საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. არსებული პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, რაშიც მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვანი პოლარიზაცია და საგნობრივი დებატების სიმცირე იგულისხმება, ჩნდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან ფაქტებით მანიპულაციის შესაძლებლობა. ფაქტებით მანიპულაციაში, ზოგიერთ შემთხვევაში, თავად ფაქტების დამახინჯებაც იგულისხმება.
ვინაიდან მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება თუ გაუარესება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაკროეკონომიკური ცვლადებით მანიპულირება ერთ-ერთ გავრცელებულ ხერხს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ობიექტური მდგომარეობის სასურველი კუთხით წარმოჩენაა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი, დაახლოებით 3-წლიანი, პერიოდი მმართველი პარტიისთვის ფაქტებით მანიპულაციის ბევრ შესაძლებლობას აჩენს. განვიხილოთ, რა ხდებოდა 2020 წლის შემდეგ:
გრაფა 1: მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შეფარდება მშპ-სთან (პროცენტული მაჩვენებელი; 2010-2023 წლები)
რატომ არის ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების მხედველობაში მიღება აუცილებელი? უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა მიზეზით, ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო გაუმჯობესებულია, თუმცა განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელიც ხასიათდება ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი რეალური მშპ-ის[1] შედარებითი სიმცირით, მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდის ხანგრძლივად შენარჩუნება. არსებული მდგომარეობის უკეთ გაანალიზებისთვის დავაკვირდეთ ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს.
საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა დავიწყოთ ერთ სულზე დათვლილი რეალური მშპ-სა და მისი ზრდის ტემპის ანალიზით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლის ფასებით დათვლილი რეალური მშპ 13.4 ათასიდან 16.5 ათას ლარამდე გაიზარდა (23.8%-იანი ზრდა). აღნიშნული ცვლილება საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა ფაქტობრივი ცვლილების შეფასებისას, ხშირია მდგომარეობის მეტად პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენის რისკი.
1.2 რეალური მშპ: როგორ ხდება მანიპულირება რეალური მშპ-ის გამოყენებით?
როგორც ზედა აბზაციდან გამოჩნდა, 2019-2023 წლების ინტერვალში ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი რეალური მშპ (იგივე - ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მთლიანი შემოსავალი) 23.8%-ით გაიზარდა. ალგებრული გამოთვლებით ჩანს,[2] რომ 5 წლის განმავლობაში რეალური მშპ-ის აღნიშნული კუმულაციური ნაზრდის მიღწევისთვის წლიური 4.4%-იანი ზრდის შენარჩუნებაა საკმარისი. აღნიშნულ მონაცემსა და შედარებით შორეულ გამოცდილებაზე დაკვირვება შემდეგი მოსაზრების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა: მმართველი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტემპი 4-5%-ის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2012-2019 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.9%-ის ტოლია.
რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში? სტანდარტულ გარემოში საქართველოს ეკონომიკაში წარმოებაცა და მოთხოვნაც თავის გრძელვადიანი ზრდის ტემპს (4-5%-იანი ზრდა) მიჰყვებოდა. კოვიდ 19-ის გავრცელებამ და შეზღუდვების დაწესებამ მყისიერი გავლენა მოახდინა როგორც წარმოებაზე, ისე მოთხოვნაზე - შეამცირა მოთხოვნა და წარმოება. მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, საკმაოდ სწრაფად აღდგა ეკონომიკური აქტივობა (რეალური მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი 2021 და 2022 წლებში დაახლოებით 11%-ის ტოლი იყო), თუმცა რეალური მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი ხსენებული გრძელვადიანი ტრენდისკენ (4-5 %-იანი ზრდა) აგრძელებს სვლას. მართლაც, 2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2023 წლისთვის რეალური მშპ-ის 7.5%-იანი ზრდით შეიცვალა, რაც წარმოდგენილი მოსაზრების გამტკიცებაში გვეხმარება. ანუ, მოცემული მდგომარეობით არ იკვეთება ნიშნები, რომლებიც გვაფიქრებინებდა, რომ მმართველი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკით, გრძელვადიან პერსპექტივაში 5%-ზე არსებითად მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევაა შესაძლებელი.
რა ფორმით აწვდის ქართული ოცნება ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობას? მმართველი პარტიის წევრები გრძელვადიან ტრენდზე საუბრის ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებენ 2021-2023 წლების სტატისტიკაზე.[3] 2021-2023 წლებზე დაკვირვების შემთხვევაში და შესაბამისი დათვლის გამოყენების პირობებში ჩანს, რომ 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით, რეალური მშპ 3 წლის პერიოდში ჯამურად დაახლოებით 32%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021-2023 წლებში რეალური მშპ-ის 32%-იანი ზრდა სიმართლეა, ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდება საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტს უგულებელყოფს; კერძოდ, ფაქტს იმის შესახებ, რომ შესადარებლად აღებული წელი (2020 წელი) საქართველოს უახლოეს ისტორიაში რეალური მშპ-ის ყველაზე მაღალი ვარდნით (6.3%-იანი ვარდნა) ხასიათდებოდა. შესაბამისად, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპზე დაკვირვებისას შესადარებლად 2020 წლის მდგომარეობის გამოყენება თავისი ბუნებით მანიპულაციურია და მიზნად მოსახლეობის ნაწილის შეცდომაში შეყვანას ისახავს.
2. სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა
2.1 სიღარიბის სტატისტიკა: ფაქტობრივი მონაცემები
სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის სტატისტიკის ანალიზისთვის სტატიაში გამოყენებულია შემდეგი ცვლადების შესაბამისი მონაცემები:
განვიხილოთ, როგორ შეიცვალა სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის აღმწერი ცვლადების მნიშვნელობები 2019-2023 წლების ინტერვალში (გრაფა 2).
გრაფა 2: ფარდობითი და აბსოლუტური სიღარიბე; ჯინის კოეფიციენტი (2019 და 2023 წლები)
გრაფა 2-ზე მოცემული მონაცემების მიხედვით, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი და ჯინის კოეფიციენტი მცირედით შემცირებულია. მართლაც, 2023 წელს 2019 წელთან შედარებით, ფარდობითი სიღარიბე 20.1%-დან 19.8%-მდე შემცირდა (0.3%-იანი ცვლილება), ხოლო ჯინის კოეფიციენტის სიდიდე 0.37-დან 0.36-მდე შემცირდა (2023 წლის მდგომარეობით შემოსავლები მცირედით, თუმცა შედარებით თანაბრადაა განაწილებული). შეფარდებითი სიღარიბისა და ჯინის კოეფიციენტის შემცირება[4] პოზიტიურად შეიძლება აღვიქვათ, თუმცა ცვლილების მასშტაბი საკმაოდ მცირეა.
რაც შეეხება აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს, მისი მნიშვნელობა 2019 წელთან შედარებით არსებითად შემცირებულია. აღნიშნული პარამეტრის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 19.5% ცხოვრობდა (2019 წელს ყოველი მე-5 ადამიანი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო), ხოლო 2023 წლისთვის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა (2023 წელს ყოველი მე-8 ადამიანი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო).
2.2 სიღარიბე: მანიპულაციის შესაძლებლობა
სიღარიბის დონისა და შემოსავლების განაწილების თანაბრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ზემოთ მოცემული 3 ცვლადიდან, თითოეულის გამოყენებითაა შესაძლებელი. თუ პოლიტიკური ძალის ინტერესშია, აჩვენოს, რომ ღარიბი მოსახლეობის წილი დროთა განმავლობაში მცირდება, იგი ჩამოთვლილი სამი მაჩვენებლიდან აბსოლუტური სიღარიბის ცვლადს აირჩევს.
რატომ არის მანიპულაციური აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის გამოყენებით ღარიბი მოსახლეობის წილის განსაზღვრა? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებელს საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს. მათ შორისაა:
ყოველივე ამის გამო, სიღარიბის შემცირების არგუმენტად აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის კლების მოყვანა შეიძლება მანიპულაციად ჩაითვალოს.
ღარიბი მოსახლეობის წილი მცირედით, თუმცა, შემცირებულია ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლითაც. რა შეიძლება ითქვას ფარდობითი სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებით?
შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ატარებს, საინტერესო ინფორმაციას მოიცავს. კერძოდ, გამოკვლევის ფარგლებში გროვდება ინფორმაცია შინამეურნეობათა შემოსავლის წყაროების მიხედვით. შინამეურნეობების შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს უცხოეთიდან გზავნილები წარმოადგენს. ანალიზის შედეგად დგინდება, რომ:
იმ შინამეურნეობების შემოსავლებს შორის სხვაობა (დათვლილი ადამიანზე), რომელთაც უცხოეთიდან გზავნილები ერიცხებათ და რომლებიც არ იღებენ ასეთი ფორმის შემოსავლებს, იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ემიგრაციაში ძირითადად შედარებით ღარიბი ოჯახის წარმომადგენლები მიდიან. აღნიშნული მსჯელობიდან გამოდის, რომ სიღარიბის მცირედით დაძლევაში ქვეყნის მოსახლეობას არა საქართველოში დასაქმება და ადგილობრივი ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები, არამედ საზღვარგარეთ დასაქმება და სხვა ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების მიერ მიღებული შემოსავლები ეხმარება.
სიღარიბის შემცირებაში ემიგრაციის როლის არგუმენტს მიგრაციის სტატისტიკაზე დაკვირვება ამყარებს. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, უკანასკნელ წლებში არსებითადაა გაზრდილი ემიგრანტთა რიცხვი. მართლაც, თუ 2019 წელს ქვეყანა სულ 23 129 ადამიანმა (უცხოელი მიგრანტი) დატოვა, იგივე მაჩვენებელი 2023 წლისთვის 3.5-ჯერ გაიზარდა და ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვმა 81 584 პირი შეადგინა.
3. დასაქმება და უმუშევრობა: ფაქტობრივი მდგომარეობა
დასაქმებასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული პარამეტრები წარმოდგენილია გრაფა 2-ზე. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მთლიანად ქვეყანაში უმუშევრობის დონე 17.6%-დან (2019 წელი) 16.4%-მდე (2023 წელი) არის შემცირებული. გრაფიდან აგრეთვე ჩანს, რომ საქალაქო დასახლებებთან შედარებით, უმუშევრობის დონე მეტად შემცირებულია სასოფლო დასახლებებში. მართლაც, 2019-2023 წლების ინტერვალში სასოფლო დასახლებებში უმუშევრობის დონე 16.7%-დან 14.6%-მდე, ხოლო საქალაქო დასახლებებში - 18.2%-დან 17.6%-მდე შემცირდა.
თეორიულად შესაძლებელია, უმუშევრობის დონის კლების პარალელურად, შემცირდეს სამუშაო ასაკის მოსახლეობაში დასაქმებული ადამიანების პროცენტული წილი, თუმცა, როგორც მონაცემები აჩვენებს, 2019-2023 წლებში დასაქმებულთა წილი 42.7%-დან 44.5%-მდე გაიზარდა. პარალელურად, სამუშაო ძალაში ჩართულობის კოეფიციენტი 51.8%-დან 53.3%-მდე გაიზარდა.
გრაფა 3: უმუშევრობის სტატისტიკა 2019 და 2023 წლებში
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ 2019-2023 წლებში უმუშევართა ნაწილი დასაქმდა ან დატოვა ქვეყანა და, შესაბამისად, გამოირიცხა უმუშევართა კატეგორიიდან. ამასთან, სამუშაო ძალაში ჩართულობის კოეფიციენტის ზრდა ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ან დასაქმებაზე ან ქვეყნის დატოვებაზე მიუთითებს. საბოლოოდ, საკითხის ზუსტად შეფასება რთულია, თუმცა ყველა ჩამოთვლილი პარამეტრის გაუმჯობესება შრომის ბაზრის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. შრომის ბაზრის პარამეტრების მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილება საბოლოოდ. თუ დასაქმებისა და უმუშევრობის დონეების პოზიტიური ცვლილების მიზეზი, მაგალითად, საქართველოში უცხოეთიდან შემოდინებების ზრდა ან მიგრანტთა გაზრდილი ნაკადია, მაშინ შრომის ბაზრის პარამეტრების გაუმჯობესების მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. თუ აღნიშნული გამოწვეული შიდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებით, მაშინ შრომის ბაზრის პარამეტრების გაუმჯობესება მეტად მდგრადი იქნება.
ვინაიდან ეკონომიკა არაზუსტი მეცნიერებაა, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაკვირვებით მიღებული დასკვნები, ხშირად, მანიპულაციური ან მცდარია. ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკა მრავალი მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციებს ავლენს, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობისას ხშირად მხედველობაში არ მიიღება საკმაოდ მნიშვნელოვანი გარე ფაქტორები. შედეგად, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნაწილი სიმართლეა, ხოლო ნაწილი - არასრული, მანიპულაციური ან მცდარია.
რეალური მშპ:
სიმართლეა, რომ 2019-2023 წლებში რეალური მშპ გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მხედველობის მიღმა არ უნდა დარჩეს, რომ 5 წლის ინტერვალში ამ მასშტაბის კუმულაციური ზრდა რეალური მშპ-ის წლიურ 4.4%-იან ზრდას გულისხმობს. წლიური 4.4%-იანი ზრდა კი წარსულ წლებში დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოსაა.
ამასთან, როდესაც დაინტერესებული პირი აქცენტს გამიზნულად 2021-2023 წლების პერიოდზე აკეთებს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ამ პერიოდში დაფიქსირებული არსებითი ცვლილებები: მიგრანტთა ნაკადის ზრდა, რუსეთის ფედერაციის სანქცირება და აღნიშნულის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, საზღვარგარეთიდან მიღებული გზავნილების ზრდა და სხვა.
სიღარიბის მაჩვენებლები:
სიღარიბისა და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლებიდან მხოლოდ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მიუთითებს საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებაზე. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის გამოყენება სიღარიბის შემცირების არგუმენტად გარკვეულწილად მანიპულაციურია, რადგან ეს ცვლადი ხარვეზებით ხასიათდება და, ამ ხარვეზებზე ხაზგასმის გარეშე, მიღებული შედეგი არ ასახავს რეალობას. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის არაინფორმატიულობას ადასტურებს შეფარდებითი სიღარიბისა და ჯინის კოეფიციენტების მნიშვნელობები. მართლაც, 2019-2023 წლებში სიღარიბის შეფარდებითი მაჩვენებელი მხოლოდ 0.3%-ით (20.1%-დან 19.8%-მდე), ხოლო ჯინის კოეფიციენტი მხოლოდ 0.01-ით (0.37-დან 0.36-მდე) შემცირდა, რაც არ შეიძლება აღქმულ იქნას არსებით გარდაქმნად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯინის კოეფიციენტი ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლისთვის ჯინის კოეფიციენტი შედარებით დაბალი იყო (უტოლდებოდა 0.34-ს).
დასაქმება და უმუშევრობა:
შრომის ბაზრის პარამეტრები გაუმჯობესებულია, თუმცა გასარკვევია, რამდენად გრძელვადიანი და მდგრადია მიღებული პოზიტიური ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობის დონე 17.6%-დან 16.4%-მდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა წილი შრომითი ასაკის მოსახლეობაში 42.7%-დან 44.5%-მდე გაიზარდა. შრომის ბაზრის პარამეტრების მდგრადობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ზუსტად რა ტიპის ცვლილების შედეგად შემცირდა უმუშევრობა და გაიზარდა დასაქმების წილი.
სტატია მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
[1] ქვეყანაში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც გაანგარიშებულია ერთ სულ მოსახლეზე და მოცემულია მუდმივ (ამ შემთხვევაში, 2019 წლის) ფასებში.
[2] (1+g)5=1.238; g აღნიშნავს რეალური მშპ-ის საშუალოწლიურ ზრდის ტემპს. აღნიშნული გამოსახულებიდან g=4.4%.
[3] საქართველოს პრემიერ მინისტრი 2021-2023 წლებში საშუალო წლიურ ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოს პარლამენტში საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას საუბრობდა და აღნიშნავდა მოცემულ წლებში დაფიქსირებულ 9.7%-იან ეკონომიკურ ზრდას (აღნიშნულის შედეგად 3 წლის პერიოდში ეკონომიკა დაახლოებით 32%-ით იზრდება): https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-vfiqrobt-rom-ivlisi-agvisto-iqneba-maghali-ekonomikuri-zrda-wlis-bolomde-unda-gavagrdzelot-ase-rata-tandatanobit-gaumjobesdes-chveni-mosakhleobis-socialuri-mdgomareoba/; https://factcheck.ge/ka/story/43065-2021-2023-tslebshi-sashualo-ekonomikurma-zrdam-9-7-sheadgina-2024-tselsac-zrdis-tempi-dagegmil-machvenebels-astsrebs; https://www.palitravideo.ge/video/168262-aginishna-zalian-magali-ekonomikuri-zrda-sul-mcire-360-mln-larit-gaizrdeba-clevandeli-biujeti-shemcirda-umushevroba-da-sigaribe-irakli-kobaxize/.
[4] ჯინის კოეფიციენტის შემცირება შემოსავლების განაწილების შედარებით გათანაბრებას გულისხმობს.
[5] იხ., ზაზა ბარბაქაძე, სიღარიბე და სააარსებო მინიმუმის ცვლილების საჭიროება, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2024, https://socialjustice.org.ge/ka/products/sigharibe-da-saarsebo-minimumis-tsvlilebis-sachiroeba.
ინსტრუქცია