[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

მართლმსაჯულების რეფორმების 10 წელი: ძირითადი გამოწვევები

ბოლო ათწლეულში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ქართული სასამართლო კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეისწავლა სასამართლო სისტემაში არსებული ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ხელს უწყობს აქ ძალაუფლების თავმოყრასა და არაფორმალური გავლენების გაძლიერებას.

სასამართლო სისტემაში, თვითმმართველობისა და ადმინისტრირების ორგანოების საქმიანობას პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს და სასამართლოს შიდა ერთიანობის დემონსტრირებისთვის გამოიყენება. არსებული ინსტიტუციური მოწყობა ნაკლებად ახალისებს სასამართლოს შიგნით აზრთა სხვადასხვაობასა და საგნობრივ დისკუსიებს. მაგალითისათვის, ბოლო წლებში ჩატარებულ მოსამართლეთა კონფერენციებზე, რომლებზეც სასამართლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, არათუ განსხვავებული აზრი არ გამოითქმებოდა მოსამართლეების მხრიდან, არამედ შეკითხვებიც კი არ ისმებოდა წარმოდგენილი კანდიდატებისა თუ მათი ხედვების თაობაზე. დამატებით, მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, ძირითადად, ერთი და იგივე - გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები აირჩევიან/ინიშნებიან და სისტემაში მყოფ სხვა მოსამართლეებს სასამართლოს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობა არ აქვთ.

საბჭო სასამართლოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხს წვეტს, თანაც იმგვარად, რაც პროცესში არამოსამართლე წევრების ქმედით ჩართულობას და, შესაბამისად, ეფექტიან საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას გამორიცხავს. მაგალითისთვის, სწორედ საბჭოა დიდწილად პასუხისმგებელი სასამართლოს დაკომპლექტებაზე. თუმცა მისი გადაჭარბებული გავლენა იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და მოსამართლეთა კარიერაზე აბრკოლებს სისტემაში ახალი კადრების შედინებას. საბჭოს დაუბალანსებელი ძალაუფლება აგრეთვე ხელს უშლის ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და მოსამართლეთა რეალურ თვითმმართველობას.

სასამართლო სისტემის სერიოზული გამოწვევაა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები, რომლებიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. 2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით განსაზღვრული მივლინების ახალი წესი, დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში მოსამართლის საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების შესაძლებლობა და დისციპლინური გადაცდომის ახალი, ბუნდოვანი მოწესრიგება - კიდევ უფრო ასუსტებს მოსამართლეებს და საფრთხეს უქმნის მათი გამოხატვის თავისუფლებას. დამატებით, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის არასრულფასოვნად ამოქმედება და მოსამართლეთა არათანაბარი დატვირთულობა მათ მუდმივად დისციპლინირების რისკის ქვეშ აყენებს.

დღევანდელი სასამართლო სისტემის ჩაკეტილობისა და გაუმჭვირვალობის ნათელი გამოვლინებაა სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის სტანდარტი დაადგინა, დღემდე აღუსრულებელია. ამგვარი პრაქტიკა მნიშვნელოვნად არღვევს სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პრინციპებს, აბრკოლებს საზოგადოების თუ დაინტერესებული პირების მხრიდან სასამართლოს პრაქტიკის კვლევას, ართულებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შინაარსობრივ კრიტიკას და, საბოლოოდ, ამცირებს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას.

მასალა მომზადდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“