[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ანალიტიკური დოკუმენტები

საცხოვრისის სერვისების მნიშვნელობა შშმ პირთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში

მარიამ ჯანიაშვილი 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ისტორიულად სტიგმის, დისკრიმინაციისა და გარიყვის მუდმივი ობიექტები იყვნენ, როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე დონეებზე.[1] ისინი ზოგჯერ კანონის ძალით დადგენილი დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლები არიან, ზოგჯერ კი - საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უხილავი სოციალური თუ ფიზიკური ბარიერების წინაშე აღმოჩნდებიან.

წლების განმავლობაში ამ ჯგუფის წარმომადგენლების დისკრიმინაციამ, გარიყვამ, ქმედუნარიანობის შეზღუდვამ ან საერთოდ ჩამორთმევამ, შშმ პირები მეორე ხარისხის მოქალაქეებად შერაცხა და არსებითად უგულებელყო მათ მიერ ეკონომიკური თუ სოციალური უფლებების განხორციელების საჭიროებები.[2] ამგვარი პოლიტიკის ეფექტები განსაკუთრებით ნათლად წარმოჩინდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, საცხოვრისით უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა და სხვა.

ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირები, ისედაც მოწყვლად თემში, კიდევ უფრო უხილავ და გარიყულ ჯგუფს წარმოადგენენ. სახელმწიფოებისა და საზოგადოებების უუნარობამ, ეპასუხათ მათი ინდივიდუალური საჭიროებებისთვის და მათთვის, სხვა ადამიანების მსგავსად, შეექმნათ ღირსეული პირობები დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში მონაწილეობისათვის, ამ ჯგუფის წარმომადგენლები, ერთი მხრივ, ინსტიტუციონალიზაციას დაუქვემდებარა, ხოლო მეორე მხრივ, უსახლკარობისა და არასათანადო საცხოვრისში ცხოვრებისათვის გაიმეტა.[3]

გლობალური მასშტაბით არსებული გამოწვევები საქართველოსთვისაც არ არის უცხო. სამწუხაროდ, მიუხედავად რელევანტური საერთაშორისო სტანდარტებისა, ქვეყანამ ამ დრომდე ვერ შეძლო საკუთარი საცხოვრისის, სოციალური დაცვისა და შშმ პირთა მიმართ არსებული პოლიტიკების ტრანსფორმაცია და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ინკორპორირება. სწორედ ერთიანი პოლიტიკის ჩავარდნის შედეგია  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ასობით ადამიანის დიდი ზომის სპეციალიზებულ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში, შშმ პირთა პანსიონატებსა თუ სპეციალიზებულ თავშესაფრებში ცხოვრება. სამწუხაროდ, მიუხედავად დეკლარირებული პოლიტიკისა, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია საზოგადოებაში მათი დაბრუნების ზოგადი ან კონკრეტული ხედვა და გეგმა.

მოცემული დოკუმენტი მიზნად ისახავს, მიმოიხილოს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების სათანადო საცხოვრებლის უფლება, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული სტანდარტების შუქზე, შეაფასოს ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკა და დეინსტიტუციონალიზაციის არსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჭრილში, განსაზღვროს ორი კონცეფციის ‒ სათანადო საცხოვრისისა და დეინსტიტუციონალიზაციის ურთიერთმიმართება და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის. აღნიშნული საკითხის შესასწავლად, დოკუმენტის შემუშავებისას  საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმწიფოთა კარგი პრაქტიკის შესწავლა განხორციელდა, ასევე გაკეთდა  ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკის დოკუმენტებისა და პრაქტიკის ანალიზი, დამუშავდა სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციია და მეორადი წყაროები.

კვლევის თემატიკის გათვალისწინებით, წინამდებარე დოკუმენტი ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველ თავში გაანალიზებულია ინსტიტუციონალიზაციის დაუშვებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ასევე მიმოხილულია დეინსტიტუციონალიზაციის არსი, პრინციპები და ამ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობების და ვალდებულებების ზოგადი შინაარსი. მეორე თავში მიმოხილულია სათანადო საცხოვრებლის უფლების შინაარსი ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების საჭიროებების შუქზე და საცხოვრისის მიმართება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესთან, მესამე ნაწილში წარმოდგენილი მსჯელობა ეხმიანება სათანადო საცხოვრებლის გარანტირებისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას - პროგრესსა და გამოწვევებს, ხოლო მეოთხე თავი ეთმობა შეჯამებას და თემატურ რეკომენდაციებს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის.

საცხოვრისის_სერვისების_მნიშვნელობა_1647414731.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Committee on Economic, Social and Cultural Rights, General Comment No. 5: Persons with Disabilities, 1994, პარ. 15.

[2] იქვე.

[3] Report of the Special Rapporteur on the right of everyone to the enjoyment of the highest attainable standard of physical and mental health, E/CN.4/2005/51, 2005, პარ. 14.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“