საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ჰურიე აბაშიძე
საქართველოში საკანონმდებლო რესურსი შესაძლებლობას იძლევა, რომ კანონით მემკვიდრეობის დროს ოჯახის ქონება თანაბრად ეკუთვნოდეს ყველა შესაბამის მემკვიდრეს, განურჩევლად სქესისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად თანასწორუფლებიან მემკვიდრეებად ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეები, მაგალითად, გარდაცვლილის შვილები. თუმცა, აჭარაში რეალობა განსხვავებულია, რადგან ოჯახის საერთო ქონება ბიჭი შვილის ცალმხრივ საკუთრებად წარმოჩნდება და მას გადაეცემა. ქალები კი მეტწილად ქონებრივი გარანტიებისა და დაცვის გარეშე რჩებიან
ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა საქართველოს ყველა რეგიონში და რასაკვირველია აჭარა გამონაკლისი არ არის. 2021 წელს ვმუშაობდი ქალთა საჭიროებების კვლევაზე აჭარაში, სადაც ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებდა, რომ არანაირ ქონებას არ ფლობს. ქვემოთ შვეცდები გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება და ემპირიული ცოდნა ქალთა ქონებრივ მდგომარეობაზე აჭარაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ქონების დისკრიმინაციულად გადანაწილების პრაქტიკას ყველა აჭარულ ოჯახზე ვერ განვაზოგადებთ, არის პოზიტიური გამონაკლისებიც. მაგალითად, ჩემი ოჯახი, სადაც ოთხივე დას გვერგო წილი ოჯახის ქონებიდან, რაც უფრო მეტად დედის დიდი სურვილისა და ბძოლისუნარიანობის დამსახურებაა. თუმცა, ძირითად შემთხვევაში ქალთა საკუთრების წილი საერთო ფაქტობრივ ქონებაზე მინიმალურია, ან საერთოდ არ არის აღიარებული.
აჭარაში ოჯახების ტრადიციული სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული მიწების საკუთრებად რეგისტრაციის საკითხი ამ დრომდე პრობლემურია და მათი უმრავლესობა ამ დრომდე ვერ ახერხებს საკუთრებად რეგისტრაციას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი ძალიან იშვიათია, კუთვნილი უძრავი ქონების რაიმე ნაწილი გაფორმდეს ოჯახის ქალ წევრზე, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ქალები აქტიურად არიან დოვლათის შექმნაში ჩართულნი და შინ თუ გარეთ მძიმე შრომას წევენ.
ცხადია, რომ ეს მოცემულობა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს. ბოლო რამდენიმე წელია მთიან აჭარაში აქტიურად ხორციელდება სოფლის მდგრადი განვითარების პროგრამები. მაგალითად, პროგრამა ENPARD სამი, ასევე ქალ მეწარმეთა გაძლიერების პროგრამები, რომელთა მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების მხარდაჭერა, მთაში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდა. ხშირია, უშუალოდ, ქალებზე მიმართული ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები, რომელთა საგრანტო კონკურსებშიც, სამწუხაროდ, აჭარაში მცხოვრები ქალები ჩართვას ვერ ახერხებენ, რადგან კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატს საკუთრებაში უფიქსირდებოდეს რეგისტრირებული უძრავი ქონება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მდგრადი განვითარების პროგრამები ითვალისწინებდეს ადგილობრივი მცხოვრებლების რეალობას და ისტორიულად ჩამოყალიბებულ პრაქტიკას.
სამემკვიდრეოს გახსნის პროცედურა აჩვენებს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ხშირად არ იცის კანონით განსაზღვრული 6 თვიანი წესი და პროცესი სასამართლოში ინაცვლებს ხოლმე. სასამართლო სხდომებზე კი ქალი მემკვიდრე შვილები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ სამკვიდრო წილზე და ქონების ფაქტის დადგენა ოჯახის ბიჭ შვილზე ხდება, რაც დიდი ხნის განმავლობაში ტრადიციად ქცეული ჩვეულებაა. წარსულში აჭარაში მცირემიწიანობის, მკაცრი კლიმატური პირობებისა და შეზღუდული რესურსების პირობებში შეუძლებელიც კი იყო მრავალშვილიან ოჯახებში ქონების თანაბარი განაწილება, განსაკუთრებით გოგო შვილზე, რომელიც ქორწინების შემდგომ მეორე ოჯახის წევრი ხდება. თუმცა, მიუხედავად დღეს არსებული შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობისა, ქალები კვლავ ქონებრივი უფლებების გარეშე რჩებიან, როგორც მამის ისე ქმრის ოჯახებში.
საინტერესოა ის, რომ ქალთა ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების არაღიარების არსებული ჩვეულება, არ შეესაბამება ისლამში ჩამოყალიბებულ წესებსა და ტრადიციებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქსტატის მონაცემებით მთიანი აჭარის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ. რელიგიურად კი სავალდებულოა გოგო შვილს ოჯახის ქონებიდან ერთი მესამედი წილი ერგოს. მაგალითად, თუ მამკვიდრებელს ვაჟიშვილი და ქალიშვილი დარჩა, სამკვიდრო სამ ნაწილად უნდა დაიყოს, საიდანაც ორი წილი ბიჭს ეკუთვნის, რადგან როგორც წესი მისი მზრუნველობის ქვეშ რჩება ოჯახი და ერთი წილი მის დას. სამწუხაროდ, პრაქტიკში ეს არ აისახება. ეს პრაქტიკა მეტწილად ტრადიციული წარმოდგენებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ტრადიციების გარდაქმნა, შეცვლა და მივიწყება მუდმივად ხდება, თუმცა ამ ტრადიციების ნაწილი და მათი მოდიფიცირებული პრაქტიკები დღემდე შემოჩენილია მთიან აჭარაში. მათ შესახებ ბევრს გაიგებთ ადგილობრივების ზეპირსიტყვიერებასა და ყოველდღიურობაზე დაკვირვებით.
ტრადიციული ინსტიტუტები და პრაქტიკები, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ქალთა უფლებრივ საკითხებს ეხება შემდეგია: ბაშლუღი, ბეი (ბეჰი,ბელგი), მზითევი (ჯეიზი), თავნი, სათაო, მიჰრი. ქვემოთ სხვადასხვა წყაროებით გამოყენებით განვმარტო ის ტრადიციები.
სიტყვა ბაშლუღი აჭარულში თურქული ენიდანაა შემოსული. ეს არის დაქორწინების პერიოდში ქალის გამოსასყიდი, საცოლის დანიშვნის დროს გაღებული საჩუქარი, მოყვრობისას ქალის მშობლების სასარგებლოდ ვაჟის გადასახდელი ფული. მას „სათაოც” ერქვა და ძირითად შემთხვევაში ქალის ოჯახი იყენებდა ანუ საბოლოოდ, ეს ქალის პირად საკუთრებად მაინც არ დგინდებოდა. გამოსასყიდის რაოდენობის საზღვრისათვის ეკვივალენტად კარაქის ანდა საქონლის ღირებულებაც გამოიყენებოდა. გადახდა ძირითადად ფულით ხდებოდა, თუმცა ბაშლუღში ხშირად სიმინდი, ძროხა, ხარი და სხვადასხვა ნივთიც შედიოდა. ზოგჯერ ბაშლუღი, ქორწინების შემთხვევაში, ქალიშვილის პირადი საკუთრების კომპენსაციასაც წარმოადგენდა, რითაც იგი მზითვსაც უკავშირდებოდა. ხშირად, ნახევარ ან მთელ ბაშლუღს საპატარძლოს ოჯახი ვაჟის ოჯახში მზითვის სახით აბრუნებდა. საერთოდ, უმზითვოდ ქალის გათხოვება, განსაკუთრებით თუ მასში ბაშლუღი ჰქონდათ აღებული, სირცხვილად ითვლებოდა ზემო აჭარაში. მსგავსი ჩვეულება სხვა ხალხებშიც გვხდებოდა. მამაკაცს მეუღლის ოჯახისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ჰქონდა ქონება და შეძლებდა მეუღლის უზრუნველყოფას, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი არ თანხმდებოდა ქორწინებაზე.
„ბე“ იგივე – „ბეჰი“, „ბელგი“ თავისი ტრადიციული დანიშნულება აქვს აჭარულ ეთნოგრაფიაში. ბე წინა საქორწინო სავალდებულო ფულადი გადასახადია, რომელსაც ვაჟის ოჯახი საჩუქრის სახით ქალის ოჯახს გადასცემდა. ბელგის (ბედ გამზადებულ ნივთთა ერთობლიობა) გადახდის შემდეგ ქალი ამ ოჯახის სარძლოდ ითვლებოდა. ტრადიციულად, ბეს სანაცვლოდ საქორწინო შეთანხმების შემდეგ, თანხმობის ნიშნად ვაჟის ოჯახი საპატარძლოს ოჯახს ბეჭედს ან სხვა ნივთს უტოვებდა.
ჯეიზი ანუ მზითევი აჭარაში ძირითადად მოიცავდა წინდებს (ამიტომ ქალ-ვაჟის დაოჯახებას დაწინდვასაც უწოდებდნენ), ტანისამოსს, ავეჯს, დაროშკებს (ნაქარგობებს), ანუ იმ მატერიალურ სიკეთეს, რომელიც ქალისთვის მყარ ეკონომიკურ უზრუნველყოფას ვერ ქმნიდა და ქმნის.
რაც შეეხება მიჰრს - საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქმრის მიერ ცოლისთვის გადასაცემ ქონებას, საჩუქარს წარმოადგენს და მისი შესრულება ძირითადად ქორწინების შემდგომ ხდება. მიჰრის ძირითადი დანიშნულება ცოლის მატერიალური უზრუნველყოფაა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. დღეს ძირითადად ოქროს ითხოვენ პატარძლები, თუმცა ოქროს ნაცვლად ნებისმიერი სხვა რამ შეიძლება მოითხოვონ, თუნდაც რაიმე ქმედების განხორციელება, მაგალითად, ხელობის შესწავლა ან სხვა. გარდა ამისა ხშირია, როცა ქმარი მოთხოვნლ მიჰრს ცოლს საერთოდ ვერ გადასცემს.
აღნიშნული ტრადიციები ყოველდღიურობაში სხვადასხვა ცვლილებით დღემდე გვხდება და აშკარაა, რომ ისინი ვერ ქმნიან ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის მყარ გარანტიებს. უნდა ითქვას, რომ ამ ტრადიციულ მოწესრიგებაზე ქალთა ქონებრივი უფლებების აღიარებისა და გადანაწილების უკეთეს პირობებს გვთავაზობს ისლამი. მაგალითად, ყურანის ერთ-ერთ აიათში წერია - უფლებამოსილება ისეთივეა ცოლების ქმრებისადმი, როგორც ქმრებისა ცოლებისადმი, ასევე მუჰამმედ შუამავლის სიტყვებია: ქალი თუ კაცი ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხლის კბილებივით თანაბარნი არიან. ყურანში სურაც კია მოცემული სახელად ქალები ანუ ნისა. ისლამში ქალს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი ქონება, ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას, მსახურობდეს ჯარში და ასე შემდეგ. თუმცა, ჩვენს თემში, ისლამის ცოცხალი პრაქტიკის მიუხედავად რწმენისა და ცხოვრების საკითხებში, ქალთა ქონებრივი უფლებები ტრადიციული რწმენა-წარმოდგენებით უფრო არის დანახული და გაზიარებული, ვიდრე თუნდაც ისლამური პერსპექტივით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ აჭარაში არსებულ კულტურულ-სოციალური ტრადიციების მიხედვით ქალები ქონებრივ საკითხებში პრაქტიკულად უუფლებონი არიან. საინტერესოა იმის ხაზგასმა, რომ ადგილობრივი ტრადიციები იმაზე ნაკლებ უფლებას აძლევს ქალებს, ვიდრე ისლამი, ამიტომ რელიგიური ეთიკის ჩართვას ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში ჩვენს თემში შეიძლება საინტერესო პოტენციალი ჰქონდეს. ამის მიღმა არსებითია, საზოგადოების ინფორმირება ქალთა თანასწორ ქონებრივ და მემკვიდრეობით უფლებებზე და მუშაობა ქალებისთვის უფრო სამართლიანი და თანასწორი გადანაწილებისა და ღირსეული ცხოვრების რეალური პირობების შექმნაზე. ჩვენ მუსლიმი ქალები აჭარიდან ამ ცვლილებებისთვის უკვე ვორგანიზდით.
ინსტრუქცია