საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ენ მაკლინტოკი არის ასოცირებული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც ის ასწავლის გენდერისა და კულტურის კვლევებს. იგი დიდი ხნის მანძილზე იკვლევდა ნაციონალიზმსა და გენდერს სამხრეთ აფრიკაში. აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა 1993 წელს.
ყველა სახის ნაციონალიზმი გენდერითაა განპირობებული, ყველა მათგანი გამოგონილი და სახიფათოა. სახიფათოა არა ერიკ ჰობსბაუმის გაგებით, რომელთანაც დაპირისპირებული უნდა იყო, არამედ იმ გაგებით, რომლითაც იგი მიემართება პოლიტიკურ ძალაუფლებასა და ძალადობრივ საშუალებებს. როგორც ერნესტ გელნერი აღნიშნავს, ნაციონალიზმი მოიაზრებს ერებს იქ, სადაც ისინი არ არსებობენ და თანამედროვე ერების უმრავლესობა, მიუხედავად მათი მიმართებისა უხსოვარ წარსულთან, თანამედროვე გამოგონებაა (გელნერი, 1964). თუმცა, ბენედიქტ ანდერსონი გვაფრთხილებს, რომ გელნერი მიდრეკილია, „გამოგონება“ დააკავშიროს „სიყალბესთან“ და არა, მაგალითად, „წარმოსახვასთან“ და „შექმნასთან“. ამის საპირისპიროდ, ანდერსონი ერებს განიხილავს „წარმოსახვით ერთობად“, კულტურულ გამოხატულებათა სისტემად, რომლის მეშვეობითაც ადამიანები თვითგამორკვევის კოლექტიურ გამოცდილებას ფართო საზოგადოებასთან ერთად წარმოიდგენენ (ანდერსონი, 1991: 6). თავისთავად ერები არ არიან უბრალოდ გონების ფანტასმაგორია, არამედ წარმოადგენენ ისტორიულ და ინსტიტუციონალურ პრაქტიკებს, რომელთა მეშვეობითაც გამოგონილი და განხორცილებულია სოციალური განსხვავებები. შედეგად, ნაციონალიზმი იქცევა ადამიანთა იდენტობების რადიკალურ შემადგენელ ნაწილად სოციალური შეჯიბრებების გზით, რომლებიც ხშირად ძალადობრივი და ყოველთვის გენდერულად განპირობებულია. თუმცა, თუ ნაციონალიზმის გამოგონილი ბუნება შეიძენს თეორიულ ღირებულებას (ითარგმნება თეორიულ ენაზე), წარმოსახვითი ეროვნულობის გენდერული მახასიათებელი თვალნათლივ უმნიშვნელო აღმოჩნდება.
ყველა ერი დამოკიდებულია გენდერით განპირობებულ მძლავრ კონსტრუქტებზე. მიუხედავად ნაციონალიზმის მიერ სახალხო ერთიანობის იდეაში შეტანილი იდეოლოგიური წვლილისა, ისტორიულად, ერებმა მიაღწიეს გენდერული განსხვავებების დაშვებულ ინსტიტუციონალიზაციას. მსოფლიოში არცერთი ერი არ უზრუნველყოფს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წვდომას სახელმწიფოს უფლებებსა და რესურსებზე. იმის ნაცვლად, რომ ერებმა გამოხატონ სურვილი, შეიმეცნონ მარადიული ხალხის ორგანული არსი, ისინი წარმოადგენენ სადავო კულტურულ რეპრეზენტაციათა სისტემებს, რომლებიც ზღუდავენ ადამიანთა წვდომას სახელმწიფო რესურსებზე და ლეგიტიმაციას აძლევენ ამ ქმედებას. ფრანც ფანონის იშვიათი გამონაკლისის გარდა, მამაკაც თეორეტიკოსებს იშვიათად უჩნდებოდათ სურვილი გამოეკვლიათ, თუ როგორ არის დაკავშირებული ნაციონალიზმი გენდერულ ძალაუფლებასთან. შედეგად, როგორც სინტია ენლოუ აღნიშნავს, „ნაციონალიზმები, როგორც წესი, წარმოშობილია მასკულინირებული მეხსიერებიდან, მასკულინირებული დამცირებიდან და მასკულინირებული იმედიდან“ (ენლოუ, 1984: 44).
მაგალითად, ჯორჯ სანტაიანა აღნიშნავს კარგად დამკვიდრებულ მამაკაცურ ხედვას: „ჩვენი ნაციონალიზმი ჰგავს ჩვენს ურთიერთობას ქალებთან: ის მეტისმეტადაა გადახლართული ჩვენს მორალურ ბუნებასთან, რათა ღირსეულად შეიცვალოს და ამასთანავე, ზედმეტად შემთხვევითია იმისთვის, რომ მისი შეცვლა ღირდეს“. სანტაიანას წინადადებას ვერ იტყოდა ქალი, ვინაიდან მის მიერ თქმული „ჩვენი“, რომელიც ნაციონალიზმს უძღვის წინ, მამაკაცურია და მისი მოქალაქე მამაკაცი იმავე სიმბოლურ მიმართებაშია ერთან, როგორშიც კაცია ქალთან. ამ შემთხვევაში, ერის მოთხოვნილებები გაიგივებულია არა მხოლოდ კაცის იმედგაცრუებებთან და მისწრაფებებთან, არამედ ეროვნული ძალაუფლების მამაკაცური რეპრეზენტაცია დამოკიდებულია მანამდე შექმნილ გენდერულ განსხვავებაზე.
გელნერისთვის ერად ყოფნის ჭეშმარიტი განსაზღვრება ემყარება მამაკაცის მიერ იდენტობის აღიარებას: „კაცები ერთსა და იმავე ერს წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც აღიარებენ თავს ერთსა და იმავე ერის ნაწილად“ (გელნერი, 1964). ეტიენ ბალიბარისთვის ასეთი აღიარება თავისთავად უტოლდება „რასის“ ცნებას, რომელიც კონსტრუირებულია კაცის მიერ ძალაუფლებისა და საკუთრების გადაცემით: „საბოლოოდ ერი უნდა შეეწყოს საკუთარ თავს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად თუ ხორციელად და „რასა“, „მემკვიდრეობითობა“ უნდა იყოს დაცული ყოველგვარი გადაგვარებისგან” (ბალიბარი, 1991, ავტორის ხაზგასმა). ფანონიც კი, რომელსაც სხვა საკითხები უკეთ ესმოდა, წერს: „მზერა, რომლითაც მკვიდრი უყურებს კოლონიზებულ ქალაქს, ხარბი წადილის მზერაა ... დაჯდეს ახალმოსახლის მაგიდასთან, დაიძინოს მის საწოლში, თუ შესაძლებელია, მის ცოლთანაც. კოლონიზებული ადამიანი შურიანი ადამიანია“ (ფანონი, 1963, 30). გაუაზრებლად, ფანონისთვის ორივე, კოლონიზატორიცა და კოლონიზირებულიც მამაკაცია და დეკოლონიაციის მანიქეური[2] ქიშპობა ეხება ქალის, საშინაო სივრცეს.
ძალიან ხშირად, მამაკაცურ ნაციონალიზმებში ქალსა და კაცს შორის გენდერული განსხვავება სიმბოლურად ემსახურება კაცებს შორის ეროვნული განსხვავებისა და ძალაუფლების ლიმიტების განსაზღვრას. ქალები, რომლებიც როგორც სამოქალაქო პირები ჩამოცილებული არიან პირდაპირ მოქმედებას, სიმბოლურად ექვემდებარებიან სხეულის ეროვნულ პოლიტიკას, როგორც მისი საზღვრები და მეტაფორული ლიმიტები: „სინგაპურელო გოგოვ, შენ შესანიშნავი საშუალება ხარ ფრენისთვის“[3]. როგორც წესი, ქალები სიმბოლურად წარმოჩენილნი არიან ერის ტვირთის მატარებლებად, თუმცა უარყოფილია მათი პირდაპირი ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუციებთან. როგორც ელეკი ბორმერი თავის შესანიშნავ ესეში აღნიშნავს, მამაკაცური ნაციონალიზმის „დედა სამშობლო“ შეიძლება „სახლსა“ და „პირველსაწყისს“ არ უკავშირებდეს ქალებს" (ბორმერი, 1991: 5). ბორმერი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, მამაკაცის როლი ნაციონალისტურ სცენარში „მეტონიმიურია“[4], რაც იმას გულისხმობს, რომ კაცებს საერთო შეხების წერტილი აქვთ როგორც ერთმანეთთან, ისე ეროვნულ მთლიანობასთან. ამის საპირისპიროდ კი, ქალები გვევლინებიან „მეტაფორულ ან სიმბოლურ როლში“ (ბორმერი, 1991: 6). ამრიგად, თავიანთ მნიშვნელოვან ნაშრომში ნირა იუვალ-დევისი და ფლოია ანთიასი გამოყოფენ ხუთ ძირითად საშუალებას, რომლითაც ქალები ჩართულები არიან ნაციონალიზმში:
ამრიგად, ნაციონალიზმი დასაწყისშივე ჩამოყალიბებულია გენდერულ დისკურსად და მისი გაგება შეუძლებელია გენდერის ძალაუფლებრივი თეორიის გარეშე. მიუხედავად ამისა, ნაციონალიზმის თეორიები ავლენენ ორმაგ უარყოფას. თუ მამაკაცი თეორეტიკოსები, როგორც წესი, გულგრილები არიან ერების გენდერული განპირობებულობის მიმართ, ნაციონალიზმის ფემინისტური ანალიზი, სამწუხაროდ, იშვიათი და მწირია. თეთრკანიან ფემინისტებს განსაკუთრებით უჭირთ ნაციონალიზმის აღიარება ფემინისტურ საკითხად. როგორც იუვალ-დევისი და ანთიასი აღნიშნავენ, დასავლეთის სოციალისტური ფემინიზმის უმეტეს ნაწილში, „ეთნიკურობისა და ნაციონალიზმის საკითხები ძირითადად უგულვებელყოფილი იყო“.
ნაციონალიზმის ფემინისტური თეორია შეიძლება სტრატეგიულად ოთხი მიმართულებით გაიშალოს: მამაკაცების მიერ სანქცირებული თეორიების გენდერული ფორმირების გამოკვლევა; ისტორიულად, ეროვნულ ფორმირებებში ქალების აქტიური კულტურული და პოლიტიკური მონაწილეობის ჩვენება; ნაციონალისტური ინსტიტუტების სხვა სოციალურ სტრუქტურებთან და ინსტიტუციებთან კრიტიკულ მიმართებაში მოყვანა და ამავდროულად, რასობრივი, ეთნიკური და კლასობრივი ძალაუფლების სტრუქტურების გულისყურით შეთვალიერება, რომლებიც აგრძელებენ ფემინიზმის რჩეული ფორმების წახდენას.
თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში
[1] ნაშრომის ნაწილები გამოიცა სტატიად „No Longer in a Future Heaven“, (1991) TRANSITION 51, 104-23
[2] მანიქეიზმი — III საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი რელიგიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენდა ქალდეურ-ბაბილონური, სპარსული (ზოროასტრიზმი, მაზდეანობა, ფარსიზმი) და ქრისტიანული მითებისა და რიტუალების სინთეზს (მთარგმნ. შენიშვნა).
[3] სინგაპურის ავიახაზების 1970-იანი წლებში შექმნილი სლოგანი და რეკლამა, რომელშიც სინგაპურელი ახალგაზრდა ქალი გამოყვანილია უნაკლო მომსახურების სიმბოლოდ (მთარგმნ. შენიშვნა).
[4] ტროპი, რომელშიც რომელიმე მოვლენა თუ საგანი ჩანაცვლებულია მონათესავე/დაკავშირებული მოვლენით/საგნით („მეტონიმია” ბერძნულად სახელის გამოცვლას, გადასახელებას ნიშნავს). (მთარგმნ. შენიშვნა).
ინსტრუქცია