[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

„ყველაფერი იყო მარადიული, სანამ არ დასრულდა“ - ალექსეი იურჩაკი

გვიანი სოციალიზმი: მარადიული სახელმწიფო

„მიმიკრია ძალზე ცუდი ცნებაა, რადგან იგი ბინარულ ლოგიკას იყენებს სრულიად სხვადასხვაგვარი ბუნების მქონე ფენომენთა აღსაწერად. ნიანგის ტყავი ხის მერქანს არ იმეორებს, ისევე, როგორც ქამელეონი არ იმეორებს მისი საცხოვრებელი გარემოს ფერებს. ვარდისფერი პანტერა არაფერს იმიტირებს, არაფერს იმეორებს - ის სამყაროს უხატავს ფერს -  ვარდისფერს ვარდისფერზე“

  • ჟილ დელიოზი და ფელიქს გვატარი, ათასი პლატო: კაპიტალიზმი და შიზოფრენია[1]

მარადიული სახელმწიფო

„ფიქრშიც არ გამივლია, რომ საბჭოთა კავშირში რამე შეიძლებოდა შეცვლილიყო, მის გაქრობაზე აღარაფერს ვამბობ. ამას არავინ ელოდა, არც ბავშვები და არც ზრდასრულები, საყოველთაოდ გავრცელებული იყო განცდა, რომ ყველაფერი მარადიული იქნებოდა,“ ასე ამბობდა ანდრეი მაკარევიჩი, ცნობილი მუსიკოსი[2] და შემსრულებელი, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში (1994). მოგვიანებით, მაკარევიჩი მემუარებში იხსენებდა, რომ მილიონობით საბჭოთა მოქალაქის მსგავსად, მასაც ეგონა, რომ მარადიულ სახელწიფოში (Вечное Государство) ცხოვრობდა (2002, 14). ის, რომ სოციალისტური სისტემა სამუდამოდ ვერ გასტანდა, მაკარევიჩმა 1986-1987 წლებში გაიაზრა -  იმ დროს, როცა „პერესტროიკის“ (გარდაქმნის) რეფორმებს უკვე მყარად მოეკიდათ ფეხი. საბჭოთა კავშირის უცვლელობისა და ურყევობის ღრმა განცდასა და მისი ჩამოშლის მოულოდნელობაზე სხვებიც საუბრობდნენ. და მაინც, მაკარევიჩმა და სხვებმა ძალიან მალე კიდევ ერთი ძალზე უცნაური ფაქტი აღმოაჩინეს: ერთი შეხედვით მოულოდნელი ჩამოშლის  მიუხედავად, მათ გააცნობიერეს, რომ, თურმე ამისთვის მზად ყოფილან. იმ წლებში უცნაური პარადოქსი გამოააშკარავდა: მიუხედავად იმისა, რომ სისტემის კოლაფსის დაწყებამდე ის სრულიად წარმოუდგენელი იყო, კოლაფსით გაკვირვებული არავინ დარჩენილა.

1985 წელს, როცა „გარდაქმნისა“ და „დათბობის“ (გამჭვირვალობის, საჯარო დისკუსიის გახსნის) რეფორმები ძალაში შევიდა, საბჭოთა მოქალაქეთა უმრავლესობა რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდა. ამ კამპანიებს ისინი ვერაფრით ასხვავებდნენ იქამდე ჩატარებული, დაუსრულებელი, სახელმწიფოს მიერ ორკესტრირებული სხვა კამპანიებისგან - კამპანიებისგან, რომლებიც იწყებოდნენ და სრულდებოდნენ, ცხოვრება კი ჩვეულებისამებრ გრძელდებოდა. მაგრამ ერთ-ორ წელიწადში საბჭოთა ადამიანებმა ნელ-ნელა გააცნობიერეს, რომ საქმე რაღაც წარმოუდგენელთან ჰქონდათ. ბევრი საუბრობდა უეცარ „ცნობიერების გარდატეხასა“ (Перелом сознания) და „უდიდეს შოკზე“ (Сильнейшийшок), რაც მალევე მღელვარებამ და ცვლილებებში თანამონაწილეობის მზაობამ ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადამიანებმა ეს მომენტი სხვადასხვაგვარად განიცადეს, თავად გამოცდილებას ისინი მსგავსი შინაარსით აღწერენ და უამრავ მათგანს ეს მომენტი მთელი სიცხადით ახსოვს.

ტონია, 1966 წელს ლენინგრადში დაბადებული სკოლის მასწავლებელი, იხსენებს, რომ დაახლოებით 1987 წელს პირველად გაიაზრა, მის თვალწინ „რაღაც შეუძლებელი“ (Что-то невозможное) ხდებოდა: „მეტროში ვკითხულობდი  და უეცრად ძლიერი შოკი დამეუფლა. ეს მომენტი კარგად მახსოვს... ვკითხულობდი ჟურნალ „ახალგაზრდობაში“ [ლიტერატურული პუბლიკაცია Юностъ] ახლახან გამოქვეყნებულ ლევ რაზგონის მოთხრობას „გაუგონარი“ (Непридуманное[3]). ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდაგვარ რამეს ვინმე სადმე დაბეჭდავდა. ამის შემდეგ პუბლიკაციათა ნაკადი არ გაჩერებულა.“ ინა (დაბადებული 1958 წელს, ქალაქ ლენინგრადში)[4] იხსენებს, რომ „გაკვირვების პირველი მომენტი“ (Первый момент удивления) მასაც დაახლოებით 1987-88 წლებში ეწვია: „ჩემთვის „პერესტროიკა“ [ნიკოლაი] გუმილიოვის, აკმეისტთა წრესთან დაახლოებული პოეტის, Огонёк[5]-ში გამოქვეყნებული რამდენიმე ლექსით იწყება. ამ მოძრაობის პოეზია საბჭოთა კავშირში 1920-იანი წლების შემდეგ აღარ დაბეჭდილა.[6] ლექსების ხელნაწერთა ასლები ინას უკვე წაკითხული ჰქონდა, მაგრამ მათი სახელმწიფო პუბლიკაციებში გამოჩენა აზრადაც არ მოსვლია. ნაცვლად ლექსებისა, ინას მათი პრესაში გამოჩენა უკვირდა.

ახალ პუბლიკაციათა ნაკადი წარმოუდგენელი მასშტაბებით იზრდებოდა და ყველაფრის კითხვა, ტექსტების მეგობრებთან მიმოცვლა და იმის განხილვა, თუ ვინ რას კითხულობდა, მალევე ეროვნულ ობსესიად იქცა. ლიტერატურული ჟურნალებისა და პერიოდული გამოცემების საჯარო მიმოქცევის მასშტაბი 1987-88 წლებში ასტრონომიულად გაიზარდა - ერთი წლის განმავლობაში ის დაახლოებით გაათმაგდა.[7] ხშირად ისეც ხდებოდა, რომ საგაზეთო კიოსკებში ზოგიერთი პოპულარული პუბლიკაციის შეძენა შეუძლებელი იყო, რადგან მათ ელვის სისწრაფით ყიდულობდნენ. ყოველკვირეულ ჟურნალ  Огонёк-ში გამოქყვეყნებულ წერილში მკითხველები ადგილობრივ კიოსკებში, გახსნამდე ორი საათით ადრე, დილის 5 საათზე, წარმოქმნილ რიგებზე ჩიოდნენ. ჟურნალის შეძენა ამ გზით თუ შეიძლებოდა. სხვათა მსგავსად ტონიაც ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი წაეკითხა: „მე და ჩემმა მეგობარმა, კატიამ, ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალების (Толстые журналы) გამოწერას მივყავით ხელი: ვიწერდით „Октябрь“-ს, „Наш современник“-ს, „Новыи мир“-ს, „Знамя“-ს, „Юностъ“-ს. ვცდილობდით განსხვავებული ჟურნალები გამოგვეწერა, რათა მათი მეგობრებისათვის გაზიარება და მეტ მასალაზე წვდომა შეგვძლებოდა. ჩვენ გარშემო ყველა ასე იქცეოდა. მთელი წელი ამ პუბლიკაციათა გაუთავებელ კითხვაში გავატარე“.

ჟურნალების კითხვამ, სატელევიზიო გადაცემების ყურებამ და მათ შესახებ  მეგობრებთან საუბარმა მალე ახალი ენა, თემები, შედარებები, მეტაფორები და იდეები წარმოქმნა, რამაც, საბოლოოდ, დისკურსისა და ცნობიერების ძირეული ცვლილებები გამოიწვია. ამ პროცესის შედეგად 1980-იანი წლების მიწურულს ფართოდ გავრცელდა აზრი, რომლის მიხედვითაც იქამდე მარადიულად მიჩნეული სახელმწიფო სოციალიზმი,  სინამდვილეში, დასასრულს უახლოვდებოდა. იტალიელი ლიტერატურათმცოდნე ვიტორიო სტრადა, რომელმაც საბჭოთა კავშირში ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებამდეც საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო, ისტორიის აჩქარების იმ გამოცდილებას, რომელიც მან 1980-იანი წლების საბჭოთა მოქალაქეებში შენიშნა, ასე აღწერდა: „თითქმის არავის, შესაძლოა, არც არავის, წარმოედგინა, რომ კოლაფსი … ასე მალე, ასე სწრაფად მოხდებოდა. … განცვიფრებას აღძრავდა ისიც, თუ როდის ან როგორ, დადგა ეს დასასრული“ (Strada 1998, 13).

ამაღელვებელი იყო თავად ცვლილების ასეთი მოულოდნელობაც, ტონიაც კი, ვინც ყოველთვის ამაყობდა საბჭოთა იდენტობით და დისიდენტებისთვის არასდროს დაეჭირა მხარი, მოულოდნელად ახალმა კრიტიკულმა დისკურსმა გაიტაცა და, მისივე სიტყვებით, „აღტაცებული იყო“ იმ ფაქტით, რომ  უმრავლესობაც ასე იქცეოდა: „ეს ყველაფერი იმდენად უეცარი და მოულოდნელი იყო, რომ მთლიანად ჩამითრია“. ის იხსენებდა, როგორ კითხულობდა „ევგენია გინძბურგის  „ციცაბო მარშრუტს“ (Крутоимаршрут)[8], სოლჟენიცინს, ვასილი გროსმანს:[9] გროსმანი პირველი იყო, ვინც გააჟღერა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შეგვეძლო კომუნიზმი ფაშიზმის ერთ-ერთ ფორმად წარმოგვედგინა. ასეთი აზრი თავში იქამდე არასდროს მომსვლია. გროსმანს ეს ღიად არ უთქვამს - მან უბრალოდ ორივე სისტემის შიგნით არსებული წამების პრაქტიკები შეადარა ერთმანეთს. მახსოვს, როგორ ვკითხულობდი ამ რომანს ოთახში, დივანზე წამოწოლილი, და ვგრძნობდი, რომ ჩემ გარშემო რევოლუციის მძლავრი განცდა იყო გამეფებული. ეს განცდა შემაძრწუნებელი იყო. მე განვიცდიდი ცნობიერების გარდატეხას (Переломсознания). ამას მოჰყვა ვლადიმირ ვოინოვიჩის წიგნები. ყველაფერს ბიძაჩემს, სლავას, ვუზიარებდი.“

როგორც ეს მონათხრობი და გვიანი 80-იანების უამრავი სხვა ისტორია ცხადყოფს, სისტემის კოლაფსი საბჭოთა ადამიანებისთვის სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი რამ იყო მანამ, სანამ ის მოხდებოდა. და მაინც, როცა ის მოხდა, აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი ლოგიკური და ამაღელვებელი იყო. თავისდა გასაკვირად, ბევრმა აღმოაჩინა, რომ თურმე სისტემის ჩამოშლისთვის ყოველთვის მზად ყოფილა; თურმე მათ სცოდნიათ, რომ სოციალიზმში ცხოვრება უცნაური პარადოქსისგან იყო გამოძერწილი - მოქალაქეებს სისტემა  ერთდროულად უძრავად და ურყევად, მყიფედ და მტკიცედ, უფერულად და იმედებით აღსავსედ უნდა განეცადათ. ეს გამოცდილებები საბჭოთა სოციალიზმის შესახებ მნიშვნელოვან კითხვებს ბადებენ: როგორი იყო გვიანი საბჭოთა სისტემის ბუნება და მასში გამეფებული ცხოვრების წესი, რომელსაც საფუძვლად ეს პარადოქსი ედო? რა ტიპის შიდა სისტემურ ცვლილებებს გულისხმობდა ეს პარადოქსი დისკურსის, იდეოლოგიის, სოციალური ურთიერთობების დონეებზე? და კიდევ: როგორი იყო ცოდნის წარმოებისა და კომუნიკაციის ბუნება ამ სისტემაში და რა ფორმებით ხდებოდა მისი დაშიფვრა, ცირკულირება, მიღება და ინტერპრეტირება? ეს კითხვები მიემართება არა საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებს, არამედ იმ პირობებს, რომელთაც კოლაფსი გახადეს შესაძლებელი, მაგრამ  არა  მოსალოდნელი. ეს წიგნი სწორედ ამ კითხვებით ხელმძღვანელობს, რათა გამოიკვლიოს გვიანი სოციალიზმის პერიოდი, ესე იგი დროის ის მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ოცდაათი წელს - 1950-იანების შუა წლებიდან 1980-იანების შუა წლებამდე, „პერესტროიკის“ პერიოდის დაწყებამდე - გაგრძელდა, პერიოდი, როცა სისტემა მარადიულად მიაჩნდათ. ეს წიგნი ხსენებულ პერიოდს მისი უკანასკნელი თაობის მზერიდან აკვირდება და ყურადღებას ამახვილებს იდეოლოგიასთან, დისკურსთან და რიტუალთან ამ თაობის წარმომადგენელთა მიმართებაზე, ისევე როგორც ამ მიმართებათა ნიადაგზე აღმოცენებულ სხვადასხვა სახის მოულოდნელად წარმოქმნილ მნიშვნელობებზე, საზოგადოებებზე, ურთიერთობებზე, იდენტობებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში

ალექსეი_იურჩაკი_1644490526.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Deleuze and Guattari (2002, 11)

[2] რუსულ როკ-ჯგუფ „Машина Времени“-ს ვოკალისტი

[3] მემუარებში რაზგონი სტალინისტურ ბანაკებში ცხოვრების ჩვიდმეტწლიან (1938 წლიდან 1955 წლამდე)  გამოცდილებას იხსენებს. 1987-88 წლებში ყოველკვირეულ „Огонёк“-სა და ახალგაზრდულ  ჟურნალ „Юностъ“-ში ბანაკებზე მისი რამდენიმე მოთხრობა გამოქვეყნდა. ეს მოთხრობები მალევე კრებულად გამოიცა.

[4] ინას შესახებ დაწვრილებით მეოთხე თავში ვისაუბრებ.

[5] ყოველკვირეული გაზეთი Огонёк-ი გარდაქმნის პერიოდის ყველაზე პოპულარული ბეჭდური ხმა იყო.

[6] პოეტი ნიკოლაი გუმილიოვი, ანა ახმატოვას პირველი ქმარი, 1921 წელს ანტი-ბოლშევიკურ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მას მერე მისი პოეზია საბჭოთა კავშირში აღარ დაბეჭდილა. 60 წლის შემდეგ, გარდაქმნის პერიოდში, გამოირკვა, რომ მისი დაპატიმრება „ჩეკას“ (КГБ -ს წინამორბედი) მიერ ორგანიზებული ფაბრიკაცია იყო (Volkov 1995, 537). იხ. მეოთხე თავი გუმილიოვის სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ 1970-1980-იან წლებში.

[7] თავდაპირველად, 1986 წელს პარტიის რიგით მეცხრამეტე ყრილობის ჩატარების შემდეგ, იმატა ყოველდღიური გაზეთების რიცხვმა. მაგალითისთვის, 1986-87 წლებში გაზეთ „аргументы и факты“-ს ტირაჟი რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე გაიზარდა. 1987 წლის მიწურულს ყოველდღიურ გაზეთთა რიგებს ყოველკვირეული (მაგ. „Огонёк“ და „Московские новости“)  და „სქელი“, ყოველთვიური ჟურნალებიც (Новыи мир, Дружба народов და სხვები) შეუერთდნენ.

[8] ევგენია სემიონოვნა, გინძბურგის Крутоимаршрут-ის ქვესათაური იყო Хроникавременкульталичности (პიროვნების კულტის ეპოქის ქრონიკები). წიგნი წარმოადგენს მემუარს, სადაც ავტორი სტალინის ბანაკებში გატარებულ თვრამეტწლიან პერიოდს აღწერს. მემუარის პირველი ნაწილი 1960-იანი წლების მიწურულს, მეორე კი 1970-იან წლებში გამოქვეყნდა და მრავალი წლის განმავლობაში სამიზდატის სახით არსებობდა. წიგნი, რომელზეც ტონია საუბრობს, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა, ავტორის გარდაცვალებიდან თერთმეტი წლის შემდეგ. ევგენია გინძბურგი ცნობილი მწერლის, ვასილი აქსიონოვის დედაა.

[9] ვასილი სემიონოვიჩ გროსმანის რომანი, „ცხოვრება და ბედისწერა“ (Жизнь и судьба), სადაც ის მეორე მსოფლიო ომისა და სტალინის ბანაკების გამოცდილებებს აღწერს, 1950-1960-იანი წლების მიჯნაზე დაიწერა. კგბ-მ წიგნის კონფისკაცია მოახდინა, რადგან ის ომის საბჭოთა ოფიციალური ნარატივისგან დიამეტრულად განსხვავებულ სურათს ხატავდა. ხელნაწერის ასლი დასავლეთში გააპარეს, სადაც, 1980 წელს, გამოქვეყნდა კიდეც. რომანი საბჭოთა კავშირში ოფიციალურად ავტორის გარდაცვალებიდან ოცდახუთი წელის შემდგომ, 1989 წელს, ლიტერატურულ ჟურნალ Октябрь-ში დაიბეჭდა.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“