საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული დასახლების საერთო კრებების პრაქტიკას აფასებს და მიაჩნია, რომ ადგილობრივი დემოკრატიის ყველაზე მონაწილეობით და უშუალო მექანიზმს მუნიციპალიტეტი მოჩვენებითად იყენებს და ის ნაკლებად უწყობს ხელს ადგილობრივი თემის რეალურ დემოკრატიულ ორგანიზებასა და თემის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა თითეული სოფლისთვის ითვალისწინებს გარკვეული თანხის გამოყოფას იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელიც სოფლის მოსახლეობის დემოკრატიული გადაწყვეტილებით აირჩევა. აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან 2016 წლამდე ფუნქციონირებდა და 2019 წელს ის ახალი სახით აღდგა.[1]
დასახლების საერთო კრება ადგილობრივი დემოკრატიის ფუნდამენტური მექანიზმია, რომელიც თემის თვითორგანიზებას და საკუთარი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, დასახლების საერთო კრება სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას. საერთო კრება, მათ შორის, უფლებამოსილია: 1. განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; 2. განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები; 3. განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; 4. ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, 5. მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ; 6. განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი ამ კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში, მხოლოდ 2 კვირის პერიოდში ფორსირებულად ჩატარებული დასახლების საერთო კრებების ანალიზი[2] აჩვენებს, რომ ეს პროცესი არსებითად მოჩვენებითი იყო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დემოკრატიული, მონაწილეობითი და სამართლიანი დიალოგის გამართვა თემთან, მათი რეალური საჭიროებების, უკმაყოფილებების და ინტერესების გამოსავლენად.
პრობლემა პირველ რიგში თავად პროცესის დაგეგმვას უკავშირდებოდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელში კრება 6 სამუშაო დღეში გაიწერა და ჩატარდა.[3] თითოეულ დღეს პარალელურად 4 სხვადასხვა ჯგუფი ატარებდა კრებებს. ერთსა და იმავე ჯგუფს ხანდახან ორ სხვადასხვა სოფელში კრების ჩატარება მხოლოდ 2 საათის ინტერვალით უწევდა. ეს კი ხელს უშლიდა კრებების დროს პრობლემების საფუძვლიან განხილვებსა და მსჯელობებს სოფლის მოსახლეობის წუხილზე.
ხარვეზები არსებობდა თვითონ პროცესის მიმდინარეობის პროცესშიც. მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, რომელზე ინფორმაციის შეგროვებაც მოხერხდა, სოფლის კრებები მერიის თანამშრომლების ნაცნობების მოყვანის მეშვეობით შედგა, შესაბამისად, სოფლის კრებები არ იყო წარმომადგენლობითი. დამსწრეების უმეტესობას წარმოადგენდნენ მამაკაცები, ხოლო ქალების მცირე რაოდენობას თითქმის სრულიად შეადგენდნენ სკოლის პედაგოგები. ეს ხარვეზი მეორდებოდა სრულიად ყველა სოფელში, რომელსაც EMC-ის წარმომადგენლები და ჩვენ მიერ გამოკითხული ჟურნალისტები დაესწრნენ. შესაბამისად, ქალები გამორიცხულები იყვნენ კრებებში მონაწილეობის პროცესიდან. ამ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ქალებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას სოფლებში ბაღების რესურსების შექმნას უკავშირდება, ეს საკითხი საერთოდ არ დასახელებულა არცერთ აღნიშნულ კრებაზე.
კრების მიმდინარეობის პროცესში კიდევ ერთი სისტემური ხარვეზი ის იყო, რომ კრებას არასდროს ესწრებოდა ხალხის ის რაოდენობა, რაც ხელმოწერებით ფიქსირდებოდა. ზოგ კრებაზე ხელს ერთი და იგივე პიროვნება რამდენჯერმე აწერდა, ზოგ კრებაზე ხელს ფურცელს ჩვეულებრივი გამვლელები აწერდნენ იმის მიუხედავად, რომ თავად კრებას არ დასწრებიან. შესაბამისად, კრების გადაწყვეტილება მიიღებული იყო სოფლის მაცხოვრებლების ძალიან მცირე ნაწილის მიერ.
სოფლის მაცხოვრებლებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ სოფლის ძირითად მოსახლეობას კრებების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა. მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ ინფორმაცია მათ Facebook გვერდის და ვებგვერდის მეშვეობით გაავრცელეს, ასევე გააკრეს განცხადებები ხალხის თავშეყრის ადგილებში, თუმცა მუნიციპალიტეტის მიერ ინფორმაციის გავრცელების ეს მეთოდები ეფექტური არ არის და ინფორმაცია სხვა გზებით უნდა გავრცელდეს, რათა მოსახლეობის უფრო დიდმა ნაწილმა შეიტყოს კრებების და კრებების მიზნის შესახებ. მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს უშუალოდ დასახლების საერთო კრების იდეის, მისი უფლებამოსილებებისა და მნიშვნელობის შესახებ.
კრებების მიმდინარეობის კიდევ ერთ ხარვეზს ის წარმოადგენდა, რომ კრების სხდომა და პრობლემებზე მსჯელობა სულ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა და მოვალეობის მოხდის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა. იმის ნაცვლად, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სხდომაზე წაეხალისებინათ ადამიანების ჩართულობა და დისკუსია, ისინი ცდილობდნენ, ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა შეგროვებულიყო და სხდომას მალე ჩაევლო. ამისთვის ისინი ადამიანებთან ღია დიალოგში შესვლას კი არ ცდილობდნენ, არამედ მოკლე პასუხებით ადამიანების წუხილების გაჩუმებას. კრებების სწრაფად დასრულებას ზოგიერთ სოფელში ხელი იმითაც ეწყობოდა, რომ ზოგ სოფელში კრებები შუა ქუჩაში, სიცივეში მიმდინარეობდა, რაც უფრო ართულებდა ადამიანების დიდი ხნით მობილიზებას და მათ აქტიურ მონაწილეობას დისკუსიაში. აღსანიშნავია, რომ იმ სოფლებში, სადაც ზაურ დარგალი - მარნეულის მერი თავად დადიოდა, სხდომაზე მოსახლეობას უფრო მეტად ჰქონდა საშუალება, დაესვა კითხვები და მიეღო პასუხები.
საერთო დაკვირვებებით გამოიკვეთა, რომ კრების სხდომები უბრალო ფორმალობა და მოჩვენებითი დემოკრატიის და მოჩვენებითი დამოუკიდებლობის მაგალითია, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყველაზე გადაუდებელი და საერთო პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, იმარჯვებს სრულიად სხვა პროექტები, რაც, მათ შორის, ჩვენი კვლევით, უფრო მეორეხარისხოვანია სხვა პრობლემებთან შედარებით. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტს წინასწარ თავად აქვს გადაწყვეტილი, თუ რა პროექტს გაამარჯვებინებს ამა თუ იმ სოფელში და თავის პრიორიტეტებს თავად კარნახობს სოფლის კრებების მეშვეობით. ამ დაკვირვებას ისიც ამყარებს, რომ იმ სოფლებში, რომლებსაც ძალიან მწვავედ უდგას ბაზისური საჭიროებები (მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემა, ნარჩენების მართვის პრობლემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა) მასიურად გაიმარჯვა გარე განათებების პროექტებმა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს
მარნეულის მერსა და საკრებულოს წევრებს
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს
[1] საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა. სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ ხელი.“
[2] EMC უშუალოდ დააკვირდა 4 სოფელში საერთო კრებების ჩატარების პროცესს, ასევე გამოკითხნენ ჟურნალისტები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ და აქტიურად აშუქებდნენ სოფლის საერთო კრებების გამართვის პროცესს. ანალიზის დროს გამოკითხულნი იყვნენ ადგილობრივი აქტივისტებიც.
[3] შენიშვნა: გამონაკლისი იყო ის სოფლები, სადაც ხალხის არასაკმარისი რაოდენობის გამო სხდომა ჩაიშალა (მოლაოღლი, ალგეთი, ხიხანი) და სხვა დღეს გახდა კრებების ჩატარება საჭირო.
ინსტრუქცია