის კომისიის არაერთ რეკომენდაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში. ისინი საშუალებას აძლევენ მოქალაქეებს გაერთიანდნენ გარკვეული მიზნების მისაღწევად ან/და გარკვეული დღის წესრიგის გასატარებლად. მათი საქმიანობის განხორციელებისას კი ისინი სარგებლობენ არამხოლოდ გაერთიანების, არამედ სხვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება თუ დისკრიმინაციისგან დაცვა. სახელმწიფოებს კი თავის მხრივ აკისრიათ შემხვედრი ვალდებულებები, რომ პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ ორგანიზაციების მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებას.[1]
შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვისთვის ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი მკაცრ წინაპირობებს ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერი მსგავსი სახის შეზღუდვის განმსაზღვრელი კანონი უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, მიისწრაფოდეს ამომწურავად ჩამოთვლილი ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც გულისხმობს „მწვავე სოციალური საჭიროების“ არსებობასა და თანაზომიერების პრინციპის დაცვას.[2] „გრანტების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები, „ქართული ოცნების მიერ“ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართული სხვა ბოლოდროინდელ ცვლილებებთან ერთად, ვერცერთ ზემოაღნიშნულ პირობას ვერ აკმაყოფილებს. სუვერენიტეტის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით, „ქართული ოცნება“ რეალურად დემოკრატიის ფუნდამენტურ ქვაკუთხედებს აზიანებს შეუქცევადად თანაც ისე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისათვის თითქოსდა შექმნილ საფრთხეებს რეალისტურად ვერ და არ ასაბუთებს, შესაბამისად არ ჩანს ამ შეზღუდვების დადგენის „მწვავე სოციალური საჭიროებაც“.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დონეზე, ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ Rec(2007)14 რეკომენდაციის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება […] არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საჯარო ორგანოებიდან, არამედ ინსტიტუციური ან ინდივიდუალური დონორებისგან, სხვა სახელმწიფოებისგან ან მულტილატერალური სააგენტოებისგან, იმ პირობით, რომ მათზე გავრცელდება მხოლოდ ის საკანონმდებლო შეზღუდვები, რომლებიც ეხება საბაჟო კონტროლს, სავალუტო ოპერაციებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას.[3]
„გაერთიანებების უფლება, დაუბრკოლებლად მიიღონ ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსები როგორც შიდა, ისე უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყრელ ნაწილს და არსებითი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი გაერთიანების არსებობისა და ეფექტური საქმიანობისთვის.“[4] მართალია, ვენეციის კომისია დაეთანხმა იმას, რომ „უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამართლებულია მაქსიმალური გამჭვირვალობის მოთხოვნა“ და რომ ზოგიერთი სახის გაერთიანებას – როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიას – შეიძლება აეკრძალოს უცხოური დაფინანსების მიღება, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესურსების მოძიების, მიღებისა და გამოყენების თავისუფლება, მათ შორის, უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან, გაერთიანების თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებული 11 სახელმძღვანელო პრინციპის შემადგენელი ნაწილია. [5]
შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების მიერ უცხოური დაფინანსების მიღება იმთავითვე არ შეიძლება გულისხმობდეს ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხის შექმნას და სახელმწიფოს სჭირდება, ინდივიდუალურ შემთხვევებში კონკრეტული საფრთხეებზე მითითება და მათი მტკიცება. ბლანკეტური კონტროლის არსებული მექანიზმები კი არ აკმაყოფილებს დამაჯერებლობის სტანდარტს. . დამატებით, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან ასევე ცხადია ისიც, რომ ინიცირებულ ცვლილებებს განჭვრეტადობის სერიოზული პრობლემები აქვს და „ოცნების“ მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებად ვერ ჩაითვლება, რამდენადაც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე ტოტალური კონტროლის დაწესებით, ის ამ საქმიანობის განხორციელებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ სუვერენიტეტის არგუმენტი, რომელსაც “ქართული ოცნება” უცხოური დაფინანსების რეგულირების გასამართლებლად იყენებს ეფუძნება სუვერენიტეტის მცდარ და ვიწრო ინტერპრეტაციას. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში სუვერენიტეტი აღიარებულია არა როგორც სახელმწიფოს შეუზღუდავი ავტონომიის გამართლება შინაგან საქმეთა ნებისმიერი სახის რეგულირებისთვის, არამედ როგორც უფლებამოსილება, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის – გამოხატვის, გაერთიანებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის უფლების რეალიზება. სუვერენიტეტის ცნების ამგვარი მცდარი პოლიტიზაცია ხშირად რუსეთის, ჩინეთისა და მსგავსი ავტორიტარული რეჟიმების დისკურსა და პოლიტიკაში გვხდება, რომლებიც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აღიქვამენ არა როგორც საზოგადოების ნაწილს, არამედ როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ განადგურებას ისახავენ მიზნად. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის კანონების მიღება, სწორედ საგარეო პოლიტიკის შემობრუნების კვალდაკვალ ხდება და მისი ნაწილია. „ქართული ოცნების“ ახალ პოლიტიკაში საქართველოს ისტორიული პარტნიორები ევრო-ატლანტიკური სივრციდან მტრები და საფრთხის მატარებლები ხდებიან და სწორედ მათგან იცავს სახელმწიფო სუვერენიტეტს. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონების მიღების დროს “ქართულ ოცნებას” არც ერთ საჯარო განცხადებაში არ უხსენებია რუსეთისა და სხვა მტრული ძალების გავლენების შეკავებისა და გამჭვირვალობის ინტერესის შესახებ.
საბოლოოდ, აშკარაა, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები არ წარმოადგენს უბრალოდ ტექნიკურ საკანონმდებლო ცვლილებას, არამედ ფუნდამენტური უფლებების - გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, თანასწორობისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის არსებობის, სისტემურ და მიზანმიმართულ წაშლას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიღებული სხვა მტრულ არა ერთ კანონთან ერთად, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრისა და დამოუკიდებელი თვითორგანიზებული გაერთიანებების მტრად, საფრთხედ მონიშვნას და საბოლოოდ მის განადგურებას, რაც დემოკრატიის საბაზისო წესებზე დემონსტრაციული უარის თქმას და ქვეყანაში რუსული ტიპის ავტორიტარიზმის გაფორმების ღია მცდელობას ნიშნავს.
[1] ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია). 2024. საქართველო: სასწრაფო დასკვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე, პარაგრაფი 63. ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2024)020-geo
[2] იქვე.
[3] ევროპის საბჭო: მინისტრთა კომიტეტი, მინისტრთა კომიტეტის მიერ წევრი ქვეყნებისთვის გაცემული რეკომენდაცია CM/Rec(2007)14 ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, პუნქტი 50, https://rm.coe.int/recommendation-of-the-committee-of-ministers-to-member-states-on-the-l/1680a1f502
[4] UN Doc. A/HRC/50/23, რესურსებზე წვდომა. სპეციალური მომხსენებლის მოხსენება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებთან დაკავშირებით, კლემან ნიალეტსოსი ვული, 2022 წლის 10 მაისი, პუნქტი 9.
[5] CDL-AD(2014)046, ერთობლივი სახელმძღვანელო პრინციპები გაერთიანების თავისუფლების შესახებ, პუნქტი 32.
[1] საკანონმდებლო ცვლილების თავდაპირველად ინიციირებული ვერსია ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/390109
[2] შესწორებული კანონპროექტი ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/392088
ინსტრუქცია