საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ავთო შერვაშიძე
მაშინ, როცა გზებსა და მდელოებზე დაფენილ თოვლს გაზაფხულის წვიმები დაადნობს, მთიანი აჭარა ხელახლა ცოცხლდება. ამ დროს, ჯერ კიდევ ზამთრიდან მოყოლებულ ბუნების სიჩუმეს პირუტყვის ეჟვნების ჟღარუნი არღვევს. სადღაც მაისისკენ კი, ოჯახები უკვე ბარიდან იალაღებზე გასამგზავრებლად ემზადებიან. შემაღლებული გორებიდან, ჩემს თვალს, ვინ იცის, რამდენჯერ უნახავს, ამ პერიოდში, როგორ ლამაზად გადაივსება ხულოს ფერდობები პირუტყვითა და მათ უკან მიმდევარი ადამიანებით - ხშირად, 10-12 წლის ბავშვებითაც. ამ ბავშვებთაგან ერთ-ერთი გახლდით მეც, რომელსაც, ალბათ, წარუშლელად ჩამებეჭდება მეხსიერებაში იალაღებზე მიმავალი გზა და იქ გატარებული თითოეული დღე. ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი ის განცდები და მოგონებები, რომლებიც სწორედ იალაღზე ცხოვრებას უკავშირდება.
ჩემს იალაღს სალაშქრო ერქვა, ეს ადგილი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ორ მთას შორის მოქცეულ ხევში მიმავალ პატარა მდინარეს, ორივე მხრიდან გარს ერტყა როგორც ძელური, ისე ფიცრული სახლები, რომელთაგანაც ვერც ერთში ნახავდით ჩამქრალ “ფეჩს”, რადგან მშრომელი მემთეურები (“მემთეური”, გაგანდობთ, რომ ამ სიტყვით აჭარაში იალაღზე მცხოვრებ ადამიანებს მოვიხსენიებთ (ძირითადად, ბებოებსა და ბაბუებს) ამ ფეჩში ხან პურს, ხან იაღლი პურს, ხან იაღლი მჭადს აცხობდნენ, ხანაც კი მასზე დადგმული ქვაბიდან ყველი ამოჰყავდათ. თუ იალაღზე მოსუქებულ პატარებს დაინახავთ, ნუ გაიკვირვებთ, რადგან, მერწმუნეთ, სამყაროში ცოტა რამ არის ისეთი რთული, როგორც ამ ბავშვებისთვის ბებოს მიერ გამომცხვარი ცხელი პურის წართმევა, რომელშიც იაღია (იგივე ერბო) ჩამდნარი.
დილა აქ ადრე - 7 საათზე ძროხების საძოვარზე გადევნით იწყებოდა. ის გზა, რომელიც ყოველ დილით უნდა გამევლო, ფიჭვების ტყეს მიუყვებოდა, რომლის დასასრულსაც მდელოებიდან ნაკრები ანკარა წყლების პატარა ჩანჩქერი შეგხვდებოდათ. მენდეთ, პირის დაბანა არსად არის ისეთი სასიამოვნო და ენერგიის მომცემი, როგორც აქ - ამ ჩანჩქერზე, ფილტვები კი არსად შეიძლება იყოს ისეთი მდიდარი ჟანგბადით, როგორც ამ ფიჭვების გარემოცვაში. ისე კი, გეტყოდით, რომ ზემო აჭარლების მეტყველებისთვის უფრო ბუნებრივი სიტყვა “კატარია”, რომლითაც ფიჭვს მოვიხსენიებთ.
შუადღის მიწურულს, როცა უკვე ყველი ამოყვანილი, ძირითადი საქმეები კი მოლეულია, მემთეურები ერთმანეთს სტუმრობენ. რადგანაც აჭარის, და არა მარტო აჭარის, უმეტეს იალაღზე არც ტელეფონი იჭერს და ვერც ტელევიზორი აჩვენებს, სოციალური ურთიერთობის ერთადერთი გზა მემთეურებისთვის სწორედ სტუმრობა, საუბარი და სამუშაოს ერთობლივი შესრულებაა, ბავშვებისთვის კი - არა მობილური და სოციალური ქსელი, არამედ, ბეჭდური წიგნი და თანატოლებთან საღამომდე თამაში. ალბათ, სწორედ ამიტომ, დღემდე ვერ ვეგუები ვერც ელექტრონულ წიგნებსა და ვერც კომპიუტერულ თამაშებს.
დღემდე ძალიან კარგად მახსოვს ჩემს იალაღზე მცხოვრები მემთეურების სახეები და სახელები: ემინე, ესმა, შუშანა, ნათელა, ჯამბო, ლილი, ნელი, გივი, ფადიმე, ზებური, ნოდარი, გოჩა და ზვიადი. სტუმრობის დროს, ქალი მემთეურების სასაუბრო თემა ძირითადად, საოჯახო საქმეებს უკავშირდება, თუმცა მათი დიალოგი რელიგიასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიასაც გადასწვდება ხოლმე. მახსოვს, განსაკუთრებით მიყვარდა მათი მოსმენა. მემთეურები ერთმანეთს არც საქმის დროს ღალატობენ. რომელიმე თუ თავს შეუძლოდ იგრძნობს, ან მარტო ვერ გაუმკლავდება საქმეს, სხვები მაშინვე მოიყრიან თავს და შეუდგებიან საქმეს. ჩემი აზრით, სწორედ ამგვარმა სოლიდარობის განცდამ აქცია იალაღები საუკეთესო ადგილად. საქმის კოლექტიურად კეთების ერთ-ერთ გამორჩეულად ლამაზ ტრადიციას წარმოდგენს ყურუთის კეთება. ყურუთი ერთგვარი აჭარული ნუგბარია, რომლის დამზადებაც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ზამთრის დილაობით ასევე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ჩაისთან ერთად. ყურუთის კეთების დროს, მემთეურები როლებს ინაწილებენ, ბოლოს კი ერთ ადგილას წრიულად სხდებიან და იწყებენ ყურუთისთვის ფორმის მიცემას. იალაღებზე იშვიათად ნახავთ მემთეურს, უსაქმოდ რომ იჯდეს, საუბრისა და სტუმრობის დროსაც კი, ხელმარჯვე ქალები შვილებსა და შვილიშვილებს უქსოვენ წინდებს, რომელთაც მეც არაერთხელ გავუთბივარ ცივ ზამთარში. შეიძლება, მოდერნიზებული და ურბანული ადამიანისთვის ეს არის რომანტიზება, ეთნოგრაფიული ინტერესის საგანი ან სოფლის ჩამორჩენილი ცხოვრება, მაგრამ აჭარაში არსებული ეს პრაქტიკა, რომელიც სოციალურ კავშირებს აჩენს, თაობათა შორის შრომის განაწილების ფორმა და უნიკალური ტრადიციაა.
მახსოვს, როდესაც მოსაღამოვდებოდა, ბებო საოჯახო საქმეებს მორჩებოდა და პირუტყვს მოუვლიდა, შემდეგ ლოცვას ვიწყებდით და თუ ვინმე არ გვეწვეოდა მალევე ვწვებოდით დასაძინებლად. რადგანაც ძალიან რთული იყო, ენერგია მოზღვავებულ ბავშვს ადრე დამეძინა, ბევრს ვფიქრობდი, ვოცნებობდი, მაინტერესებდა, როგორი იყო ტომ სოიერი და არაერთი სხვა პერსონაჟი, რომელიც წიგნებიდან გავიცანი. მაინტერესებდა, რა ხდებოდა ჩემ თვალსაწიერს მიღმა სამყაროში, სად უნდა ვყოფილიყავი წლების შემდეგ და რა უნდა მეკეთებინა. წლების შემდეგ, ისევ ძალიან მინდა, მდინარის ხმის ფონზე, ისევ ისე ვფიქრობდე და ვოცნებობდე, როგორც მაშინ და როგორც, ალბათ, ახლაც იალაღებზე მცხოვრების სხვა ბავშვები.
დაახლოებით, აგვისტოს პირველ ნახევარში იალაღებზე შუამთობა აღინიშნება. თვითონ სახელი “შუამთობა” უკავშირდება მთაში, იალაღზე ყოფნის შუა პერიოდს. შუამთობაზე მემთეურებს სტუმრობენ მონატრებული შვილები, შვილიშვილები და ახლო ნათესავები. ყველა ამომსვლელს მემთეურთან მოაქვს საჩუქრები და ტკბილეული, თავისმხრივ, მემთეურებიც ღირსეულად და ხელგაშლილად ხვდებიან ამომსვლელ სტუმრებს. ამაღლებული განწყობა და საყოველთაო ზეიმი რამდენიმე დღეს გრძელდება, რის შემდეგაც სტუმრები ისევ ბრუნდებიან ბარში, იალაღზე კი კვლავ ჩვეული სიმშვიდე ისადგურებს.
სექტემბერსა და ოქტომბერში ჩემს იალაღზე სიცივე უკვე საგრძნობი იყო, ამიტომ პირუტყვის ძოვებასთან ერთად, ვიწყებდით ცეცხლისთვის საჭირო კვარის მოპოვებას, რათა საღამოს და მეორე დღეს ფეჩში კვლავ დანთებულიყო ცეცხლი, ამოყვანილიყო ყველი და დამცხვარიყო პური, მოკლედ, გაგრძელებულიყო მემთეურობა. ალბათ, ძალიან ცოტა რამ არის იმაზე სასიამოვნო, როცა გარეთ სუსხი და სიცივეა, სახლში კი თბილა, ისმის შეშის წვის ხმა და ამ დროს კითხულობ წიგნს.
ასე მელანქოლიურად მიჰყვება დღეები დღეებს და დგება ბარში წასვლის, ხის სახლის კარის გამოკეტვისა დრო. იალაღზე უპატრონოდ დატოვებული სახლები კი, გაეხვევიან თოვლის საბანში და დაელოდებიან გაზაფხულს, როცა კვლავ გააღებ კარებს და კვლავ გაათბობ კერას.
უამრავი ბავშვი დღესაც იალაღზე იზრდება, დღესაც ფიქრობენ და ოცნებობენ ხის ფიცრულ, პატარა სახლებში, აინტერესებთ, როგორია სამყარო და სად იქნებიან, ოცნებობენ ძალიან ბევრს. მჯერა, რომ სწორედ ეს ბავშვები და მათი ოცნებები შეცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ, მაგრამ არ დაივიწყებენ კეთილ, მშრომელ მემთეურებს და მდინარის ხმას, რომელიც ძილის წინ ჩაესმით.
ინსტრუქცია