[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სასამართლო რეფორმის ახალი პერსპექტივა

2013-2021 წლების საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც სასამართლოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის მოჩვენებითი და არასრულფასოვანი მცდელობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, რეალური და სისტემური ცვლილების ნაცვლად, პოზიტიური გარდაქმნის იმიტაცია შექმნა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება კარგი წინაპირობა იყო ძირეული რეფორმებისთვის, თუმცა, ბოლო 9 წლის განმავლობაში, პოლიტიკური ნების არარსებობამ და ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ვერ უზრუნველყო ქართული კონტექსტისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან გამკლავება: კერძოდ, რეფორმამ ვერ იმოქმედა რეალური ძალაუფლების და ფაქტობრივად არსებული გავლენის ჯგუფების როლზე სასამართლო სისტემაში. შედეგად მივიღეთ კლანური მმართველობა, სადაც მოსამართლეთა გავლენიანი მცირე ჯგუფი, სასამართლო სისტემას მართავს არა მართლმსაჯულების, არამედ პირადი ინტერესების შესაბამისად.

ახლა, როცა სასამართლო რეფორმის შედეგების მიმართ იმედგაცრუება ნათელია, ეს რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილების საჭიროებაზეც მიუთითებს. გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას. ამისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო - პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე უნდა აირჩიოს 5 არამოსამართლე წევრი. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებელობის გამოყენება. თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები. მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსესუსი იარსებებს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს საბჭოში, გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრს დამოუკიდებელი 5 წევრის სახით და კლანს მხოლოდ ერთ ხმიან არამყარ უპირატესობას დაუტოვებს;
  • მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურა - საბჭო ამ გადაწვეტილებას უნდა იღებდეს ორმაგი 2/3-ის პრინციპით (ამ პრინციპის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობა). კონსენსუსის ლოგიკა უნდა გაძლიერდეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ეტაპზეც. უნდა შემოვიდეს ბილატერალური დანიშვნის პრინციპი. ეს ოპოზიციის თანხმობის გარეშე საკასაციო ინსტანციის დაკომპლექტებას გამორიცხავს;
  • კლანური მმართველობის პოლიტიკური შეფასება პარლამენტის მიერ - უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მოამზადებს დასკვნას კლანური მმართველობის შესახებ, რომლის საფუძველზეც პარლამენტის მიიღებს რეზოლუციას სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ;
  • სისტემის განახლება - მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურების რეფორმისა და პარლამენტის მიერ კლანური მმართველობის შეფასების შემდეგ, საჭირო გახდება არსებული მოსამართლეების ნაწილისთვის (რომლებიც უსამართლო წესით დაინიშნნენ თანამდებობაზე) ნდობის ხელახლა გამოცხადება შეცვლილი რეგულაციით და მაღალი კონსენსუსით.

მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ შესაძლებელია შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რომელიც მოიცავს ისეთ თემებზე მსჯელობას, რომელიც პროცედურული და სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელ საკითხებს უნდა მოიცავდეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“