[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / თვალსაზრისი

ბოდიშის დღე, ყურბან-ბაირამი

ავთო შერვაშიძე 

ფოტო: ავთო შერვაშიძე

სოფელში მცხოვრებ ბავშვს დიდად არ მანაღვლებდა დროის მსვლელობა, თუმცა კვირის დღეებისა და თვეების ჩამოთვლა საკმაოდ ადრე მისწავლია. მახსოვს, სულ ვასაჩივრებდი ჩემს გარშემო უბავშვობას და სიცარიელეს. გონიერი ცხოვრების დაწყებისას აღმომიჩენია, რომ თითქმის დაცარიელებული სოფელი წელიწადის ერთ დღეს განსაკუთრებით ივსება. ამ პერიოდში გამიცნია ჩემი ბიძიები, მამიდები და შორი ნათესავის ბავშვები, რომელთა მორთმეული საჩუქრები ძალიან საიშვიათოდ, დარცხვენითა და სუნით მახსენდება - ხორცის სუნით, თურმე ბაირამს აღვნიშნავდით.

სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, თუმცა ბაირამის დღეებში სტუმრებისადმი განსაკუთრებულ პატივს ვამჩნევდი. სამი დღის განმავლობაში ისე იცვლებოდა ადამიანის სახეები, რომ ვერ ვასწრებდი მათ კარგად დამახსოვრებას, მაგრამ მახსოვდა მათი სუნი. ეს სუნი ასოცირდებოდა ჩემს შესაძლებლობასთან, მენახა სხვა ბავშვები მეთამაშა და გავცნობოდი მათ. ბებიაჩემის წყალობით დროთა განმავლობაში ვხვდებოდი რომ ჩემი მოლოდინები ამ დღისადმი საკრალურობასაც უკავშირდებოდა.

ბებიამ სულ იცოდა მადლიანი დღეების შეხსენება ოჯახისთვის, მოგვიწოდებდა სანიმუშო ქცევებისა და ღმერთზე თხოვნების გაგზავნასაკენ. მახსოვს მანვე მითხრა, რომ ბაირამი ჩვენი, ადამიანების სამადლობელო დღეებია ალლაჰისადმი, მაგრამ რაკი შეამჩნია, რომ დიდად ვერ გამეგო რისთვის უნდა მემადლიერა და რატომ, მითხრა, ვინმესგან თუ წყენა მახსოვდა დამევიწყებინა და ვინმესთის თუ მიწყენინებია ბოდიში მეთხოვა. ძალიან მტკიცედ მეჩვენა ეს სიტყვები და ამ დღეს ჩემს გონებაში ახლაც „ბოდიში“ ჰქვია.

ვიზრდებოდი. ბევრი ბაირამი ვნახე, ბევრ ბავშვს ვეთამაშე, ბევრი ვილოცე ჯამეში, ბევრი ბოდიშიც მოვიხადე, იმაზე მეტი ბოდიში, ვიდრე ვინმესთვის რამე მიწყენინებია, მათი დიდი ნაწილი თვალდახუჭული, ხელში ზურგზე დაწოლილი საკლავის ფეხით მაქვს ნათქვამი, რომლის სიბრალულით ქუთუთოები ცრემლებით მებერებოდა და მერე მსკდებოდა, ისე როგორც სისხლი იმ ჩლიქოსანის ყელიდან. ისლამში ასე გვჯერა, რაწამს დაეცემა ღვთის სახელით შეწირული ცხოველის სისხლი დედამიწაზე, მაშინვე აიყრება ცოდვები შენი მხრებიდან. კარგად მახსოვს, სახლის ფანჯრებიდან გადმოყუდებული უხუცესები დამკლავთ როგორ მიუთითებდნენ რიტუალის სწორად შესრულებისკენ და ბოლოს ამბობდნენ „ალლაჰ ყაბულეცუნ“ (ღმერთმა მიიღოს თქვენი ლოცვა).

ბაირამის დღესასწაული ახლაც ძველებურად აღინიშნება, რამადანის თვის დასრულებიდან 70-ე დღისთვის ახლაც განსაკუთრებულად ვემზადებით, ვაცხობთ ნამცხვრებს, ტკბილეულს, მათ შორის ყველაზე აუცილებელს ‑ ჰალვას, რომელიც, როგორც წესი მიცვალებულთა სულების მოსახსენიებლად მზადდება. ისევ ისე, იხსნედა მიტოვებული სახლის კარები, ისევ ბევრი ხალხია, ისევ ხორცის სუნია. როგორც ყველა, ისე ჩემს ოჯახშიც საკლავის ხორცს სამად ვანაწევრებთ, ერთს ჩვენთვის ვიტოვებთ, მეორეს მეზობელთათვის, მესამეს კი შეჭირვებულებს ვუნაწილებთ, საკლავის მადლიანობასაც ამით ხსნის ისლამი, და ამბობს, რომ ყოველდღიურად ასიათასობით ცხოვრელს კლავს ადამიანი მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და წელიწადში ერთხელ სხვებისთვის გასაზიარებლად და ალლაჰის სადიდებლად ნუ დაენანებათ ის. ერთის მხრივ ეს არის შეხსენება და მორწმუნეთათვის კეთილი საქმის მითითება ხოლო, მეორეს მხრივ, ეს შეიძლება ჩავთვალოთ რელიგიური რიტუალების თანამედროვე გადააზრების თვითრეფლექსიად, რომლის მიზანიც ამ შემთხვევაში შეწირვის წესის გამართლება და მისი კეთილი მიზნების ჩვენებაა.

ამ დღეების განუყოფელი ნაწილია ახლობელთა სულების მოხსენიებისთვის საფლავებზე ლოცვების კითხვა და ღმერთისადმი მათი ცოდვების მიტევების თხოვნა. ისევ ბავშვობა მახსენდება, ბებიაჩემი ხელში რომ დიდი ჰალვის გუნდას მომცემდა და მეც ჩემს მოვალეობას უმალვე ვიგრძნობდი: უნდა გავქცეულიყავი და საგვარეულო სასაფლაოზე ყველას მიწაზე თანაბრად უნდა მომეპნია ჭიანჭველებისათვის განკუთვნილი წილი ჩემი ჰალვისა. აქაც გვჯერა, რომ გაღებული თითოეული ნამცეცი ჩვენი მიცვალებულთა სულის გადარჩენისთვის იქნება გაღებული.

ნიშანდობლივია, რომ ბაირამი მნიშვნელოვან როლს ატარებს შერეულ რელიგიურ ოჯახებში, რომლებშიც ახალგაზრდა თაობას მართლმადიდებლები წარმოადგენენ. ჩემს გარშემო ბევრი ქრისტიანისთვის ისეთივე წმინდა და საკრალურია ყურბან-ბაირამის დღესასწაული, როგორიც ეს მისი მშობლებისთვის, ან ბებია ბაბუებისთვის იყო. მათი დიდი ნაწილი ისევ ამოდის მამა-პაპისეულ სახლში, ამბობს „ბისმილლაჰ“ და მიცვალებულთა სახელზე სწირავს საკლავს, ამით ისინი პატივს მიაგებენ წინაპრებს, რომლის საფუძველშიც ადამიანურობის დიადი გამოვლენა - სამადლო საქმის პრინციპის გაზიარებაა.

დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება ადამიანთა შეხედულებები, მიდგომები, რწმენა-წარმოდგენებიც, რომელთა აღსრულება სულ უფრო უნიფიცირებული და საერთო ნორმებზე დაფუძნებული ხდება, ცალკე აღებული რელიგიური რიტუალები, რომლებიც დასაბამშივე განსაზღვრული იყო სოციალურ-პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით, სულ უფრო ერგება თანამედროვე ადამიანის სულიერ და ყოფით მხარეებს, ვფიქრობ რომ ისლამიც თანმიმდევრულად და სიფრთხილით მოეკიდება განვითარების შედეგებს და მასში ჩადებულ ძირეულ მრწამს შეცვლილი სახით, თუმცა იმავე მიზნით წარმოგვიდგენს. გარდაუვალობა უწერია ამ პროცესს, მთავარია მისი სწორი და რაციონალური ტრანსფორმაცია, რაც ადამიანებს კიდევ უფრო სოლიდარულს და ჰუმანურს გახდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“