[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

დროებითი მდგრადობები: იდენტობების პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა ევრაზიაში (1999 წ) - რონალდ გრიგორ სიუნი

ბოლოდროინდელმა კვლევებმა შეარყია კომფორტული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ  ეთნიკური და ეროვნული კონფლიქტების გასაგებად არსებით როლს ასრულებს ღრმად გამჯდარი სტაბილური კულტურული განსხვავებები. კულტურის ესენციალისტური, ჰოლისტური, ჰომოგენური კონცეფციები, რომლებსაც რობერტ კაპლანისა და სამუელ ჰანტინგტონის პოპულარულ ნაშრომებში ვხვდებით, თეორიული და ემპირიული ისტორიული კვლევების შედეგად სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.[1] ეთნიკურობა შორიდან შეიძლება თანმიმდევრული და ერთგვაროვანი გამოჩნდეს, თუმცა უფრო ახლოდან ის ფრაგმენტულად გამოიყურება, მისი კულტურული შინაარსი კი სადავოდ და კონფლიქტურად. ერი აღარ განიხილება პირველყოფილ და ორგანულ ერთობად, არამედ როგორც შედარებით თანამედროვედ, მიზანდასახული ინტელექტუალური და პოლიტიკური მუშაობის პროდუქტად. ხოლო ეთნიკური კონფლიქტი აღარ განიხილება „ძველი ტომობრივი ბრძოლების“ თანამედროვე გამეორებად, არამედ უფრო პირობით  მოვლენად, რომელიც სხვა სახის მიზეზობრივ ახსნას მოითხოვს. ეს სტატია იყენებს კონსტრუქტივისტულ მიდგომას იდენტობების თხევადობისა (fluidity) და სიმრავლის გასაანალიზებლად, იმის გასაგებად თუ როგორ ფუნქციონირებენ ისინი ეროვნულ ფორმაციებსა და შიდა და საგარეო პოლიტიკურ პრაქტიკებში. იმ წარმოდგენის საპირისპიროდ, რომ ერები და სახელმწიფოები მხოლოდ ერთ იდენტობას ფლობენ, საიდანაც შემდეგ  მათი ინტერესები და ქცევა გამომდინარეობს, ამ სტატიაში გამოყენებული მიდგომა ამბობს, რომ პოლიტიკურ აქტორებს სხვადასხვა იდენტობის გამოყენება შეუძლიათ, შექმნილს როგორც ისტორიულად, ისე ელიტების მიერ, რომლებიც შემდეგ აყალიბებენ მათ დამოკიდებულებებსა და ქმედებებს შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე. ვინაიდან სავარაუდოა, რომ ინტერესები მჭიდრო კავშირშია იდენტობასთან - ესე იგი, ის, რაც გვგონია რომ გვჭირდება, უკავშირდება იმას, თუ ვინ გვგონია, რომ ვართ - შესაბამისად, სახელმწიფოთა უსაფრთხოების საჭიროებების გასაანალიზებლად წინაპირობად უნდა ავიღოთ ხალხების მიერ თავიანთი თავის გაგების, მიზნებისა და მისწრაფებების, შიშებისა და შფოთვების საკითხის კვლევა.

შედარებით მდგრადი პოლიტიკური და ეროვნული იდენტობების ჩამოყალიბების პრობლემა ამჟამად განსაკუთრებით მწვავეა პოსტსაბჭოთა ევრაზიის დიდ ნაწილში. დაუცველობა და საფრთხე, წარსულს ჩაბარებული იმედებით მომავლის შიში და მკაფიო განცდა, რომ ამჟამინდელ ქაოსში მიზანი არ არსებობს, აღწერს რუსებისა და სხვა ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების განწყობას, რითაც ისინი ახალი ათასწლეულისკენ მიაბიჯებენ. მილიონობით ადამიანი ისეთი წამყვანი იდეების გარეშე ცხოვრობს, რომელთა მსგავსსაც ისინი საბჭოთა დროს შეეჩვივნენ, ხოლო ელიტებსა და თავად სახელმწიფოებს მცირე წარმოდგენა აქვთ რაიმე „ეროვნულ იდეაზე“. მართლაც, რუსეთი ჯერ კიდევ ის ქვეყანაა, რომელიც ვერ თანხმდება თავისი ეროვნული ჰიმნის სიტყვებზე.[2] ეგრეთ წოდებულ სამხრეთის სარტყელში, ესე იგი, იმ ქვეყნებში რომლებიც შავი ზღვიდან შორეულ აღმოსავლეთამდე არიან გადაჭიმული და რომლებიც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე მეტად დაზიანდნენ და ეთნიკური და სამოქალაქო კონფლიქტები გამოიარეს, მიმდინარე პოლიტიკასა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ გაურკვევლობა ღრმადაა გამჯდარი უფრო ზოგად დაბნეულობის განცდასთან იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ „ჩვენ“ და სად არის „ჩვენი“ ინტერესები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საბჭოთა კავშირის ნანგრევებში გაჩნდა ახალი სახელმწიფოები, თუმცა ხშირ შემთხვევაში მკაფიო იდენტობის ან ნათლად წარმოდგენილ „ერებთან“ ბმის გარეშე.

საგარეო პოლიტიკაში მიხეილ გორბაჩოვის ‘ახალი აზროვნებიდან’ მოყოლებული, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საბჭოური წარმოდგენა საკუთარ სახელმწიფოზე და სხვებზე, სსრკ და მისი მემკვიდრე სახელმწიფოები ფართო ექსპერიმენტების გზით გაშმაგებით ეძებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ თავიანთი თვითგაგებების აღდგენას იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ისინი და როგორია მსოფლიო. ეს სტატია თავიდან წარმოგიდგენთ იდენტობების მოკლე თეორიულ განხილვას და შემდეგ რუსეთსა და სამხრეთ სარტყელში ეთნიკური და ეროვნული იდენტიფიკაციების განვითარების გამორკვევას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ცალკეული იდენტობების მიმართებას სამოქალაქო, რეგიონული ან ეთნიკური ძალადობის ალბათობასთან. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მრავალჯერადი და ცვალებადი იდენტობის გათვალისწინებით, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტებს შეუძლიათ იდენტობებს შორის გააკეთონ - მაგრამ მხოლოდ შეზღუდული რეპერტუარის ფარგლებში. განიხილავს თუ არა ელიტა თავის სახელმწიფოს დემოკრატიად, დიდ ძალად, იმპერიად, სხვათა მსხვერპლად თუ ცივილიზაციის მატარებლად, წყვეტს იმას თუ როგორ ესმის ამ სახელმწიფოს თავისი ინტერესები. დიდი პოლიტიკური შედეგები აქვს ხოლმე იმას, ერი წარმოსახულია როგორც ეთნიკურად ექსკლუზიური თუ სამოქალაქოდ ინკლუზიური. ვეთანხმები ალექსანდრ ვენდტის მოსაზრებას, რომ „სოციალური საფრთხეები კონსტრუირებულია და არა ბუნებრივი“, აქ დამოკიდებული ცვლადი იდენტობები და აღქმული ინტერესებია, რომლებიც რუსეთსა და სამხრეთ სარტყელის ქვეყნებში სახელმწიფო ლიდერებისა და მოსახლეობის საფრთხის აღქმას ან უსაფრთხოების განცდას აყალიბებს.[3]

ეს სტატია აზრს გამოთქვამს, რომ მას მერე, რაც ერებს და ნაციონალიზმებს ნაკლებად მყარად და ფიქსირებულად განვიხილავთ, პოლიტიკის შემქმნელებს შეეძლებათ შეაფასონ, თუ რომელი სახის ეროვნულმა დისკურსებმა შეიძლება შეამსუბუქოს პრობლემები და რომელმა - უზრუნველყოს ძალადობა. აქ წარმოდგენილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ეროვნული იდენტობები და ინტერესთა კონცეპტუალიზებები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს პოლიტიკურად თხევად მომენტებში. მაგალითად, საქართველოში რამდენიმე წელიწადში (1989–93) ექსკლუზივისტურმა ნაციონალიზმმა ადგილი დაუთმო ერის უფრო პრაგმატულ ინკლუზიურ იდეას, რამაც გახსნა დისკუსია ფედერალისტური ხაზით სახელმწიფოს შესაძლო გადაწყობის შესახებ. მაგრამ ამ ცვლილებისთვის დამარცხება და სახელმწიფოს კოლაფსი გახდა საჭირო. საქართველოს გამოცდილება განსხვავდებოდა სომხეთის გამოცდილებისგან, სადაც ომში გამარჯვებამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობამ უფრო ექსკლუზიური ნაციონალიზმისკენ შემობრუნება გამოიწვია, მზარდად იზოლაციური საგარეო პოლიტიკისა და უფრო უკომპრომისო პოზიციისკენ ყარაბაღის საკითხზე. მეზობელ აზერბაიჯანში ეროვნული მობილიზაციისა და ნაციონალისტური მთავრობის წარუმატებლობების სერიამ ადგილი დაუთმო პრაგმატულ ტაქტიკოსს, რომელიც ნაკლებ აქცენტს აკეთებს ნაციონალიზმზე და ხაზს უსვამს საკუთარ კომპეტენციასა და ნავთობით მდიდარ მომავალს. რაც ყველაზე ავისმომასწავებელია, რუსეთში ეროვნული იდენტობის გადახალისების პრობლემა კი არ დგას, არამედ თავად იდენტობის აგების ქრონიკული წარუმატებლობის. რუსეთის სამომავლო ზრახვების პროგნოზირება, თუნდაც ის, თუ რა შეიძლება ჩათვალოს მან საკუთარ ინტერესებად, განსაკუთრებით რთულია.

იდენტობების სერიოზულად მიღება ნიშნავს ისტორიისა და კულტურის ღრმა კვლევას, მიდგომას, რომელიც ტრადიციულად ასოცირდება რეგიონების კვლევებთან და ხშირად მარგინალიზებულია რიგ სოციალურ მეცნიერებათა დარგების მკაცრი, სამეცნიერო ბირთვის მცველების მიერ. ამ სტატიაში გამოყენებული მეთოდი ძირითადად ინდუქციური და ისტორიულია.[4] ყოფილი სსრკ-ის ახალი სახელმწიფოების შესახებ ბოლოდროინდელი ნაშრომები ძირითადად კულტურული კოჰერენტულობის ესენციალისტური და პრიმორდიალისტური ინტერპრეტაციებითაა გაჯერებული, იდენტობების ხანგრძლივობისა და მდგრადობის მტკიცებებით და აქედან გამოტანილი დასკვნებით, რომლებიც იმ კონცეპტუალურ რუკას ეყრდნობიან, სადაც მკვეთრადაა გამოყოფილი ეთნიკური ჯგუფები, რელიგიები და ეროვნებები. ცოდნის საჭიროებამ დასავლეთში ექსპერტულ მოსაზრებათა ნამდვილი ინდუსტრია შექმნა, რომლებსაც აკლიათ ისტორიული დასაბუთება, რეგიონულ ენებში განსწავლულობა ან კონკრეტული ადგილობრივი ცოდნების ფლობა, რაც ღრმა ტექსტურას აძლევს ხოლმე სხვაგვარად ზედაპირულ ანალიზს. ეს სტატია ცდილობს პოსტსაბჭოთა ევრაზიის კულტურული და ისტორიული სპეციფიკის განხილვა ერებისა და იდენტობების შესახებ ბოლოდროინდელი აზროვნების თეორიულ მიგნებებს დაუკავშიროს.

თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში

რონალდ_გრიგორ_სიუნი_1648817482.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Robert D. Kaplan, “The Coming Anarchy,” Atlantic Monthly (February 1994), pp. 44–76; and Samuel P. Huntington, “The Clash of Civilizations?” Foreign Affairs, Vol. 72, No. 3 (Summer 1993), pp. 22–29. ეთნიკური ესენციალიზმის კრიტიკისთვის, იხილეთ Susanne Hoeber Rudolph and Lloyd I. Rudolph, “Modern Hate, New Republic, March 23, 1993, pp. 24–29.

[2] Michael R. Gordon, “Post–Communist Russia Plumbs Its Soul, in Vain, for New Vision,” New York Times, March 31, 1998, pp. A1, A6.///999

[3] Alexander Wendt, “Anarchy Is What States Make of It: The Social Construction of Power Politics,” International Organization, Vol. 46, No. 2 (Spring (1992), p. 405. სტივენ უოლტის მოსაზრება, რომ „სახელმწიფოები საფრთხეების დასაბალანსებლად ხდებიან მოკავშირეები და არა მხოლოდ ძალაუფლების წინააღმდეგ“ აქ აღებულია იმ გაგებით, რომ საფრთხე აღქმის საკითხია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა იდენტობები და ინტერესები კონსტრუირებული. Walt, The Origins of Alliances (Ithaca, N.Y.: Cornell University Press, 1987), p.5.

[4] არგუმენტი იმის თაობაზე რომ იდენტობების გასაგებად ემპირიულად გამყარებული კვლევებია საჭირო, ასევე წარმოადგინა დევიდ სანდერსმა ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც წერს: „ინტერესები უნდა განიხილებოდეს მათ ისტორიულ კონტექსტში. სანამ შეგვეძლება გონივრულად ვიმსჯელოთ ინტერესების ჩამოყალიბებაზე ან სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტური ან ურთიერთმკვეთი ინტერესების ქონის შედეგებზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღიქვამენ სახელმწიფოს ლიდერები თავიანთი სახელმწიფოს ინტერესებს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ვრცელი, შრომატევადი და რთული ემპირიული კვლევით. . . . ერი-სახელმწიფოების ინტერესების ანალიზისას, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ნაკლები თეორიაზე დაფუძნებული დედუქცია  და მეტი ემპირიულად გამყარებული ინდუქცია“. Sanders, “International Relations: Neorealism and Neo-liberalism,” in Robert E. Goodin and Hans-Dieter Klingemann, eds., A New Handbook of Political Science (Oxford: Oxford University Press, 1996), pp. 432–433.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“