საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არსებითად დაძაბულ გარემოში ჩატარდა. საარჩევნო პროცესები განსაკუთრებული სიმწვავით და დაძაბულობით ხასიათდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტების შედეგად, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები ერონული მედიების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) არჩევნების მონიტორინგის და შეფასების საკითხებზე არ მუშაობს. თუმცა, ჩვენ დიდი ხანია აქტიურად ვმუშაობთ არადომინანტური ჯგუფების პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებზე. შესაბამისად, აღნიშნული სტატია ადგილობრივ მოსახლეობასთან, დამკვირვებლებთან, აქტივისტებთან, კოორდინატორებთან, პოლიტიკოსებთან და ადგილზე მომუშავე EMC-ის თანამშრომელთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე შეიქნა. სტატიის მიზანია, (1) წარმოაჩინოს პოლიტიკის და არჩევნების ბუნება ბოლნისსა და მარნეულში; (2) აღწეროს ის სტრატეგიები და მეთოდები, რაც საარჩევნო პროცესებში ძირითადი პოლიტიკური აქტორების მიერ გამოიყენებოდა; (3) აჩვენოს ის, თუ როგორ მუშაობს კოორდინატორების სისტემა ქვემო ქართლში; და (4) დაგვანახოს, თუ რა სოციალურ და კულტურულ კვალს ტოვებს არჩევნები მოსახლეობაში. ჩვენი რწმენით, მიკრო სოციალურ დონეზე უკეთ ჩანს ძალაუფლებრივი სისტემების მუშაობა და ეფექტები. სწორედ ამიტომ მცირე საზოგადოებების მაგალითზე პოლიტიკური აქტორების სტრატეგიების, მათ მიერ გამოყენებული პოლიტიკური რაციონალობისა და მორალის სისტემების ანალიზი, მათ საერთო სახეს კარგად აშიშვლებს და საზოგადოებრივ გავლენებსაც უკეთესაც წარმოაჩენს.
რესპონდენტების აზრით, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების პოლიტიკური და საარჩევნო ცხოვრება არსებითად არჩევნების დღით შემოიფარგლება. დემოკრატიული ჩართულობა, მონაწილეობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის უფლების ქონა მხოლოდ არჩევნების დღესაა შესაძლებელი. მათ შორის, პარტიული აქტივისტებიც კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური მონაწილეობა მხოლოდ არჩევნების დღესაა შესააძლებელი.
თუმცა ბევრი აქტივისტი არჩევნების მიმართაც უნდობლობით გამოირჩევა და ამ პროცესების დემოკრატიულად წარმართვის საკითხსაც ეჭვის თვალით უყურებს. ზოგიერთი მათგანის აზრით, ადამიანებს არჩევანი ხშირად არჩევნებზეც კი არ აქვთ. ხშირია საუბარი მოსახლეობის იმედგაცრუებულ ყოფაზე, მათ შორის, არჩევნების მიმართ: „ეს პროცესები დემოკრატიული რომ არ არის, ხალხი პოლიტიკისგან შორის იჭერს თავს, ძლიერია იმედგაცრუება. ხალხს დაკარგული აქვს ნდობა,“ ამბობს ადგილობრივი აქტივისტი. ამასთანავე, რესპონდენყები აღნიშნავენ, რომ უმცირესობების მხრიდან ინტეგრაციის და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის სურვილიც არსებობს: „ბევრი მათგანი ქართულ სკოლებში დადის და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ერთად იზრდებიან.“ სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ბოლნისშიც და მარნეულშიც მოქალაქეები პოლიტიკური პროცესების მიმართ აშკარა ინტერესს გამოხატავენ: „ხალხი დაინტერესებულია და უნდათ, რომ იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ არჩევნების გარდა მათი მონაწილეობის სხვა მექანიზმი არ არსებობს.“ დასახლებების და სოფლების კრებები, რომლებიც სოფლის მაცხოვრებლების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას უნდა უზრუნველყოფდეს ხშირ შემთხვევაში მოჩვენებითი დემოკრატიის ნიშნებს ატარებს და მისი მიზანი მოსახლეობის ჩართულობა არ არის. სხვადასხვა მიზეზის გამო ადამიანები ვერც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის დროის იღებენ განხილვებში მონაწილეობას.
ადგილობრივების აღქმით, ბოლნისი და მარნეული ერთმანეთისგან პოლიტიკურად ნაწილობრივ განსხვავდება. მარნეული პოლიტიკის ცენტრად აღიქმება და რესპონდენტები მარნეულში ორი ძალის, სახელისუფლებო პარტიის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა მესამე და მეოთხე პოლიტიკურ სუბიექტებსაც ხედავენ, რომლებიც შედარებით სუსტად, თუმცა მაინც არსებობენ. რესპონდენტები მეტ პოლიტიკურ აქტიურობას მარნეულის მუნიციპალიტეტში ხედავენ. ამ განცდას შეიძლება იწვევდეს ისიც, რომ მერის არჩევნები მარნეულში შარშან ჩატარდა, იმის წინ კი საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ამიტომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პარტიებს მარნეულში მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი უწევდათ. რესპონდენტების აზრით, მარნეული უმცირესობებისთვის პოლიტიკური ცენტრია და უფრო მეტი პროცესი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც მარნეულში მიმდინარეობს, თუმცა, პარტიების მხრიდან მუდმივი კომუნიკაციის პრობლემა აქაც აშკარაა.
ბოლნისში პოლიტიკური ველი ძირითადად ორი პარტიის დაპირისპირებით შემოიფარგლება და წინასაარჩევნო პერიოდშიც კი სხვა პარტიების ნახვა რეგიონში რთულია. ამასთან, ბოლნისში, რესპონდენტების დაკვირვებით, პოლიტიკური აქტივობა უფრო დაბალია. სამოქალაქო აქტივისტები დემოკრატიულ პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობის სისუსტეზე საუბრობენ: „ბოლნისში სამოქალაქო აქტივიზმი დაბალ დონეზეა. ამის მიზეზი არის ის რომ ბოლნისში მედიები და არასამთავრობო სექტორი აქტიურად არ მუშაობს. ხოლო პარტიებს მუდმივმოქმედი ოფისები არ აქვთ.“ ამას გარდა, ბოლნისში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ბოლო წელიწადნახევარია თავმჯდომარე არ ჰყავს მას შემდეგ, რაც რეგიონულმა თავმჯდომარემ პარტია დატოვა. პარტიას წელიწადზე მეტი არ ჰყავდა ადამიანი, რომელიც ადგილზე ადამიანებთან კომუნიკაციას დაამყარებდა და ოპოზიციურ საქმიანობას გასწევდა.
რესპონდენტები აცხადებენ, რომ ბოლნისის სოფლებსა და ქალაქს შორის ხიდჩატეხილობა განსაკუთრებით თვალშისაცემია. „ბოლნისში სოფლებსა და ქალაქს შორის არსებობს ხიდჩატეხილობა. ქალაქ ბოლნისში აზერბაიჯანელები საერთოდ არ არიან. ბოლნისში არაოფიციალურად ისეთი სიტუაციაა, რომ აზერბაიჯანელი ქალაქში სახლს ვერ იყიდის. ჩვენ [ეთნიკურად აზერბაიჯანელები] ვხუმრობთ, რომ ბოლნისში სანამ ჩაიხანა არ გაიხსნება, მანამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტები ვერ განვითარდება. სინამდვილეში არ გვაქვს ადგილი, სადაც ბოლნისელები ერთ ადგილას შევიკრიბებით და ვისმჯელებთ ესა თუ ის პრობლემა რატომ არსებობს. ის კი არა, სხვა სოფლებში რა ხდება ხშირად ამაზეც არ და ვერ გვაქვს ინფორმაცია,“ ამბობს ადგილობრივი აქტივისტი. ადგილობრივების აზრით, მარნეულში უფრო არსებობს ცოდნა სხვადასხვა სოფლის პრობლემების და საკითხების შესახებ და მეტია სოფლებსა და ქალაქს შორის კავშირი.
აქტივისტები მარნეულსა და ბოლნისში მკვეთრად პოლარიზებულ ყოფაზე საუბრობენ: „ზოგადად ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს კრიმინალური პროცესებია. არის ორი მხარე, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან არა პოლიტიკურად, არამედ კრიმინალური წესებით. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკოსები იდეებზე უნდა დაობდნენ, მაგრამ ჩვენთან ასეთი პროცესები არ არის. ორივე მხარეს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ასეთი დაპირისპირებებით აპირებენ გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე. ასე უნდათ მიიღონ საზოგადოების ხმები.“ სხვა ადგილობრივის აზრით, „ჩხუბი იმიტომ ხდება, რომ თანხებს იღებენ კანდიდატებისგან და შესაბამისად უნდათ მისმა კანდიდატმა მოიგოს, რომ უფრო მეტი ფული აიღოს.“
დაძაბული და პოლარიზებული გარემოს გარდა აქტივისტები საუბრობენ ყოველდღიურობაში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენებზეც. მათი თქმით, ავტორიტეტებს გავლენა აქვთ არა მხოლოდ ხალხში, არამედ პოლიციასთან და პოლიტიკოსებთან. „არჩევნების დროს ისინი ეხმარებიან კანდიდატებს და თუ ხვალ რამე პრობლემა იქნება, პოლიციისთვის ის არ იქნება მხოლოდ კრიმინალი, მას ოცნებასთან აქვს გავლენა. მაგალითისათვის, მე ვიცი, რომ ადამიანს მანქანაში აქვს იარაღი და პოლიცია ვერაფერს ვერ აკეთებს. არ აკეთებს კი არა ვერ აკეთებს,“ ამბობს ბოლნისელი აქტივისტი.
რესპონდენტების აზრით, ხელისუფლების და ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიები და მეთოდები რეგიონში არსებითად დემოკრატიული და მოსახლეობაზე ორიენტირებული არ ყოფილა. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, „ჩემს თვალში არც მმართველი პარტიის წარმომადგენელი და არც ოპოზიციის კარდიდატი არ იყვნენ ნამდვილი პოლიტიკოსები. მე არც ერთს მხარს არ ვუჭერ, რადგანაც ისინი ძირითადად ერთმანეთისთვის რაღაცეების დაბრალებით იყვნენ დაკავებულნი და არა არსებითი საკითხების განხილვით. ჩემი აზრით, ისინი [პოლიტიკოსები] არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი მიზნები აქვთ ბიზნესებთან დაკავშირებით და ამის გამო არიან პოლიტიკაში.“
სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში
ინსტრუქცია