[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

მართლმსაჯულების რეფორმის მორიგი მცდელობა - პარლამენტის სამუშაო ჯგუფისა და შემუშავებული კანონპროექტის ანალიზი

გურამ იმნაძე 

შესავალი

მიმდინარე წლის 17ივნისს, ევროპულმა კომისიამ საქართველოს მიმართ გამოსცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.[1] რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთია სასამართლო სისტემის რეფორმა, რაც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:  

  • სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს;
  • მართლმსაჯულების ყველა მნიშვნელოვანი რგოლის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება და სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტების ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • წინა წლებში მოსამართლეთა დანიშვნის (განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების) პროცესში დაიდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნა;

დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ შემუშავებული ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს საუკეთესო ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის მოსაზრებებს.

სხვა საკითხების მსგავსად, სასამართლოს თაობაზე რეკომენდაციის შესრულების მიზნით, 4 აგვისტოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი პარლამენტარებით, რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით, პროფესიული ჯგუფებითა და სამოქალაქო ორგანიზაციებით დაკომპლექტდა და მას მიზნად  სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, აგრეთვე საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება განესაზღვრა.

ამ გზით საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმაზე მუშაობის ფორმალური მექანიზმი. თუმცა, სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო ორგანიზაციების არასაკმარისი რეპრეზენტაცია, მათი და სხვა დამოუკიდებელი აქტორების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა, რეფორმის ზედაპირული სტრატეგიის და მის საფუძველზე მომზადებული ფრაგმენტული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია სასამართლოს სისტემური რეფორმის პოლიტიკური ნება. უფრო პირიქით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეფორმის ხედვა მორიგ ჯერზე გვთავაზობს ფასადურ ცვლილებებს და წარმოადგენს კიდევ ერთ გაშვებულ შესაძლებლობას, შეიქმნას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სათანადო საკანონმდებლო გარანტიები.  

წარმოდგენილ დოკუმენტში გაანალიზებულია სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება და მისი მუშაობის ხარისხი; დოკუმენტში აგრეთვე განხილულია ჯგუფის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და მის საფუძველზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. 

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

მართლმსაჯულების_რეფორმის_მორიგი_მცდელობა_1679040218.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. რეკომენდაციები: https://bit.ly/3ZpTQvf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“