საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 172
გამოცემის წელი: 2020
მკვლევრები:  მარიამ ჯანიაშვილი, ნანა გოჩიაშვილი, ქეთევან გიგინეიშვილი, ქეთევან ფილაური, ნინო ტაბიძე
სამართლებრივი ქმედუნარიანობის კონცეფცია ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია.[1] მისი დაუბრკოლებელი განხორციელება მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით[2] სარგებლობის უცვლელი და აუცილებელი წინაპირობაა. ამ კონცეფციის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან (მაგალითად, შშმ პირები, ქალები, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები) მიმართებით, რომელთაც ისტორიულად წართმეული ან შეზღუდული ჰქონდათ ქმედუნარიანობა.[3]
ამ სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტებისა და სტანდარტების არსებობის მიუხედავად, შშმ პირთა ქმედუნარიანობის კონცეფციის გააზრება და დანერგვა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლება თანაბარ სამართალსუბიექტობაზე, და მათ მიერ თავიანთი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, კვლავ არსებითად ფერხდება. გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა (შემდგომში - „კომიტეტი“) არაერთხელ მიუთითა, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ გაუაზრებია ქმედუნარიანობის კონცეფცია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მოდელის შესაბამისად.[4]
საქართველოში მხარდაჭერის კონცეფცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილების[5] საფუძველზე განხორციელებულმა რეფორმამ დაამკვიდრა, რომელმაც გააუქმა ქვეყანაში არსებული მეურვეობის სისტემა და მის ნაცვლად ახალი, გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელი შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა ქმედუნარიანობის უზრუნველყოფის ნაწილში უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია და უმეტესწილად თავსებადია კონვენციის მიერ დადგენილ პრინციპებთან, პრობლემურია როგორც საკანონმდებლო რეგულაციების გარკვეული ნაწილის შინაარსი, ისე მისი აღსრულება.
მოცემული კვლევის მიზანია, ხუთი წლის თავზე შეაფასოს ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელება საქართველოში და მიმოიხილოს ამ მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები, როგორც კანონმდებლობაში, ისე ინსტუტიციურ ჩარჩოსა და პრაქტიკაში.
დოკუმენტი ოთხ ძირითად ნაწილად იყოფა, რომელიც არსებითად იმეორებს მხარდაჭერის სისტემის საფეხურებს. პირველი ნაწილი მიემართება გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის კონცეფციის არსს და მიმოიხილავს მის მნიშვნელობას, მეორე თავი აანალიზებს პირის მხარდაჭერის მიმღებად აღიარების საფეხურს და მიემართება როგორც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე, პირის ფსიქოსოციალური საჭიროების შეფასებას, მესამე თავი მიმოიხილავს უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის პროცესს, ხოლო მეოთხე ნაწილი - მხარდაჭერის შემთხვევებზე ზედამხედველობის მექანიზმს.
დოკუმენტი მომზადდა პროექტის – „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“(GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP–Tbilisi).
[1] Committee on the Rights of Persons with Disabilities, General Comment No. 1 – Article 12: Equal recognition before the Law, CRPD/C/GC/1, 2014, პარ. 1.
[2] ქმედუნარიანობით სრულად ან ნაწილობრივ სარგებლობის შეზღუდვა შშმ პირებს ართმევს ისეთი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ქორწინებისა და ოჯახის ქონის უფლება, რეპროდუქციული უფლებები, სამედიცინო ჩარევებთან დაკავშირებით ინფორმირებული თანხმობის მიცემა და ა.შ; Committee on the Rights of Persons with Disabilities, General Comment No. 1 – Article 12: Equal recognition before the Law, CRPD/C/GC/1, 2014, პარ. 8.
[3] Report of the Special Rapporteur on the Rights of Persons with Disabilities, A/HRC/37/56, 2017, პარ. 15.
[4] Committee on the Rights of Persons with Disabilities, General Comment No. 1 – Article 12: Equal recognition before the Law, CRPD/C/GC/1, 2014, პარ. 3; მიუხედავად ცალკეულ ქვეყნებში განხორციელებული რეფორმებისა, სამართლებრივი ქმედუნარიანობა გარკვეულწილად მაინც იზღუდება კანონმდებლობითა თუ პრაქტიკით (მაგ., ჩეხეთის სამოქალაქო კოდექსი, რომელიც რეფორმირდა 2014 წელს, კვლავ ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს ქმედუნარიანობის განხორციელებაზე; იხ. European Union Agency for Fundamental Rights, Implementing the United Nations Convention on Rights of Persons with Disabilities (CPPD), An Overview of Legal Reforms in EU Member States, 2015, გვ. 9.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/4/532,533 – „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2014.
ინსტრუქცია