[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

სასამართლო რეფორმა და ევროპული ინტეგრაცია - ევროკომისიის მე-3 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები

ანა პაპუაშვილი 

გასული ორი წელი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და იმავდროულად დაძაბული, წინააღმდეგობრივი მოვლენებით დატვირთული გამოდგა საქართველოს დემოკრატიზაციისათვის. ამ მოვლენებში ცენტრალური როლი, სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო შეჭრამ და ამ ტრაგიკული გეოპოლიტიკური მოვლენის გამო უეცრად დაჩქარებულმა ევროინტეგრაციის პროცესმა შეასრულა. გლობალური ტენდენციების მსგავსად, ბოლო წლებში საქართველოში დაჩქარებული დემოკრატიული უკუსვლის საპირისპიროდ, ქვეყანას უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდა, მიმდინარე პროცესები ფუნდამენტური შინაარსობრივი რეფორმებისთვის გამოეყენებინა როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიმართულებებით. ამგვარმა დამაიმედებელმა პერსპექტივამ, დღევანდელი გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა. საქართველოს ბოლო 18 თვის ცხოვრების ქრონიკა და ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასების ანგარიში 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მოწმობს, რომ ევროინტეგრაციისთვის მთავარი ძალისხმევა ნაკლებად ხელისუფლებამ და უმეტესად საზოგადოების საყოველთაო კონსოლიდაციამ და მის მიერ პირდაპირი დემოკრატიის ანგარიშვალდებულების მექანიზმების ამოქმედებამ გასწია.

ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადის პასუხად, 2022 წლის 17 ივნისს, ევროპულმა კომისიამ გამოსცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. რეკომენდაციებით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს შორის კი ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი კი მართლმსაჯულებისა სისტემის რეფორმამ დაიკავა.

სასამართლო რეფორმაზე რეკომენდაციის შესრულების მიზნით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, როგორც რეფორმაზე მუშაობის ფორმალური მექანიზმი. თუმცა სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო ორგანიზაციების არასაკმარისმა რეპრეზენტაციამ, მათი და სხვა დამოუკიდებელი აქტორების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ, რეფორმის ზედაპირულმა სტრატეგიამ და მის საფუძველზე რამდენიმე ეტაპად მომზადებულმა ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არსებულ საპარლამენტო უმრავლესობას სასამართლოს სისტემური ყოვლისმომცველი რეფორმის პოლიტიკური ნება არ აქვს.

წინამდებარე დოკუმენტი აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის ზემოაღნიშნულ პროცესში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და განხორციელებულ საკანონმდებლო თუ საკადრო ცვლილებებს. კერძოდ, დოკუმენტში

  • გაანალიზებულია პარლამენტში შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება და მისი მუშაობის ხარისხი;
  • განხილულია საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია, ორ ეტაპად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ასევე ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა პარლამენტში 2023 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა და შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა, თუმცა მისი შემდგომი განხილვის პროცესი ჯერაც არ გამართულა;
  • მიმოხილულია მიმდინარე პროცესებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული შეფასებები და რეფორმების შემდგომი სავარაუდო მიმართულებები, რომლებიც დღის წესრიგში დადგა ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ.

როგორც საერთაშორისო შეფასებები და ევროკომისიის მიერ მორიგ ჯერზე გაცემული რეკომენდაციებიც მოწმობს, მართლმსაჯულების სისტემა დღეს ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს. რეფორმირების პროცესი კი უნდა შეეხოს არამხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებულ ინსტიტუციურ ჩარჩოს, არამედ სასამართლოს პერსონალსაც, რომლებიც სისტემაში წამყვან ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებენ. ამგვარი კომპლექსური მიდგომის პირობებშია შესაძლებელი სასამართლო სისტემის გრძელვადიან გაჯანსაღებაზე ფიქრი, რომელიც დროში ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას სამომავლო რეფორმების ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, გამჭვირვალე, ინკლუზიური და თანამშრომლობითი პროცესით წარმართვის მნიშვნელობას, სადაც არამხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად იქნება უზრუნველყოფილი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია პროექტის, „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგის, კვლევისა და განათლების გზით“ ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

სასამართლო_რეფორმა_და_ევროპული_ინტეგრაცია_1702982884.pdf

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“