საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ჰურიე აბაშიძე
მახსოვს ყოველ ზაფხულს ერთ გუნდად შეკრული ადამიანები, როგორი შემართებით მიიწევდნენ მინდორში სამუშაოდ და რამდენად ჩაქსოვილი იყო მათში ტრადიციული სოლიდარობის და თანადგომის თავისთავადი პრაქტიკა.
მსურს, მოგიყვეთ მნიშვნელოვან ტრადიციაზე, რომელიც აჭარლების ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ფორმით იყო გავრცელებული, თუმცა გარკვეული თავისებურებები აჭარის რეალობაში, ბუნებრივია, გააჩნდა და ეს დღესაც მეტნაკლებად გრძელდება.
ნადი − შრომითი ურთიერთდახმარების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. საქართველოში ამგვარ დახმარებას სხვადასხვა შრომითი პროცესის დროს მიმართავდნენ. ნადის ტრადიცია ადგილობრივ ნიადაგზე და ქართულ ეთნიკურ გარემოში იყო შექმნილი და განვითარებული. შრომითი ურთიერთდახმარება თავდაპირველად დახმარების ნებაყოფლობით პრინციპს ემყარებოდა, ყოველგვარი ვალდებულებებისა და შრომა-მიგების გარეშე. ტერიტორიულ-სამეზობლო სათემო ურთიერთობის პირობებში ნადში მოიწვეოდა ნათესავები, მოყვრები, ახლო და შორი მეზობლები. ადრე მსგავსი ურთი ერთდახმარება სამეურნეო-ნათესაური ჯგუფის ფარგლებში თავსდებოდა, მოგვიანებით მასში არანათესავი მეზობლებიც ჩაერთო. მონათესავე სახლეულების ნადური შრომითი გაერთიანება „ჩვენიანების ნადის” ანდა „ჩემიანების ნადისა” თუ „შინაურული ნადის” სახელწოდებით იყო ცნობილი. განაყარი ბიძაშვილები თავის ვალდებულებად მიიჩნევდნენ საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი საზღაურისა და სანაცვლო დახმარების გარეშე მოძმეს მიხმარებოდნენ.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ აჭარის რეალობაზე და ორი მაგალითით შევეცდები წარმოგიდგინოთ ნადის ბუნება.
ნადი, როგორც ტრადიცია
მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც ჩემს სოფელში საკმაოდ ხშირად გოგოზე დანიშნული ბიჭის ოჯახი ვალდებულად მიიჩნევდა საგაზაფხულო ან საზაფხულო სამეურნეო საქმიანობის გასამარტივებლად რძლის ოჯახში ნადი მიეყვანა. მეტიც, ეს წესი შესაძლოა არამხოლოდ გოგოს მშობლების ოჯახისთვის, არამედ მის უახლოეს ნათესავამდეც კი აღწევდა.
დღეს ვიდეო კადრებში ჩაწერილი ერთი ძალიან საინტერესო ნადის შესახებ მინდა ჩემი მოგონება გაგიზიაროთ და რეალური ისტორიით გაჩვენოთ თუ რა ფორმით ხდებოდა ნადის ტრადიციის შესრულება.
მე როცა პატარა ვიყავი, ჩემი ნათესავი გოგო დაინიშნა და მომდევნო გაზაფხულზე გოგოს ბიძის ოჯახში სიძემ ნადი მიიყვანა (ასე ეძახიან აჭარლები). მახსოვს ზაფხულის ულამაზესი მზიანი დილა, ირგვლივ ყველაფერი მწვანე ხასხასა ფერებში მზის ყვითელი სხივების ანარეკლში სასიამოვნო სიოსთან ერთად სამოთხისეულ გარემოს ქმნიდა. დილაა, უკვე სიგნალებით დედოფლის ბიძის სახლისკენ მოემართება საბჭოთა დროინდელი მანქანების ჯგუფი. ჭალობის სეზონია, ბალახი უნდა მოთიბონ და ამ საქმიანობაში დასახმარებლად მოდიან ქალებიც და კაცებიც. წინა დღეს სიძის ოჯახმა ნათესავებს და მეზობლებს დაუძახა (დაპატიჟა) ნადში და უკვე ყველაფერი მზად არის. სამუშაოზე მიმავალ ადამიანებს უნდა ჰქონოდათ დაღლილი სახეები, თუმცა ირგვლივ სხვა განწყობა სუფევდა. ნადი უახლოვდებოდა დანიშნული გოგოს ბიძის ეზოს, მასპინძელი მოწესრიგებული დახვდა და შეეგება მოსულ სტუმრებს. გარკვეული დროის განმავლობაში საკმაო ხნის უნახავი ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ და მდგომარეობაზე ეკითხებოდნენ. ყველას სახეზე ღიმილი სუფევდა. მომზადებული იყო სამუშაოს შემდგომი ნადიმისთვის სხვადასხვა სახის კერძი, ასევე მსურველთათვისაც ალკოჰოლური სასმელიც იყო გათვალისწინებული. დილის მზე კიდევ უფრო ალამაზებდა ერთმანეთისადმი კეთილგანწობილი ადამიანებით სავსე გარემოს და ხმამაღალი შეძახილებით გაემართნენ ჭალაში სამუშაოდ. შრომა იყო გადანაწილებული, კაცები თივას თიბავდნენ, ქალები მოთიბულ ბალახს უშლიდნენ მიწაზე და გვიმრისგან ათავისუფლებდნენ. დღის განმავლობაში, შრომის პარალელურად ისმოდა სხვადასხვა სახის სიმღერები, ხუმრობდნენ ერთმანეთში და მეზობლად მყოფი მშრომელ თანასოფლელებთან მოკითხვისა და იუმორისტული შინაარსის გადაძახილები ირგვლივმყოფი მყუდრო და უღრანი ტყეების ექოში გახვეულიყო. დაღამდა, მზე ჩავიდა, შრომას მორჩა ნადი. უკვე კიდევ უფრო სასიამოვნო საფეხურზე გადასვლის დრო დგებოდა. იქვე მინდორში, „დვიჟოკით“ განათებულ მწვანე გარემოში, თხმელნარში, გაიშალა სუფრა და შრომისაგან დაქანცული ადამიანების კვებისა და გართობის მომენტიც დადგა. ისმოდა ადგილობრივი სივრცისთვის დამახასიათებელი სიმღერები, დოლ აკარდიანის მუსიკა, ცეკვა. ერთმანეთს უზიარებდნენ ისტორიებს, საინტერესო გამოცდილებებს, ყვებოდნენ სასაცილო ისტორიებს და ცდილობდნენ მთელი დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის განახლებასა და აღდგენას დადებითი განწყობის, ერთმანეთთან კომუნიკაციის მეშვეობით. ზოგჯერ ეს პროცესი დილამდე გრძელდებოდა და ჩემი ისტორიის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოყვრის მიერ დანიშნული რძლის ოჯახში ნადის მიყვანის ტრადიცია შესრულებულად ჩაითვალა და ამ კონკრეტული ოჯახის 20 დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო ერთ დღეშივე დასრულდა.
სოციალური სოლიდარობის პრაქტიკა
რამდენიმე წლის წინ ხულოს ერთ-ერთ სოფელში ტრაგიკულად გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ოჯახისთვის განსაკუთრებულად რთული ემოციის საფუძველი გახდა. შედეგად, ბუნებრივია, მშობლების შრომისუნარიანობა ურთულესი ტრავმის ფონზე საგრძნობლად შემცირდა. მოგეხსენებათ, აჭარის მაღალმთიანეთის რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სეზონების მიხედვით შრომა, მჭიდრო ვადებშია გაწერილი. გაზაფხულზე იალაღებზე წასვლამდე დახვნა-დათესვა უნდა მოასწრო, რომ დანარჩენ საქმეს ჩამოშორდები და ასე გრძელდება ზაფხულ-შემოდგომაზეც. აქედან გამომდინარე, ამ ტრაგიკულ შემთხვევა გამოვლილი ოჯახის საზაფხულო საქმიანობაში აქტიური ჩართვის ალბათობა იყო რთული. თუ თივა არ ექნებოდათ საქონელს ვერ გამოაზამთრებდნენ და შესაბამისად მათი ყოფა კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა. აჭარაში არსებობს მსგავსი სოციალური სოლიდარობის პრაქტიკა, როცა ოჯახებს განსაკუთრებულად უჭირს, ან დიდი განსაცდელის წინაშე დგას, მთელი სოფელი შეეცადოს ამა თუ იმ ფორმით დაეხმაროს ყოფის შესამსუბუქებლად. ამ შემთხვევაშიც სოფელმა გადაწყვიტა ორგანიზებულად ნადის მეშვეობით კონკრეტული ოჯახისთვის დახმარება გაეწია და ერთ დღეში მთელი საზაფხულო სამუშაოები ტრაგედიაგანცდილი მშობლებისგან დამოუკიდებლად შეასრულეს. ასე ხდება, როცა საცხოვრისი დაეწვება ვინმეს, ან მძიმე ავადმყოფი ჰყავთ. გაზაფხულის სამუშაოებია ხვნა-თესვა, ზაფხულში თივის მოთიბვა-აღება, შემოდგომაზე თივის საბძელში დაბინავება, მოსავლის აღება, ხოლო ზამთარში სიმინდის გარჩევა, რაშიც აქტიურად ჩართული არიან ქალები და ეს კიდევ ნადის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც სოციალიზაციის, განტვირთვის, ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას იძლევა. აჭარაი შრომის ნებისმიერ ფორმაში შესაძლოა არსებობდე ნადი.
შევეცადე წარმომედგინა ნადის ორი სახე: ნადი, როგორც ტრადიცია და ნადირ როგორც სოციალური სოლიდარობის პრაქტიკა.
ამ ერთი საკითხის ორივე განზომილება სოფლის მცხოვრებთა ყოფაში შრომის შემსუბუქებასთან ერთად, ერთმანეთთან სოციალიზაციის შესაძლებლობას აჩენს და თანაგანცდისა და გვერდში დგომის პრაქტიკებს ქმნის. აჭარის რთული გეოგრაფიული და კლიმატური მოცემულობის გათვალისწინებით, ტრადიციად ქცეული კოლექტიური შრომის ფორმები ყოფის შემსუბუქების მნიშვნელოვანო მექანიზმია. ბოლო წლებში, სოციალური სტრუქტურის ფორმაცვლამ და სამეურნეო საქმიანობის ტრანსფომაციამ ნადის, როგორც ტრადიციის გაპასიურება გამოიწვია და ის ყოფის ნაწილისაგან დისტანცირდა, თუმცა მისი სოციალური სოლიდარობის განზომილება დღეს ისევ არსებობს. ურთიერთობების ეს ფორმები, ადამიანთა შორის კავშირების, ახლოს ყოფნის და ურთიერთდახმარების განცდის გამაძლიერებელია. მისი შედეგი კი დიდი ხნის განმავლობაში ურთულესი რელიეფის პირობებში ცხოვრების გადარჩენა, ცხოვრების შენარჩუნება და აქამდე მოღწევაა.
ინსტრუქცია