საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
საცხოვრისის ფინანსური ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ არსებით გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. საზოგადოებაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს საცხოვრისის ყიდვის ან/და დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დაისვა 2021-2022 წლებში, როდესაც, ერთი მხრივ, COVID-19-ის პანდემიის შედეგად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდგომ უკრაინელი ლტოლვილების, ასევე, რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეების შემოსვლის პერიოდში მათ მიერ უძრავი ქონების შეძენის შედეგად უძრავი ქონების ფასი გაიზარდა.
საცხოვრისის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე დგებიან ისეთი ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, დაბალი/არასაკმარისი ან/და არასტაბილური შემოსავალი აქვთ. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს: ხანდაზმულები, ახალგაზრდები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და სხვა. ამასთან, მიუხედავად საკითხის სავარაუდო სიმწვავისა, საცხოვრისის ხელმისაწვდომობის კვლევები საქართველოს რეალობაში იშვიათია, ხოლო უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის ნაწილში ერთიანი დასკვნის გამოტანას სხვადასხვა აქტორის მიერ გამოყენებული განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომა ართულებს.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის ცენტრის პირველ მცდელობას, მიმოიხილოს საცხოვრისის ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხები ეკონომიკური ინდიკატორების ჭრილში. კერძოდ, მეორადი ინფორმაციის საფუძველზე წარმოებული რაოდენობრივი კვლევის[1] ძირითადი მიზანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ხელმისაწვდომია საცხოვრისის დაქირავება საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლის მქონე ადამიანებისათვის.
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს როგორც კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებული მეთოდის დეტალურ ანალიზს, ისე კვლევის შედეგად გამოვლენილ ძირითად მიგნებებს. ამასთან, კვლევის ძირითადი ინფორმაცია გაანალიზებულია საქალაქო დასახლებებისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით.
მომდევნო თვეების განმავლობაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი პერიოდულად გამოაქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტებს ფინანსურად ხელმისაწვდომი საცხოვრისის უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. წინამდებარე კვლევა აღნიშნულ ციკლში პირველ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს.
[1] კვლევის მიზნიდან გამომდინარე ტერმინი „რაოდენობრივი კვლევა“ მოცემულ დოკუმენტში აღნიშნავს მეორადი რაოდენობრივი ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას.
ინსტრუქცია