[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / სტატია

შემოსავლების უთანასწორობა ეკონომიკური ზრდის პარალელურად: რას ამბობს თეორია და სტატისტიკური მონაცემები?

უთანასწორობა - კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით,

უთანასწორობა არის „თანასწორობის ან სამართლიანი

მოპყრობის არარსებობა ან ნაკლებობა, სიმდიდრის

ან შესაძლებლობების გაზიარებისას.“

(a lack of equality or fair treatment in the sharing of wealth or opportunities[1]).

შემოსავლების უთანასწორობა - იდეოლოგიის ქვაკუთხედი

თანამედროვე მეინსტრიმული ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი მთავარი და შეიძლება ითქვას, რომ წარმმართველი იდეა ეკონომიკური განვითარების სანაცვლოდ საზოგადოების შემოსავლების უთანასწორობისადმი შეგუებას გულისხმობს. ამ თეორიის მიხედვით, ბიზნესი მხოლოდ მაღალი მოგების შემთხვევაშია განვითარებით დაინტერესებული, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობად არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ეს უთანასწორობას იწვევს, მაგრამ თანასწორობა ეკონომიკური განვითარების გამო უნდა დავთმოთ.

ამ იდეის გამეფებამ უთანასწორობის ზრდას შეუწყო ხელი, რაც მრავალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემის წყარო გახდა. ნობელის პრემიის ლაურეატები აბიჯიტ ბანერჯი და ესტერ დიუფლო აღნიშნავენ, რომ ევროპის გარდა, მსოფლიოს ყოველ სხვა რეგიონში მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი 50%-ის ჯამური შემოსავალი ზედა-15%-ის ჯამურ შემოსავალზე ნაკლებია, ზედა-10%-ის შემოსავალი კი ქვედა-40%-ზე, ბევრგან კი ქვედა-60%-ზე მეტია. მათი სიტყვებით, ყველაზე უფრო მეტად გამაოგნებელი სიმდიდრის განაწილებაა. მსოფლიოს ქვედა-50% სიმდიდრის მხოლოდ 2%-ს ფლობს, ზედა-10% კი 76%-ს. ბანერჯის და დიუფლოს აზრით, სიმდიდრის კონცენტრაცია დამაფიქრებელია, რადგან სიმდიდრე მომავალი ეკონომიკური მოგების მთავარი წყაროა და სიმდიდრის მზარდი გავლენა ძალაუფლებაზე უთანასწორობის მეტ გაღრმავებას იწვევს.[2]

შემოსავლების უთანასწორობა საქართველოში

ბარენჯის და დიუფლოს მიერ მოყვანილი მონაცემების ანალოგი საქართველოს შემთხვევაში კიდევ უფრო შთამბეჭდავ სურათს იძლევა. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემების[3] დამუშავების შედეგად შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ საქართველოში ქვედა-50%-ის ჯამური შემოსავალი, 2013 წლიდან მოყოლებული ზედა-1%-ზე ნაკლებია. 2013 წლამდე არსებული მონაცემები შემოსავლების სამსახურის საიტზე არ არის მისაწვდომი, თორემ, სავარაუდოდ, წინა წლებშიც არანაკლებ შთამბეჭდავ სურათს დავინახავდით, რადგან განსხვავებას კლების ტენდენცია აქვს.

შემოსავლების განაწილების შესწავლის მიზნით, სულ უფრო ხშირად იყენებენ მოსახლეობის თანაბარი რაოდენობის, მაგრამ განსხვავებული შემოსავლების მქონე ჯგუფების შედარების მეთოდს. ამ მხრივ გამორჩეულია კემბრიჯში მოღვაწე ჩილელი ეკონომისტის - ხოსე გაბრიელ პალმას, და ფრანგი ეკონომისტის - თომა პიკეტის, ნაშრომები. იგივე მეთოდით ვიხელმძღვანელე საქართველოში არსებული სურათის აღსაწერად, რადგან ვთვლი, რომ ეს მეთოდი გაცილებით თვალნათლივ აჩვენებს შემოსავლების განაწილების რეალურ სურათს, ვიდრე შემოსავლების განაწილების ამსახველი ყველაზე გავრცელებული ინდექსი, ჯინის კოეფიციენტი, რომელიც, ბრანკო მილანოვიჩის აზრით, შედარებით ინერტულია განაწილებაში ცვლილებების მიმართ.[4]

შესაბამისად, ამ სტატიის მიზნებისთვის, დასაქმებულები რაოდენობრივად თანაბარ 10 ჯგუფად დაიყო. პირველ ჯგუფში გაერთიანდა დასაქმებულთა ის 10%, რომელსაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, შემდეგ ჯგუფში ის 10%, რომელსაც დარჩენილთაგან აქვს ყველაზე დაბალი ხელფასი და ასე მოხდა ამ ჯგუფის დაყოფა რაოდენობრივად ტოლ ათ ჯგუფად.

შემოსავლებიც კატეგორიებად დაიყო, ოღონდ სამ კატეგორიად - ხელფასები, ანაზღაურება და შემოსავლები. ამ სამიდან ორი საკუთარი შრომისთვის საფასურის მიღებაა. ხელფასი შრომის საფასურის სანაცვლოდ მიღებულ ყოველთვიურ გასამრჯელოს გულისხმობს, ხოლო ანაზღაურება ხელფასის გარდა, დროებითი შრომის საფასურსაც მოიცავს, ისევე როგორც სოციალურ დახმარებას, სტიპენდიას და იჯარის სახით მიღებულ გასამრჯელოს. შემოსავალი კი ანაზღაურების გარდა, დივიდენდს, მოგებას და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალსაც აერთიანებს. შინაარსობრივად ხელფასი და ანაზღაურება ერთმანეთთან ახლოს დგას, რადგან ძირითადად ორივე გარკვეული სამუშაოსთვის მიღებულ გასამრჯელოს გულისხმობს. შემოსავალში კი ისეთი ტიპის შემოსავალიც შედის, რომელიც კაპიტალის ფლობის შედეგია და არა ამ შემოსავლის მიმღების შრომის შედეგი. ამიტომ, მეტ ყურადღებას ხელფასის მქონე ჯგუფებს დავუთმობ. შემოსავლების სამსახურის მონაცემების დამუშავების შედეგად ვხედავთ, რომ ხელფასების საერთო მოცულობა ანაზღაურების საერთო მოცულობაზე სულ 10%-ით ნაკლებია. საქართველოში აღრიცხული შემოსავლების ის ნაწილი კი, რომელიც კაპიტალის ფლობის შედეგია, მთელი შემოსავლების 25%-ს შეადგენს.

მაშ ასე, დასაქმებულების საერთო რაოდენობა ათ თანაბარ ჯგუფად დავყავით. ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე 10%-ს დავარქვათ I-10%, მეორეს - II-10%, მესამეს - III-10%, და ასე შემდეგ, მეცხრეს - IX-10%, მეათეს კი X-10%. I-10% ჯგუფს ქვედა-10%-საც ვუწოდებთ, I-10%-ის და II-10%-ის გაერთიანებას ქვედა-20%-ს, პირველი სამი ჯგუფის გაერთიანებას ქვედა-30%-ს და ა.შ. (Bottom-10%, Bottom-20%, etc.). ანალოგიურად, X-10% ჯგუფს ზედა-10%-ს ვუწოდებთ, X-10%-ის და IX-10%-ის გაერთიანებას ზედა-20%-ს, ბოლო სამი ჯგუფის გაერთიანებას ზედა-30%-ს და ა.შ. (Top-10%, Top-20%, etc.)

თუ თითოეული ამ ჯგუფის ჯამურ ხელფასს წლების მიხედვით ჩამოვწერთ, შემდეგ ცხრილს მივიღებთ:

ცხრილი #1. წლიური ხელფასების ჯამური განაწილება (მილიონი ლარი)

წყარო: მონაცემების წყაროა შემოსავლების სამსახური, www.rs.ge.
დამუშავებულია ავტორის მიერ.

ერთი შეხედვით, რადგან ქვედა-10%-ის მიერ აღებული ჯამური ხელფასის ოდენობა 2013-დან 2023 წლამდე 6.29-ჯერ გაიზარდა, დანარჩენი ჯგუფების კი უფრო ნაკლებად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვედა-10%-ის მდგომარეობა და განვითარების ტენდენცია მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მაგრამ თუ ამ ჯგუფის წევრების საშუალო ხელფასის ოდენობას დავთვლით, აღმოვაჩენთ, რომ ქვედა-10%-ში მყოფი ადამიანების საშუალო დარიცხული ხელფასი 2013 წელს თვეში 14 ლარი იყო, 2023 წელს კი თვეში 74 ლარი. შესაბამისად, ამ უკანასკნელის ხელზე ასაღები თანხა გაეროს მიერ დადგენილ $2.15-ის შესაბამის[5] აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს 1.5-ჯერ, ხოლო საქსტატის და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს 4.2-ჯერ ჩამორჩება. ეს კი საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებლებია. ხელფასის მქონე ქვედა-10%-იანი ჯგუფის რაოდენობა წლების მიხედვით იცვლება, მაგრამ ის დაახლოებით 120 ათასის ირგვლივ ტრიალებს. შესაბამისად, 120 ათას ადამიანის ხელფასი დაახლოებით 1.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის ყველაზე დაბალი ნიშნული და 4.2-ჯერ ნაკლები, ვიდრე საქსტატის და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად დათვლილი საარსებო მინიმუმი. ეს დაკვირვება კიდევ ერთხელ ასაბუთებს, რომ მონაცემების ცალმხრივ განხილვას ხშირად მცდარ დასკვნებამდე მივყავართ.

თუ იგივე ჯგუფების საშუალო ხელფასებს ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს, ზედა-10%-ის საშუალო ხელფასი 102-ჯერ აღემატებოდა ქვედა-10%-ის საშუალო ხელფასს. 2020 წელს კი - 223-ჯერ. შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ 2023 წელს, ზედა-1%-ის საშუალო ხელფასი 263-ჯერ აღემატებოდა ქვედა-10%-ის საშუალო ხელფასს, 2020 წელს კი - 832-ჯერ.

ხელფასების განაწილება და ასეთი განსხვავება დამაფიქრებელი უნდა იყოს მათთვის, ვინც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას ქმნის და აღასრულებს.

გრაფიკი #1 თვალსაჩინოდ აჩვენებს ხელფასების სხვადასხვა ჯგუფებს შორის განაწილების სურათს წლების მიხედვით.

გრაფიკი #1. ხელფასების ჯამური განაწილება 10%-იანი რაოდენობრივ ჯგუფებზე

წყარო: მონაცემების წყაროა შემოსავლების სამსახური, www.rs.ge.
დამუშავებულია ავტორის მიერ.

2013-2023 წლებში, თითოეულ წელს, ზედა-10%-ის ჯამური ხელფასი უფრო მეტი იყო, ვიდრე ქვედა-80%-ის. ცხრილი #2 კი წლების მიხედვით გვაჩვენებს, ქვედა რამდენი პროცენტის ჯამური ხელფასი იყო ზედა-10%-ის და ზედა-1%-ის ხელფასის ტოლი.

ცხრილი #2. წლიური ხელფასების ჯამური განაწილება (მილიონი ლარი)

წყარო: მონაცემების წყაროა შემოსავლების სამსახური, www.rs.ge.
დამუშავებულია ავტორის მიერ.

გრაფიკი #1 და ცხრილი #2 მხოლოდ ხელფასების განაწილებას გვაჩვენებს და, შესაბამისად, არ მოიცავს შემოსავლის ისეთ წყაროებს, როგორიც არის დივიდენდი, პროცენტი და მოგება, რომელთა დამატების შემდეგ, ზედა-10%-ის და ზედა-1%-ის შემოსავლების დაშორება დანარჩენ ჯგუფებთან კიდევ უფრო იზრდება.

 

სიმდიდრის, ანუ ქონებრივი უთანასწორობა

შემოსავლების უთანასწორობა სიმდიდრის, ანუ საკუთრებაში არსებული ქონების განუზომლად დიდი მასშტაბის უთანასწორობას წარმოშობს. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სიმდიდრის უთანასწორობის გაზომვა ძალიან ბევრ სირთულესთან და დიდ მატერიალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ დღეს ეს ამოცანა არ დაგვისახავს, მაგრამ თუ სხვა ქვეყნების მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ რამდენად დიდ სიმდიდრის, ანუ ქონების უთანასწორობას იწვევს შემოსავლების უთანასწორობა.

ნიუ იორკის ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტისთვის (Institute of New Economic Thinking) ჩატარებულ ლექციათა ციკლში, ცნობილ ეკონომისტებს და უთანასწორობის მკვლევარებს არჯუნ ჯაიადევს და ბრანკო მილანოვიჩს შემდეგი მონაცემები მოჰყავთ: 2011 წელს, ქვედა-40%-ის შემოსავალი $1.56 ტრილიონი იყო, ზედა-1%-ის კი $1.64 ტრილიონი. მაშინ როცა ქვედა-40%-ის საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება $250 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ზედა-1%-ის - $34.7 ტრილიონს.[6] ზედა-1%-ის და ქვედა-40%-ის ჯამური შემოსავალი თითქმის ერთნაირია, მაშინ როცა ზედა-1%-ის სიმდიდრე 132-ჯერ აღემატება ქვედა-40%-ის საერთო სიმდიდრეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან ქვეყნამდე შემოსავლების და სიმდიდრის უთანასწორობებს შორის დამოკიდებულების მასშტაბი იცვლება, ამ დამოკიდებულების ხასიათი უცვლელი რჩება - შემოსავლების უთანასწორობა სიმდიდრის გაცილებით მაღალი ხარისხის უთანასწორობას იწვევს.

 

სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი - სამი საზომი ქვეყნების სამი ჯგუფისთვის

მსოფლიო ბანკს სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის სამი მაჩვენებელი აქვს შემოღებული: დღეში $2.15-ის, $3.65-ის და $6.85-ის ექვივალენტი. საქსტატის მონაცემებით, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის (Extreme Poverty Rate) სამ სტანდარტს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა 2014-2021 წლებში, საქართველოში, 6.1%-სა და 5.5%-ს შორის ($2.15), 22.0%-სა და 19.1%-ს შორის ($3.65) და 57.0%-სა და 55.4%-ს შორის ($6.85) მერყეობდა. ეს საკმაოდ მაღალი, უფრო სწორად საგანგაშო, მაჩვენებელია და 2014-დან 2021 წლამდე თითქმის არ იცვლება, ანუ, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ითქვას: 2004-2013 წლებში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობები კიდევ უფრო დიდი იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნების იმ ჯგუფისთვის, რომელსაც OECD მიაკუთვნებს საქართველოს (Upper Middle Income Countries),[7] სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი $6.85-ია დღეში.[8] იგივე ჯგუფში შედიან მაგალითად ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, მონტენეგრო, კოლუმბია და სხვა. ქვეყნების იმ ჯგუფისთვის,  რომელსაც ქვია Lower Middle Income Countries, როგორიცაა მაგალითად განა, ზამბია, ვიეტნამი, სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი $3.65-ია. უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის კი, როგორიცაა მაგალითად, ავღანეთი, ეთიოპია და სუდანი, ამ ზღვარის სიდიდე $2.15-ია დღეში.

 

საარსებო მინიმუმი

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც სიღარიბის დონეს ზომავს, არის საქსტატის და საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული და დათვლილი საარსებო მინიმუმი. 2023 წელს, საარსებო მინიმუმი თვეში დაახლოებით 250 ლარი იყო (ანუ, დაახლოებით 8.3₾, დღეში). ეს მეტია, ვიდრე სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის $2.15-ის და $3.65-ის ნიშნულები, მაგრამ მცირედით ნაკლებია ვიდრე $6.85-ის შესაბამისი სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის ნიშნული. საარსებო მინიმუმის ასეთი დაბალი ნიშნულის შემთხვევაშიც კი, 2023 წელს, დასაქმებულთა დაახლოებით 25%-ს, ანუ დასაქმებულთა მეოთხედს, რაც დაახლოებით 330 ათასი დასაქმებულია, სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა. გამომდინარე იქედან, რომ 2023 წელს ხელფასის ამღებთა რაოდენობა, სამუშაო ასაკის და 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ჯამური რაოდენობის 40%-ს შეადგენდა, თუ საპენსიო ასაკის მოსახლეობას არ ჩავთვლით, მაშინ ერთი ხელფასი საშუალოდ 2.5 ადამიანზე ნაწილდებოდა. ამ მონაცემის გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის შესაბამისი დარიცხული ხელფასი 2023 წელს, თვეში 770 ლარი, ან წელიწადში 9,250 ლარი იყო (ანუ იმისთვის, რომ ხელზე ასაღები ერთი ხელფასი საშუალოდ 2.5 ადამიანზე გადანაწილდეს და თითო ადამიანს ხელზე ასაღები 250 ლარი ერგოს). შესაბამისად, 2023 წელს, სამუშაო ასაკის და 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის სულ მცირე 40%-ს, ანუ 1,200,000 ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები თანხა გააჩნდა. მაშინ როცა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა იმავე 2023 წელს - 181.9 ათასი იყო, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 168.9 ათას ოჯახს შეადგენდა,[9] რაც ჯამში მხოლოდ ნახევარია ქვეყნის შიგნით არსებული ხელფასებით მიღებული თანხების მიხედვით დათვლილი, საარსებო მინიმუმზე ნაკლების მქონე ადამიანთა რაოდენობის.

 

საცხოვრებელი ხელფასი - მისგან დაშორებული ორი მხარე

კვლავ ხელფასების განაწილებას დავუბრუნდეთ და ვნახოთ, რა მიმართებაშია არსებული ხელფასები საცხოვრებელ ხელფასთან.

საცხოვრებელი ხელფასი გულისხმობს ისეთ ხელფასს, რომელიც მოქალაქეს უზრუნველყოფს საკვებით, საცხოვრისით, ტანისამოსით, განათლებით, ჯანდაცვით, ტრანსპორტირებით, სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯით და მოულოდნელი საჭიროებით გამოწვეული ხარჯებით. საცხოვრებელ ხელფასს საქართველოში ღირსეული შრომის პლატფორმა[10] ითვლის, ნიდერლანდებში განთავსებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის The WageIndicator Foundation მეთოდოლოგიით. საარსებო მინიმუმისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის საჭირო ხარჯს მოიცავს და რომლის გამოთვლის მეთოდსაც ბევრი აყენებს ეჭვქვეშ, საცხოვრებელი ხელფასი ფიზიკური გადარჩენის გარდა, ადამიანის და მისი ოჯახის განვითარების გარკვეულ (მინიმალურ) შესაძლებლობასაც იძლევა. 2022 წელს საცხოვრებელი ხელფასი 1,770 ლარი იყო, 2023 წელს - 1,706 ლარი, 2024 წელს კი - 1,856 ლარია.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვნახოთ, რომ 2023 წელს, საცხოვრებელ ხელფასზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა დაახლოებით 70%-ს ჰქონდა, წინა წლებში კი ეს რაოდენობა 70%-სა 80%-ს შორის მერყეობდა.

გრაფიკი #2 გვაჩვენებს სხვადასხვა ჯგუფების საშუალო ხელფასების დაშორებას საცხოვრებელი ხელფასიდან. ამასთან, თუ ხელფასი საცხოვრებელ ხელფასზე დაბალია, დაშორება უარყოფითია, თუ მეტი - დადებითი.

გრაფიკი #2. სხვადასხვა ჯგუფების საშუალო ხელფასების დაშორება საცხოვრებელი ხელფასიდან

წყარო: შემოსავლების სამსახური, rs.ge; ღირსეული შრომის პლატფორმა, https://shroma.ge/living-wage/.
დამუშავებულია ავტორის მიერ.
2013-2021 წლებში საცხოვრებელი ხელფასი დაანგარიშებულია 2022 წლის მაჩვენებლის ცვლილებით, სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის ზრდის ტემპის შესაბამისად.

გრაფიკი #2-დან ნათლად ჩანს, რომ თითოეული ჯგუფისთვის საშუალო ხელფასს წლების მიხედვით საცხოვრებელი ხელფასისგან დაშორების ტენდენცია აქვს. ქვედა ექვსი ჯგუფის საშუალო ხელფასის დაშორება (VI-10%-მდე) უარყოფითია, მეშვიდე ჯგუფის (VII-10%) საშუალო ხელფასი 2022 წლის ჩათვლით უარყოფითი მიმართულებით არის დაშორებული საცხოვრებელ ხელფასისგან და მხოლოდ 2023 წელს აცდა დაშორება ნულოვან ნიშნულს უმნიშვნელოდ, ზედა ჯგუფების და ტოპ-1%-ის (VIII-10%, IX-10%, X-10% და Top-1%) საშუალო ხელფასი კი მყარად არის დაშორებული საცხოვრებელ ხელფასს დადებითი მიმართულებით.

სურათის უფრო ცხადად აღსაქმელად, გრაფიკი #3-ზე გამოვსახეთ საშუალო ხელფასის საცხოვრებელი ხელფასიდან უარყოფითი და დადებითი მიმართულებებით დაშორების ჯამური სურათი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს დაშორება 2022 წლამდე ორივე მიმართულებით მატულობს და მხოლოდ 2023 წელს შემცირდა უარყოფითი მიმართულებით, თუმცა კვლავ საკმაოდ მაღალ, 9 მილიარდი ლარის ნიშნულზეა.

სავარაუდოდ, სწორედ ეს არის შინამეურნეობების მიერ აღებული სესხების ზრდის ტენდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. რაც დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას უწყობს ხელს.

გრაფიკი #3. უარყოფითად და დადებითად დაშორებული ჯგუფების ჯამური დაშორება საცხოვრებელი ხელფასიდან (მილიარდი ლარი)

წყარო: შემოსავლების სამსახური, rs.ge; ღირსეული შრომის პლატფორმა, https://shroma.ge/living-wage/.
დამუშავებულია ავტორის მიერ.
2013-2021 წლებში საცხოვრებელი ხელფასი დაანგარიშებულია 2022 წლის მაჩვენებლის ცვლილებით, სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის ზრდის ტემპის შესაბამისად.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზემოთ მოცემულ არცერთ ცხრილში არ არის გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები. რადგან ზემოთ აღწერილი სურათით ვცადეთ, გვეჩვენებინა, თუ, გზავნილების მხედველობაში მიუღებლად, რა მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი საქართველოს დღევანდელი და წინა ხელისუფლებები, მათი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე.

 

ფულადი გზავნილები უცხოეთიდან

ამ მძიმე მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების საშუალებით ხერხდება. ამ წლების განმავლობაში, ეს ფულადი გზავნილები ერთადერთი რამ არის, რაც მაშველ რგოლად ევლინება საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის გარკვეულ (საკმაოდ დიდ) ნაწილს.

2013-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხები ქვედა-67%-ის და ქვედა-77%-ის მიერ აღებული ხელფასების ტოლ თანხებს შორის იცვლებოდა. გრაფიკი #4 სწორედ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების ტოლი ხელფასების ქვედა პროცენტის ოდენობას გვაჩვენებს. მაგალითად, 2023 წელს, საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთიდან დაახლოებით 6.6 მილიარდი ლარი გადმოირიცხა, რაც ქვედა-73%-ის მიერ ხელზე აღებული ხელფასის ტოლია. 2020 წელს კი უცხოეთიდან გადმორიცხული ტრანსფერები ქვედა-83%-ის ხელზე აღებულ ხელფასებს გაუტოლდა, თანხობრივად კი დაახლოებით 5.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

გრაფიკი #5. ტრანსფერების შესაბამისი ქვედა %-ის ოდენობა წლების მიხედვით.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური
დამუშავებულია ავტორის მიერ

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს გაეროს მიერ შემოღებული სიღარიბის $2.15, $3.65 და $6.85 შესაბამისი ნიშნულების მიმართ მოსახლეობის წილი, რომლებიც ამ ნიშნულს ქვემოთ არის შემდეგნაირად არის განაწილებული: 5.5%, 19.1% და 55.4%. რომ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ხელფასების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შესრულებული გამოთვლების მიხედვით, ეს მაჩვენებლები სავარაუდოდ 24%, 34% და 56% იქნებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქსტატის მაჩვენებლები მაინც საკმაოდ მაღალია. მაგალითად ჩვენს მეზობელ სომხეთში $2.15 ნიშნულის შესაბამის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის მხოლოდ 1% ცხოვრობს,[11] ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი კი 0.5%-ის ტოლია.[12]

დასკვნა

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ბრანკო მილანოვიჩის და როი ვან დერ ვერდეს ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ უთანასწორობა კარგია მდიდრების მომავალი შემოსავლებისთვის და უარყოფითად აისახება ღარიბების მომავალ შემოსავლებზე, რაც უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს.[13] რთულია, არ დაეთანხმო მილანოვიჩის მოსაზრებას, რომ შემოსავლების უთანასწორობა არღვევს სოციალურ ერთიანობას და იწვევს არასტაბილურობას. ეს კი თავად მთავრობის და დომინანტური ეკონომიკური იდეოლოგიის მიმდევრების მიერ დეკლარირებული არაერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას, მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უშლის ხელს.

დასასრულს კი 1950-1960-იანი წლების დასავლეთის ეკონომიკების მაგალითს მოვიყვან, როცა ზე-მოგებებს პროგრესული გადასახადების სისტემა ზღუდავდა, მაგრამ სწორედ ეს ათწლეულები ითვლება კაპიტალიზმის „ოქროს ხანად“, როცა ეკონომიკის ზრდა ამ ქვეყნების მოქალაქეების ყველა სოციალურ ფენაზე დადებითად აისახებოდა.

 

სტატია მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Cambridge Dictionary, https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/inequality

[2] Abhijit Banerjee and Esther Duflo, Foreword for World Inequality Report 2022. p.3. https://wir2022.wid.world/

[3] სსიპ - შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემები, www.rs.ge/statistics.

[4] Branko Milanovic, Why inequality matters, LSE, August 14, 2024, https://blogs.lse.ac.uk/inequalities/2024/08/14/why-inequality-matters/

[5] $2.15-ის შესაბამისი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, ისევე როგორც $3.65-ის და 6.85-ის შესაბამისი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, გაეროს მიერ დადგენილი სამი ნიშნულია. ისინი აშშ დოლარის 2017 წელს, კონკრეტული სამი კალათის მონეტარული ექვივალენტია და ქვეყნების და წლების მიხედვით იცვლება.

[6] Why Should I Care? | Lecture 1 | Inequality 101, Institute for New Economic Thinking, 2020, Why Should I Care? | Lecture 1 | Inequality 101 with Branko Milanovic & Arjun Jayadev (youtube.com) min 15:30

[7] World Bank country classifications by income level for 2024-2025, https://blogs.worldbank.org/en/opendata/world-bank-country-classifications-by-income-level-for-2024-2025?_gl=1*45o4km*_gcl_au*MTI5NjA2Mzg1NC4xNzE3NDk5OTg5

[8] Marta SchochSamuel Kofi Tetteh BaahChristoph LaknerJed Friedman, Half of the global population lives on less than US$6.85 per person per day, Let's Talk Development, World Bank, December 08, 2022, https://blogs.worldbank.org/en/developmenttalk/half-global-population-lives-less-us685-person-day

[9] საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, სოციალური მომსახურების სააგენტო, https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070002225855299551&v=0#page-2

[10] საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში, საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში - ღირსეული შრომის პლატფორმა (shroma.ge)

[11] Our World in Data, Share of population living in extreme poverty, 1990 to 2022 (ourworldindata.org)

[12] March 2024 global poverty update from the World Bank, March 2024 global poverty update from the World Bank: first estimates of global poverty until 2022 from survey data

[13] Branko Milanovic, Why inequality matters, LSE, August 14, 2024, https://blogs.lse.ac.uk/inequalities/2024/08/14/why-inequality-matters/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“