საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს მოსახლეობის კატასტროფული დანახარჯების უდიდეს წილს მედიკამენტები წარმოადგენს. ქვეყანა დღემდე იმ ქვეყნების ვიწრო წრეშია, რომლებიც წამლების ფასებს ამა თუ იმ ფორმით არ არეგულირებენ. მართალია, პრობლემა აღიარეს თავად პოლიტიკოსებმა, საპარლამენტო კომიტეტებმა და რელევანტურმა სახელმწიფო ორგანოებმა, თუმცა კომპლექსური ხედვა ამ საკითხზე დღემდე არ არსებობს და არც ქმედითი ნაბიჯები გადადგმულა.
წამლების ფასებზე მოქმედ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ფაქტორებთან ერთად, წინამდებარე ნაშრომში განხილულია წამლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საერთაშორისო უფლებრივი სტანდარტები. ამასთან, ბოლო პერიოდში, ეს სტანდარტები ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში კიდევ უფრო დაკონკრეტდა. შედეგად, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ, პრობლემა ცალსახაა. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური შტოების უმოქმედობა კი ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის უფლების საფუძველზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას.
ჯანსაღი სასამართლო სისტემის პირობებში, ნაშრომში განხილული სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები შთაგონების წყარო შეიძლება გამხდარიყო მედიკამენტებზე ეკონომიკური ხელმისაწვდომობის უფლებაზე ინოვაციური განმარტებების განვითარებისთვის. როგორც გამოცდილება აჩვენებს, შეზღუდული ლეგიტიმაციისა და კომპეტენციის მიუხედავად, სასამართლოებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საქმეში - ამ საკითხის პოლიტიზირებით, მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტებებით, ასევე პოლიტიკური შტოებისგან განმარტებების/დასაბუთების მოთხოვნით. ბოლოს, სასამართლოებს შეუძლიათ პოლიტიკების თვითნებური, დაუსაბუთებელი ასპექტების აღმოფხვრაც, როდესაც მედიკამენტების ფასის კონტროლის მიმართულებით უკვე შემუშავებული პოლიტიკა არის გასაჩივრებული.
მასალა მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
ინსტრუქცია