[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / სტატია

სასამართლო 90-იანი წლებიდან დღემდე - სამი მოსამართლის პერსპექტივა

სოფო ვერძეული 

ქართული სასამართლოების შესახებ არსებულ წყაროებში არაერთი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული მასალის მოძიებაა შესაძლებელი. თუმცა, მათი უმეტესობა გარე თვალის მიერ აღქმულ რეალობას აღწერს. ამ სტატიით გვსურს, საზოგადოებას წარვუდგინოთ თავად მოსამართლეთა პერსპექტივა სასამართლოს წარსულსა და დღევანდელობაზე, დავანახოთ მათი დამოკიდებულება მნიშვნელოვან და გარდამტეხ ეტაპებზე, სარეფორმო თუ საკადრო პროცესებზე. სტატიაში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის სამი მოსამართლის ისტორია, მათი გამოცდილებები და განწყობები. ისინი მოსამართლის თანამდებობებს სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ დროსა და ვითარებაში, საკანონმდებლო და ორგანიზაციულ მოცემულობაში იკავებდნენ. მათი სამოსამართლეო უფლებამოსილების პერიოდები გვაძლევს შესაძლებლობას გავიხსენოთ, შევავსოთ და მათი მონაწილეობით შევაფასოთ, 90-იანი წლებიდან დღემდე, სასამართლოს ისტორია.

ამ სტატიაში მოსამართლეები აღწერენ იმ გარემოსა და კონტექსტს, რომელშიც მათ უწევდათ საქმიანობა. საუბრობენ მოსამართლეთა განწყობებზე, გამოცდილებებსა და სიძნელეებზე. სამი მოსამართლის მოყოლილი ისტორია, ერთი მხრივ, აჩვენებს მათ მიერ გავლილ განსხვავებულ გზას, თუმცა ასევე წარმოაჩნეს პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მოსამართლისთვის საერთო და გადამკვეთია.  

მოსამართლეთა მოსაზრებები წარსულსა და დღევანდელობაზე

  • თამარ ლალიაშვილი (1999-2005) – მისი მოსამართლეობის პერიოდი ემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას. სწორედ ამ რეფორმის შემდეგ, 1999 წელს, კონკურსის გზით, თამარ ლალიაშვილი მოსამართლედ დაინიშნა. ის, 2006 წელს, რამდენიმე სხვა მოსამართლესთან ერთად, უკიდურესად პრობლემური დისციპლინური დავის შედეგად, გაათავისუფლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.[1] 2018 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, აღიარა მისი უფლებების დარღვევა და იკისრა მისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება[2].

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშილი, 1998 წლის სასამართლოს რეფორმაზე საუბრისას იხსენებს, რომ საწყის ეტაპზე ამ ინიციატივას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, კითხვები რეფორმის მიმართ მალევე გაჩნდა, რადგან დაიწყო საუბარი საგამოცდო ტესტების გაყიდვაზე და გამოჩნდა, რომ სასამართლოში კორუფციის აღმოფხვრაზე საუბარი არარეალისტური იყო. მისი თქმით, მოსამართლისთვის დაბალი ხელფასის შენარჩუნება, თავიდანვე ნიშნავდა, რომ კორუფცია ამ რეფორმით ვერ დამარცხდებოდა. საკუთარი მდგომარეობის გახსენებისას ამბობს - “მე და ჩემი კატა ვუძლებდით 350 ლარს” და იქვე აღნიშნავს, რომ ასეთი ხელფასით ცხოვრება განსაკუთრებით რთული იყო იმ მოსამართლეებისთვის, ვისაც ოჯახები ჰყავდათ. თუმცა, მოსამართლეების ძირითად ნაწილს არ ეტყობოდათ წუხილი ასეთი პრაქტიკის გამო და მიუხედავად ფართოდ გავრცელებული კორუფციისა, რაც ყველასთვის ცნობილი იყო, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. იხსენებს მხოლოდ ერთ მოსამართლეს, რომელმაც დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, თავად დატოვა თანამდებობა, რადგან კორუფციაში ჩართვის გარეშე, ოფიციალური ხელფასით საკუთარი ოჯახის ფინანსურ საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებდა.

საინტერესოა მისი დამოკიდებულება მაშინდელი სასამართლოს მუშაობის მიმართ. მისი თქმით, მართალია “სასამართლო იყო კორუმპირებული, თუმცა, მოსამართლეები ფულს იღებდნენ იმაში, რაც შეიძლება პატიმარს ისედაც ეკუთვნოდა.” საკუთარ სამოსამართლეო კარიერას კი ასე იხსენებს: ჩემმა დამოუკიდებლობამ გაამდიდრა პროკურატურაპროკურორმა იცოდა კანონის მიხედვით რა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ლმობიერი და წინასწარგანჭვრეტადი ვიყავი”.

მისი შეფასებით, მაშინდელ სასამართლოს არ ჰქონდა კომპეტენციის პრობლემა. ასევე ნაკლები იყო პოლიტიკური საქმეები და ძირითადი ფაქტორი “ფულზე მუშაობაიყო. თვლის, რომ მიუხედავად სასამართლოს ხელმძღვანელობის შესაძლო დაინტერესებისა, ის ახერხებდა, ისეთი გადაწყვეტილებები მიეღო, როგორიც საჭიროდ და მართებულად მიაჩნდა. მისივე თქმით, იმ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ვისი მხარდაჭერა ჰქონდა მოსამართლეს. რადგან თავად მაშინდელი “რეფორმატორი” პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას გრძნობდა, ის ახერხებდა დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები.

თუმცა, ამბობს რომ ამ “რეფორმატორი” პოლიტიკოსების განწყობები და ქმედებები სასამართლოსთან მიმართებით მალევე შეიცვალა. სასამართლო კი “შეშინებული შეხვდა” ვარდების რევოლუციას, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ კორუფციაში გარეულ მოსამართლეებს სისტემიდან გაუშვებდნენ. თუმცა, როგორც აღნიშნავს, უზენაესი სასამართლოდან კადრების გაშვება იმ მოსამართლეებით დაიწყეს, რომლებიც ცნობილი იყო, რომ კორუფციასთან კავშირში არ იყვნენ. მისი თქმით, მოსამართლეების გაშვებაში, თავისი როლი ჰქონდა მაშინდელ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც იბარებდა მოსამართლეებს. თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ კი, მოსამართლეებს ჰპირდებოდნენ პენსიას და საპირწონე სამსახურს. მაშინდელ სასამართლოს თავმჯდომარესთან საკუთარ კომუნიკაციას ასე იხსენებს: “გერმანიაში ვიყავი კონფერენციაზე, როცა დამირეკა კუბლაშვილმა და მითხრა რომ უნდა დამეწერა განცხადება.” მოსამართლეთა არაფორმალური გაშვების პრაქტიკას, მათ შორის, ხსნის იმით, რომ მოუმზადებელ და გამოუძიებელ სისხლის სამართლის საქმეებს, სასამართლოში ლოიალური მოსამართლეები უნდა დახვედროდა. აქვე იხსენებს შემთხვევას, როცა ერთ-ერთ ასეთ ცუდად გამოძიებულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო, სასამართლოს თავმჯდომარისგან თავად შენიშვნა მიიღო. 

წარსულის და დღევანდელობის შედარებისას, ამბობს, რომ თუკი ვარდების რევოლუციამდე სასამართლო სისტემა კი კორუფციული, რევოლუციის შემდეგ კი - პოლიტიზირებული, დღეს არის როგორც პოლიტიზირებული, ისე კორუფციული. მისი თქმით, დღევანდელი ვითარების სიმძიმე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ “ყველა ეპოქიდან ყველაზე ცუდია აღებული”.

  • მაია ბაქრაძე (2005-2015) - მისი მოსამართლეობის პერიოდი ემთხვევა რევოლუციის შემდგომ წლებში გატარებულ საკადრო, ორგანიზაციულ და ანტიკორუფციულ რეფორმებს სასამართლოში. ის მოსამართლის თანამდებობაზე 2005 წელს, რაიონული სასამართლოების ლიკვიდაციის და ძველი კადრების თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დაინიშნა. მისი მოსამართლეობის წლები ორი ხელისუფლების მმართველობის პერიოდს მოიცავს. 10 წლიანი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მას თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნაზე უარი უთხრა. ამ პერიოდში ის იყო მოსამართლეთა პროფესიული გაერთიანების (“მოსამართლეთა ერთობა”) დამფუძნებელი წევრი და საჯაროდ საუბრობდა სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე. საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მიზნით, მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო.[3]

ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა გაერთიანების ყოფილი თავმჯდომარე, მაია ბაქრაძე, ამბობს, რომ მთავარი განსხვავება მოსამართლეთა განწყობაში, წინა წლებსა და დღევანდელობას შორის, ნიჰილიზმი და უიმედობაა. თუკი, მისი მოსამართლედ დანიშვნის დროს, არსებობდა სასამართლოს განვითარების იდეა და მოსამართლის სოციალური დანიშნულება, დღეს მოსამართლეობა რიგით მოხელეობად იქცა. მიუხედავად მძიმე სამუშაო და ინფრასტრუქტურული პირობებისა, აძლებინებდა იდეა, რომელსაც ხედავდა მოსამართლეობაში. პირველად რომ შევედი, ორი თვე კომპიუტერი არ მქონდა და მერე ერთი ცალი მოგვიტანეს მე და თანაშემწეს საზიაროდ.” იხსენებს საინტერესო ეპიზოდს სასამართლოს ცხოვრებიდან, როდესაც 2005 წლის რეფორმის შემდეგ, განაწყენებულმა ძველმა მოსამართლეებმა, პროტესტის ნიშნად საქმეები “დაშალეს” და დანაწევრებული, მიმოფანტული ფურცლები დაუტოვეს ახალ მოსამართლეებს. 

მისი თქმით, 2005 წელს როცა დაინიშნა, მოტივაციას აძლევდა კორუფციის დამარცხების და საჯარო წესრიგის დადგენის იდეა. ფიქრობდა, რომ კარგი ქვეყნის აშენებაში სასამართლოს თავისი როლი ჰქონდა. “როცა დავინიშნე ჩანდა ნათელი წერტილი, მიზანი საითაც მივდიოდით. შეიძლება კარგი გზებით არ მივდიოდით, მაგრამ იყო პროგრესისკენ სწრაფვის იდეა. ახლა არ არსებობს იდეა. მოსამართლეობა გახდა ხელობა. მოსამართლის სოციალური როლი არ ჩანს საზოგადოებაში. ვინც ამ როლს იაზრებს ისიც ხელჩაქნეულია და ამ როლს არ ასრულებს.”

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი მოტივაცია და განწყობა 2007 წლის შემდეგ შეიცვალა. “6 თვე დეკრეტში ვიყავი და 2008 წლის იანვარში რომ დავბრუნდი სამსახურში, იყო თვალშისაცემი სხვაობა, ალბათ ისე როგორც მთელ ქვეყანაში.” ამ დროს პირველად გაიგო, რომ მის პალატას თავმჯდომარე ჰყოლია. იხსენებს, რომ სასამართლოში ახალდანიშნულმა ,,უფროსებმა” წესრიგის თავისებური კულტურა შემოიტანეს, მათ შორის, მოსამართლის წასვლისა და მოსვლის კონტროლი. მოსამართლეებს შორის მარტივი კომუნიკაციაც კი პრობლემა გახდა. ციფრებს იწერენ, რაღაც სტატისტიკებს აგროვებენ, თავისი გეგმები აქვთ, თავისი ქცევის წესები აქვთ. თანდათან უფროდაუფრო შეიჭრნენ მოსამართლის მაკონტროლებლის როლში. აქ უკვე გაჩნდა განცდა, რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. ახლა მივდივართ დასასრულისკენ. სხვა რაღაცას ვაშენებთ.”

მისი თქმით, 2007 წლიდან, მოსამართლეებში გაჩნდა “გადარჩენის” მიზანი. გადარჩენა არ გულისხმობდა მოსამართლედ დარჩენას. გადარჩენა გულისხმობდა ფიზიკურ გადარჩენას, ან ოჯახის წევრის გადარჩენას.” ეტაპობრივად იცვლებოდა სამუშაო გარემო მოსამართლეებისთვის, რაც პოლიტიკური საქმეების მატებით ან “დირექტორებად დასმული უფროსების მიერ თავისი დანიშნულების გამართლების ინტერესით შეიძლება აიხსნას -,,ამოდის მოსამართლე დარბაზიდან და ტირის, იმიტომ რომ ის გამოაცხადა, რასაც არ ეთანხმება.” მისი თქმით, იყო საუბრები თანამდებობიდან წასვლაზე, თუმცა განცხადების დაწერა და საკუთარი ინიციატივით თანამდებობის დატოვება სარისკო საქციელად განიხილებოდა. ასეთ ქმედებას შეიძლება დამატებითი ეჭვები და პრობლემები გაეჩინა მოსამართლისთვის.  

ასევე იხსენებს მის კარიერაში ერთ-ერთ პირველ უთანხმოებას, რომელსაც “დაერქვა ბუნტი” სასამართლოში. სამი მოსამართლე აღმოვჩნდით, რომლებიც ჯარისკაცებს ვაძლევდით ფორმის და კვების კომპენსაციის თანხას - 100 თუ 200 ლარს. პირველი ბუნტი ამას დაერქვააქ ვიგრძენი პირველი რაღაც გარე არაჯანსაღი მიმართულება. ამის შემდეგ ვიგრძენი რომ მიუღებელი ვიყავი.” ამ საქმის განხილვის შემდეგ, მოსამართლეთა ეს შემადგენლობა დაშალეს და სხვადასხვა კოლეგიაში გადაანაწილეს. როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ის ადმინისტრაციული პალატიდან სამოქალაქო პალატაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად სამოქალაქო საქმეების განხილვის ინტერესი წარსულში ჰქონდა, მისი აზრისთვის იქამდე არ გაუწევიათ ანგარიში, სანამ თავად არ დასჭირდათ მისი ადმინისტრაციული საქმეებიდან დისტანცირება.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, ის ამბობს, რომ მოსამართლეებში არ იყო ისეთი ნიჰილისტური განწყობა, როგორიც დღეს არის. მოსამართლეების ძირითად ნაწილში იყო მოლოდინი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოჩნდა მოსამართლეთა ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა სასამართლოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი და ასევე გამოიკვეთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური სიმპათია წინა ხელისუფლების მიმართ. ის სწორედ ამ შიდა გადაჯგუფებებით ხსნის გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც 2012 წლიდან 2014 წლამდე, სასამართლოს ქცევასა და გადაწყვეტილებებში შეიმჩნეოდა - გარკვეულწილად იზრდებოდა გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხი, ისევე როგორც გამამართლებელი განაჩენების რიცხვი.ეს ერთი მხრივ მართლა იყო თავისუფლებით გამოწვეული, მეორე მხრივ - ალბათ იყო საბოტაჟური”. საყურადღებოა მისი მოსაზრება, რომ მოგვიანებით მოქმედ ხელისუფლებასთან ალიანსში და მათ სამსახურში სწორედ ის მოსამართლეები აღმოჩნდნენ, რომელსაც საბოტაჟური განწყობები და წინა პოლიტიკური რეჟიმის მიმართ სიმპათია ჰქონდათ.

საერთო პრობლემების მიუხედავად, წინა წლებსა და დღევანდელ სასამართლოში არსებულ განწყობებს შორის მთავარ განსხვავებაზე საუბრისას, ის ასახელებს ორ ფაქტორს - ნიჰილიზმსა და განვითარების არარსებობას. როგორც თავად აღწერს, თუკი 2012 წლამდე იყო “მათრახის პოლიტიკა” სასამართლოსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის, დღეს არის “თანამშრომლობაზე დაფუძნებული” ურთიერთობა.სასამართლოს დამოუკიდებლობის და ინსტიტუციური განვითარების მიმართ ნიჰილისტური განწყობაა. 2007-2012 წლებში იყო განცდა - ეს უნდა შეიცვალოს და მალე შეიცვლება. ახლა არის განცდა რომ ეს სულ ასე იქნება.” ფიქრობს, რომ ნებისმიერი თუნდაც მცირე ტენდენცია, რაც ამგვარ ნიჰილიზმს შეარყევს, აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ ცვლილებას სასამართლოში. მისი აზრით, ასეთი ცვლილება მხოლოდ დროის საკითხია და ის აუცილებლად მოხდება.

  • ქეთევან მესხიშვილი (2010 - დღემდე) - მისი მოსამართლეობის პერიოდი ემთხვევა ქართული ოცნების სასამართლო რეფორმის ტალღებს. 2020 წლიდან ის არის უვადოდ დანიშნული მოსამართლე. განსხვავებული აზრის დეფიციტის პირობებში, ის საჯაროდ საუბრობს სასამართლოს პრობლემებსა და გამოწვევებზე. სწორედ მისი ასეთი საჯარო პოზიციონირების შემდეგ, მის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 2021 წელს, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას საჯაროდ გაემიჯნა.[4] ასევე, ის არის ღია წერილის ხელმომწერი, რომლითაც 2021 წლის ბოლოს მოსამართლეთა ნაწილმა საქართველოს პარლამენტს მიმართა.[5]

მოსამართლე ქეთი მესხიშვილის თქმით, პოლიტიკური კონტექსტი გავლენას ახდენს სასამართლოზე და მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე, თუმცა, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა მათსავე (მოსამართლეების) ხელშია.

როგორც აღნიშნავს, წარსულში მოსამართლეთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, დღევანდელთან შედარებით, უფრო სუსტი იყო, გამოწვევები კი - თვალშისაცემი. თუმცა, მიიჩნევს, რომ „ბოლო, 2021 წლის დეკემბრის ცვლილებები, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებისაკენ მიმართული არ არის, უფრო მეტიც, აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ყველა ის საფრთხე შეიძლება რეალობად იქცეს, რაც წარსულში, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის თვალსაზრისით, არასახარბიელო ვითარებას ქმნიდა და რაც რეფორმის არაერთი ტალღის შედეგად მნიშვნელოვანწილად ნიველირებული (განეიტრალებული) იყო”. მაგალითად მოჰყავს მოსამართლეთა მივლინების მექანიზმი, რომელიც 2021 წლის ცვლილების შედეგად „მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ, სადამსჯელო მექანიზმად შეიძლება იქნეს გამოყენებული“.

გამოწვევად ასახელებს, წარსულში, სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლის გადანიშვნისთვის მკაფიო კრიტერიუმების არარსებობას და ამბობს, რომ დღეს მოქმედი უვადო დანიშვნის წესი ამ მიმართულებით პრობლემას აგვარებს. თუმცა, იქვე აღნიშნავს: “ჩემში წუხილს და კითხვის ნიშნებს იწვევს უვადოდ დანიშვნამდე გავლილი გზა და ამ გზაზე იმ მოსამართლეთა ბედი, რომლებიც ხელახლა არ გადაინიშნენ და ისინი დღეს ჩვენს გვერდით არ არიან”. ასევე, ამბობს რომ საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, გამოწვევები კვლავ სახეზეა - ბევრი კარგი მოსამართლე მუდმივად (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) არ გადაინიშნა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლოს განვითარებასთან დაკავშირებით მოსამართლეებს აქვთ მოსაზრებები, იდეები, თუმცა, განსხვავებული აზრის გამოხატვა არ არის წახალისებული და არც საამისო ეფექტური სადისკუსიო პლატფორმაა შექმნილი.”

როგორც ამბობს, დღევანდელობას წარსულთან ის მსგავსება აქვს, რომ მოსამართლეთა აქტივიზმი ისევ სუსტია. ამას კი რამდენიმე საინტერესო ფაქტორით ხსნის - “ჩვენ არ ვისწავლეთ და ვიმოსამართლევეთ იმ დროში, როცა სამოსამართლო აქტივიზმი წახალისებული იყო.”  ამ კუთხით, ის ყურადღებას ამახვილებს მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში მოსამართლეთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ფიქრობს, რომ მოსამართლეების დროითი რესურსი საქმეთა განხილვას და გადაწყვეტილებების გამოტანას ხმარდება. თუმცა, მნიშვნელოვნად მიაჩნია, კონკრეტული საქმეების მიღმა, მოსამართლეები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პროცესებში.

როგორც აღნიშნავს, “თუ მოსამართლეს, სურს იყოს დამოუკიდებელი, ის აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი...თუ მას სურს დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, მას აქვს ამის შესაძლებლობა.“ თუმცა, საკუთარი და ასევე სხვა კოლეგების მაგალითიდან გამომდინარე, სიფრთხილით უყურებს იმ გამოწვევებს, რაც განსხვავებული აზრის დაფიქსირების შემთხვევაში   მოსამართლეებს შეიძლება შეხვდეთ. თვლის, რომ სისტემის მიერ იმ მოსამართლის მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებას, რომელიც გამოწვევებზე ღიად საუბრობს, შესაძლოა “მსუსხავი ეფექტი” ჰქონდეს სხვა მოსამართლეებზე.

იხსენებს საკუთარ გამოცდილებას და სირთულეებს, რომელსაც, სწორედ განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო წააწყდა - “მე, პირადად, (ისევე როგორც ჩემს სხვა კოლეგებს, მათ შორის, ადრეულ პერიოდში), განსხვავებული აზრის გამო,  ბევრი სირთულე შემხვდა, ადამიანურიც და პროფესიულიც... რთულია, როდესაც ოჯახს ეხებიან, თუმცა, შეგრძნება, რომ ამ ღირებულებების დაცვით ბევრად უფრო შევამსუბუქებ იმ მოსამართლეების მომავალს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ, ამ ტვირთს ამსუბუქებს.”

დღეს სასამართლოში შექმნილ ვითარებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით, წარსულში რამდენიმე სარისკო და პრობლემურ გადაწყვეტილებას უკავშირებს, მათ შორის, 3 წლიანი საგამოცდო ვადის დაწესებას და სასამართლო კორპუსის დაშლაზე საუბარს: “ვფიქრობ, რისკის შემცველი იყო სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება და  სასამართლოზე, როგორც დასაშლელ ინსტუტუციაზე საუბარი, რამაც არსებითად შეცვალა სასამართლოში განწყობები.  დამოკიდებულებამ - „ყველა, ინსტიტუციის წინააღმდეგ“, მოსამართლეებთან ჯანსაღი სადისკუსიო პლატფორმა მოსპო.”

როგორც ამბობს, სასამართლოში უამრავი კარგი მოსამართლეა, რომელთაც მხარდაჭერა და საკანონმდებლო გარანტიების თვალსაზრისით გაძლიერება სჭირდებათ. ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემურია სასამართლოს დაშლასა და მოსამართლეების გაყრაზე მიმართული რიტორიკა, რაც  მოსამართლეებში ნიჰილიზმს იწვევს და რეალურ, საჭირო რეფორმებზე მსჯელობას ხელს უშლის. ამდენად, აუცილებელი ჰგონია ყველა სარეფორმო წინადადება თუ სადისკუსიო ჩარჩო მოქმედი ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერების იდეას ემსახურებოდეს: “რეფორმა ინდივიდუალურ მოსამართლეებს უნდა აძლიერებდეს, ყოველმხრივ უნდა გამორიცხავდეს ძალაუფლების კონცენტრირების შესაძლებლობას, არცერთ მოსამართლეს მეტი ან ნაკლები ძალაუფლება, მეტი ან ნაკლები გავლენა, თუ პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს, ძალაუფლების თვალსაზრისით, ნებისმიერი ერთი მოსამართლე უნდა უდრიდეს ერთ მოსამართლეს. აი ასეთი, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებაზე ორიენტირებული რეფორმით მივიღებთ სასამართლოს, რომლითაც მართლმსაჯულების მშვიდი, განვითარებაზე ორიენტირებული ისტორია შეიქმნება.”

 

ინტერვიუები მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ყოფილი მოსამართლის, თამარ ლალიაშვილის, პრესკონფერენცია, 2019 წელი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Jsi53S.

[2] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება საქმეებზე “ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “ლალიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება, 2021 წელი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oSqi9B.

[4] “მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ იზიარებენ ელჩების კრიტიკის საპასუხოდ მოსამართლეების განცხადებას”, ონლაინ გამოცემა პუბლიკა, 2021 წელი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JvazoZ.   

[5] “მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ განმარტებებს ითხოვს”, ინტერპრესნიუსი, 2021 წელი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JwfpCl.  

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“