საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სათანადო საცხოვრისის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა საქართველოში. წლების მანძილზე მთავრობას არ უზრუნია, შეექმნა ერთიანი პოლიტიკა, სტრატეგია, საკანონმდებლო ჩარჩო და სერვისები, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და მიზნად დაისახავდა მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მიუხედავად საკითხზე მომუშავე არაერთი სუბიექტის რეკომენდაციისა, უსახლკარობისა და საცხოვრისის საჭიროების მიმართულებით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ მოუხდენია პრობლემის მასშტაბის, ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება. რელევანტური მონაცემებისა და პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, შეუძლებელი ხდება ადამიანებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრისის მისაწვდომობის უზრუნველყოფა.
სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაში სახელმწიფოს ვალდებულებაზე ხაზგასმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს უფლება სცდება ადამიანების მხოლოდ ფიზიკური გარემოთი დაკმაყოფილების საკითხს და პრაქტიკულად ყველა უფლებისა და თავისუფლების განხორციელების წინაპირობაა - მათ შორის, განათლებასთან და დასაქმებასთან წვდომასთან.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში საცხოვრისის გარანტირება მუდმივად მწვავე პრობლემას წარმოადგენს, რასაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სახელმწიფოს უმოქმედობა, შექმნას პოლიტიკა და ეფექტიანი სერვისები. მთავრობის მხრიდან სფეროს უგულებელყოფის პირობებში, საზოგადოებისათვის პერიოდულად მწვავედ წარმოჩნდება საცხოვრისის საჭიროებები სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით, რომელთა გადაწყვეტა ან საერთოდ არ ხდება,[1] ან გადაწყვეტის გზების ეფექტიანობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.[2] ამასთან, ცალკეული მუნიციპალიტეტები გარკვეულ უსახლკარო ჯგუფებს მწირ და ფრაგმენტულ მხარდაჭერას სთავაზობენ, რაც ვერ უზრუნველყოფს მათი უსახლკარობის მდგომარეობიდან ამოსვლასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას. მეორე მხრივ, სახელმწიფო პრაქტიკულად ვერ ახორციელებს საცხოვრისის იმ ადამიანებისთვის უზრუნველყოფას, რომლებიც ამგვარი საჭიროება გააჩნიათ და შესაძლოა, უკიდურეს სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას არ განიცდიდნენ, თუმცა, ბაზარზე არსებულ საცხოვრისთან ფინანსურად წვდომა არ აქვთ ან მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგანან.
უკანასკნელ პერიოდში, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ პრობლემად საცხოვრისზე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების წვდომა გამოიკვეთა, რაც ამ ჯგუფის ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროტესტმა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობები შექმნა.
მოცემული დოკუმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, მიმოიხილოს საქართველოს კონტექსტი და არსებული გამოწვევები საცხოვრისთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების წვდომასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, გააანალიზოს საერთაშორისო გამოცდილებები, რაც, შესაძლოა, სასარგებლო იყოს ხედვების ჩამოყალიბების პროცესში ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მოსაგვარებლად.
ინსტრუქცია