საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
არანებაყოფლობითი მკურნალობა, რომელსაც ზოგჯერ იძულებით მკურნალობასაც უწოდებენ, არის სამედიცინო ჩარევა პაციენტის თანხმობის გარეშე და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად რჩება როგორც ფსიქიატრიის, ისე ადამიანის უფლებების მხრივ. ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმირების პროცესში საერთაშორისო მასშტაბით ფსიქიატრიულმა დახმარებამ სტაციონარიდან თემში გადაინაცვლა და ფსიქიატრიული სერვისების უდიდესი ნაწილი ნებაყოფლობითი მომსახურების პრინციპზე გადავიდა. თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში არანებაყოფლობით მკურნალობასთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება და პრაქტიკა არსებობს. არანებაყოფლობითი მკურნალობა ბოლო დროს მნიშვნელოვანი დისკუსიის საგანი გახდა პროფესიონალებსა და უფლებადამცველებს შორის. ეს უკანასკნელნი შშმ პირთა უფლებების კონვენციის სულისკვეთების გათვალისწინებით, ითხოვენ ამგვარი პრაქტიკის შეწყვეტასა და კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, როგორც წესი, ხაზს უსვამენ მკურნალობის საჭიროებასა და ფსიქიკური აშლილობით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეს
ამ საკითხთან განსხვავებული დამოკიდებულება ნათლად ჩანს ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნებულ დებატებში, სადაც ფსიქიატრი პოლ გოსნი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თუ ფსიქიკური დაავადება ხვდება კონვენციის „ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის“ განსაზღვრებაში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ შიზოფრენიით დაავადებულ ვერც ერთ პაციენტს ვერასდროს ჩაუტარდება მკურნალობა მისი თანხმობის გარეშე, თუნდაც, კრიზისულ სიტუაციებში. გოსნის აზრით, არსებობს პაციენტთა მცირე ჯგუფი, ვისთვისაც მკურნალობა, მათ შორის, არანებაყოფლობითი მკურნალობა, ავტონომიის აღდგენის ერთადერთი გზაა. გარდა ამისა, ფსიქიატრი შეიძლება ეთიკური დილემის წინაშე აღმოჩნდეს სუიციდის რისკის მქონე პაციენტთან, რომელიც უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობაზე. დებატებში ამ მოსაზრების ოპონირებისას პროფ. პიტერ ბარტლეტი იცავს ცვლილებების აუცილებლობას და ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დარღვევასა და უთანასწორობას, რომელსაც შშმ პირები იმდენად ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწყდებიან, რომ ბუნებრივადაც კი მიაჩნიათ. მისი აზრით, შშმ პირთა უფლებების კონვენცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. კონვენცია ადგენს მაღალ სტანდარტს, რომ შშმ პირებს ჰქონდეთ სრული და თანაბარი მოქალაქეობა და შეეძლოთ, სხვა ადამიანების მსგავსად არჩევანის გაკეთება, მათ შორის, მკურნალობასთან დაკავშირებით. ბარტლეტის აზრით, თუ ამ ადამიანთა უფლებებს დღეს სისტემა ვერ იცავს, მომავალში იმავე სისტემის გამოყენება არასწორი იქნება. მისი თქმით, ცოტა ფსიქიატრი ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი თუ მოიძებნება, ვინც დაიცავს არსებულ status quo-ს, როგორც მომავლის ხედვას.
საქართველოში არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას არეგულირებს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, რომლის თანახმად მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები აქვს და აკმაყოფილებს კანონში მითითებულ სხვა კრიტერიუმებს, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება მოთავსდეს საავადმყოფოში ფსიქიატრიული დახმარების მიზნით.
კანონმდებლობაში ასევე გაწერილია არანებაყოფლობითი/იძულებითი ფსიქიატრიული დახმარების წესი სხვა გარემოებების დროს. მაგალითად, თუ პირი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში და სერიოზული ფსიქიკური დაავადების გამო საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას; ან თუ ფსიქიკური დაავადების გამო შეურაცხადად არის ცნობილი და სასამართლო გადაწყვეტილებით იგზავნება იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე. დოკუმენტის ამ ორი უკანასკნელ შემთხვევას არ გაანალიზებს.
დოკუმენტის მიზანია, მიმოიხილოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურები და კრიტერიუმები, თანმდევი ეთიკური პრობლემები, ისევე, როგორც კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და საჭირო ცვლილებები იძულებითი ზომების შესამცირებლად.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია