საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სამართლებრივი ქმედუნარიანობის კონცეფცია ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია. მისი დაუბრკოლებელი განხორციელება მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უცვლელი და აუცილებელი წინაპირობაა. ამ კონცეფციის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან მიმართებით, რომელთაც ისტორიულად წართმეული ან შეზღუდული ჰქონდათ ქმედუნარიანობა.
მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტებისა და სტანდარტების არსებობის მიუხედავად, შშმ პირთა ქმედუნარიანობის კონცეფციის გააზრება და დანერგვა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლება თანაბარ სამართალსუბიექტობაზე, და მათ მიერ თავიანთი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა კვლავ არსებითად ფერხდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საფუძველზე განხორციელებულმა რეფორმამ გააუქმა ქვეყანაში არსებული მეურვეობის სისტემა და მის ნაცვლად ახალი, გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელი შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია და უმეტესწილად თავსებადია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიერ დადგენილ პრინციპებთან, პრობლემურია როგორც საკანონმდებლო რეგულაციების გარკვეული ნაწილის შინაარსი, ისე მისი აღსრულება.
მოცემული დოკუმენტი ეფუძნება კვლევას - „ქმედუნარიანობის რეფორმის შეფასება: კანონმდებლობა და პრაქტიკა“, რომელიც, თავის მხრივ, აფასებს ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელებას საქართველოში და აიდენტიფიცირებს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს.
დოკუმენტი არსებითად იმეორებს მხარდაჭერის სისტემის საფეხურებს (პირის მხარდაჭერის მიმღებად აღიარება, გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის პროცესი და მხარდაჭერის შემთხვევებზე ზედამხედველობის საფეხური) და მოიცავს რელევანტურ რეკომენდაციებს კანონმდებლობის, ინსტიტუციური ჩარჩოსა და პრაქტიკის ცვლილების მიზნით.
დოკუმენტი მომზადდა პროექტის – „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“(GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP–Tbilisi).
ინსტრუქცია