[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / სტატია

ხმები პერიფერიიდან: სიღარიბე და პოლიტიკური მონაწილეობა დემოკრატიაში

შესავალი

დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ურთიერთზემოქმედების შესწავლა  პოლიტიკის თეორიის ერთ-ერთი უძველესი საკითხია, რომელიც საქართველოს კონტექსტშიც აქტუალურია. საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესზე მსჯელობისას ხშირად ჟღერდება მოსაზრება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე და სიღარიბეა. კერძოდ, არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებს არ აქვთ პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის  საჭირო მოტივაცია და უნარები, შესაბამისად, ისინი ვერ ახდენენ ზეგავლენას ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკის ფორმირებაზე და განსაკუთრებით მოწყვლადი არიან პოლიტიკური მანიპულაციების მიმართ. ამ სტატიის მიზანია, მიმოიხილოს, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიღარიბისა და პოლიტიკური მონაწილეობის ურთიერთკავშირის შესახებ ჩატარებული აკადემიური კვლევების შედეგებს და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

დემოკრატია და მოდერნიზაციის თეორია

დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ურთიერთზემოქმედების შესწავლა  პოლიტიკის თეორიის ერთ-ერთი უძველესი საკითხია, რომელიც პოლიტიკური მოწყობის ფორმებზე მსჯელობისას ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-4 საუკუნეში გახდა საინტერესო არისტოტელესთვის. „პოლიტიკაში“ არისტოტელე მიიჩნევს, რომ საშუალო კლასს, რომელიც არც ძალიან მდიდარია და არც ძალიან ღარიბი, აქვს საჭირო ეკონომიკური რესურსები და პერსონალური მახასიათებლები, რომ დაიცვას სამოქალაქო ღირსებები და უზრუნველყოს პოლიტიკური სტაბილურობა.[1] მე-20 საუკუნეში ამერიკელმა სოციოლოგმა და პოლიტიკის მეცნიერმა სეიმურ მარტინ ლიპსეტმა წიგნში „დემოკრატიის ზოგიერთი სოციალური რეკვიზიტი: ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური ლეგიტიმაცია“ აღნიშნა, რომ ეკონომიკურად რაც უფრო მდიდარია სახელმწიფო, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ ის შეძლებს დემოკრატიის ხანგრძლივად შენარჩუნებას.[2] ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ინდიკატორებად ლიპსეტი მიიჩნევდა ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციის, განათლებისა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების განვითარების დონეს.[3]

მოდერნიზაციის ამ თეორიამ, პოპულარობის მიუხედავად, მრავალფეროვანი კრიტიკა და სკეპტიციზმი დაიმსახურა როგორც ნორმატიული, ასევე ემპირიული თვალსაზრისით. თეორია, პირველ რიგში, გამომდინარეობს დასავლური სახელმწიფოების გამოცდილებიდან და არ ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური განვითარების თავისებურებებს. გარდა ამისა, ის დემოკრატიას მხოლოდ გარკვეული გარე ფაქტორების ერთობლიობის დეტერმინისტულ შედეგად წარმოაჩენს და არ ითვალისწინებს აქტორების ქცევის მნიშვნელობას დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.[4] ამასთან, ადამ პრჟევორსკისა და ფერნანდო ლიმონგის ფართომასშტაბიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა ხელს უწყობს დემოკრატიული რეჟიმის სტაბილურობას, ის არ არის დემოკრატიზაციის განმაპირობებელი ფაქტორი.[5]

ამდენად, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და დემოკრატიას შორის ურთიერთობა არაერთგვაროვანია და ის კვლავ რჩება კვლევის მნიშვნელოვან საგნად. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია იმის შესწავლა, თუ რით განსხვავდება სხვადასხვა ეკონომიკური კლასის წარმომადგენელი მოქალაქის პოლიტიკური ქცევა, კერძოდ, პოლიტიკური მონაწილეობა და რა გავლენა აქვს ამ განსხვავებებს პოლიტიკური რეჟიმის სტაბილურობაზე. მოცემული სტატია სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ აკადემიურ ლიტერატურას მიმოიხილავს.

სიღარიბე და პოლიტიკური მონაწილეობა: ფუფუნება თუ გარდაუვალი აუცილებლობა?

დემოკრატიზაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, ისევე, როგორც დემოკრატიის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი, არის მოქალაქეთა აქტიური, მასობრივი და განგრძობადი მონაწილეობა დემოკრატიულ პოლიტიკაში. პოლიტიკური მონაწილეობის მრავალი ფორმა არსებობს, თუმცა მისი ყველაზე გავრცელებული და ძირითადი ფორმებია: საკუთარი კანდიდატურის წამოყენება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანამდებობებზე, არჩევნებში ხმის მიცემა, პროტესტებში ჩართულობა, მოხალისეობა, თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სხვა აქტორებთან, პოლიტიკური პოზიციის ღიად დაფიქსირება სხვადასხვა ფორმით და მრავალი სხვა. საზოგადოების ეკონომიკურად მოწყვლადი ფენების პოლიტიკური მონაწილეობა შეიძლება სამი ფორმით გამოიხატოს: 1) ისინი საერთოდ არ მონაწილეობენ პოლიტიკაში; 2) ისინი მონაწილეობენ პოლიტიკაში და მხარს უჭერენ არადემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს; 3) ისინი მონაწილეობენ პოლიტიკაში და მხარს უჭერენ დემოკრატიულ ძალებს.[6]

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ჩატარებული ემპირიული კვლევები არაერთგვაროვან შედეგებს აჩვენებს, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ საკითხის კომპლექსურობას. ერთი მხრივ, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე, ყველაზე აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში, რათა პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ინტერესების გატარებისკენ უბიძგონ. მეორე მხრივ, ასევე მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან დაკავშირებული სხვადასხვა რესურსის შეზღუდულობის გამო, ღარიბების პოლიტიკაში ჩართულობას მრავალი ბარიერი ეღობება წინ.

ამ საკითხის შესახებ ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევა ეკუთვნით ჰენრი ბრედის, სიდნი ვერბასა და კეი ლემან შლოცმანს, რომლებმაც 1995 წელს განავითარეს „პოლიტიკური მონაწილეობის რესურსული მოდელი“. ისინი პოლიტიკური მონაწილეობის სამ მთავარ რესურსად მიიჩნევენ ფულს, დროსა და უნარებს (skills). უნარებში იგულისხმება სოციალიზაციის შედეგად სხვადასხვა გარემოში მოპოვებული შესაძლებლობების ერთობლიობა, რომლებიც შეიძლება ეფექტიანად იქნას გამოყენებული  პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ავტორები აღნიშნავენ, რომ ღარიბ მოსახლეობას, გარდა დროისა და ფულისა, ხშირად აქვს ამგვარი უნარების ნაკლებობაც, რადგან პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მომეტებული ზრუნვის გამო, მათ უფრო იშვიათად აქვს სოციალიზაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, სიღარიბეში მცხოვრები მოქალაქეები ვითარდებიან მეტ იზოლაციაში, ყალიბდებიან საზოგადოების პასიურ წევრებად და ნაკლებად აქვთ მოტივაცია, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.[7] სხვა კვლევები მიუთითებს, რომ ვინაიდან სიღარიბე დაკავშირებულია მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან, მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი მოტივაცია და ემოციური მზაობა საიმისოდ, რომ მოიპოვონ პოლიტიკური ცოდნა და ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში.[8] ერთ-ერთი კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ისეთ დღეებში, როცა მოქალაქეები განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მნიშვნელოვნად იკლებს პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, არჩევნებში, მათი რეალური მონაწილეობის დონე.[9]

ამ მიმართულებით ჩატარებული სხვა კვლევები აღნიშნავს, რომ ღარიბი მოქალაქეების პოლიტიკაში ჩართულობის მთავარი მიზეზი არა სიღარიბე, არამედ პოლიტიკური განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა, რომელიც ხშირად თან ახლავს ეკონომიკურ სიდუხჭირეს.[10] შესაბამისად, განათლების ხარისხისა და ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდოს ღარიბი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხი.

ასევე, არსებობს ემპირიული მტკიცებულებები, რომ ღარიბი მოსახლეობის შიგნით პოლიტიკური მონაწილეობის განსხვავებული ხარისხი ხშირად არის დაკავშირებული პოლიტიკურ და საჯარო პირებთან ურთიერთობის პირად გამოცდილებასთან.[11] კერძოდ, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან დადებითი ხასიათის ინტერაქცია მოქალაქეებს უბიძგებს პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვისაკენ. ეს შედეგი იმაზე მიანიშნებს, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური აქტივიზმი, რესურსების გარდა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფოსგან მოსალოდნელ მოპყრობასთან. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ინსტიტუტები აქტიურად რეაგირებენ ღარიბი მოქალაქეების საჭიროებებზე, მოსალოდნელია, რომ ამ მოქალაქეებში გაიზრდება პოლიტიკური ნდობის ხარისხი და, შესაბამისად, მათი მოტივაცია, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ცდილობენ პოლიტიკური პარტიები ღარიბი ფენის მობილიზაციას. არსებობს რისკი, რომ „მეინსტრიმული“ პოლიტიკური პარტიების არაეფექტიანობისა და სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებით ნაკლებად დაინტერესების შემთხვევაში, სიღარიბითა და უთანასწორობით გამოწვეული უკმაყოფილება მოქალაქეებმა პოპულისტი ან/და არადემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფების მხარდასაჭერად მიმართონ და სწორედ მათ სასარგებლოდ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.

სიღარიბე და არჩევნები

როგორც ზემოთ აღინიშნა, ეკონომიკური სიდუხჭირე დაკავშირებულია პოლიტიკური მონაწილეობის დაბალ ხარისხთან, რაც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობასაც. ხშირად, ღარიბი მოქალაქეების პოლიტიკური პასიურობა არადემოკრატიული ხელისუფლებისთვის ძალაუფლების კონსოლიდაციის შესაძლებლობა ხდება. ამ დროს, ხელისუფლებას შეუძლია, რომ ფინანსური რესურსების მობილიზებით პოლიტიკით დროებით „დააინტერესოს“ სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობა და მათ, მხარდაჭერის სანაცვლოდ, ეკონომიკური სარგებელი შესთავაზოს. ამ ფენომენს საარჩევნო კლიენტელიზმის ან ამომრჩევლის მოსყიდვის სახელით მოიხსენიებენ და ის ყველაზე მეტად გავრცელებულია სწორედ ისეთ სახელმწიფოებში, სადაც მაღალია სოციალური უთანასწორობის დონე და დაბალია მოსახლეობის ეკონომიკური პროდუქტიულობა.[12]

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კლიენტელიზმი არა მხოლოდ ძირს უთხრის სამართლიან და თანასწორ საარჩევნო კონკურენციას, არამედ გრძელვადიანად აზიანებს მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობასაც, რადგან ის აყალიბებს რედისტრიბუციის არაფორმალურ პრაქტიკას, რომელიც არის არა საყოველთაო და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, არამედ პერსონალიზებული და ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად საინტერესო სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებული.[13] გარდა ამისა, საარჩევნო კლიენტელიზმი მოქალაქეებს უბიძგებს, მოითხოვონ არა დემოკრატიული სოციალური პოლიტიკის განვითარება, არამედ ეძიონ „ჯილდო“ პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამას ამტკიცებს ერთ-ერთი კვლევის შედეგიც, რომელმაც აჩვენა, რომ საარჩევნო კლიენტელიზმში ჩართულობის შემდეგ მოქალაქეებში შემცირდა მოთხოვნა სხვადასხვა უნივერსალური სოციალური პროგრამის მიმართ.[14] რედისტრიბუციის კლიენტელისტური ლოგიკის ნორმალიზაცია კიდევ უფრო ზრდის ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების დამოკიდებულებას სახელმწიფო რესურსებზე, რაც, შესაძლოა, არადემოკრატიულმა ძალებმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად სხვადასხვა ფორმით ბოროტად გამოიყენონ.

საქართველოს გამოცდილება

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, 2024 წელის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს - 677 495 ადამიანს - მიაღწია სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებამ, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 18%-ზე მეტს შეადგენს.[15] 2024 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 26%-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა და 13%-ისთვის - სიღარიბე.[16] ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე ძირითადი გამოწვევაა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს ცალკეული კვლევები, რომლებიც ზომავს საქართველოში ღარიბი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხს, ზემოთ განხილულ კვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე დაბრკოლებებს ქმნის მათი პოლიტიკური მონაწილეობისთვის. ამასთან, პოლიტიკური პარტიების მიმართ კრიტიკულად დაბალი ნდობა (2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22% პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ არ ენდობა, ხოლო 24% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა[17]) მიანიშნებს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილის აზრით, პოლიტიკური ელიტა ეფექტიანად არ აგვარებს მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს. რაც შეეხება საარჩევნო პროცესებში სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი მოსახლეობის მონაწილეობის საკითხს, არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ სტაბილურად მანიპულირებს მოქალაქეთა ეკონომიკური მოწყვლადობით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ზედაპირული და ფრაგმენტული სოციალური დახმარებების დაპირებაში, ასევე არსებული სოციალური დახმარებებით მანიპულირებაში.[18] ასევე, ბევრი მოქალაქე მიუთითებს შემთხვევებზე, როდესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები სასურსათო პროდუქტებისა და ფულის სანაცვლოდ ითანხმებდნენ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნებში ხმის მიცემაზე.[19]

დასკვნა

ამდენად, როგორც ზემოთ განხილული კვლევები მიუთითებს, დემოკრატიასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის ურთიერთკავშირი სწორხაზოვანი არ არის. ცალსახა არაა სიღარიბეში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხიც. კვლევების დიდი ნაწილი ემპირიულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აჩვენებს, რომ ღარიბი მოქალაქეები ნაკლებად მოტივირებულნი არიან და ნაკლები რესურსი აქვთ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.

სიღარიბესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხიც, რაც პოლიტიკური მონაწილეობის ძირითადი წინაპირობაა. ამავდროულად, ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა და პოლიტიკური ელიტით უკმაყოფილების განცდა, შესაძლებელია, გახდეს აქტიური პოლიტიკური მონაწილეობის მთავარი მოტივაცია და მან ბიძგი მისცეს რადიკალურ ცვლილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, მიმართულება აიღოს როგორც დემოკრატიული განახლებისკენ, ასევე ხელი შეუწყოს არადემოკრატიული და პოპულისტური ძალების მომძლავრებას.

 

სტატია მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] არისტოტელე. 1995. პოლიტიკა. ნაწილი პირველი. თამარ კუკავას თარგმანი. თბილისი. გვ. 117-118.

[2] Seymour Martin Lipset. Some Social Requisites of Democracy; Economic Development and Political Legitimacy. Indianapolis. Bobbs-Merrill, 1959, გვ. 70.

[3] იქვე, გვ. 74.

[4] O’donnell, Guillermo A. Bureaucratic Authoritarianism: Argentina, 1966-1973, in Comparative Perspective. Berkeley U.A., Univ. Of California Pr, 1988.

[5] Przeworski, Adam, and Fernando Limongi. “Modernization: Theories and Facts.” World Politics, 1997, გვ. 157.

[6] Przeworski, Adam. The Poor and the Viability of Democracy. 2008, გვ. 125.

[7] Brady, Henry E, Sidney Verba, and Kay Lehman Schlozman. 1995. “Beyond Ses: A Resource Model of Political Participation.” The American Political Science Review 89 (2), გვ. 275.

[8] Schaub, Max. “Acute Financial Hardship and Voter Turnout: Theory and Evidence from the Sequence of Bank Working Days.” American Political Science Review, გვ. 4.

[9] იქვე, გვ. 16.

[10] Krishna, Anirudh. “Poverty and Democratic Participation Reconsidered: Evidence from the Local Level in India.” Comparative Politics, 2006, გვ. 439.

[11] Lawless, Jennifer L., and Richard L. Fox. “Political Participation of the Urban Poor.” Social Problems, 2001, გვ. 366.

[12] Wantchekon, Leonard. “Clientelism and Voting Behavior: Evidence from a Field Experiment in Benin.” World Politics, vol. 55, no. 3, Apr. 2003, გვ. 402.

[13] Bauhr, Monika, and Mogens Justesen. n.d. “Electoral Clientelism and Redistribution: How Vote Buying Undermines Citizen Demand for Public Services.” 2023, გვ. 5.

[14] Van, Carolien, Ham Staffan, and I Lindberg. 2016. “Choosing from the Menu of Manipulation: Explaining Incumbents’ Choices of Electoral Manipulation Tactics Working Paper, გვ. 4.

[15]სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაცია. ხელმისაწვდომია: https://ssa.moh.gov.ge/statistik.php?lang=1&id=202212070002225855299551&v=0#page-2. განახლებულია: 02.09.2024. .

[16] CRRC Georgia. კავკასიის ბარომეტრი 2024. ხელმისაწვდომია: https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/IMPISS1/. განახლებულია: 01.09.2024.

[17] CRRC Georgia. კავკასიის ბარომეტრი 2024. ხელმისაწვდომია: https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/TRUPPS/. განახლებულია: 01.09.2024.

[18] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია. წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი პერიოდისა და შუალედური არჩევნების მონიტორინგის ანგარიში.“ 2022, 78. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/aehfdshl. განახლებულია: 13.07.2024.

[19] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“