[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / სტატია

სოციალური უფლებების განსჯადობის მოდელები

მარიამ ბეგაძე 

სოციალური უფლებების განსჯადობა განსაკუთრებით მწვავე განხილვის საგანი 90-იან წლებში, „მესამე ტალღის“ კონსტიტუციების მიღების ეტაპზე გახდა. მას შემდეგ არაერთმა ეროვნულმა სასამართლომ დააგროვა ამ უფლებების განსჯადობის გამოცდილება, თუმცა სასამართლოების ჩართულობის სასურველ ფორმებზე დისკუსია დღესაც გრძელდება. წინამდებარე ნაშრომი სწორედ არსებული გამოცდილების ტიპოლოგიური ანალიზით ცდილობს ასეთი დისკუსიისთვის ნიადაგის შექმნას.

ნაშრომში განხილულია სასამართლო გადაწყვეტილებების ხუთი ტიპი (მოდელი), რომლებიც, განსჯადობის კატეგორიულ და დიალოგურ ფორმებს მიესადაგება. ეს გადაწყვეტილებები მათი ბენეფიციარების (ინდივიდუალური მოსარჩელე ან არსებითად თანაბარ მდგომარეობაში მყოფი მოსარჩელეების ჯგუფი) მიხედვით არის ჩაშლილი. მეხუთე კატეგორიად კი გამოყოფილია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკის არა რომელიმე ასპექტის, არამედ მის სრულ გადაფასებას გულისხმობს და, მასშტაბიდან გამომდინარე, განსჯადობის სხვადასხვა ფორმის ელემენტებს შეიძლება ერთდროულად მოიცავდეს.

ნაშრომში განხილული გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, რომ სოციალური უფლებების საფუძველზე კატეგორიული გარანტიების გაცემა ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან ქმნის დაძაბულობას. ამისგან განსხვავებით, პროცედურული გარანტიები ფაქტობრივად ადმინისტრაციული სამართლის ტრადიციას იმეორებს. პოლიტიკის შემუშავების შესახებ და არსებული სისტემის სრულ რევიზიაზე გარანტიები კი კონსტიტუციური მართლმსაჯულების დიალოგური ფორმით ხორციელდება.

დიალოგური მოდელის შემთხვევაში პოლიტიკურ შტოები თავად განსაზღვრავენ ახალი პოლიტიკის დეტალებს, თუმცა სასამართლო მათ პოლიტიკის უცვლელი ფორმით, ზოგჯერ კრიზისულ მდგომარეობაში შენარჩუნების თავისუფლებაში ზღუდავს. განხილული საქმეები აჩვენებს, რომ, როგორც წესი, დიალოგური განსჯადობის მოდელი კატეგორიულობის გარეშეც აღწევს სისტემური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელ პოლიტიკის ცვლილებას. ამ ფორმით კი, სასამართლო ხელისუფლების დანაწილების ჩარჩოში რჩება და სოციალური უფლებების რეალიზების ოქროს შუალედს პოულობს.

მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

01_სოციალური_უფლებების_განსჯადობის_მოდელები_1666288303.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“