[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ანალიზი ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების პერსპექტივიდან

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებთან და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებისა და ხედვების შეფასება.

სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების პროგრამები და მათი ხედვის დოკუმენტები გვიან გამოქვეყნდა, რაც წინასაარჩევნო პროცესების შინაარსისგან და რეალური სოციალური ინტერესებისგან დაშორებას კიდევ ერთხელ აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილის პროგრამები, ამ დრომდეც, არ არის ხელმისაწვდომი.

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების ინტერესი ეთნიკური უმცირესობების თემების მიმართ კვლავ დაბალია და მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე, წუხილებზე და ინტერესებზე ორიენტირებული ცვლილების ხედვები და გზები პროგრამებში თითქმის არ გვხდება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საგანგებოდ ვთხოვეთ ეთნიკური უმცირესობებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოწვევებზე ორიენტირებული ხედვის დოკუმენტების გაზიარება, მათ ასეთი პროგრამები არ აღმოაჩნდათ. პროგრამები ასევე დაცლილია თემისა და მუნიციპალიტეტის დონეზე ინკლუზიური, თანასწორი და მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობის პოზიტიური ხედვებისგან, რომელიც მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის საერთო, გაზიარებული კულტურული თუ სოციალური სივრცეების, ასევე პრაქტიკების მშენებლობისკენ იქნებოდა მიმართული. ეს მცდელობები კი შექმნილი სოციალური გაუცხოების და იზოლაციის აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს.

მოცემული რეალობა ნაწილობრივ შეიძლება მიმდინარე არჩევნების კონტექსტით და პოლიტიკური კრიზისით აიხსნას, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობა გახდეს (მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ასეთი პოლიტიკური მოლოდინი, ამაზე მაღალი დონის პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, საჯაროდ გამოირიცხა). ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამგვარმა პოლიტიკური დატვირთვის შეძენამ წინასაარჩევნო მუნიციპალური პროგრამების და ხედვების მნიშვნელობა უკანა პლანზე გადაწია და ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებისა და კონფლიქტის კიდევ ერთი მძიმე ეტაპი გახდა.

ისიც უნდა ითქვს, რომ პარტიების დიდ ნაწილს ხედვებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული აქვთ თბილისის განვითარებაზე და სხვა რეგიონების შესახებ მსჯელობა პროგრამებში ან საერთოდ არ გვხდება, ან ზოგადად და ზედაპირულად არის წარმოდგენილი. ამასთანავე, ნათლად გამოკვეთილი არ გახლავთ ხედვები დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასა (რაც ჩანს სოციალური ინფრასტუქტურის, სიღარიბის, დასაქმების და სხვა სოციალური მარკერების დონეზე) და მასთან დაკავშირებულ მაღალ (შიდა) მიგრაციაზე. ცხადია, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც პოლიტიკური რეპრეზენტაციის, დემოკრატიული მართვის, საზოგადოებრივი ჩართულობის და ნდობის პრობლემები ორმაგად მძიმედ დგას, სოციალური მოწყვლადობა და ექსკლუზია კიდევ უფრო ღრმაა და ის პოლიტიკური აქტორების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

საგულისხმოა, რომ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი აღიარებს დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას და ადგილებზე ძალაუფლების ჩატანის, ასევე გადანაწილების აუცილებლობას, თუმცა მათ ძირითად ნაწილს ამ კუთხით ზედაპირული ხედვები აქვთ წარმოდგენილი. პროგრამებში ფაქტობრივად, არ არის წარმოჩენილი ხელშესახები, გაზომვადი ცვლილებების მიღწევის გზების შესახებ მსჯელობა. ამ კუთხით შედარებით დეტალური მიმოხილვა გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს წარმოდგენილი. ის შეიცავს ფისკალური და ინსტიტუციური დეცენტრალიზაციის ცალეკულ განზომილებებს, თუმცა ფუნდამენტური რეფორმის ხედვად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის ქმედითი დეცენტრალიზაციის პროცესს ადგილობრივ პოლიტიკაში მოსახლეობის რეალური ჩართულობის და არსებული ღრმა გაუცხოებისა თუ უნდობლობის დაძლევის მნიშვნელობა აქვს და ამ პროცესს დამატებითი პოზიტიური შედეგები ექნება. სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური გაუცხოებისა და პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მსჯელობა პოლიტიკური პარტიების პროგრამები საერთოდ არ არის წარმართული, მათ შორის, პარტიები არ საუბრობენ წარმომადგენლობით და აღმასრულებულ ხელისუფლებებში ეთნიკური უმცირესობების დაბალ რეპრეზენტაციაზე, სახელმწიფო სერვისებისა თუ პროგრამების სუსტ ხელმისაწვდომობაზე და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე.

პოლიტიკური პარტიების პროგრამების ძირითადი ნაწილი არ მსჯელობს რეგიონებში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე და ამ კუთხით გასატარებელი სამომავლო ღონისძიებების შესახებ. სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული დარგია. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი. თუმცა, ამ დარგში შექმნილი პროდუქტიულობა მკვეთრად დაბალია, რის გამოც დარგის კონკურენტუნარიანობა სუსტია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები აქტიურად არიან ჩართულები სოფლის მეურნეობის წარმოებაში და ის მათი მატერიალური ცხოვრების ძირითად საფუძველს ქმნის. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლზე კარტოფილის წარმოების დაახლოებით 85% მოდის. ეს რეგიონები ლიდერობენ მეცხოველეობის დარგშიც. თუმცა ამ რეგიონებში სერიოზულ გამოწვევად რჩება მიწის სამართლიანი გადანაწილებისა და საკუთრების უფლების აღიარების პრობლემა, რომელიც, მათ შორის, კლანური და ეთნიკური პრეფერენციების უსამართლო ისტორიული პრაქტიკით არის განპირობებული. ამ რეგიონებში მკვეთრად ჩამორჩენილია სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურაც და წვდომა შესაბამის ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების ძირითადი ნაწილი არ გვთავაზობს მიწის გადანაწილების და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ ახალ ხედვებს რომელიც მათ შორის, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების კრიტიკულ ანალიზს დაეფუძნებოდა. ამ კუთხით შედარებით დეტალურია პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამა რეგიონებისთვის, თუმცა მიწის უსამართლო გადანაწილების და ფრაგმენტაციის ფუნდამენტურ პრობლემას ეს პარტიაც არ ეხება.

პარტიების ხედვებში ასევე არ ჩანს მუნიციპალურ დონეზე მდგრადი სოციალური პოლიტიკის განვითარების რეფორმის ახალი იდეები. ჩვენს რეალობაში მუნიციპალიტეტების სოციალური პოლიტიკა ერთგვარი ქველმოქმედების სახით, მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების შეზღუდული პროგრამებით შემოიფარგლება და მოკლებულია რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ მიზნობრივ მიდგომებს, უნივერსალურად ხელმისაწვდომ და მდგრად სერვისებს (დღის ცენტრები, ფსიქო-სოცილური რეაბილიტაციის ცენტრები, სასადილოები, საბავშვო-ბაღები, სოციალური საცხოვრისები, უსახლკარობის შემცირებაზე და პრევენციაზე მიმართული პროგრამები, და ა.შ). ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისები კიდევ უფრო ჩამორჩენილია და სუსტად ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანი იყო, რომ პარტიებს სოციალური მხარდაჭერის ფულადი პროგრამების გაზრდის პოპულისტური ხედვის მიღმა, ადამიანის კეთილდღეობაზე მიმართთული მდგრადი სერვისების და მხარდაჭერის ინსტრუმენტების დანერგვაზე ეფიქრათ.

ადგილობრივი პოლიტიკის მენეჯერიალიზაციის და ტექნოკრატიზაციის ტენდენცია (ნაცვლად დემოკრატიულ მონაწილეობაზე და თემის ჩართულობაზე ორიენტირებული პოლიტიკის მართვისა) ერთი შეხედვითაც კი მკაფიოდ ჩანს პროგრამების და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რიტორიკის დონეზე. თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიები ძირითად აქცენტს მსხვილი ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების მენეჯერულ მოგვარებაზე აკეთებენ და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების გზებზე, ინსტიტუციურ მექანიზმებზე და პრაქტიკებზე მსჯელობა სუსტად აქვთ წარმოდგენილი. თუმცა, პროგრამების ეს ნაწილიც ორიენტირებულია ან ცალკეულ პროექტებზე და იდეებზე, რომელთა სისტემური ადგილი პარტიის ზოგად პოლიტიკაში რთულად განსასაზღვრია, ან მიმართულია უკვე არსებული სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდაზე. ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის გზად პარტიების მიერ მოაზრებულია ტექნოკრატიული გადაწყვეტები და იდეები: მაგალითად, პარტია ,,ლელოს“ პროგრამაში შემოთავაზებულია „საერთაშორისო აქსჰელერატორების ჰაბის დაფუძნება, ან „მესამე ძალის“ იდეა ყოველწლიური გლობალური კრიპტო ინოვაციური ფორუმების ჩატარების შესახებ. წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც უკვე გაჟღერებულ და საკამათო იდეების განმეორებას მოიცავს, რომელსაც განხორციელების პოტენციალი დაბალი აქვს. წინასაარჩევნო პროგრამებში (რომელთა ნაწილი მხოლოდ სლაიდების სახით არის წარმოდგენილი). ამასთანავე, არ არის წარმოჩენილი პარტიების იდეების განხორციელების დეტალური გეგმა, თუ რა პერიოდში და რა ფინანსური რესურსების მობილიზებით შეძლებენ ისინი ამ იდეების განხორციელებას. აღნიშნული მიმართულებით შედარებით მეტი კონკრეტიკაა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში, რაც მათი მმართველობაში ყოფნის გამოცდილებით არის განპირობებული.

მისასალმებელია პარტიების პროგრამების ის ნაწილი, რომელშიც, სხვადასხვა უბნის თანაბარი განვითარების შესაძლებლობაა გათვალისწინებული. „მესამე ძალის“ პროგრამა ითვალისწინებს ყველა უბანში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას. „ქართული ოცნების“ პროგრამა ასევე ითვალისწინებს რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ყველა უბნისთვის. მიუხედავად, ამისა, პარტიებს არ აქვთ სისტემური ხედვა თბილისის ამა თუ იმ უბნისთვის კონკრეტული ეკონომიკური როლის მისანიჭებლად. ამ თვალსაზრისით მხოლოდ ცალკეულ ეკონომიკურ პროექტებს ნახავთ პარტიების პროგრამაში, რომლებიც სპორადულად ნაწილდება ქალაქის მასშტაბით.

მნიშვნელოვანია, რომ პარტიები თანხმდებიან არსებული ქაოტური განაშენიანების შეჩერების გარდაუვალობაზე და ასევე ავარიული ნაგებობების შეკეთების აუცილებლობაზე, თუმცა არ არის წარმოდგენილი ქალაქის განვითარების ერთიანი ურბანული ხედვა, ყურადღების მიღმაა საკითხები: ქალაქში საცხოვრებლის ფასების განუწყვეტელი ზრდა, მუნიციპალური ბინათმშენებლობის შესაძლებლობები. აღსანიშნავია, თბილისის ცალკეულ უბნებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების კონცენტრაცია მაღალია (მაგალითად, ავლაბარი, ისანი, ჩუღურეთი, ნაძალადევი), ძველი სახლების რეაბილიტაციის და განვითარების პრობლემა ასევე მწვავედ დგას და ამ კუთხით ხედვების დაზუსტება მნიშვნელოვანი იქნებოდა.

პოლიტიკური პარტიების მიერ არ არის შემოთავაზებული არც ახალი იდეები მოქალაქეთა პირდაპირი მონაწილეობისთვის ან დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე. ისინი გვპირდებიან, რომ აღმოფხვრიან კორუფციას და ყველა გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინებენ ადგილობრივი უბნის მაცხოვრებლების პოზიციას. ამის მიუხედავად, კონკრეტული მექანიზმები რაც მოსახლეობის დემოკრატიულ მონაწილეობას გაზრდის, არ არის გათვალისწინებული.

ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებების შუქზე პარტიების პროგრამების შეფასებისას „ქართული ოცნების“ პროგრამაში გვხვდება მხოლოდ ერთი წინადადება, სადაც საუბარია „დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შემოქმედებითი გამოხატვის უზრუნველყოფაზე, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერაზე“ თუმცა, აღნიშნული ტრაფარეტული ტერმინების მიღმა, სახელისუფლებო პარტიაში არ ჩანს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს მშენებლობის რეალური სურვილი. ამის დადასტურებაა ის გარემოება, რომ როგორც წინა მოწვევის საკრებულოში, ასევე ამ მოწვევის საკრებულოს წევრობის კანდიდატებშიც არ ჰყავთ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, მაშინ როცა თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია. სამწუხაროდ, იგივე რეალობას ვაწყდებით ოპოზიციური პარტიების კანდიდატებთან და სიებთან მიმართებით.

არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხებზე უფრო სუსტად ან საერთოდ არ არის საუბარი ოპოზიციური პარტიების პროგრამებში. პოლიტიკური გაერთიანების „მესამე ძალის“ პროგრამაში ნათქვამია, რომ ჩატარდება ყოველწლიური მსოფლიოს ხალხების ეთნოკულტურული ფესტივალი, თუმცა, ამ ფესტივალის ჩატარების რეალური საფუძველი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა თუ კულტურული მრავალფეროვნების გულწრფელი აღნიშნვა და ზეიმი, პარტიის პროგრამიდან არ იკითხება. ფესტივალების მნიშველობაზე აკეთებს აქცენტს „ლელოს“ 9 ნაბიჯიანი გეგმაც. ამასთანავე, „ლელოს“ პროგრამა საუბრობს ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნებაზე, სადაც ფონურ სურათად გამოყენებულია აბანოთუბანი და თბილისის მეჩეთი. თუმცა, პარტიის 9 ნაბიჯიანი გეგმა არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების და გამოწვევების ასახვის ნაწილში, აღნიშნულ სურათს არ სცილდება. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების შესახებ არაფერია ნათქვამი პოლიტიკური პარტიის, „მოქალაქეების“ პროგრამაშიც, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ძველი თბილისის მრავალკულტურული და მრავალფეროვანი არქიტექტურის დაცვის საკითხზე. მათ შორის, პროგრამაში ვერ ვხვდებით მსჯელობას სომხური ეკლესიების დაცვის, ეთნიკური უმცირესობების თემებიდან ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პოპულარიზების (ქუჩებისთვის მათი სახელის მინიჭება, მუზეუმების ორგანიზება, განვითარება და ა.შ.) თაობაზე. ამდენად, თბილისის კულტურული გარემოსთვის მულტიეთნიკური, მულტირელიგიური შინაარსის რეალური დაბრუნება და დაცვა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში სუსტად არის წარმოდგენილი.

თბილისის მასშტაბით არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხზე არაფერია ნათქვამი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაშიც.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თვისობრივად განსხვავებული პროგრამა გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ აქვს, რომელიც, როგორც ახლადშექმნილი პარტია, გვთავაზობს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს და რეგიონების განვითარების პროგრამას. თუმცა, დოკუმენტში ვერაფერს ვკითხულობთ ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებზე, რაც პოლიტიკურ მონაწილეობას, დასაქმებას, ჩამორჩენილ სოციალურ ინფრასტრუქტურას, ადგილებზე ინკლუზიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს მშენებლობის პროცესს უკავშირდება. ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმზე მსჯელობის დროს, პარტია გვთავაზობს „გერმანული დასახლებების“ აგლომერაციის შექმნას, ასევე არქეოლოგიური ტურიზმის განვითარებას, მაგრამ არაფერს ამბობს ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, თუნდაც ტურისტული პერსპექტივით.

პოლიტიკური პარტიების პროგრამებში საერთოდ არ არის დანახული მცირე ეთნიკური/რელიგიური ჯგუფების (მაგალითად, ქისტები, ავარები, მუსლიმი მესხები, ბოშები) რეალობა და გამოწვევები, მაშინ როცა მათი უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის პოზიტიური ცვლილებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას ქმედითი ბერკეტები და კომპეტენციები გააჩნია.

ამ პირობებში ძნელია დაზუსტებით იმის თქმა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოლიტიკური პარტიების კანდიდატები თუ რომელი დოკუმენტით თუ პროგრამით მუშაობენ; ან რომელი დაპირებებით ცდილობენ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას. თუმცა ჩვენი მუშაობა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში ცხადყოფს, რომ:

  1. ეთნიკური უმცირესობების მიმართვიანობა თვითმმართველი ორგანოებისთვის განსაკუთრებით დაბალია. პოლიტიკურმა ელიტამ აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს უმცირესობების ენებზე თარგმანის რესურსების შექმნა ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო კომუნიკაციის ყველა ეტაპზე იმ მოქალაქეებისთვის, ვინც არ ფლობს სახელმწიფო ენას;
  2. ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის არსებობს ხიდჩატეხილობის პრობლემა. აღნიშნულის მოგვარებისთვის თვითმმართველობამ უნდა დაიწყოს ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე ფიქრი, რომელიც ამ დროისთვის მკვეთრად დაბალია;
  3. არსებობს ბაზისური ინფრასტრუქტურული პრობლემები (წყალი, გზა, ბუნებრივი გაზი, ტრანსპორტი, საბავშვო ბაღი, სარწყავი წყალი და ა.შ.), რომელიც ეთნიკური უმცირესობების სოციალურ გარიყულობას და მოწყვლადობას ზრდის;
  4. ადგილობრივი და სახელმწიფო პროგრამების და სერვისების მნიშვნლოვანი ნაწილი არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის ხშირად მიუწვდომელია, შესაბამისი კადრების (მათ შორის, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ექიმების), თარგმანის რესურსების, და დაბალი ნდობის გამო;
  5. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე და რელიგიური ინსიტიტუტების მხარდაჭერაზე დახარჯული თანხა ხშირად არ ასახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერსებს. ადგილობრივ ხელისუფლებებს არ აქვთ ინკლუზიაზე, სოლიდარობაზე და მრავალფეროვნებაზე მიმართული პოზიტიური პოლიტიკები, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს შორის გაზიარებულ პოზიტიური სოციალურ და კულტურულ სივრცეებს შექმნიდა;
  6. არსებობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შემაშფოთებლად დაბალი შედეგები და მიღწევები, რაც ადგილობრივი პოლიტიკის დონეზე საკითხის დაუყოვნებელ პრიორიტეტიზაციას, ასევე ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური გარანტიების შექმნას მოითხოვს.

აშკარაა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტები და მიზნები იმდენად დატვირთული იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის თემატიკით, რომ პოლიტიკურ პროგრამებში მხოლოდ ტექნოკრატიული სიახლეებისთვის და მიმდინარე სოციალური პროგრამების მასშტაბების გაზრდის დაპირებებისთვის გამოინახა ადგილი. ქვეყნის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი მოსახლეობის დემოკრატიული მონაწილეობის გაზრდის და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინების კუთხით არსებითად ახალი მიდგომა მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში პოლიიტკური პარტიების მიერ შემოთავაზებული არ ყოფილა.

დოკუმენტი მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით, პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმების გაძლიერების ხელშეწყობა წინა-საარჩევნო და პოსტ-საარჩევნო პროცესებში" ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად არის პასუხისმგებელი სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“