საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დემოკრატიის ერთ-ერთ ნაკლს სისტემური პრობლემების დეპოლიტიზებისკენ მიდრეკილება, ე.წ. ‘ინერციის წნეხი’ და ‘განვილ გზაზე/წარსულზე დამოკიდებულება’ წარმოადგენს.[1] ამ მიდრეკილებას კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული მანდატის მოკლევადიანობა (short-termism), რადგან ფუნდამენტური რეფორმების პოზიტიური შედეგები, ხშირად, შემდეგ არჩევნებამდე არ ჩანს. სამართალწარმოების პოტენციალი, გადალახოს პოლიტიკური პროცესის ასეთი ნაკლოვანებები, ყველაზე უკეთ, სოციალური უფლებების დიალოგური განსჯადობის მოდელში ვლინდება. განსჯადობის ეს მოდელი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც სასამართლო, კონკრეტული პოლიტიკის შინაარსის დადგენის გარეშე, ზოგად მითითებებს აძლევს ხელისუფლების სხვა შტოებს. ამასთან, ეს მითითებები ხშირად გაძლიერებულია (1) უფლებრივ სტანდარტებზე დაფუძნებული, პრინციპული, დასაბუთებული მსჯელობით, (2) პოლიტიკის შემუშავების პროცესთან დაკავშირებული (არაშინაარსობრივი), ზოგჯერ კატეგორიული მითითებებითა და (3) გადაწყვეტილების შესრულებაზე ზედამხვედველობის პროცესით.
წინამდებარე ნაშრომი, სწორედ სოციალურ უფლებებზე „გაძლიერებული“ დიალოგური განსჯადობის უპირატესობების თეორიული პერსპექტივიდან დასაბუთების მცდელობაა. განსჯადობის ამ მოდელზე, ზოგადად, მზარდი კონსენსუსია ლიტერატურაშიც. თუმცა ამ პოზიციის დამცველებსაც მხედველობის მიღმა რჩებათ ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ის შინაარსი, რომელიც სასამართლოს გარკვეული ტიპის ჩართულობას სოციალური უფლებების დაცვაში, არა მისაღებ, არამედ საჭირო ფუნქციადაც შეიძლება ხედავდეს. შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომში სწორედ იმგვარი თეორიული პერსპექტივაა განვითარებული, რომლის თანახმად, სასამართლოს პოლიტიკური პროცესისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების გამოსწორებისთვის საჭირო მახასიათებლები გააჩნია. ეს დაშვება, პარადოქსულად, იმ სასამართლო გადაწყვეტილებებშიც გამოჩნდა, რომლებშიც პოლიტიკური შტოების მიერ გამოტანილი დასკვნები კითხვის ნიშნის ქვეშ არ იყო დაყენებული, ან/და მხოლოდ შესასრულებლად არასავალდებულო მითითებებს მოიცავდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც გამოიწვია უმოქმედობის პოლიტიკური ფასის ზრდა და შესაბამისად, პოლიტიკაში ცვლილებები.
საბოლოოდ, ნაშრომში განხილული თეორიული და პრაქტიკული მაგალითები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ „გაძლიერებული“ დიალოგური მართლმსაჯულება სასამართლო და პოლიტიკურ შტოებს შორის ბალანსს მათი ინსტიტუციური უპირატესობების ოპტიმალური გამოყენებით გვთავაზობს. მსგავსი მიდგომა კი სოციალურ უფლებებზე განსჯადობის „ოქროს შუალედია“ და, რაც მთავარია, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის სულისკვეთებასაც სათანადოდ გამოხატავს.
მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
[1] ისტორიული ინსტიტუციონალიზმის სკოლა ინსტიტუციებს დროით სიბრტყეში განიხილავს და დროთა განმავლობაში ცვლილებებისადმი ნაკლებად მიდრეკილ სუბიექტებად ხედავს. ინსტიტუტის განვითარების რომელიმე ტრაექტორიის არჩევის შემდგომ, იწყება თვითგამყარების [self-reinforcing] პროცესი, რაც ნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტის შენარჩუნება დროის გასვლასთან ერთად, მეტი მოგების მომტანია [increasing returns], შესაბამისად მისი ალტერნატივით ჩანაცვლება უფრო და უფრო მეტ ‘ფასთან’ არის დაკავშირებული ვიდრე ეს ამ ტრაექტორიის აღებამდე იყო. ეს დაკავშირებულია თავდაპირველად ჩადებული დროის, ფინანსურ და სხვა ინვესტიციებთან, სხვადასხვა ინსტიტუტებთან უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობის ქსელთან, ინსტიტუტის შენარჩუნების არსებულ (ძირითადად ფინანსურ) ინტერესებთან. ეს შეიძლება ხსნიდეს, რატომ რთულდება არაერთი ობიექტურად პრობლემური ინსტიტუტის რეფორმა.
ინსტრუქცია