[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

ჩრდილოეთ კავკასია რუსულ წარმოსახვაში: საინფორმაციო თანხმობის წარმოება

აღნიშნული სტატია აანალიზებს  რუსულ მედიასივრცეში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ. ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციის ფენომენი ცხადად ვლინდება რუსული საინფორმაციო ველის სამ დონეზე : ოფიციალური დისკურსი, ალტერნატიული დისკურსი და ლიბერალური დისკურსი. აღნიშნულზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ თანხმობა, რომელიც არსებობს ჩრდილოეთ კავკასიის  როგორც ’’განსხვავებული’’ და ერთგვარად ’’სახიფათო’’ დეპერსონალიზებული ერთობის შესახებ, რუსული სახელწიფოსთვის დამახასიათებელი ვერტიკალური ძალაუფლების სტრუქტურისთვის საციცოცხლო მნიშვნელობისაა და ის რუსულ პოლიტიკას განრძობითად ასაზრდოებს.

შესავალი

ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილება რუსულ იმპერიულ მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დამორჩილება არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ იდეოლოგიური განზომილების შემცველიც არის. რუსული გეოპოეტიკა ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით შემოფარგლულია მეტწილად იდეოლოგიური სუბსტანციებით.  ეს არის რუსული ორიენტის სივრცე,  წარმოსახვითი საზღვარი ცივილიზაციურსა და ბარბაროსულს შორის. რუსული კლასიკური მწერლობის როლი განუზომლად დიდია კავკასიის და კავკასიელის მითის შექმნის პროცესში. მწერლები, პოეტები, მხატვრები, რომლებიც იმპერიულ არმიასთან თანადროულად აღწერენ საკუთარ შთაბეჭდილებებს, გამოკვეთენ პირველ კონტურებს ’’კავკასიელი ველურის’’ შესახებ. ერთის მხრივ, მათ აოცებთ პეიზაჟების სილამაზე, მეორეს მხრივ მთიელთა ბუნება, მათი უცხოობა. რუსული მწერლობა ჩრდილოეთ კავკასიას დიდი ხნით გახვევს მისტიკურ საბურველში.[1]

’’მთიელის’’ სახე, ხელში ხანჯლით და შეურიგებელი მებრძოლის სულისკვეთებით, რუსულ კულტურაში კავკასიელის სურათ-ხატად იქცა. კავკასიელების ირაციონალური სიძულვილი რუსების და რუსების წარმოსახვითი იდეის, როგორც ევროპულის, ცივილიზებულის მიმართ, რუსული რომანტიკული ნარატივის ერთ- ერთი წამყვანი ხაზია.  ’’მათ ვძულვართ ჩვენ’’- , წერს პუშკინი ჩერქეზებზე. ’’რასაც ყველა ჩეჩენი, დიდი თუ პატარა განიცდის, არის უფრო ძლიერი ვიდრე სიძულვილი’’ - ეს ლევ ტოლსტოის სიტყვებია. რუსეთის კავკასიასთან მიახლების ადრეულ სტადიაზევე შემოიხაზა ის კონტურები, რომლის ფარგლებშიც მომდევნო საუკუნეების განმავლობაში წარიმართა აღნიშნული ორი სივრცის პოლიტიკური და კულტურული კომუნიკაცია. კულტურული, ცივილიზებული რუსეთი კავკასიას იქვემდებარებს, როგორც არსებითად მასზე დაბლა მდგომს, პასიურს, ცივილიზაციისგან შორს მყოფს და შესაბამისად პრიმიტიულს და საშიშს.

ისტორიკოსი კატერინ გარი შენიშნავს, რომ გეოგრაფიულმა ფაქტორმა მნიშვნელოვანად ჩამოაყალიბა რუსების მიერ კავკასიის აღქმა: კავკასიის რომანტიკული სივრცე ვერტიკალურია, რადიკალურად განსხვავებული რუსული ჰორიზონტალური სივრცისგან. [2] აქედან იღებს « მთიელის » (Горец) ცნება, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულ განსხვავებას გამოხატავს არამედ, კულტურულს. მთიელი იქცევა არა-ცივილიზებულის სინონიმად.

19-ე საუკუნის « მთიელის » ცნებამ გასული საუკუნის განმავლობაში რამდენიმე ტრანსფორმაცია განიცადა. 1944 წლის თებერვალში, ჩეჩნების და ინგუშების მასიურ დეპორტაციას ცენტრალურ აზიაში, წინ უსწრებდა მათი « ხალხის მტრებად » გამოცხადება. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, მედია აქტიურად მოიხსენიებდა ჩეჩენ მებრძოლებს, როგორც « ბანდიტებს ». რუსეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 1999 წელს გაკეთებული განცხადებით, « ბანდიტები » იდეოლოგიურად დატვირთული ტერმინით - « ტერორისტებით » შეიცვალა. [3]

კავკასიის ომების დასრულების შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერიამ ფაქტიურად რეალობად აქცია ჩრდილოეთ კავკასიის რუსული მომავალი, რუსულ კავკასიურ დიალექტიკაში რამდენიმე გარდამტეხი ისტორიული თარიღია. ეს თარიღები მეტწილად ამყარებდნენ  დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩრდილოკავკასიელებზე, მათ შეურიგებელ და სახიფათო ფსიქო პორტრეტზე. ვაინახების დეპორტაციის და რუსეთ ჩეჩნეთის ომების ტრაგიკული მოვლენების ანალიზთან ერთად, საინტერესოა აღნიშნულ სტერეოტიპიზაციის ფენომენს შევხედოთ 21-ე საუკუნის რუსეთის მმართველი სამი წამყვანი ჯგუფის პერსპექტივიდან და გავაანალიზოთ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ წარმოებული დისკურსების ადგილი რუსულ საინფორმაციო ველში. 

კონტექსტი: თეთრი, ქრისტიანი რუსეთი და ისლამი

რასისტული და ქსენოფობიური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად დანაშაულად აღიარებული, თუმცა ფართოდ გავრცელებული ფენომენია. რუსული მედია და კულტურული დისკურსები რასიზმს, ქსენოფობიას და ანტი-ისლამური განწყობებს წარმოაჩენენ, როგორც ცალსახად დასავლურ ფენომენს, რომელსაც რუსულ მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ჰარმონიულ ფედერაციაში ადგილი არ აქვს.

თუმცა, ტოლერანტობის ფარდის მიღმა, არსებობს რასიზმის და ქსენოფობიის ხელშესახები მტკიცებულებები, რომლებიც რუსულ ენაში და ყოველდღიურობაში გამორჩეული სიმძაფრით ვლინდება. სამეტყველო ენაში მრავლადაა ჩრდილო კავკასიელთა  გარეგნული მახასიათებლების, წეს ჩვეულებების და ტრადიციების დამაკნინებელი შესატყვისები (SOVA Centre, Xenophobia, Freedom of Conscience and Anti-Extremism in Russia, Moscou, 2009).

ისლამის და მუსლიმების შესახებ არსებული ოფიციალური დისკურსი რუსეთში, მრავალ სახიანია. 2017 წელს, სოჩის ახალგაზრდულ ფორუმზე წარმოთქმულ სიტყვაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის, როგორც თეთრი, ქრისტიანი ხალხის დამცველის შესახებ, ვრცელი სიტყვა წარმოთქვა:

’’შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში (...) ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი, ქრისტიანი მოსახლეობა უკვე უმცირესობაშია(...).  როგორც ვიცით, რუსეთი ვრცელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობს. ეს ევრაზიული სივრცეა. მაგრამ კულტურული თვალსაზრისით, მათ შორის ლინგვისტური თვალსაზრისით, ეს ყველაფერი (...), კითხვის ნიშნის გარეშე, ევროპულია, აქ მცხოვრები ადამიანები ევროპული კულტურის მატარებლები არიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ თუ გვაქვს სურვილი, შევინარჩუნოთ ცენტრალური პოზიცია მსოფლიოში. შეიარაღებულ კონფლიქტს არ ვგულისხმობ, სხვა საშუალებების გამონახვაც შეგვიძლია’’. [4]

ამ საკმაოდ ვრცელ და საინტერესო სიტყვაში, მრავალი ნიშანდობლივი პოსტულატის ამოკითხვაა შესაძლებელი, თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია, კულტურული და რელიგიური კონტექსტი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მოიაზრებს არა-ქრისტიან მოსახლეობას, როგორც კულტურულად ერთგვაროვანს. პუტინის დისკურსის დისკირმინაციული და ამავდროულად მესიანისტური შინაარსი, არამხოლოდ ოფიციალური რუსული რიტორიკის აღმნიშვნელია, ის ნათლად აჩვენებს რუსული საზოგადოების აღქმებს და შიშებს ისლამთან ზოგადად და მუსლიმ კავკასიელებთან, უფრო კონკრეტულად.

ოფიციალური რუსული დისკურსი ისლამზე შინაარსობრივად არ  განსხვავდება ცარისტული ან კომუნისტური ხედვისგან. ტლოსტანოვა მას « ისლამის რასიალიზაციას » უწოდებს.[5] ის, რასაც მე-19 საუკუნეში ეწოდებოდა « თათარი » და ნიშნავდა ნებისმიერი ეროვნების და დენომინაციის მუსლიმს, დღეს « შავის » (черный) სინონიმია და კოლექტიურ ჩრდილოეთ კავკასიელს მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე რუსეთში  არსებობს ორი ფორმალურად წინააღმდეგობრივი, თუმცა შინაარსობრივად იდენტური  ხედვა  ისლამისა და  მუსლიმების შესახებ. ერთის მხრივ არსებობს ორგანიზებული მოძრაობა, რომლის  მიმდევრებიც ღიად აფიქსირებენ მტრულ დამოკიდებულებას  სოციალურად ხილული ისლამის იდეის მიმართ. მათი მტკიცებით, რუსულ, სლავურ, ევროპულ და ზოგადად ქრისტიანული ღირებულებებს საერთო არაფერი აქვთ ისლამის მიმდევარ ხალხებთან და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება უტოპიურთან ერთად რეალურ საფრთხეს წარმოშობს. ულტრა-ნაციონალისტების ძალადობრივი ქმედებები განსაკუთრებით დედაქალაქში იძენს მედია-რეზონანსს[6]. მეორეს მხრივ  კი,  ოფიციალური კრემლის დისკურსი ისლამის და მუსლიმების « მოთვინიერების» შესახებ თავად პრეზიდენტის მიერ არის გახმოვანებული. 2017 წელს, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთსა და ევროპაში ყველაზე დიდი, მოსკოვის მეჩეთის გახსნაზე შემდეგი განცხადება გააკეთა :

« მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუსლიმმა განათლება მიიღოს ტრადიციული ისლამის ფასეულობების შესაბამისად, რომ გავანეიტრალოთ ყველა მცდელობა, მუსლიმებს თავს მოახვიონ ჭეშმარიტი ისლამისთვის უცხო იდეები » .[7]

ისლამის და მუსლიმების დამორჩილების იდეა რუსული პოლიტიკისთვის კარგად ნაცნობი ფენომენია. თუმცა პუტინის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ხედვა, რომელმაც უნდა « დაიცვას » რუსი მუსლიმები, რომელთა რიცხვიც ოც მილიონამდეა და დიდი უმრავლესობა ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრია, ამ ფენომენის თანამედროვე სახესხვაობას წარმოადგენს. ყოფილი იმპერიული ობიექტების მსგავსად, თანამედროვე მუსლიმები კვლავაც « საჭიროებენ » ზემოდან დირექტივებს და «  სწორ » ორიენტირებს. მუსლიმების, როგორც მონოლითის წარმოსახვა ოფიციალური დისკურსის ქვაკუთხედია ; « რუსულ სამყაროში » მათი იერარქიული ინტეგრაცია კი ამ დისკურსის ლოგიკური შედეგი.

ოფიციალური დისკურსი: სახელწიფო და უმცროსი «ძმები»

თანამედროვე ოფიციალური დისკურსი წარმოისახავს ჩრდილოეთ კავკასიას, როგორც რუსული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს. ნაწყვეტი ვლადიმერ პუტინის გამოსვლიდან კავკასიის ხალხთა ფორუმზე 2004 წელს :[8]

«ჩრდილოეთ კავკასია - მულტი-ეთნიკური, თუმცა ერთიანი -   რუსული სულიერი კულტურის ცენტრია. და ყველა მცდელობა, რომ დაანაწევროს ეს ერთობა, მტკიცე წინააღმდეგობას აწყდებოდა, მათ შორის თავად კავკასიელების მხრიდან. რუსეთის ხალხების და კავკასიის ხალხების ბედისწერა ერთია».

მსგავს სულისკვეთებას ვხედავთ ვლადისლავ სურკოვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მეთაურის სიტყვაში სადაც ის გროზნოში შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართავს : [9]

«კავკასია - ეს, რუსული სახელმწიფოს ფუნდამენტური შემადგენელია ; კავკასია - ეს ქვაკუთხედია,  სრულიად რუსეთის საყრდენია.[..] დღეს არსებობს ხალხი ვინც სვამს კითხვას, ჭირდება თუ არა რუსეთს კავკასია. სახელმწიფოს მთავრობას ამ საკითხზე ურყევი აზრი აქვს - ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის განუყოფელი ნაწილია».

ზემოთ მოყვანილი ციტატები ეხმიანება დომინანტურ ისტორიულ ხედვას კავკასიის ხალხების წინააღმდეგობის და ამ წინააღმდეგობიდან შემორჩენილ მემკვიდრეობას. რუსეთის და ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობებით აღსავსე წარსულიდან თანამედროვეობა იტოვებს მხოლოდ მის დამარცხებულ და იარაღ-დაყრილ იმამ შამილის სიტყვებს : « უერთგულეთ რუსეთის სახელმწიფოს ; იცხოვრეთ მშვიდობიანად მის ხალხთან ერთად! » [10]

ისინი ვინც სვამენ კითხვას « ჭირდება თუ არა რუსეთს კავკასია » გარკვეულწილად ორ განსხვავებულ იდეოლოგიურ ბანაკს განეკუთვნებიან. ეს ორი ბანაკი შეგვიძლია უხეშად კონსერვატორებად და ლიბერალებად მოვიხსენიოთ. იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, მათი ჩრდილოეთ კავკასიისადმი დამოკიდებულება ბევრ საერთო საკითხს აერთიანებს. მათ შორის:

  • ფინანსური რესურსების არაპროპორციული განაწილება ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით - « კმარა კავკასიის გამოკვება » (« Хватит кормить Кавказ ») ;
  • ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების მზარდი მიგრაცია პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით (« Понаехали »).

ზემოთ ნახსენები ორი ბანაკისგან განსხვავებით, რომელთა შეხედულებებიც ამ საკითხებთან მიმართებით ჩრდილოკავკასიელების ნეგატიური სტერეოტიპიზაციის ირგვლივ განიხილება, ოფიციალური დისკურსი მათ პოზიტიურ სტერეოტიპიზაციის მცდელობას წარმოადგენს.  ნაწყვეტი ვ. პუტინის მიმართვიდან:

« მოდით ვიმსჯელოთ რას ნიშნავს « კმარა კავკასიის გამოკვება ? » რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების განვითარებაში ინვესტიცია არ უნდა განვახორციელოთ? [...] ამ შემთხვევაში რისი გაკეთების საშუალება გვაქვს? გავაძევოთ ისინი?[11]  და რა მოხდება ამის შემდეგ? სად წავლენ ისინი? ისინი კრიმინალურ დაჯგუფებებს შეუერთდებიან. და რა შეგვიძლია ამის შემდეგ მოვიმოქმედოთ? ამ სცენარის მიხედვით, დიდი რუსული ქალაქების ახლაგაზრდა მამაკაცები და ჩრდილოეთ კავკასიელი ახალგაზრდა მამაკაცები იძულებული იქნებიან ერთმანეთში იომონ, ერთმანეთი მოკლან. ეს ძმებს შორის ომი იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით ».  აღნიშნულ სიტყვა რამდენიმე საინტერესო დაკვირვების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. უპირველესად, პურინის ტონი პატერნალიზმით არის ნაკარნახევი. რუსეთი, როგორც უფროსი ვალდებულია «იზრუნოს » უმცროს, მცირერიცხოვან ჩრდილოკავკასიელ « ძმებზე ». წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანასკნელნი შეიძლება აცდნენ სწორ გზას და ისევ გაჩაღდეს რუსეთისთვის ტრაგიკული ომი. პრეზიდენტის მიერ ხაზგასმული ძმათა შორის ომი, ირაციონალურ საფრთხის შთაგონებასთან ერთად რაციონალურობის ელემენტსაც შეიცავს. ჩრდილოეთ კავკასიელთა ხანგრძლივი წინააღმდეგობა რუსეთის იმპერიული დაპყრობების მიმართ და უახლეს ისტორიაში მომხდარი ორი ჩეჩნეთის ომი, რუსი პუბლიკის მეხსიერებაში ჯერ კიდევ არ არის განელებული. თუმცა, აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ირეალურ დროში არსებულ საფრთხეს, რომელსაც პუტინი წარმოისახავს. მისი ხედვით, ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს მხოლოდ ორი შესაძლო არჩევანი აქვთ - რუსეთში და რუსებთან სუბორდინაციულ მდგომარეობაში არსებობა, ან კრიმინალური ცხოვრება. აღნიშნული ფატალიზმი რუსული პუბლიკის რეალურ და წარმოსახვით შიშებზე აპელირებს. « ჩრდილოეთ კავკასიელი ძმები » კი ისევ მათთვის განკუთვნილ სოციალურად და გეოგრაფიულად დეტერმინირებულ ადგილს უბრუნდებიან.  

ალტერნატიული დისკურსი: მითები, რომლებიც ამყარებენ დომინაციას

ოფიციალური სახელმწიფო დისკურსისგან განსხვავებით, რომელიც ელექტორალური და  გეოპოლიტიკური ფაქტორებით არის ზღვარდადებული, ალტერნატიული დისკურსი რუსეთში გაცილებით თავისუფლად აფიქსირებს ჩრდილოეთ კავკასიის და მის მცხოვრებთა მიმართ არსებულ ნეგატიურ სენტიმენტებს.

ამ სენტიმენტების გამხმოვანებელი  წლების განმავლობაში იყო აწ უკვე გადაცვლილი ვლადიმერ ჟირინოვსკი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის უცვლელი ლიდერი. ჟირინოვსკის განცხადებები უკომპრომისოდ ადანაშაულებს ჩრდილოკავკასიელებს რუსეთისადმი სიძულვილში და ამ სიძულვილის ერთადერთ შემაკავებლად ფინანსურ ფაქტორს მიიჩნევს :

« ჯერ-ჯერობით კავკასიელები არ გვეხებიან, მათ ჯერ მხოლოდ ჩვენი ფული და შესაძლებლობები აინტერესებთ. სასახლეები, კურორტები აიშენეს - ჩვენ ფულს მაქსიმალურად იყენებენ. თუმცა, პერსპექტივაში მათ « ნარინჯისფერი რევოლუციის » ორგანიზება სურთ კავკასიაში, მათ კავკასიის დაპყრობა სურთ ».  [12]

ჟირინოვსკი, რომელიც რამდენიმე დეკადის განმავლობაში რუსეთის მმართველი პარტიის მთავარი ოპოზიციონერი იყო, წარმოჩინდება, როგორც « პოლიტიკოსი-წინასწარმეტყველი » - ის ამცნობს რუს ხალხს კავკასიელების « საიდუმლო შეთქმულებების »  შესახებ :

« ჯერ არ მოსულა მათი დრო, ამჟამად ისინი მიწების ყიდვით არიან დაკავებული კასპიის ზღვიდან აზოვის ზღვამდე. და როდესაც ამ საქმეს დაასრულებენ, დასვლეთს მიმართავენ თხოვნით, რომ დამოუკიდებლობა მიიღონ ; მუსლიმები არიან შესაბამისად თურქეთთან, საუდის არაბეთთან და ირანთან აქვთ სიახლოვე [..] რას წარმოადგენს დაღესტანი? დაღესტნის მოსახლეობის უმრავლესობა წარმოშობით თურქული მოდგმის ხალხია : ავარები, კუმიკები, ნოღაელები ; და ყარაჩაი-ჩერქეზეთი? - ყარაჩაელებიც თურქები არიან. კავკასიის არა-თურქი ხალხები - ჩეჩნები, ადიღეელები, ყაბარდოელები [..] მალე დამოუკიდებლობას მოითხოვენ და კავკასიის საემიროს შექმნიან. ჩვენ რუსეთის სამხრეთს დავკარგავთ ».

გარდა ფაქტუალური ზედაპირულობისა, აღნიშნულ დისკურსში ნათლად არის გაცხადებული ვინ არის « ჩვენ » და « ისინი » თანამედროვე რუსეთში. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების  ლოიალობის მიუხედევად რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტისადმი, ჩრდილოკავკასიელები, როგორც ინდივიდები და როგორც კოლექტივი, არასდროს არიან თვითკმარნი რუსულ საზოგადოებაში თანასწორუფლებიანად არსებობისთვის. ჩრდილოკავკასიელი რუსულ საინფორმაციო ველში არასდროს ცხოვრობს აწმყოში. ისინი ცოცხლდებიან  წარსულის შიშისმომგვრელ ბრძოლებში და მომავალში, სადაც ჯერ კიდევ განუხორციელებელი ფანტაზიები ბატონობს.

ჟირინოვსკისთან ერთად, რუსული მედია სივრცის დომინანტურ ფიგურად ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა ალექსანდერ პროხანოვი - ჟურნალისტი და იმპერიული რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი. ამონარიდი პროხანოვის გამოსვლიდან რუსეთი სატელევიზიო ეთერში 2017 წელს :

« ჩეჩენი ხალხი ბუნებით პასიური ხალხია. მაგრამ ბოლოს დროს ჩეჩნეთის და ჩეჩნების უპრეცენდენტო ტრანსფორმაციას ვადევნებთ თვალს. ჩეჩნების ახალი თაობის დაბადების მოწმეები ვართ. ისინი წინამორბედებზე უკეთესები არიან. მათ საკუთარი დემონები ყავთ დასამარცხებელი - ჩეჩნური საზოგადოების შიგნით მიმდინარე გარდაქმნები. მხოლოდ რუსეთთან ერთად  შეუძლიათ მათ იქცნენ ერად » . [13]

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული განსხვავებებისა, რაც გამოარჩევს  ალტერნატიულ დისკურსს ოფიციალური დისკურსისგან,  მისი შინაარსობრივ სიბრტყეზე განხილვა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს ერთი მედლის ორი მხარეა. ჩრდილოთ კავკასიის კულტურის იდეოლოგიური საწყისები შეუთავსებელია « დასავლურ, ცივილიზებულ და ქრისტიანულ » რუსეთთან.  განსხვავება მხოლოდ ამ წარმოსახვითი განსხვავებების გადალახვის მექანიზმებში მდგომარეობს.

ლიბერალური რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია : გარიყვა პროგრესის სახელით

განსაკუთრებული ინტერესის საგანია რუსული ლიბერალური ფრთა - რუსული საინფორმაციო პეიზაჟის ერთ-ერთი გამორჩეული აქტორი. ლიბერალური დისკურსი რუსულენოვან კონტექსტში მრავალ პარადოქსულ შეხედულებას უყრის თავს, მათ შორის ულტრა-ნაციონალისტურ და ქსენოფობიურ სენტიმენტებს.

ლიბერალური რუსეთის ნარატივი შემდეგნაირად შეიძლება დავახასიათოთ : ეთნიკური და კულტურული განსხვავებები რუსეთის « ევროპულ » და « აზიურ » ნაწილს შორის გადაულახავი და შეურიგებელია. ლიბერალური და პროგრესული ძალების მთავარ ამოცანას წარმოადგენს რუსული საზოგადოების სრულად ინტეგრირება « ევროპული რუსეთის » კონსტრუქციაში. ამ იდეალისტურ სცენარში, « აზიური რუსეთის » - რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მომავალი ბუნდოვნად მოჩანს.

ჩრდილოეთ კავკასიის ირგვლივ ლიბერალური რუსული დისკურსი განსაკუთრებით გააქტიურდა ალექსეი ნავალნის  აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში. ამასთან ერთად, ნავალნი იყო ერთ-ერთი წამყვანი მედია-ფიგურა საპროტესტო გამოსვლების, სადაც ულტრა-ნაციონალისტებთან ერთად, პროტესტანტები ითხოვდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის ფინანსური დონაციების შემცირება/შეწყვეტას,  სლოგანით - « კმარა კავკასიის გამოკვება ! ».

ერთ-ერთი სამაგალითო ნიმუში, სადაც ლიბერალური რუსეთის დამოკიდებულებების ამოკითხვა შეგვიძლია ჩრდილო-კავკასიელების მიმართ, არის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართული სატელევიზიო შოუ ლიბერალურ მედია- ჰოლდინგ « სნობის » პლატფორმაზე : გადაცემას მედიაციას უწევდა ქსენია სობჩაკი, ოპოზიციონერი ჟურნალისტი და მოგვიანებით თავადაც პოლიტიკური პერსონაჟი. დისკუსიის მონაწილეები : ალექსეი ნავალნი, მაქსიმ შევჩენკო, ბორის ნემცოვი, ანტონ კრასოვსკი, გენადი გუდკოვი და სხვ.[14]

ეპიზოდი 1:

ქ. სობჩაკი : თქვენი აზრით, რომელი რეგიონი მიიღებს ყველაზე აქტიურ მონაწილეობას არჩევნებში?

ბ. ნემცოვი ჩეჩნეთი - 120% (შეძახილები და აპლოდისმენტები სტუდიაში)

ეპიზოდი 2:

ა. ნავალნი: « კმარა კავკასიის გამოკვება »- ეს ლოგიკური სლოგანია. რა თქმა უნდა ეს ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი პუნქტი არ არის, მაგრამ ეს უნდა ითქვას.[..] მე მჯერა ამ სლოგანის და ღიად ვიღებ მასზე პასუხისმგებლობას, ვინაიდან საქმე სტრატეგიულ კოლაბორაციას ეხება - ერთ მხრეს არის ქურდების და თაღლითების პარტია და მეორე მხარეს, ტრიბალური ტირანები, რომელთაც ჩვენ მივანიჭეთ უსაზღვრო ძალაუფლება. ჩვენ მათ საოცრად დიდ ფინანსურ დახმარებას ვუწევთ ; ისინი ამ ფულს ჩვენ გვპარავენ. [..] ისინი ამ ფულს მოიხმარენ როგორც ველურები. ამის საპასუხოდ კი « ერთიანი რუსეთი » ამ რეგიონებში იღებს ხმების 90%-ს.

ეპიზოდი 3:

მ. შევჩენკო: მე აგიხსნით თუ რა ხდება რეალურად ჩრდილოეთ კავკასიაში იმიტომ, რომ აქ არიან ადამინები, რომლებიც ვერასდროს გაბედავდნენ კავკასიაში ფეხის დადგმას.

ეპიზოდი 4:

ა. ნავალნი არავინ მოითმენს, რომ ადგილობრივი მთავრობები - რუსთის ფედერაციის სუბიექტები - გარშემორტყმულნი იყვნენ პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ხალხით, რომლებიც სინამდვილეში ტყის ყაჩაღები არიან. ჩეჩნეთი, დე ფაქტო, რუსეთის ფედერაციის ნაწილი არი არის ; ჩეჩნეთში არ არის არც კანონი და არც წესრიგი.  

ქ. სობჩაკიმაგრამ რას გვთავაზობთ თქვენ - სრულ სეპარაციას ?

ა. ნავალნი: საჭიროა, რომ ჩეჩნეთი ჩვენ დაგვიბრუნდეს.

მ. შევჩენკო: ალექსეი, მითხარით, ბოლოს როდის იყავით ჩეჩნეთში? უკვე იყავით, ხომ?

ა. ნავალნიმე არასდროს ვყოფილვარ ჩეჩნეთში.

აღნიშნული სატელევიზიო პროგრამის ანალიზი შემდეგი პუნქტების ირგვლივ შეგვიძლია გავაერთიანოთ :

  • « ჩვენ» და « ისინი » : აღნიშნული ნაცვალსახელები პოლიტიკურ დისკურსში გამოხატავს სხვაობას მისაღებს და მიუღებელს შორის. ივლება კონკრეტული გამყოფი ხაზი, რომლის სხვადასხვა მხარეს მყოფ აქტორებს შორის ნაწილდება  მორალურად « კარგი » და « ცუდი » როლები. ნათელია ჩრდილოეთ კავკასიის განივთების, დაქვემდებარების ვერბალური ძალისხმევა - ჩვენ ვკვებავთ კავკასიას - შესაბამისად - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ. ამ პრიზმიდან დანახული კავკასიელები წარმოჩინდებიან, როგორც რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევების ბანალური მომხმარებლები, პარაზიტი კოლექტივები, რომელთაც არ გააჩნიათ თვითმყოფადობა, ცვლილებების მოხდენის დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები.
  • აქცენტი ჩეჩნეთზე : ჩრდილოეთ კავკასიის რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, დისკუსია გამუდმებით უბრუნდება ჩეჩნეთის, როგორც იმპერიული, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთის მეხსიერების გამორჩეულად  მგრძნობიარე არეალს.  
  • ორიენტალისტური ტროპები : ტყის ყაჩაღები, ველურები და ა.შ. მსმენელს უწყვეტად მიაწოდებს ჩრდილოეთ კავკასიის უცვლელ პროტაგონისტებს - 19-ე საუკუნეში რუსი მწერლების, მხატვრების და ეთნოგრაფების ერთიანი მოღვაწეობის შედეგად შექმნილი მთიელის არქეტიპი შორს არ წასულა, ის ცოცხლდება 21-ე საუკუნის ჩეჩენის, დაღესტნელის უცვლელ პორტრეტში.
  • დრამატიზება : გადაცემიდან, რომელიც 2012 წელს გავიდა ეთერში, ვიგებთ, რომ ჩეჩნეთი კვლავ მაღალი რისკის ზონაა. ამგვარი დისკურსი ხელს უწყობს სრულიად რეგიონზე მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებას და ამავდროულად, ნეგატიური განწყობების სამიზნედ აქცევს ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის « საშიში ხალხის » და « საშიში ადგილის » იარლიყი საკმაოდ მიმზიდველია და აღნიშნული სტერეოტიპების ირიბი ინტერნალიზაციის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.
  • ზედაპირული მსჯელობა : რუსული ლიბერალური ელიტის წარმომადგენლების დიდ უმრავლესობას (ბორის ნემცოვის გამოკლებით, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსულ-ჩეჩნური მოლაპარაკებების პროცესში) არ ეყრდნობა პირველწყაროსგან მიღებულ ინფორმაციას და გამოცდილებას. ნავალნისგან ვიგებთ, რომ ის « არასდროს ყოფილა ჩეჩნეთში».

ალექსეი ნავალნის რიტორიკამ ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ გარკვეულწილად  შერბილდა. ამის მიუხედავად, ნავალნი წლების განმავლობაში ერთგული რჩებოდა მისი ეჭვების და ზოგადი უნდობლობის. [15] 2017 წელს, იური დუდთან საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა გეგმა აქვს კავკასიური საკითხის გადაჭრაზე, შერბილებული ტონით თუმცა, ურყევი პოზიციით, ის აქცენტს კავკასიის რეპუბლიკების მმართველებზე და მათ კორუფციულ ბუნებაზე აკეთებს :[16]

« კავკასიის რესპუბლიკები და კავკასიური საკითხი, ჩემთვის, არ განსხვავდება რუსული საკითხისგან. უბრალოდ, იქ ყველაფერი კიდევ უფრო უარესად არის. მათი ხელფასები უფრო მცირეა, მათი კორუფცია - უარესი. [..] კავკასიას ჭირდება იგივე რაც რუსეთს, მხოლოდ უფრო მეტად ».

აქცენტი კორუფციულ ლიდერებზე ახალი ნამდვილად არ არის. თუმცა საინტერესოა ნავალნის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის « კავკასიურ საკითხს » და « რუსულ საკითხს » ერთმანეთს უტოლებს. ნათელია, რომ რუსული ლიბერალური საზოგადოებისთვის ჩრდილოეთ კავკასიის თავისთავადობის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამ დისკურსს სახელმწიფო და ალტერნატიულ დისკურსთან საყურადღებო ერთობა ახასიათებს - ხედვა ზემოდან ქვემოთ ; « საკითხის » მოგვარების მცდელობა სუბორდინაციის ყველა წესის დაცვით.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქსენია სობჩაკის პერსონაჟი. სობჩაკი, რომელიც იყო ვლადიმერ პუტინის კონკურენტი ლიბერალური ფლანგის სახელით 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, შედარებით გვიან შემოდის რუსული პოლიტიკის სცენაზე. ჟურნალისტის კარიერის  (მათ შორის დიდი ნაწილი დასავლური სატელევიზიო რეალითი-შოუების რუსული ანალოგებისგან შედგება) შემდეგ, ის ფრაგმენტირებული ადგილობრივი ოპოზიციის მოულოდნელ ლიდერად იქცა. სობჩაკის ვიზიტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ - გროზნოში 2018 წელს, ადგილობრივებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ამის მიზეზი შეიძლება მეტწილად სობჩაკის მხრიდან ჩეჩნეთის პრეზიდენტ - რამზან კადიროვის კრიტიკა მივიჩნიოთ თუმცა, ამგვარი ახსნა ზედაპირული და კონტექსტიდან ამოვარდნილია. ლიბერალური ოპოზიციის დისკურსული პრაქტიკები ჩრდილოკავკასიელ ლიდერებს და ზოგად ჩრდილოკავკასიურ კულტურას და მოსახლეობას შორის ირიბად სვამს ტოლობის ნიშანს. შესაბამისად, ადგილობრივების გულწრფელი ანტიპათია სობჩაკის, ნავალნის და სხვ. მიმართ ვერ შეფასდება, როგორც  პოლიტიკურად ანგაჟირებული რეაქცია. ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სობჩაკმაც ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა მისი ინტერვიუ დაღესტნელ დებთან, რომლებმაც მკაცრ ტრადიციებს და რელიგიურ შეზღუდვებს გაქცევით დააღწიეს თავი.[17] ამავდროულად ის გასული წლის სექტემბერში ესტუმრა დაღესტანს და სიმღერის « ეს არის კავკასია » (« Это Кавказ ») ე.წ. ლეზგინკაც შეასრულა.

ზემოთმოყვანილი სამი იდეოლოგიურად განსხვავებული ჯგუფის მაგალითზე ნათლად ვხედავთ, რომ რუსულ მედიაში  ცირკულირებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კავკასიის ირგვლივ შენიღბული/შეუნიღბავი პატერნალიზმის და ეთნიკური-კულტურული სტერეოტიპიზაციის პოლუსებს ერთ სივრცეში უყრის თავს. შედეგად სახეზეა ფენომენი, რომელსაც ნოამ ჩომსკი, მის ფუნდამენტურ ნაშრომში - « თანხმობის წარმოება, მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა »[18], ბრწყინვალედ მიმოიხილავს. რუსული მედია სივრცე, ოფიციალური, ალტერნატიული და ლიბერალური დისკურსის მეშვეობით, წინა პლანზე წამოწევს დაქვემდებარებული რესპუბლიკების კოლექტიური იდენტობის ირგვლივ  არსებულ სტერეოტიპებსა და წინმსწრებ ნეგატიურ განწყობებს და შესაბამისად « აწარმოებს თანხმობას » ჩრდილოეთ კავკასიელების წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ რუსეთის ფედერაციაში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Susan Layton, Russian Literature and Empire: Conquest of the Caucasus from Pushkin to Tolstoy, Cambridge University Press, 2005.

[2] Cathérine Gary, L’Autre Caucasien dans la Littérature Russe, de Pouchkine à Makanine, Inalco, Paris, 2016.

[3] https://www.youtube.com/watch?v=qM_OPbgN00Y

[4] https://www.youtube.com/watch?v=h4YfPbvL9Gk

[5] M. Tlostanova, A short Genealogy of Russian Islamaphobia. Thinking through Islamaphobia, Global Perspectives, New York,Columbia University Press, 2010.

[6] https://jamestown.org/program/ethnic-russians-vs-north-caucasians-a-clash-of-cultures/

[7] B. Pitt, Islamaphobia Watch: Documenting anti-muslim bigotry, 2013, p. 12 accessible sur: <http://www.islamophobiawatch.co.uk/moscow-mayor-nomore-mosques-in-my-city/>

[8] V. Poutine, 2004, Forum des peuples du Caucase et de la Russie du Sud ; archive.kremlin.ru

[9] https://www.grozny-inform.ru/news/politic/21455/

[10] V. Kolosov, A. Sebentsov, Le Caucase du Nord dans le Discours Géopolitique Russe, Orbis Terrarum, 2014, p. 150.

[11] იგულისხმება ჩრდილოეთ კავკასიელი ახალგაზრდები მსხვილ რუსულ ქალაქებში (ავტორის შენიშვნა).

[12] ვლადიმირ ჟირინოვსკის გამოსვლა რუსეთის დუმაში : https://www.youtube.com/watch?v=GDEIMzYVEGc

[13] პროგრამა დუელი ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად, 10.05.2017 : https://www.youtube.com/watch?v=SU4xyeBX0Go

[14] გადაცემა სრულად ხელმისაწვდომია : https://www.youtube.com/watch?v=eYUVUxMSrpA

[15] https://www.youtube.com/watch?v=BeKCTd4ksjc

[16] https://www.youtube.com/watch?v=Bf9zvyPachs&t=2634s

[17] https://www.youtube.com/watch?v=ciAE6SJOZB4&t=1606s

[18] Edward S. Herman, Noam Chomsky, Manufacturing Consent: The Political Economy of the Mass Media, Pantheon, 2002.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“