[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / სტატია

მიგრაციის ზეგავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სამუშაო ძალაზე

ემიგრაციის ძირითადი მახასიათებლები საქართველოსთვის

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, საქართველო უკვე ათწლეულებია, მიიჩნევა ემიგრაციის ქვეყნად, სადაც მზარდია ოჯახების კეთილდღეობის ძიების მიზნით შრომითი ემიგრაციის სხვადასხვა ფორმები. მიგრაციის არარეგულარული ხასიათის გამო, რთულია მისი ზუსტი მაჩვენებლების განსაზღვრა. საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობის შესახებ მონაცემთა რამდენიმე წყარო არსებობს. UN DESA-ს უახლესი მონაცემებით,[1] 2020 წელს საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია და რომლის 51 პროცენტიც არის ქალი.[2] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით[3] კი, 2023 წლისთვის, ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 245 064 შეადგინა (44% ქალი), სადაც 163 480 ადამიანი იყო საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათწლეულში 59%-ით გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა.[4]

ემიგრაციის მზარდი მაჩვენებელი და გამომწვევი მიზეზები ასევე კარგად ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც. 2023 წლის დეკემბრის გამოკვლევის მიხედვით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობდა. ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალია ეთნიკური უმცირესობების დასახლებების მაცხოვრებლებს, ახალგაზრდებს, კაცებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.[5] მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკური ინდიკატორები სტაბილურად უმჯობესდება, იკლებს უმუშევრობის და სიღარიბის დონე, საზოგადოებრივი გამოკითხვები ყოველწლიურად აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა არ შეესაბამება მოსახლეობის განწყობებს - ემიგრაციის მთავარი მიზეზი კვლავ დაბალი ხელფასები (65%) და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა (56%).[6]

ოჯახების კეთილდღეობის ძიებისას ადამიანებს დიდი ფინანსური და ფიზიკური რისკების აღება უწევდათ და დღემდე ასეა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ემიგრაციის პროცესი ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების (2017) შემდეგ უფრო გამარტივდა. თუმცა, უვიზო რეჟიმი მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს (90 დღე ყოველი 180 დღიდან) მოიცავს და არ ეხება, მაგალითად, ქვეყნიდან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით წასვლას. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საზღვრის ლეგალური გადაკვეთის შემდეგ მოქალაქეები არღვევენ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადებს, ან წარადგენენ თავშესაფრის შესახებ განაცხადს. ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ძალიან დაბალია ამგვარ განაცხადთა დაკმაყოფილების საერთო მაჩვენებელი (4%)[7] და ხშირ შემთხვევაში, ქართველი თავშესაფრის მაძიებლები ეკონომიკურ მიგრანტებად მოიხსენიებიან. მექსიკის გავლით აშშ-ში მოხვედრა საქართველოდან შრომითი მიგრაციის ახალი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო, ხანგრძლივი და ძვირია.[8]

შრომითი ემიგრაციის გავლენები

ემიგრაციის ეკონომიკური გავლენა: შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური შემადგენელი ნაწილი და შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა 2023 წელს 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის დაახლოებით 8 პროცენტია და ეს მაჩვენებელი 2018 წლიდან სტაბილურად მზარდია.[9]

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ქვეყნის ეკონომიკის მაღალი დამოკიდებულება მიგრანტთა ფულად გზავნილებზე განსაკუთრებით გამოჩნდა COVID-19 პანდემიის კრიზისის დროს, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ფულადი გზავნილები, ექსპორტის შემდეგ, უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო გახდა.[10]

რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები აჩვენებს, რომ ემიგრანტების გზავნილები ოჯახების სიღარიბესთან ბრძოლის მნიშვნელოვანი საშუალებაა. თუმცა, კეთილდღეობის დონის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მისი მდგრადობის დონე. სამწუხაროდ, ფულადი გზავნილების დიდი ნაწილი იხარჯება საბაზისო საჭიროებებზე, როგორიცაა საკვები (79%), კომუნალური გადასახადები (63%) და ტანსაცმელი (53%), და შინამეურნეობების მხოლოდ 7% ახერხებს დანაზოგის გაკეთებას ბიზნესის დასაწყებად და უძრავი თუ მოძრავი ქონების შესაძენად (2016).[11] ამასთანავე, კვლევები აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებს ემიგრანტების ოჯახის წევრების დასაქმების მოტივაციაზე.[12] აღნიშნულის გათვალისწინებით, ოჯახები თაობათა ცვლის პროცესშიც რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი, რაც ახანგრძლივებს მათ ემიგრაციაში ყოფნას და ზღუდავს დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას სამომავლო ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის.

ემიგრაციის გავლენა დემოგრაფიაზე და სამუშაო ძალაზე: შობადობისა და სიკვდილიანობის კომპონენტთან ერთად, დემოგრაფიული ცვლილებების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი კომპონენტია ემიგრაციაც. საქსტატის 2024 წლის მონაცემების მიხედვით, 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობა 15%-ით შემცირდა.[13] ეს რიცხვი კიდევ უფრო დაზუსტდება და სავარაუდოდ, გაიზრდება 2024 წლის ნოემბერში დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად.

მიუხედავად ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებლისა, საქართველოში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია (16.4%) და ბევრად ჩამოუვარდება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (6%).[14] საქართველოს შრომის ბაზარი ასევე ხასიათდება დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებითა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების მაღალი წილით (55.6%). შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მაღალი მონაცემები უნგრეთსა (17.8) და პოლონეთშია (9.8).[15] შრომის ბაზრის აღნიშნული მახასიათებლების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად გამოსავალს შრომით ემიგრაციაში ხედავს.  

მიუხედავად უმუშევრობის მაღალი დონისა, სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორებია. BAG ინდექსის მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა - 47%-მა.[16] საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება სამუშაო ძალის (15+  ასაკის მოსახლეობა) მიგრაცია. მხოლოდ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს 158 553 სამუშაო ასაკში მყოფი ადამიანი იყო ემიგრაციაში, რაც წინა წლის მაჩვენებელს 29 %-ით აღემატება. ამასთან, საგანგაშოა, რომ ყველაზე მაღალი მიგრაცია 15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფშია, ვისაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა გააჩნია, ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ კადრად. მათ დროებით, რიგ შემთხვევაში კი სამუდამოდ, კარგავს ქვეყანა და მისი შრომის ბაზარი.[17] გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან შრომითი ემიგრაცია ძირითადად არალეგალური ხასიათისაა, ემიგრანტები დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე მუშაობენ, რაც გრძელვადიანად პერსპექტივაში მათ უკარგავს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და იწვევს მათ დეკვალიფიკაციას, დამკვიდრებული ტერმინით რომ ვთქვათ - „ტვინების გაფლანგვას“ (brain waste). ეს განსაკუთრებით საგანგაშო გახანგრძლივებული ემიგრაციის დროსაა და იმ მოცემულობაში, როცა ქვეყანაში სუსტად არის მხარდაჭერილი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის სისტემა.

ასევე საინტერესოა ამ საკითხის გენდერული ასპექტები. კერძოდ, საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 55 წლის ასაკიდან ქალების დასაქმების დონე ორჯერ (53%) მცირდება,[18] ხოლო მათი ემიგრაციაში წასვლის მაჩვენებელი პირიქით, იზრდება 55 წლის ასაკიდან.[19] აღნიშნული გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ არაანაზღაურებადი ზრუნვის ვალდებულებებთან ერთად, ასაკი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ქალების ეკონომიკური აქტიურობისთვის და მაშინ, როდესაც გამოწვევაა საქართველოს შრომით ბაზარზე დასაქმება, ისინი ქვეყნის გარეთ ეძებენ შემოსავლის წყაროს.

ემიგრაციის სოციალური გავლენა: საქართველოს შრომის ბაზართან შედარებით უკეთესი ანაზღაურების მიხედვით, ერთი შეხედვით, ემიგრანტებმა გაიძლიერეს ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა, დიდი ხანია, საზოგადოების კეთილდღეობის საზომი გასცდა მხოლოდ მის ეკონომიკურ პარამეტრებს და მხედველობაში იღებს სოციალურ კეთილდღეობასაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიგრაცია სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, ემიგრანტების და განსაკუთრებით, ქალი ემიგრანტების ისტორიები მიუთითებს ხანგრძლივი მიგრაციის სოციალურ საფრთხეებზე, როგორიცაა ზრუნვის დეფიციტი, ოჯახის სტრუქტურის რღვევა, მცირეწლოვანი შვილების მშობლების გარეშე აღზრდის უარყოფითი შედეგები, თავად ემიგრანტის ფსიქო-ემოციური პრობლემები, რასაც ემატება არალეგალურ ემიგრაციაში ყოფნის სირთულეებიც.[20]

 

სახელმწიფოს სტრატეგია

ეროვნულ დონეზე მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ევროკავშირთან დაახლოების პროცესმა. საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ), რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან აქტორს თემატურ სამუშაო ჯგუფებში აერთიანებს. მსსკ-ს პრიორიტეტებია: მოქალაქეების გადინების დარეგულირება, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა და არალეგალური მიგრაციის შემცირება, უცხო ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების, მათ შორის, შრომითი უფლებების დაცვა, ემიგრანტების დაბრუნების ხელშეწყობა და რეინტეგრაცია. 2015 წელს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე ნაწილობრივ დარეგულირდა ემიგრანტთა შრომითი მოწყობა და მათი შრომითი უფლებები. მიგრაციის მართვის კონკრეტული ინსტრუმენტები და პრიორიტეტები განსაზღვრულია მიგრაციის სტრატეგიებში. მესამე სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021-2030 წლებისთვისაა გაწერილი და ძირითადი აქცენტი კვლავ ლეგალურ მიგრაციასა და მიგრანტთა ინტეგრაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე კეთდება.[21]

საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, ერთი მხრივ, მაქსიმალურად შეეზღუდა არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართულებით, მეორე მხრივ კი, ხელი შეეწყო ლეგალური შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების გაფართოებას. დღესდღეობით, ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან ხელმოწერილია შეთანხმებები ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სქემის განხორციელების ეტაპზე არსებობს რიგი პრობლემები, მათ შორის დასაქმების მსურველთა დიდი რაოდენობა, ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაო პირობების შესახებ, სამუშაო ადგილზე შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები, და სხვ.[22] ამასთან, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმება სახელმწიფომ მიგრაციის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად და ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემების მოგვარების მთავარ გზად წარმოაჩინა. 2019 წლის ნოემბერში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს 20 წელიწადში საქართველო  ვერ შექმნის დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს და მიაჩნია, რომ გამოსავალი მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში დასაქმებაა. დარგის სპეციალისტების აზრით,  მნიშვნელოვანია ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა, თუმცა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ამაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.[23] უცხოური სამუშაო გამოცდილების და ფინანსური რესურსის მიღებას მხოლოდ მაშინ შეუძლია ახალი შესაძლებლობების გაჩენა ქვეყანაში, როცა ქვეყნის შიგნით დასაქმების და ეკონომიკის პოლიტიკები იმგვარად ვითარდება, რომ დაბრუნებულ მიგრანტს შეუძლია გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და ფინანსური რესურსი ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარებას მოახმაროს.

მიგრაციისა და განვითარების გლობალურ დისკურსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კომპონენტს, როგორც შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ მოხდეს „ტვინების დაბრუნება“, მეორე მხრივ კი, - ემიგრაციაში მიღებული ცოდნის, გამოცდილების და რესურსების გამგზავნ ქვეყანაში გამოყენება.  საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის (2021-2023) საფუძველზე, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა წარმატებული, მდგრადი და გრძელვადიანი რეინტეგრაციის მიზნით, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას“.[24] სახელმწიფოსთან ერთად, მსგავს პროგრამებს ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ცალკეული სახელმწიფოების განვითარების ფონდები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. პროგრამების სიმრავლის მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ აღნიშული პროგრამები ვერ ითვალისწინებს მიგრაციისა და მიგრაციიდან დაბრუნების მასშტაბებს, არ არის გენდერულად სენსიტიური, მცირე ბიუჯეტისა და რეაგირებითი ხასიათის გამო, ერთჯერადი სოციალური დახმარების ეფექტი აქვს და ვერ უზრუნველყოფს დაბრუნებული მიგრანტების და მათი ოჯახების მდგრად ეკონომიკურ გაძლიერებას და მიღებული ცოდნისა თუ რესურსის ადგილობრივ შრომის ბაზარზე გამოყენებას.[25]

 

შეჯამება

საქართველოდან არარეგულარული შრომითი მიგრაცია უკვე ათწლეულებია შეუქცევად პროცესად იქცა. წლების განმავლობაში იცვლება მოსახლეობის გადინების მასშტაბები და წასვლის გზები, თუმცა ემიგრაციის ძირითადი მიზეზები უცვლელია: უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, გაზრდილი ფასები და ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მიგრაციას მნიშვნელოვანი გავლენა (დადებითი და უარყოფითი) აქვს როგორც ინდივიდებზე და მათ ოჯახებზე, ისე სახელმწიფოზე. შრომითი მიგრაციის ყველაზე თვალსაჩინო გავლენა გამოხატულია ფულად გზავნილებში. შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური შემადგენელი ნაწილი და შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა, კვლევები აჩვენებს,  რომ გადმორიცხული თანხები არ არის საკმარისი ოჯახების ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად და მხოლოდ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება.

ამასთან, მიგრაციული პროცესები უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და შრომის ბაზრის დინამიკაზე. წლიდან წლამდე ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდა სამუშაო ძალას (15-45 წლის ასაკობრივი ჯგუფი) კარგავს, რაც აბრკოლებს თავად ამ ადამიანების პროფესიული ზრდის შესაძლებლობას და ამავე დროს, ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარებას. მიგრაციის ფემინიზაციის ზრდის ფონზე კი, საგანგაშოა მისგან გამოწვეული სოციალური საფრთხეები, მათ შორის ზრუნვის დეფიციტი, ბავშვთა განვითარების პრობლემები, ოჯახების სტრუქტურის რღვევა, თავად ემიგრანტის ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, არალეგალური მიგრაციის საფრთხეები, და სხვ.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით. მათ შორის ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან ხელი მოეწერა შეთანხმებებს ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მნიშვნელოვანია ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა, რამდენადაც ის ამცირებს უფლებების დარღვევის რისკებს, თუმცა შეუძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება სამუშაო ძალის ექსპორტს დაეფუძნოს. აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასაქმების და ეკონომიკის პოლიტიკების იმგვარად განვითარება, რომ, ერთი მხრივ, შემცირდეს სამუშაო ძალის ხანგრძლივი მიგრაცია და, მეორე მხრივ, დაბრუნებულმა მიგრანტმა შეძლოს გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და ფინანსური რესურსი ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარებას მოახმაროს.

მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ქვეყნის ეკონომიკას და უკეთეს ცხოვრების პირობებს ქმნის მისი ადამიანური რესურსი, როგორც ძირითადი მამოძრავებელი ძალა და კაპიტალი. მნიშვნელოვანია ამ კაპიტალის შენარჩუნება და განვითარების ხელშეწყობა. სამუშაო ძალის ემიგრაციის არსებული ტემპი კი, დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებსშრომის ბაზრის განვითარებას, ასევე ზეწოლას გამოიწვევს ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემისთვის, რადგანაც ქვეყანაში აღარ იქნება დოვლათის შემქმნელი ძალა და გაიზრდება უმუშევრების და საპენსიო ასაკში მყოფების წილი.

 

სტატია მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] UN DESA ემიგრანტთა რაოდენობას, ძირითადად, ითვლის „საზღვარგარეთ დაბადებულთა“ კატეგორიაზე დაყრდნობით.

[2] UN DESA. 2020. International Migrant Stock 2020. ხელმისაწვდომია: https://www.un.org/en/desa/products/un-desa-databases.

[3] საქსტატი იყენებს გაეროს მიერ რეკომენდებულ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტად ითვლება ნებისმიერი პირი (მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ 2 პირობას: 1. დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; 2. საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა, ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე, წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე (ხანგრძლივობის კუმულაციური ჯამი). შესაბამისად, ემიგრანტებში ხვდებიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

[4] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. მიგრაცია. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge.

[5] NDI. დეკემბერი, 2023. საზოგადოების განწყობა საქართველოში. 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები. გვ.48-50.

[6] იქვე.

[7] Eurostat. 2024. Asylum Applicants By Type. ხელმისაწვდომია: https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/migr_asyappctza__custom_10853209/default/bar?lang=en [ბოლოს ნანახია: 26.08.2024].

[8] Jam-news. მექსიკის გავლით ამერიკაში - სად და რატომ გარბიან ქართველები. 13 სექტემბერი, 2022. ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/ge/meqsikis-gavlit-amerikashi-sad-da-ratom-garbian-qartvelebi/.

[9] საქართველოს ეროვნული ბანკი. საგადასახდელო ბალანსი (BPM-5).

[10] PMCG Research. 2023. ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე (2013-2022). გვ.5.

[11] მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ). 2016. მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი ფულადი გზავნილები. გვ.13. ხელმისაწვდომია: https://migration.commission.ge/files/geo__1_.pdf.

[12] PMCG Research. 2023. ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე (2013-2022). გვ.9.

Vadean, F., Randazzo, T., & Piracha, M. 2017. Remittances, Labour Supply and Activity of Household Members Left-Behind. The Journal of Development Studies, 55(2), 278–293. ხელმისაწვდომია: https://doi.org/10.1080/00220388.2017.1404031

[13] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. მოსახლეობა და დემოგრაფია. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge.  

[14] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. დასაქმება და უმუშევრობა.  ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge.  

[15] ILO. 2023. Statistics on the informal economy. ხელმისაწვდომია:  https://ilostat.ilo.org/topics/informality/.

[16] PMCG Research. 2023. საქართველოს შრომის ბაზრის მიმოხილვა. გვ.2. ხელმისაწვდომია: https://pmcg-i.com/app/uploads/2023/05/Labor-market-overview_GEO.pdf.

[17] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. მოსახლეობა და დემოგრაფია. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge.  

[18] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. ქალი და კაცი საქართველოში. გვ.67.

[19] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. მოსახლეობა და დემოგრაფია. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge.  

[20] ჩაჩავა, მ. და ზუბაშვილი, ნ. 2023. ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა. გვ. 13-15. ხელმისაწვდომია: https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/2023-11/lmw_geo_web3.pdf.

[21] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №810. საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.

[22] რადიო თავისუფლება. 18 მაისი, 2021. გამართლდა თუ არა მოლოდინები - რას ჰყვებიან გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/31261845.html.

Bm.ge. 10 დეკემბერი, 2021. გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 99 ათასამდე ადამიანს სურდა - დასაქმდა 299 პირი. ხელმისაწვდომია: https://bm.ge/news/germaniashi-legalurad-dasaqmeba-99-atasamde-adamians-surda---dasaqmda-299-piri-/97211.

[23] Netgazeti. 28 ნოემბერი, 2019. რატომ ვერ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას ივანიშვილის გეგმა ცირკულარულ მიგრაციაზე. ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/410120/.

[24] სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებ-გვერდი: https://idp.moh.gov.ge/mainlist.php?lang=1&uid=202301081804126835922998 [ბოლოს ნანახია: 26 აგვისტო. 2024].

[25] ჩაჩავა, მ. და ზუბაშვილი, ნ. 2023. ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა. გვ. 29-35. ხელმისაწვდომია: https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/2023-11/lmw_geo_web3.pdf.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“