[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

ეროვნულობა და ნაციონალობის საკითხი საბჭოთა კავშირსა და მის მემკვიდრე ქვეყნებში: ინსტიტუციური თვალსაზრისი - როჯერს ბრუბეიკერი

მთარგმნელის წინასიტყვაობა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების უმეტესობა სხვადასხვა სახის სამოქალაქო, ეთნიკურმა თუ ნაციონალურმა ომებმა მოიცვა. ეს ომები, მცირე თუ დიდ მასშტაბში, დღემდე მიმდინარეობს. ინსტიტუციების დასუსტება, პოლიტიკური გადატრიალებები თუ ეკონომიკური კრიზისები ამ კონფლიქტების თანმდევი თუ წინმსწრები მოვლენები იყო. როჯერს ბრუბეიკერის თანახმად, კრიზისების ამ ჯაჭვს ბევრად უფრო ღრმა ფესვები გააჩნდა, ვიდრე 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში დაწყებული რღვევა თუ რესპუბლიკების დონეზე გააქტიურებული დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ სწრაფვა იყო. მის თანახმად, ეს დაძაბულობა ჯერ კიდევ 1930-იანი წლების პერიოდში ჩაისახა საბჭოთა ინსტიტუციური მოწყობის ფუნდამენტში, როდესაც საკავშირო დონეზე დაიწყო ერების გამორკვევის ზევიდან-ქვევით წარმოებული პოლიტიკა, სადაც ნაციონალურ ტერიტორიათა საზღვრების გავლება, ეთნო-ნაციონალური მიკუთვნებულობის კოდიფიცირება თუ მცირე ეთნიკური ჯგუფებისთვის ავტონომიურობის მინიჭების პრაქტიკები მეტი კონტროლის და დასჯის ინსტუმენტებად იქცა.  ამ პოლიტიკის ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად ბრუბეიკერს საპასპორტე სისტემის დაინერგვა მოჰყავს. ბრუბეიკერის თანახმად, პასპორტების სისტემის შემოღების თავდაპირველი მიზანი ახლადგაჩენილი ურბანული მშრომელთა კლასის და კოლექტივიზებული გლეხების თუ კოლმეურნეების კონტროლი და დისციპლინირება იყო - პასპორტებით უნდა მომხდარიყო ადამიანთა მიგრაციის რეგულირება, მშრომელთა ძალის მობილიზება და კონტროლის დაწესება. თუმცა, პასპორტში არსებულმა ჩანაწერმა ადამიანთა ნაციონალობის შესახებ კიდევ უფრო რადიკალური ფუნქცია გამოიმუშავა.  კერძოდ, ტოტალური კონტროლისა და რეპრესირებისა პირობებში ის საბჭოთა კავშირში წარმოდგენილი ჰეტეროგენული ეთნიკურობის და ფართო ეთნო-კულტურული ჯგუფებისთვის უფლებების ჩამორთმევის, მარგინალიზების და ეროვნულობის განცდის ჩარჩოებში მოქცევის იარაღაც იქცა.

როჯერს ბრუბეიკერის ტექსტი „ეროვნულობა და ნაციონალობის საკითხი საბჭოთა კავშირსა და მის მემკვიდრე ქვეყნებში: ინსტიტუციური თვალსაზრისი“ წიგნიდან “გადააზრებული ნაციონალობა: ეროვნულობისა და ნაციონალობის საკითხი ახალ ევროპაში“ 1996 წელს დაიწერა, როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში კონფლიქტები უკვე კარგა ხნის გააქტიურებული იყო და წინაც უამრავი დაპირისპირების კერა მოჩანდა. ტექსტი ახალი ინსტიტუციონალიზმის პერსპექტივიდან[1] აანალიზებს საბჭოთა ინსტიტუციურ პოლიტიკას და აქ არსებულ ფუნდამენტურ წინააღმდეგობებს, რომელიც წლების განმავლობაში ილექებოდა და გროვდებოდა. ის ერთგვარად ახლებურად გადაიაზრებს საბჭოთა მემკვიდრეობას და ამ მემკვიდრეობის წიაღში ჩაბუდებულ იმ დაძაბულობებს, რომელებიც დღეს უკვე დეტონატორივით მოქმედებენ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყნების საზღვრებთან თუ საზღვრების შიგნით - იქნება ეს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა თუ სხვა. ტექსტი შემაშფოთებელი სიზუსტით წინასწარმეტყველებს იმ საომარი მოვლენების გარდაუვალობას, რომელსაც დღეს ადგილი აქვს რუსეთ-უკრაინას შორის და ასახელებს ამის უკან მდგარ არაერთ მიზეზს. ჯერ კიდევ 1996 წელს გამოქვეყნებულ ტექსტში, ბრუბეკერი ხაზგასმით მიანიშნებს რუსეთის რევიზიონისტულ მისწრაფებებზე და ამ სწრაფვის უკან მდგარ ინსტიტუციურ წარმოდგენებზე, რომელზეც დღეს  ღიად რეფერირებს რუსეთის პოლიტიკური ელიტა - იქნება ეს მათი კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვან მეზობელ ქვეყნების ტერიტორიებზე კონცენტრირებული რუსულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა, უზრუნველყონ მცირე ავტონომიური რესპუბლიკების ეროვნული თვითგამორკვევის ხელშეწყობა, თუ შეინარჩუნონ რეგიონალური ჰეგემონია და გაფორმდნენ იმ გეოპოლიტიკურ ცენტრად, რომელსაც ჯერ კიდევ ცარისტული და შემდეგ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული გააჩნდა არაერთ პრივილეგია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონალურ მასშტაბში.

დღეს, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ და დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ემუქრება მის სუვერენულობას, ეჭვი შეაქვს მის სახელმწიფოებრიობაში და მას საბჭოთა პროექტად მოიხსენიებს, ბრუბეიკერის მიერ შემოთავაზებული ანალიზი საბჭოთა ნაციონალიზმის, მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის და რუსეთის რევიზიონისტული მისწრაფებების შესახებ განსაკუთრებით აქტუალური და რელევანტურია.

ტექსტის ცენტრალური ცნებითი ხაზი საბჭოთა ნაციონალობისა და ეროვნულობის პოლიტიკის ინსტიტუციურ ფორმაციებს და მის გამოვლინებებს უტრიალებს. როჯერს ბრუბეიკერი დეტალურად აანალიზებს საბჭოთა ნაციონალურ რეჟიმს და ამ რეჟიმის პირობებში, რესპუბლიკების დონეზე ფორმირებულ წარმოდგენებს ეროვნულობასა და ნაციონალობაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების წიაღში წარმოქმნილი ერი-სახელმწიფოების ეროვნულობისა თუ ნაციონალობის სახესხვაობისგან. ამ თვალსაზრისით, ავტორი გამოყოფს ნაციონალობის მომაწესრიგებელ ორ ძირითად საბჭოთა მოდელს - ტერიტორიულ-პოლიტიკურს და პიროვნულ-ეთნოკულტურულს. ტერიტორიულ-პოლიტიკური მოდელი საბჭოთა კავშირის მთელს ტერიტორიაზე წარმოდგენილ დომინანტ ერებს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებად ყოფდა, მათ მმართველობით ტერიტორიებს უნაწილებდა და პოლიტიკური ინსტიტუტებით აღჭურვავდა, რაც თავის მხრივ ამ ერებს სახელმწიფოებრიობის ქონის ტიტულს ანიჭებდა. საბჭოთა კავშირში სულ 15 ტიტულოვანი ერი და შესაბამისად, ამ ერის სახელწოდების მქონე 15 რესპუბლიკა იყო წარმოდგენილი. თუმცა, გაცილებით მრავალფეროვანი და ჰეტეროგენული იყო იმ ერთა თუ ეთნო-კულტურულ ჯგუფთა ერთობლიობა, რომლებიც არატიტულოვანთა სიმრავლეს ქმნიდა - ჯგუფები, რომლებსაც ცალკეული ადმინისტრაციული ტერიტორია თუ პოლიტიკური წყობილება არ გააჩნდათ. ამ ორს შორის კი ასევე იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც ავტონომიური მმართველობითი ერთეულებად იყვნენ ორგანიზებულნი ამა თუ იმ რესპუბლიკის ქვეშ.

რაც შეეხება პირადი ნაციონალობის განზომილებას, რომელიც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანებს ამა თუ იმ ნაციონალურ ჯგუფებს მიაკუთვნებდა, აქაც თანაბრად უნიკალური და ჩახლართული სისტემა ფუნქციონირებდა. ბრუბეიკერის თანახმად, პირად ნაციონალობას საბჭოთა კავშირში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „ცხოვრებისეული შანსების“ განსაზღვრაში, იქნებოდა ეს დასაქმების, კარიერული წინსვლის თუ უმაღლესში მოწყობის სფერო. საბოლოო ჯამში, ის, რის ილუსტრირებასაც ბრუბეიკერი მოცემულ ტექსტში ცდილობს არის წინააღდეგობებით და შეუსაბამობებით სავსე საბჭოთა ინსტიტუციური სისტემა, რომელიც ერთი მხრივ ტერიტორიულ-პოლიტიკური და პიროვნულ-ეთნოკულტურული  მოდელების დომინაციას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი ვერ უზრუნველყოფდა ამ მოდელების ჰარმონიზაციას და თანხვედრას. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საბჭოთა სისტემის გაცხადებულ ამოცანას ნაციონალობის, როგორც სოციალური ცხოვრების მაორგანიზირებული კატეგორიის სრული წაშლა და ტრანსნაციონალური საზოგადოების ფორმირება იყო.

საბოლოო ჯამში,  ბრუბეიკერის ტექსტი საბჭოთა რეჟიმის პირობებში მოქმედ იმ არაერთ სისტემურ შეუსაბამობას თუ წინააღმდეგობას ააშკარავებს, რომელიც დღემდე აჩრდილივით დაყვება აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ამ აჩრდილის პირდაპირი განსხეულება დღეს წარსულის დიდებით შეპყრობილი რუსეთის რესპუბლიკა და მისი პოლიტიკური ელიტაა, რომელიც თავადაც საბჭოთა ორმხრივი და წინააღმდეგობრივი ნაციონალური რეჟიმის მემკვიდრეა. რუსეთის მიერ წარმოებული რევიზიონისტულ მისწრაფებები, საომარი მოქმედებების წარმოება და ამის პარალელურად, მოძმე ერებზე რეფერირება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრუბეიკერის თეორიას საბჭოთა ინსტიტუციონალიზმის მყარ და ჩაბეტონებულ საფუძვლებზე. ვლადიმერ პუტინი და მის ირგვლივ არსებული პოლიტიკური ელიტა ის უკანასნელი თაობაა, რომელისთვისაც ეს მემკვიდრეობა მნიშვნელობს და მისი გაგრძელება სურს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფატალიზმი, ირაციონალობა თუ ტოტალიზმი, რასაც დღეს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ვხედავთ - ეს ბოლო გაბრძოლებაა იმ მემკვიდრეობის, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოირყევა და გადასხვაფერდება.    

ამდენად, ბრუბეიკერის ნაშრომი გასაღებია დღევანდელი კონფლიქტების უკეთ გასაგებად. ის საშუალებას გვაძლევს უმცირესობათა პოლიტიკის, ნაციონალიზმის სხვადასხვა ვერსიების, საერთაშორისო აქტორების გავლენის თუ წარსულის მემკვიდრეობის ფაქტორის განთვალისწინებით, უკეთ მოვიხელთოთ ბევრად უფრო კომპლექსური და მრავალგანზომილებიანი დინამიკა, რომელიც უფრო გასაგებს გახდის რუსეთის მიერ წარმოებულ დღევანდელ ინტერვენციულ პოლიტიკას, ამ პოლიტიკის ინსტიტუციურ ჩარჩოებს და პოტენციურად, მისი გადაჭრის გზებს.   

თამუნა ქებურია

საბჭოთა კავშირი დაინგრა, თუმცა ეთნო-ეროვნულ მრავალფეროვნებისადმი მისი უნიკალური დამოკიდებულების წინააღმდეგობრივი მემკვიდრეობა ცხოვრებას აგრძელებს. ეს დამოკიდებულება ინსტიტუციონალიზებული მულტინაციონალობით საზრდოობდა. საბჭოთა კავშირი მულტინაციონალური იყო არა უბრალოდ ეთნო-დემოგრაფიულად - წარმოუდგენლად მრავალეთნიკური მოსახლეობის გამო - არამედ უფრო მისი ინსტიტუციური მოწყობის გამო. საბჭოთა სახელმწიფო არა თუ პასიურად ემორჩილებოდა, არამედ აქტიურად მიმართავდა მრავალი ერისა და ნაციონალობის ინსტიტუციონალიზების პოლიტიკას, რომელიც მისი სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობრიობის ფუნდამენტურ განმსაზღვრელს წარმოადგენდა. მან ეროვნულობა და ნაციონალობა, რომელიც სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობის საყოველთაო კატეგორიებისგან ძლიერ განსხვავდება, ფუნდამენტურ სოციალურ კატეგორიად დაამკვიდრა. ამით კი თავისსავე დაღმასვლას შეუწყო ხელი. სულ მცირე იმიტომ, რომ ეროვნულობისა და ნაციონალობის ინსტიტუციური კრისტალიზაციები სულაც არ წარმოადგენდნენ ცარიელ ფორმებს ან იურიდიულ ფიქციებს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მეცნიერების უმეტესობა მას ასეთად განიხილავდა. როგორც ამ თავში ვასაბუთებ, საბჭოთა დისინტეგრაციაში ეროვნულობის ინსტიტუციურმა განსაზღვრებამ არა მხოლოდ მთავარი როლი შეასრულა, არამედ ის დღემდე განაგრძობს ახალწარმოქმნილი მემკვიდრე ქვეყნების ნაციონალური საკითხის ფორმირებას და სტრუქტურიზებას.

ტექსტი ორნაწილიანია. პირველი ნაწილი საბჭოთა კავშირის ნაციონალურ საკითხთან შეჯახებით წარმოქმნილ იმ ორმხრივ მემკვიდრეობას განიხილავს, რომელიც მემკვიდრე ქვეყნებმა ანდერძად მიიღეს. აქ ფოკუსირება ეროვნულობისა და ნაციონალობის ინსტიტუციონალიზების ორ სრულიად განსხვავებულ საბჭოთა მოდელზე  ხდება - ერთი მხრივ ტერიტორიულ და პოლიტიკურ, ხოლო მეორე მხრივ ეთნოკულტურულ და პირადი ნაციონალობის მოდელებზე. მეორე ნაწილი იმ გზებს განიხილავს, რომლითაც ამ ორმხრივმა მემკვიდრეობამ საბჭოთა კავშირის რღვევას დაუდო დასაბამი და დღემდე აგრძელებს მემკვიდრე ქვეყნების ნაციონალური პოლიტიკების სტრუქტურიზებას.

აქ წარმოდგენილი არგუმენტები სოციოლოგიაში დამკვიდრებულ „ახალი ინსტიტუციონალიზმის“ ფართო ანალიტიკურ მიმდინარეობას ეფუძნება. სოციალურ მეცნიერებებში განხილული ნებისმიერი სახის ინსტიტუციონალიზმი, ძველი თუ ახალი, ეწინააღმდეგება მოვლენათა დეკონტექსტუალიზებულ, ატომიზირებულ წაკითხვას; თითოეული მათგანი იმაზე მსჯელობას ეთმობა, „თუ როგორ ყალიბდება, გამოიყენება და გადაიცემა სოციალური არჩევანი ინსტიტუციურ მოწყობაში“.[2] თუმცა, როგორც კი ყურადღებას ინსტიტუციური კონტექსტის და მის მიერ დაწესებული შეზღუდვების საკითხიდან აქტორების და ჩვენთვის საინტერესო მოვლენების ინსტიტუციურ მდგენელებზე გადავიტანთ, ამ დროს სოციოლოგიაში წარმოდგენილი ახალი ინსტიტუციონალიზმი გამოეყოფა როგორც ძველ სოციოლოგიურ ინსტიტუციონალიზმს, ასევე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დამკვიდრებულ ახალი რაციონალური არჩევანის ინსტიტუციურ მიდგომებს.[3]

ამდენად, მოცემული ანალიზის მთავარი აქცენტი არა თუ ინსტიტუტების შემზღუდავ ძალაზე, არამედ მათ მაკონსტიტუირებელ როლზეა. საბჭოთა ეროვნულ-ტერიტორიული და პირად-ნაციონალური ინსტიტუტები გაბატონებული სოციალური კლასიფიკაციის სისტემას წარმოადგენდა, რომელიც სოციალური სამყაროს „ხედვისა და დაყოფის პრინციპების” მიხედვით აწესრიგებდა;[4] ეს ინსტიტუტები სოციალური ანგარშიგების სტანდარტიზებულ სქემას, საჯარო დისკუსიების ინტერპრეტაციულ საკომუნიკაციო ბადეებს, სასაზღვრო ნიშნების ნაკრებსა და საჯარო თუ კერძო ინდენტობათა ლეგიტიმურ ფორმებს აწესებდა. და როდესაც გორბაჩოვის მმართველობის პირობებში პოლიტიკური სივრცის გაფართოება მოხდა, სუვერენულობის შესახებ განაცხადები, ამ ინსტიტუტების გავლით, მზა შაბლონურ ფორმებში მოექცა. შესაბამისად, ეროვნულობის ინსტიტუციურმა განსაზღვრებამ არა თუ შეაკავა მოვლენები, არამედ პოლიტიკური გაგების, რიტორიკის, პოლიტიკური ინტერესისა და იდენტობის საბაზისო კატეგორიები წარმოშვა.  პოლიტიკური სივრცის გაფართოებასთან ერთად, გარკვეული ტიპის პოლიტიკური მოვლენები მისაღები, გასაგები, თუნდაც სარწმუნო გახდა, რის შედეგადაც რეჟიმმა ჩამოშლის ნაცვლად,  ტრანსფორმაცია და დისინტეგრაცია განიცადა. და ეს ფორმები დღემდე წარმოადგენენ მემკვიდრე ქვეყნებში პოლიტიკური გაგებისა და პოლიტიკური მოქმედების საბაზისო კატეგორიებს.

გაუგებრობა რომ თავიდან ავირიდოთ, აქ ორი დაზუსტებაა დასამატებელი. პირველი, ადრეული დისკუსიებიდან გამომდინარე, ჩემს მსჯელობაში ეროვნულობა და ნაციონალობა წარმოდგენილია, როგორც კულტურული თუ პოლიტიკური ფორმების ინსტიტუციონალიზებული გამოხატულება, და არა როგორც ფიქსირებული კოლექტიურობის მქონე ერთობა. იმისთვის, რათა საბჭოთა კავშირის ნგრევისა და მემკვიდრე ქვეყნების ნაციონალური პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში ინსტიტუციონალიზებული ეროვნულობის ცენტრალურობა დასაბუთდეს, აუცილებელია, რომ „ერს“ არ მივუდგეთ როგორც ძირითად პროტაგონისტს, რომელიც „ნამდვილია“, მყარია, შინაგანად ჰომოგენურია და  გარედან სოციალური ჯგუფებით მკაცრად განპირობებული. აქამდეც აღმინიშნავს, რომ ეროვნულობის სერიოზული განხილვა არ საჭიროებს ერების განმტკიცებას, მათ ფიქსირებულ და თავისთავად არსებულ მოცემულობად მიჩნევას, ან თუნდაც მათი არსებობის მტკიცებას.[5]  საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდში „ნაციონალობათა ბრძოლები“ არ ყოფილა და დღესაც არ წარმოადგენს მთლიანი ერის ბრძოლებს; ის არის ბრძოლა ინსტიტუციურად წარმოდგენილ ნაციონალურ ელიტებს - რომლებიც ინსტიტუციურად განისაზღვრებიან ხოლმე, როგორც ერონული ელიტები - და ელიტებთან დაპირისპირებაში მყოფ ჯგუფებს შორის.[6] შესაბამისად, ამ თავის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ იყო და დღემდე როგორ რჩება ეს ბრძოლები ეროვნულობისა და ნაციონალობის ინსტიტუციონალიზებული განსაზღვრებების მიერ ჩარჩოში ჩასმული,  გაშუალებული და ხელდასმული.

მეორე, ჩემი მსჯელობა იმ განგრძობად შედეგებზეა, რაც ეროვნულობის საბჭოთა ინსტიტუციურმა განსაზღვრებამ მოიტანა და რომელმაც თავად ამ რეჟიმსაც კი გაუძლო, და არა საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკების არქიტექტორთა განზრახვებზე. ეს პოლიტიკები ორ რამეს ისახავდა მიზნად: პირველი - რომ აელაგმა, შეეკავებინა, კალაპოტში მოექცია და გაეკონტროლებინა ნაციონალური ინტერესების პოტენციურად დამანგრეველი გამოხატულებები, რაც ნაციონალურ-ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნითა და ნაციონალური ელიტების კულტივირებით, კოოპტირებით თუ რეპრესირებით (იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ამ პოლიტიკური ხაზიდან გადახვევით იმუქრებოდნენ) ხდებოდა;[7] და მეორე - რომ მისი ფორმის ლეგიტიმაციის მიუხედავად, ნაციონალიზმი შინაარსისგან დაეცალა  და ამდენად,  გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელი შეეწყო ნაციონალობის ალაგმვისთვის, რომელიც სოციალური ყოფის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა.[8] აღსანიშნავია, რომ ისტორული ქრონიკები მართლაც რომ მდიდარია მოულოდნელი შედეგების დადგომით, თუმცა იშვიათობაა ისე ხელშესახებად მომხდარიყო განზრახვისა და შედეგის დაშორიშორება, როგორც ეს საბჭოთა ნაციონალობის შემთხვევაში მოხდა.[9] 

თარგმანი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში

როჯერს_ბრუბეიკერი_1647605108.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ახალი ინსტიტუციონალიზმის შესახებ დეტალური განმარტება იხილეთ თარგმანში.

[2] Paul J. DiMaggio and Walter L. Powell, "Introduction," in Powell and DiMaggio, eds., The New Institutionalism in Organizational Analysis (Chicago: University of Chicago Press, 1991), p. 2.

[3] Ibid., pp. 2-15; John W. Meyer, "The World Polity and the Authority of the Nation- State," in George M. Thomas, John W. Meyer, Francisco O. Ramirez, and John Boli, Institutional Structure: Constituting State, Society, and the Individual (Newbury Park: Sage, 1987).

[4] Pierre Bourdieu, "Social Space and Symbolic Power," in Bourdieu, In Other Words: Essays Towards a Reflexive Sociology (Stanford: Stanford University Press, 1990), p. 134.

[5] საბჭოთა კონტექსტში დამკვიდრებული ერონულობისა და ნაციონალობის სტატიკური, ესენციალისტური, პრიმორდიალური  კრიტიკის  დასაბუთებული თვალსაზრისის წასაკითხად, იხ. Gail Lapidus, "Ethnonationalism and Political Stability: The Soviet Case," World Politics 36 (1984), 560; David Laitin, "The National Uprisings in the Soviet Union," World Politics 44 (1991), esp. 148-51; and John Comaroff, "Humanity, Ethnicity, Nationality: Conceptual and Comparative Perspectives on the U.S.S.R.," Theory and Society 20 (1991), esp. 670f

[6] "Soviet Federalism and Ethnic Mobilization," World Politics 43 (1991); Veljko Vujacic and Victor Zaslavsky, "The Causes of Disintegration in the USSR and Yugoslavia," Telos 88 (1991); Victor Zaslavsky, "Nationalism and Democratic Transition in Post- Communist Societies," Daedalus 121, no. 2 (1992); and Mark Beissinger, "Elites and Ethnic Identities in Soviet and Post-Soviet Politics," in Alexander J. Motyl, ed., The Post-Soviet Nations: Perspectives on the Demise of the USSR (New York: Columbia University Press, 1992).

[7] სხვა ნაშრომებთან ერთად იხ. Richard Pipes, The Formation of the Soviet Union, revised edition (Cambridge, Mass.: Harvard University Press, 1964); Gregory J. Massell, "Modernization and National Policy in Soviet Central Asia: Problems and Prospects," in Paul Cocks et at., eds., The Dynamics of Soviet Politics (Cambridge, Mass.: Harvard University Press, 1976), pp. 268-9; Lapidus, "Ethnonationalism and Political Stability," 578-9; G. E. Smith, "Ethnic Nationalism in the Soviet Union: Territory, Cleavage, and Control," Environment and Planning C: Government and Policy 3 (1985), 49-73; Allan Kagedan, "Territorial Units as Nationality Policy," in Henry R. Huttenbach, ed., Soviet Nationality Policies (London and New York: Mansell, 1990), pp. 163-76; Roeder, "Soviet Federalism and Ethnic Mobilization."

[8] უშუალოდ ამ საკითხის უკეთ გასაგებად იხ. Walker Connor, The National Question in Marxist-Leninist Theory and Strategy (Princeton: Princeton University Press, 1984), pp. 20Iff.

[9] სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ პირველი მიზანი გარკვეულწილად რეალიზდა; თუმცა, როგორც ფილიპ როედერი ასაბუთებდა, ცენტრის მცდელობები, მოეცვა და გაეკონტროლებინა ეთნო-პოლიტიკური მობილიზების შემთხვევები, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში შექცევადად სუსტდებოდა გორბაჩოვის ძალაუფლებაში მოსვლამდე. იხ. Roeder, "Soviet Federalism and Ethnic Mobilization," 212ff.; for an earlier diagnosis along the same lines, see Grey Hodnett, "The Debate over Soviet Federalism," Soviet Studies 18, no. 4 (1967), 459-60. თუმცა, მეორე მიზანი არასდროს რეალიზებულა დიდ მასშტაბში. საბჭოთა მმართველობის განმავლობაში,  საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის რეალურ ეფექტს (თუმცა არა განზრახვას) წარმოადგენდა ნაციონალობის, როგორც სოციალური ყოფის მთავარი მომაწესრიგებელი პრინციპის თვალსაჩინოების და მნიშვნელობის გაძლიერება, და არა მისი დასუსტება.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“