საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პარადიგმის[1] დანერგვა და გამოყენება წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე მოცემული სფერო საერთაშორისო სტანდარტებთან ფორმალური სახითაც კი არ მოსულა შესაბამისობაში, რაც სისტემასთან დაკავშირებულ ათასობით ადამიანს უფლებების უხეში დარღვევებისა და უგულებელყოფის წინაშე ტოვებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციამ (შემდგომში - კონვენცია) საქართველოსთვის სავალდებულო ძალა ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა. სწორედ კონვენცია აღმოჩნდა ის რევოლუციური ინსტრუმენტი, რომელმაც ძირეულად შეცვალა შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკა და სახელმწიფოებს მოუწოდა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადასულიყვნენ სოციალურ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე. ზემოაღნიშნული პათოსი ყველა უფლებასთან მიმართებით გასდევს კონვენციას, რომელმაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, პირდაპირ ხაზი გაუსვა შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის აკრძალვის, მათ მიმართ იძულების ღონისძიებებისა თუ ქმედუნარიანობის შეზღუდვის/ჩამორთმევის დაუშვებლობას. მიუხედავად ზემოდასახელებული სტანდარტებისა, საქართველოში ამ მიმართულებით სიტუაცია მნიშვნელოვნად კვლავ არ გაუმჯობესებულა.
COVID-19-ის პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა მთელი რიგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ერთი მხრივ, პანდემიის ტვირთი მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო, მეორე მხრივ, განსაკუთრებული მოწყვლადობის წინაშე ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებლები აღმოჩნდნენ.[2] ზემოაღნიშნული სისტემური გამოწვევები სახელმწიფოსგან ინტერვენციას ითხოვდა, თუმცა, ეს სფერო ამ პერიოდშიც კი არ გამხდარა მთავრობის პრიორიტეტი. პირიქით, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ერთი შეხედვით, არადინამიური პოლიტიკა რეგრესისკენაც კი წავიდა ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მიწოდების ნაწილში, როდესაც თბილისის კიდევ ერთ მულტიპროფილურ კლინიკაში ფსიქიატრიული განყოფილება დაიხურა.
მოცემული დოკუმენტი მიზნად ისახავს, შეაჯამოს ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გვხვდება და ამასთანავე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნული ბარიერები 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ – განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირა.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა, ქმედუნარიანობის რეფორმის იმპლემენტაციის ჩავარდნა, პრობლემები ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მიწოდების მიმართულებით, სახელმწიფოს უმოქმედობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით, COVID-19-ის პანდემიისას დამდგარი გამოწვევები და სახელმწიფოს დროული რეაგირების პრობლემები.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.
დოკუმენტი მომზადდა პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).
[1] იხ. Report of the Special Rapporteur on the right of everyone to the enjoyment of the highest attainable standard of physical and mental health, A/HRC/44/48, 2020, პარ. 58 – 67.
[2] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2020, გვ. 383 – 385.
ინსტრუქცია